Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საახალწლო ტრადიციები საქართველოში

ნანა კობაიძე

შესავლის მაგიერ

თქვენი არ ვიცი, პირადად მე კი დედამიწაზე არსებულ ყველა დღესასწაულს შორის ახალი წელი ყველაზე ძალიან მიყვარს. დღესაც, როცა კარგა ხანია აღარ ვარ პატარა და თოვლის ბაბუას ახლა უკვე ჩემი შვილისთვის მოაქვს საჩუქრები, გულისფანცქალით ველი 31 დეკემბერს. ყველაზე სასიამოვნო სწორედ წლის უკანასკნელი დღე და 12 საათისთვის მზადების პროცესია.

ახალ წელს თავისი ატრიბუტები აქვს და პირველ რიგში, ეს ნაძვის ხესთან ასოცირდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება ნაძვის მორთვას უკავშირდება.

არასოდეს დამიდგამს ცოცხალი ხე. ერთი ხელოვნური ნაძვი მქონდა, არც ძალიან მაღალი იყო და არც დიდი სილამაზით გამოირჩეოდა, მაგრამ სათამაშოებს რომ დავკიდებდი და წვიმებით მოვრთავდი, თვალს ვერ ვწყვეტდი. ფერად სანთლებსაც ვამაგრებდი. ყველაზე დიდი ეფექტი სწორედ ამ სანთლების ანთებას ახლდა: ჩავაბნელებდი ოთახს, ავანთებდი ამ ნაირფერად მოციმციმე სანთლებს და იწყებოდა ნამდვილი ზღაპარი. დღევანდელი მოცეკვავე, მომღერალი და ლამის მოლაპარაკე ნაძვების ფონზე ჩემი ბავშვობის ნაძვის ხე ალბათ სასაცილოდ გამოჩნდებოდა, მაგრამ მე მაინც ის მირჩევნია.

გოზინაყი, საცივი და სხვა

ნაძვის ხის შემდეგ ყველაზე მეტად საახალწლო განწყობა გოზინაყს მოაქვს. დიახ, გოზინაყს და არა გოჭს ან საცივს. რატომ? იმიტომ, რომ ამ უკანასკნელთ წელიწადის სხვა დროსაც მივირთმევთ, გოზინაყი კი მხოლოდ ახალი წლის კუთვნილებაა. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, ახლა - ნაკლებად, მაგრამ სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს. ამ ნუგბარს ყოველთვის დედაჩემი ამზადებდა. შარშან პირველად ვცადე და არცთუ ურიგოდ გამომივიდა. სხვათა შორის, ძალიან ადვილი გასაკეთებელია: ნიგოზს სიგრძეზე თხელ ფირფიტებად დაჭრით, ნელ ცეცხლზე მოხალავთ და წინასწარ მოდუღებულ თაფლში შეურევთ (მოდუღება თაფლის ნელ ცეცხლზე გადნობასა და იმ კონდიციამდე მიყვანას გულისხმობს, ცივ წყალში ჩაგდებული წვეთი რომ არ გაიშლება). მერე ამ მასას ხის დაფაზე გადაიტანთ, ცივ წყალში დასველებული კოვზით ან დანით გაასწორებთ და სანამ გაცივდება, რომბებად დაჭრით. ეს არის და ეს.

მიუხედავად იმისა, რომ რეცეპტი დაახლოებით ერთნაირია, გოზინაყი ყველა ოჯახში განსხვავებული გამოდის. ვერ გეტყვით, რა მოქმედებს, ინგრედიენტების ხარისხი და შემადგენლობა თუ დიასახლისის ხელი, მაგრამ ფაქტია, რომ ორ მსგავსი გემოს გოზინაყს ვერსად შეხვდებით. შემიძლია ჩამოვთვალო კიდეც, როგორია ეს მრავალსახეობა: რბილი, მაგარი, ხრაშუნა, კნატუნა, წელვადი, მომწარო, ზედმეტადმოდუღებული თაფლისა თუ ზედმეტად მოხალული ნიგვზის გემოთი, ზომიერად "ფერხორციანი" (ასეთი კარლსონს მოეწონებოდა) და ა.შ.

მესამე ადგილზე საცივი დგას, რომლის გარეშეც სააახალწლო სუფრა პეწსა და ლაზათს კარგავს. აკაკი ბაქრაძე წერს, საცივის გამომგონებელსა და დიდგორის ომში მებრძოლ ქართველებს საქართველოს ისტორიის წინაშე თანაბარი დამსახურება აქვთო. მიდი და შეედავე. თუ შეედავები, დარეჯანის თქმის არ იყოს, პირში გემო არ გქონია. მიბრძანდი შვედურ მაგიდასთან და მიირთვი კანაპე.

კლასიკური ქართული საცივი ინდაურით კეთდება და აუცილებლად მიხაკ-დარიჩინი ემატება. როგორც ამბობენ, საცივი სამკურნალო თვისებებს ატარებს, ამასთან დიდი ენერგეტიკული მუხტიც აქვს, ამიტომ მის ხშირად ჭამას არ გვირჩევენ. მაქსიმუმ წელიწადში ორჯერ. რასაკვირველია, მეგრელები ამას გააპროტესტებენ. გამორიცხული არ არის, ერთი ანეკდოტის ენით გვითხრან, კი მაგრამ, როდის შეგაწუხეთ ჩვენი ტემპერამენტითო. ვინაიდან ამ თემაზე კამათს აზრი არა აქვს და არც ვაპირებ, ისევ ანეკდოტის ენაზე ვუპასუხებ, რომ ვისაც სჯერა, გაატარონ.

ქართული საახალწლო სუფრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი "ატრიბუტი" შემწვარი გოჭია, თუმცა დამდეგი წლის საზეიმო ვახშამი ბევრ ოჯახში ალბათ მის გარეშე ჩაივლის. მოგეხსენებათ, აღმოსავლური ჰოროსკოპით 2007 წელი გარეული ღორის, ანუ ტახის წელია, რაც საახალწლო სუფრაზე ამ ცხოველის ნებისმიერი სახითა და ფორმით არსებობას გამორიცხავს. ისე, მდიდრებმა იკითხონ, თორემ ბოლო წლებში გოჭი იმდენად ძვირია, რომ ბევრი ქართველისთვის ტახის წელი კარგა ხნის წინ დადგა. ამავე მიზეზით ბევრ ოჯახში ინდაურიც მამლით ან ქათმით ჩაანაცვლეს, სამაგიეროდ ღვინო გვაქვს შედარებით იაფი და ბევრი, თანაც, ამ დალოცვილს არც აღმოსავლური, არც დასავლური და საერთოდ, არანაირი ჰოროსკოპი არ კრძალავს. ერთი სიტყვით, მივუსხდეთ სუფრას, ავწიოთ მანავის მწვანე თუ რქაწითელი, ქინძმარაული თუ საფერავი, ხვანჭკარა თუ ოჯალეში და ვადღეგრძელოთ დამდეგი წელი.

გასეირნება წარსულში

როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ჩვენი წინაპრები? როგორც ირკვევა, არცთუ ურიგოდ. მართალია, არც ლაზერული შოუები ჰქონდათ და არც უცხოელი მოციგურავეების ტრიუკებით იყვნენ განებივრებული, სამაგიეროდ, ალილოზე დადიოდნენ, ერთმანეთს სტუმრობდნენ და ახალი წლის დღეებს სიმღერასა და ცეკვა-თამაშში ატარებდნენ. ძველი ქართული საახალწლო ტრადიციების შესახებ გასული საუკუნის ცნობილი ეთნოგრაფი, სერგი მაკალათია მოგვითხრობს. "ახალწელიწადი საქართველოში" - ასე ჰქვია მონოგრაფიას, რომელიც 1927 წელს გამოიცა. იმის გამო, რომ მასზე ხელი ბევრს არ მიუწვდება, თავს უფლებას მივცემ სწორედ ამ გამოცემიდან სხვადასხვა კუთხის საახალწლო სუფრისა და ტრადიციების მცირე კალეიდოსკოპი შემოგთავაზოთ. მაშ, ასე:

თუშეთი

ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ "წელწდობას" მოწიწებით ეგებებიან.

საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს "ქრისტეს საგძალს", კაცზე "ბაცუკაცს" და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას - ძუძუები, ცხვრისას - დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და "კერის კვერს."

საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!"

ხევსურეთი

ხევსურები ახალ წელს "წელწადს" უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო.

ახალწელიწადს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.

ფშავი

მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან "ნაყრს" - ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: "წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო." ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს, "დააბერებს" და ერთმანეთს ეტყვიან: "ეგრემც ტკბილად დამიბერდიო". გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან.

მესხეთ-ჯავახეთი

საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ აცხობდნენ: "ხარის ქედის" მრგვალ კვერებს, ცხვრის "ბუჟუნას", რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, "ბედის პური" ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს.

შემდეგ დიასახლისი აცხობდა "ბანის პურებს" და "ქათამ-წიწილას" პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტებს უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებსაც.: ცელს, გუთანს, ძროხის ძუძუებს, პურის ორმოს, ქერისას და დიკისას.

ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა.

მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; "ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი."

საინგილო

საინგილოში საახალწლოდ დაამზადებენ ხონჩას; დააწყობენ ზედ პურებს, ლავაშს, დადგამენ ჯამით თაფლს, ერბოს, არაწით ღვინოს, ბამბის წითელ და თეთრ ძაფებს და სახლის-დიდთან ერთად წავლენ ვენახის საკვლევად. მივლენ ერთ კარგ მოსავლის მომცემ ვაზთან. სახლის უფალი ჯერ გასხლავს ვაზს, მერე ააგებს, ჭიგოების ჩარჭობის დროს ნიადაგს ღვინით მოალბობენ; იგივე უფროსი ვაზის ძირში დაკლავს წითელ ფრთოსან მამალს, წითელ ფრთებს მოაგლეჯს და ბამბის ძაფით ამ ფრთებს ჭიგოსა და ვაზზე მიაკრავს და თან იტყვის: "ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა." თითო ლუკმა პურს ამოაწებენ თაფლსა და ერბოში, შეჭამენ, ცოტა ღვინოს მოსვამენ და შინ დაბრუნდებიან. ახალი წლის დღეს ინგილოებმა სადილი იციან ადრე. უფრო ქათმის წვენსა და ფლავს აკეთებენ. სადილად მოელიან გარეშე მეკვლესაც, რომელიც უნდა იყოს ვინმე ბედისგან დაუჩაგრავი, ან ნათესავი, ან ნაცნობი. მანამ მეკვლე არ ეწვევათ, არავის მიიღებენ სახლში.

გურია-სამეგრელო

გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს "კალანდა" ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.

სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით "დააბერებს." საუზმის შემდეგ კი დაიწყება თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.

ახალწელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს,

მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან.

მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ბოლოს ღორის თავს აიღებს, საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის: "აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელი"-ო. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს ულოცავენ.

რაჭა

ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს "კერია-ბერია"-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას "მაკვრიელი" ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით "შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის", შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს "კერია-ბერია"-ს უნაწილებენ.

სვანეთი

ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: "ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ)." სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.

ქართლი

ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე "დასაბერებლად" თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში "აბრამიანს" უწოდებენ.

* * *

ამ რიტუალებიდან დღეისათვის ზოგი დაიკარგა, ზოგმა სახე იცვალა, ზოგი საერთოდ აღარ შემოგვრჩა. ცივილიზაცია ნელ-ნელა ავიწროებს ტრადიციას და ამას ვერსად გავექცევით. საახალწლო სუფრაც და რიტუალებიც ძველთან შედარებით მნიშვნელოვნად შეიცვალა. მოგვწონს თუ არა, ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე წელია დანარჩენი მსოფლიოს დიდი ნაწილის მსგავსად, ახალ წელს ღია ცის ქვეშ ვხვდებით. ამაში ცუდი არაფერია, მით უმეტეს, რომ ძალით გარეთ არავინ არავის ერეკება: გინდა ქუჩაში გასვლა და ახალი წლის არატრადიციულ გარემოში შეხვედრა? კი ბატონო, მიბრძანდი რიყეზე, ისრიალე ყინულზე, გაიარე გაბრდღვიალებულ რუსთაველზე და უმღერე ჩინეთიდან ჩამოტანილ ნაძვის ხეს; არ გინდა და დაჯექი სახლში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ჭამე, სვი და იმხიარულე. თუ არც ეს გინდა, მაშინ მე მოგიყვან სტუმრად ორ კარგ ქართველს და იმათ მაინც უსმინე.

ჩემი და თქვენი სტუმრები ამ წინასაახალწლოდ საქართველოს დასავლეთ-აღმოსვლეთიდან შევარჩიე. მინდოდა, თავისი კუთხის კოლორიტები ყოფილიყვნენ, ტრადიციებში ჩახედულნი და საინტერესო ამბებიც მოეყოლათ. ჯემალ ჭკუასელმა და ეთერ თათარაიძემ ბალღობა-ყაზილარობის მოგონებები გადაქექეს და თუშურ-გურული ახალი წელი გააცოცხლეს.

მოგონება პირველი

ჯემალ ჭკუასელი: "გურული კალანდა წარმოუდგენელი იყო ჩიჩილაკის გარეშე - წმინდა ბასილას წვერებიაო, ამბობდა ასაკოვანი ხალხი. ნაძვსაც ვრთავდით, მაგრამ მახსოვს, მის მოჭრას იქაურები ძალიან განიცდიდნენ. სხვათა შორის, ჩემს ბავშვობაში ჩიჩილაკს თხილის კი არა, ლუკუმფხისგან აკეთებდნენ. არის ასეთი მცენარე გურიაში, არაფერში გამოსადეგარი - არც მერქანი უვარგა და არც ნაყოფი, ჩიჩილაკი კი არაჩვეულებრივი გამოდიოდა. თხილის ჩიჩილაკი ხომ თეთრია, ამას ბუნებრივად გადაჰკრავდა ვარდისა და იისფერი. საოცრად ლამაზი იყო.

დღემდე თვალწინ მიდგას ალილო, რომელსაც მთელ წელიწადს ველოდებოდით. შევიკრიბებოდით 15-16 წლის ბავშვები და მთელი ღამე, ზოგჯერ თოთხმეტგრადუსიან ყინვაშიც კი, დავდიოდით მეზობლიდან მეზობელთან, თან ვმღეროდით - დედი, ერთი კვერცხი მომეც, ღმერთი მოგცემს ბარაქასაო. გვაძლევდნენ კვერცხს, ჩურჩხელას, ტკბილეულს. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი "მუცლის სალოცავი" იყო - ასე ერქვა ნახევარმთვარის ფორმის გურულ ხაჭაპურს, რომელშიც ყველთან ერთად მოხარშულ კვერცხსაც ურევდნენ. ამ ხაჭაპურებს სხვა დროსაც აცხობდნენ, მაგრამ ახალ წელს, ისევე, როგორც აღდგომის კვერცხს, განსაკუთრებული გემო ჰქონდა.

კიდევ ღომის ცეხვა მახსოვს კარგად: ჩაყრიდნენ ჩამურში (ქვის ჭურჭელია, რომელსაც გადაჭრილი ჭურის ფორმა აქვს) ღომს. გრძელი ჯოხი, რომელსაც ბოლოზე სიმძიმე ჰქონდა დამაგრებული, ოთხი-ხუთი მეტრის სიმაღლიდან ძირს ეცემოდა და მარცვალს ურტყამდა, ანუ ცეხვავდა. ეს პროცესი მთელი ღამე გრძელდებოდა. დილით დაცეხვილ მარცვალს გარეცხავდნენ და უგემრიელეს ღომს აკეთებდნენ.

საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხარშული ღორის თავი, რომელსაც აგუნას ეძახდნენ. როგორც წესი, კეთდებოდა ყაურმაც. ესეც მთელი რიტუალი იყო. სოფელში რიგ-რიგობით კლავდნენ ღორს და ერთმანეთთან ყაურმაზე მიდიოდნენ. პატარა ღვინოსაც დალევდნენ, ცოტას იმღერებდნენ კიდეც, ერთი სიტყვით, შეკრებისა და მოლხენის საბაბი ჰქონდათ.

აუცილებლად აკეთებდნენ საცივს. დედაჩემი მას განსაკუთრებულად, ბატის ხორცისგან ამზადებდა. ბატის ხორცს წინასწარ ჩამოკიდებდნენ ძელზე და ბოლზე ლორივით გამოჰყავდათ. ამ ხორცის საცივი უგემრიელესი გამოდიოდა. ვინც ერთხელ გასინჯავდა, გამუდმებით ითხოვდა. "შავ საცივს" ეძახდნენ, რადგან "მძაღე ძმრისგან" კეთდებოდა. გოზინაყისთვის განკუთვნილ ნიგოზში შედარებით მუქ ლებნებს გადაარჩევდნენ და ძმართან შეაზავებდნენ. ასეთი ნიგოზი საცივს მუქ ფერს აძლევდა, თუმცა, იმაზე გემრიელი ქვეყნად არაფერი მეგულება. ღომთან და კეცის ჭადთან ერთად საოცრება იყო. კეცის ჭადს ქვის კეცზე აცხობდნენ: გადააფარებდნენ წაბლის ან სხვა მცენარის ფოთოლს, დააკრავდნენ 4-5 სანტიმეტრის სისქის ცომს და ზემოდან ნაცარს და ნაღვერდალს დააყრიდნენ.

აკეთებდნენ კვერსაც, რომელიც ისე მენატრება, მისი გულისთვის გურიაში ჩასვლაც არ მეზარება: კარგად გახურებულ კერას გაასუფთავებდნენ, ჭადის ცომს ჩვეულებრივად ზელდნენ "ხოროში" ფქვილისგან (იყო კიდევ პიპკი, ანუ წმინდად დაფქული ფქვილი, რომელსაც გურიაში არ სწყალობდნენ.), ჩააგდებდნენ პირდაპირ ნაცარში, ფოთოლს ხან დაადებდნენ, ხან არა; დააყრიდნენ ზემოდან ნაცარს და ნაღვერდალს. მახსოვს, დედაჩემი რომ გამოაცხობდა ამ კვერს, გააქანებდა გარეთ, თოვლით გაწმენდდა და მარილს მოაყრიდა. ამ კვერს სჭირდებოდა განსაკუთრებული ყველი, რომელსაც დაკენჭილს ეძახდნენ. აგვისტოს მთის იალაღებიდან ჩამოტანილ ყველს დერგში ჩადებდნენ და ისე მაგრდებოდა, მართლა კენჭებივით იყო. სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო პრასი და მდოგვი, რომელსაც შინ ამზადებდნენ და ღორის ხორცთან ერთად მიირთმევდნენ.

რაც შეეხება სასმელს, პირველ რიგში მოგაწოდებდნენ ორმოცდაათ გრამ არაყს და შემდეგ უკვე ღვინოს. ღვინო სხვადასხვანაირი იყო: ადესა, ცოლიკაური, თუმცა, ამათ გარდა გურიაში არსებობდა ძალზე წარმატებული ყურძნის ჯიშები - ჩხავერი, ჯანის ღვინო, ალადასტური. ჩხავერი ღმერთების სასმელია, რომელიც დღეს თითო-ოროლა ოჯახშია შემორჩენილი. ძირითადად ხეზე იზრდებოდა და იკრიფებოდა მაშინ, როდესაც პირველი ყინვა დაკრავდა. მარცვლები ამ დროს თითქმის დაჩამიჩებულია და ერთი შეხედვით, რა ღვინო უნდა გამოვიდესო, იფიქრებ, მაგრამ უგემრიელესი სასმელი დგება. ოქროსფერი ღვინოა, მშრალი, სადესერტოც არსებობს. ჯანის ღვინოც ხეზე იზრდებოდა. სხვათა შორის, ძალიან ძვირფასი ჯიში ყოფილა და ახლა ცდილობენ მის აღდგენას.

თოფის სროლა იცოდნენ კიდევ. ახალ წელს ისეთი ბათქა-ბუთქი ატყდებოდა, თითქოს ცა ჩამოიქცაო. თორმეტი საათის შესრულებას ვინ უცდიდა, თხუთმეტი-ოცი წუთით ადრე იწყებდნენ სროლას. ხუმრობდნენ კიდეც, გურიაში ახალი წელი თხუთმეტი წუთით ადრე მოდისო.

ჩემს ბავშვობასთან შედარებით ბევრი რამ შეიცვალა, წეღან მწარედ ვიხუმრე, ტრადიცია დარჩა, მაგრამ ღორის თავი დაიკარგა-მეთქი. ეს იმიტომ, რომ გაჭირდა ცხოვრება და ამ ღორს ბევრი საახალწლოდაც ვერ ყიდულობს. თუმცა, თუ რომელიმე ოჯახს არა აქვს, მეზობელი აჩუქებს - ახალი წელია და სჭირდებაო".

მეორე მოგონება

ეთერ თათარაიძე: "ახალი წელი ჩვენთვის ძალიან მარტივად და ადამიანურად იწყებოდა. ეგრე კი არა, ეხლა რომ არის - მთელი წლის სარჩო გამოგეწყვიტა. რასაკვირველია, წესი იყო, თუ რამე კარგი და გემრიელი გქონდა, საახალწლოდ უნდა გადაგენახა, რომ ხვავი და ბარაქა დაგებედებინა. თუმცა, ერთ დღეს გვეჭამა და მერე მთელი თვე მშიერი ვმსხდარიყავით, ასეთი არ მახსოვს.

საახალწლოდ დედა დაალაგებდა ხონჩებზე ყველანაირ ხილს, ჩურჩხელას. საჯებში (თუჯის ტაფა) გამომცხვარ უბრალო, მაგრამ უგემრიელეს ნამცხვრებს. აუცილებლად აცხობდა კოტორს - თუშურ ხაჭაპურს, რომელსაც გულში ყველის ნაცვლად დამთბარ ხაჭოს (ჩვეულებრივი ხაჭოა, რომელსაც ამოყვანის შემდეგ ძალიან კარგად წურავენ, ემალის ჭურჭელზე შლიან, დოლბანდს აფარებენ და ღუმელის ქვეშ დგამენ, რომ გათბეს და ბუნებრივი წელვადობა მიიღოს) ურევდა. ამას უმატებდა ცოტა მარილს, გამდნარ ერბოს და კოტრის საგულე მზად იყო. საახალწლო სუფრაზე გვქონდა მოხარშული ქათამი ნიორწყალში, ხინკალი, ცხვრის ყაურმა. ცხვრის ხორცი თუშებისთვის ძალიან მისაღები იყო და საოსხეებს (საზამთროდ საჭირო ხორცი, რომელსაც წინასწარ კლავდნენ და დამარილებულს ინახავდნენ) რომ დაკლავდა მამა, მისგან რამდენიმე თავ კერძს ვამზადებდით.

ახალი წლის ღამეს ყველაფერი უკვე მზად იყო, გარდა ცხლად ამოსაღების - ხინკლის და კოტრისა. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ გვაღვიძებდა დილაადრიან დედა. ჩვენ, თუშის ბალღებს ახალ წელს მამები შინ იშვიათად გვყავდა. ისინი ძირითადად მეცხვარეები იყვნენ და ამ დროს დოლისთვის ემზადებოდნენ, ამიტომ ოჯახის თავობა დედას ებარა. დედა ღამიანად ჩამოგვივლიდა, ადექით, უკვე ქათამ-ყივილი იყოო და დაგვლოცავდა: დეესწარითა მრავალსაო, კაი გულობითაო, სიხარულითაო, ჯანმრთელობითაო, სიცოცხლითაო, სიმრავლითაო. შემდეგ თაფლიან ჭურჭელს მოიტანდა, თითო კოვზს გვაჭმევდა და აგრემც ტკბილად დამიბერდითო, გვეტყოდა. იმავ წუთს ერთ-ერთი ჩემი ძმა გადიოდა მეკვლედ. სახლში უკვე გუზგუზებდა ბუხარი, გარეთ კი აუცილებლად იდო თოვლი. შემოვიდოდა ჩემი ძმა და პირველ რიგში შემოჰყრიდა, შემოჰფანტავდა ამ თოვლს, მერე მეკვლის ხონჩიდან ცალკე გვაბერებდა თაფლით. ჩაიჩოქებდა ღუმელთან, აიღებდა მაშას, დაიწყებდა ნაკვერჩხლის გაჩხრეკას და თან ამბობდა: ამდენ ცხვარ, ამდენ ქათამ, ამდენ ძროხა, ბალღებ გაგიმრავლოს, ეს ოჯახი არ დასრულდესო და ასე შემდეგ. მერე ბალიშა კანფეტებს მოჰფანტავდა ოთახში. ამ დროს დედას უკვე ჩასაყრელად გამზადებული ჰქონდა პირველი ხინკალი. ყველა მივესეოდით და ვეხმარებოდით. მერე თბილ-თბილ კოტრებს დაგვიჭრიდა. ამის შემდეგ უკვე იწყებოდა ძახილ-ძუხილი. თითქმის ყველა სახლში ერთდროულად ინთებოდა სინათლეები და სოფელი საოცარი სიცოცხლით ივსებოდა. დილიდან იწყებოდა "ახიაები" (ძველქართული "ხარ"-ით გამოითქმის), ანუ ოჯახიდან ოჯახში მოგზაურობა ქეიფითა და ლხინით, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდებოდა.

ჩემს ბალღობაში არ მახსოვს, რომ ნაძვის ხე მოგვერთოს. სადღაც მეცხრე-მეათე კლასში ვიყავი, როდესაც თუშეთში ეს მოდა შემოვიდა. ეხლა ყველა თუშურ ოჯახში დგას საახალწლო ნაძვის ხე. სხვანაირად ვერც წარმოუდგენიათ. ძალიან სწრაფად შეიცვალა დროება. ამას წინათ ჩემი თანაკლასელი მეუბნებოდა, ჩვენი ბალღობის ნასახიც არ დარჩა არც ერთ თუშ ბალღშიო. მე რაც მოგიყევით, ისეთი სუფრით თუშეთში ახალ წელს აღარავინ ხვდება. გაეცინებათ ალბათ, რომ ნახონ ის ჩამონათვალი, რითაც ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით".

* * *

ესეც ასე. მგონი ბოლოშიც გავედით. საცაა ახალი წელიც მოვა. მოდით, ყველაფერი ცუდი და უსიამოვნო ძველ წელს გავატანოთ, წყენა დავივიწყოთ, შური განვაგდოთ, გულები მოთმინებითა და სიყვარულით ავივსოთ და ერთმანეთს ვუთხრათ: ახალ წელს გილოცავთ, კეთილებო!!! ახალ წელს გილოცავთ, ხალხო!!!

© „მარანი“



ukacravad erti kitxva maqvs ai mogonebebi rom aris jemalis da eteris isini ramdeni wlisebi arian da saidan arian warmoshobit?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული