Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტერმინი მარანი უცხოურ ენებში

გიორგი ბარისაშვილი

დასმული საკითხი აქტუალურია, ამასთან მის გარშემო არსებობს აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც. მოგეხსენებათ, ქვევრში დაყენებული ღვინის ცნობადობა მსოფლიოში სულ უფრო და უფრო იზრდება. აქედან გამომდინარე წინამდებარე მოკლე მიმოხილვაში ჩვენ შევეხებით იმ საგანს, რასაც ქართული ტერმინის – „მარნის“ უცხო ენებში დამკვიდრება წარმოადგენს. პირველ რიგში შევეხოთ იმ საკითხს, თუ რა ტერმინს იყენებს უცხოენოვანი საზოგადოება ჩვენებური მარნის შესატყვისად. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს „თარგმანი“ (თუმცა იგი არ ითარგმნება), რომლის შემთხვევაშიც მარანს რუსულ ენაში – „винный погреб-ად“, ხოლო ინგლისურში კი უპირატესად – „Wine cellar-ად“ მოიხსენიებენ. ერთიცა და მეორე შემთხვევაც ერთგვარი გამოსავალია, რომელიც, თუმცა კი უახლოვდება ტერმინ მარნის შინაარსს, მაგრამ ამავე ტერმინს ეს უცხოური გამონათქვამები მხოლოდ გარკვეულწილად, ნაწილობრივ თუ ესადაგება. როგორც „Погреб“, ისე „Cellar“ რუსულშიც და ინგლისურშიც ნიშნავს სარდაფს, მიწისქვედა ნაგებობას, მარანი კი მოგეხსენაბათ, სულაც არაა სარდაფი და ეს ორი უკანასკნელი, ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ნაგებობაა, მითუმეტეს იმერულ „ღია ჭურისთავებსა“, თუ ზოგიერთ სხვა შემთხვევებშიც. მართალია, რუსული სიტყვა – „Погреб“, შესაძლოა ტერმინ მარანთან უფრო ახლოს იდგეს, ვიდრე, მაგალითად „Подвал“ და ეს ასეც არის, მაგრამ მაინც ეს ტერმინები ჩვენი მარანის ზუსტ განმარტებად ნაკლებად თუ გამოდგება. ტერმინ მარნისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ საღვინე სახლს ნიშნავს, როგორც რუსული სიტყვა - „Погреб“, ისე ინგლისური - „Cellar“ არაერთი მნიშვნელობით გამოიყენება და, თუ ხსენებულ ტერმინებს თავში სიტყვა ღვინო (вино, Wine)  არ წავუმძღვარეთ, ერთიცა და მეორე ტერმინიც საღვინე დანიშნულების ნაგებობად სულაც არ აღიქმება.   

 სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში ტერმინ მარანს ასე განმარტავს: მარანი – საღვინე სახლი (სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული. თბილისი 1991. გვ. 438). ჩვენი მარნის საბასეულ ამ განმარტებასთან ინგლისურ ენაში შედარებით ახლოს, ალბათ ტერმინი – „Wine house“ (ღვინის სახლი) დგას. თუმცა ინგლისურ ენაში  „Wine house“ და „Wine shop“ ნიშნავს ღვინის მაღაზიას... ამავე ენაში გვხვდება ტერმინი – „Winery“, რომელიც  ნიშნავს ღვინის ქარხანას, ღვინის საწარმოს. იგივე შინაარსის ტერმინია, მაგალითად – „Wine factory“. გვხვდება ასევე ტერმინები: „Wine cave“, „Wine closet“, „Buttery“... ალბათ სხვა ენებშიც მოიძებნება მსგავსი განმარტებები. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად მოგვეპოვება იდეალური გამოსავალი, რომელიც ბევრ უხერხულობას აგვარიდებს. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ქართულ მეღვინეობაში, ვაზისა და ღვინის ქართული კანონის ზოგიერთი ადგილიდან დაწყებული, ხსენებული უხერხულობები ისედაც არაერთია...

ეს გამოსავალი, ჩვენი აზრით, არის უცხოურ ენებში ტერმინი მარნის შეტანა და დამკვიდრება, რაც მეორე მხრივ საკმაოდ რთულია, რადგან აღნიშნული პროცესი დიდ დროსა და სამუშაოს მოითხოვს. ისე, როგორც, მაგალითად ტერმინი – ქვევრის სახელისა, თუ მისი ამფორად „გადანათვლის“ საკითხის შემთხვევაში, შესაძლოა ტერმინი მარნის საკითხშიც გამოჩნდნენ განსხვავებული აზრის ადამიანები, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ თავშივე აჯობებს შეჯერება, ვიდრე საკითხის დროისათვის მინდობა. მაგალითისათვის, მსოფლიოში ბევრი ტიპის საღვინე ჭურჭელი არსებობს და ეს ჭურჭელი ერთი საერთო სახელით კი არა, არამედ სხვადასხვა, თავ-თავიანთი სახელებითაა სახელდებული, რადგან ხსენებული ჭურჭლეული ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულია: მოცულობით, მასალითა და მისი შემცველობით, წარმომავლობით, დანიშნულებით, ხარისხითა, თუ სხვ. დაახლოებით ამგვარივე სიტუაციაშია ჩვენი მარანიც, რადგან იგი სრულიად გამორჩეული ფენომენია, ვიდრე მსგავსი შინაარსის სხვა ქვეყნების ნაგებობები... მარანი, გარდა იმისა, რომ უძველესი ტერმინია, იგი ძალიან ლამაზი სიტყვაცაა, რომლის გამოთქმაც არც ერთ ენაზე არ არის რთული. და მართლაც, უცხოურ ენებში რატომ უნდა ერქვას მარანს სარდაფი, თუკი ის სულაც არ არის სარდაფი? დაგვეთანხმებით, მარანი თავისი შინაარსითა და ტრადიციული არქიტექტურული სტილით მიწისზედა ნაგებობაა.

ამ სიტუაციიდან გამომდინარე, მართებულად მიგვაჩნია, რომ საქართველოსა, თუ უცხოეთის გამოფენებზე, კონფერენციებზე და სხვა, საზოგადოება თანდათან მივაჩვიოთ ამ ტერმინს და იგი უცვლელად დავნერგოთ უცხო ენებში. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი გარკვეულწილად უკვე დაწყებულია. მივიჩნევთ, რომ ამგვარი ქმედებით საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი კულტურა უფრო მეტად ცნობადი გახდება მსოფლიო ხალხთათვის, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანია.

 ქართული ენა უძველესი და ამავდროულად მდიდარი ენაა. მართალია, მასზე გარკვეულწილად აისახება უპირატესად აღმოსავლური გავლენა, მაგრამ ჩვენს ენაში ყოველი უცხო ტერმინისა, თუ შესიტყვების შემოსვლას დიდად სავარაუდოა, გარკვეული „პროცედურა“ უნდა გაევლო და უნდა აღინიშნოს, რომ ეს ასეც ხდებოდა. არაერთი სიტყვის ჩამოთვლაა შესაძლებელი, რომელიც, მაგალითად სპარსულიდან, თუ სხვა რომელიმე ენიდანაა შემოსული ქართული მეღვინეობის სფეროში, მაგრამ ეს ტერმინები ქართულ ენასა და ზოგადად ყოფიერებას იმგვარადაა მორგებული და მისადაგებული, რომ ამჟამად ისინი უკვე ქართულ სიტყვებად ითვლება. უფრო მეტიც, დღეს კაცი, ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენს იმას, რომ, მაგალითად ტერმინი „ალავერდი“ – ქარული სუფრის ლამის მთავარი სიტყვა, არის არა ქართული, არამედ არაბული (გვხვდება თურქულშიც). ასევეა ტერმინი სუფრაც, რომელიც წარმოადგენს არაბულიდან სპარსულში შესულ ტერმინს და ნიშნავს მაგიდაზე გადასაფარებელ ქსოვილს. ამავე სიტყვიდან წარმოსდგა ტერმინები: სუფრეული, თანამესუფრე, სუფრული (სიმღერა) და სხვ. ზოგადად ქართულ მეღვინეობაში უცხო ენებიდან შემოსული ტერმინებია, მაგალითად: ჩარექა, სუფრა, ტოლჩა, ალავერდი, ტოლუმბაში, ქეიფი, სირაჯი, სირაჯხანა, საპალნე, ჯამი, ლიტრა და სხვ. აღარას ვამბობთ ბოლო პერიოდში ფრანგული ენიდან შემოსულ და დამკვიდრებულ ისეთ სპეციფიკურ ტერმინებზე, როგორებიცაა: დეგორჟაჟი, რემუაჟი, ტირაჟი, ასამბლაჟი, კასი, დეგუსტაცია, ფუჟერი, დეკანტერი და სხვ. (ახლო წარსულში, ჩამოთვლილი ფრანგული ტერმინების ქართული შესატყვისებით შეცვლისათვის სპეციალური კომისიაც კი შეიქმნა). ჩვენთვის ძნელი იქნებოდა გვესაუბრა იმაზე, თუ რამდენად მართებული იყო ჩამოთვლილ ტერმინთა ქართულ ენაში პირდაპირ გადმონერგვა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისათვის ხსენებული ტერმინები ჩვენს ენაში უკვე დამკვიდრებულია და არა გვგონია, რომ ზემოდ ჩამოთვლილ ტერმინთა ხსენება ჩვენს ენაში ბარბარიზმად აღიქმებოდეს. ჩვენც დიდი იმედი გვაქვს, რომ არც უცხო ენები მიიღებენ ტერმინ მარანს (Marani) ბარბარიზმად, რისი პრაქტიკული გამოცდილება, მაგალითად ტერმინი - Kvevri-ის შემთხვევაში უკვე არსებობს უცხოურ ენებში. მითუმეტეს, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხზე, რომ აღნიშნული ტერმინით სახელდებულია ქართულ საღვინე სახლი და არა იმაზე, რომ მსოფლიო ენებში ამ შინაარსის ნაგებობის საერთო სახელად მარანი დავნერგოთ, რაც ნამდვილად მცდარი მოსაზრება იქნებოდა. თუკი ღვინის, რომელიმე უცხოელი მეწარმე საკუთარ ღვინოს, მაგალითად ჭურჭელ ამფორაში აყენებს, ასეთ დროს ქართულ ენაში ამგვარ ჭურჭელს ჩვენ ზუსტად ისევე მოვიხსენიებთ, როგორც ამას ამავე ჭურჭლის მეპატრონეები გამოთქვამენ და ეს ჩვენთვის სულაც არ არის რთული. საკუთარ ჭურჭელსა და შენობებს სხვებმა რაცა სურთ ის დაარქვან, მაგრამ ქართული საღვინე სახლი და ქართული საღვინე ჭურჭელი – მარანი და ქვევრია და ეს ტერმინები შეძლებისდაგვარად ცვლილების გარეშე უნდა დავამკვიდროთ უცხო ენებში, რაც გარკვეულწილად ჩვენზეცაა დამოკიდებული.

 იმედს გამოვთქვამთ, რომ წინამდებარე წერილის შინაარსი საზოგადოების მხრიდან მართებულად იქნება აღქმული და ამიერიდან ერთობლივად შევეცდებით, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ჭურჭელ-ინვენტარისა, თუ შენობა-ნაგებობების ტერმინები მართებულად დავნერგოდ მსოფლიოს სხვადასხვა ენებში. ამ შემთხვევაში კი უპირატესად დარგის უცხოელ სპეციალისტებთან, და რაც ასევე მნიშვნელოვანია ჟურნალისტებთან, თუ „ღვინის მწერლებთან“ მოგვიწევს ჩვენეული ტერმინების პროპაგანდა, რაც საერთო საქმეს დიდად გააიოლებს.

© ღვინის კლუბი/Weekend



წამოწყება ნამდვლიდა კარგია, თუმცა მეღვინეობის ქვეყნებს ალბათ ექნებათ მარანის შესატყვისი სიტყვა თავიანთ ენებში და ყველამ თავის ენაზე რომ მოიხსენიოს მარანი საინტერესო იქნება.


რამდენად მართებულია ინგლისური „wine cellar“, რუსული «винный погреб» ან თუნდაც გერმანული „Weinkeller“ და ფრანგული „cave à vin“-ის მსაზღვრელ-საზღვრულად დაყოფა და თითოეული შემადგენლის ცალ-ცალკე ანალიზი? აქ ხომ ლაპარაკია არა „სარდაფზე“, არამედ, თუ სიტყვასიტყვით გადმოვაქართულებთ, „ღვინის სარდაფზე“, რომელიც ყველა ხსენებულ ენაში მიწისქვეშას მიღმა მიწისზედა ნაგებობასაც აღნიშნავს და ძირითადად მოიცავს ქართული მარნის ყველა სემანტიკურ მახასიათებელს. ამ შემთხვევაში არ მგონია, სწორი იყოს ქვევრთან პარალელის გავლება, რომელიც მართლაც უნიკალური ფენომენია და, შესაბამისად, სხვა ენებში ლექსიკური შესატყვისიც არ გააჩნია. ბატონი გიორგი ლაპარაკობს „ჭურჭელ ამფორაში ღვინის დაყენებაზე“, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ამფორა მხოლოდ შენახვა-ტრანსპორტირებისთვის (მათ შორის, არა მხოლოდ ღვინის) გამოიყენებოდა, ასე რომ ამ კუთხითაც შედარება არ მგონია იყოს ბოლომდე მართებული. რადგანაც მარანზე ვლაპარაკობთ, კიდევ ერთ რამეს დავამატებდი: უფრო უპრიანი ხომ არ იქნება, პირველ რიგში იმაზე გვეზრუნა, რომ ამ ცნების ფორმალიზება საქართველოში მაინც ხდებოდეს ისე, როგორც საჭიროა? გასაგებია - „საღვინე სახლი“, ასევე გასაგებია „ღვინის სარდაფი“ (რომელიც ჩვენს ენობრივ-კულტუტულ რეალობაში ინგლისური „wine cellar“-ისგან საკმაოდ განსხვავებულ შეფერილობას ატარებს), მაგრამ რას ნიშნავს „ღვინის მარანი“? შეიძლება კი „მარანი“ სხვა რამის იყოს, თუ არა „ღვინის“? საუბედუროდ ამ ტავტოლოგიას უკვე იმდენად შეეჩვია და შეეგუა ჩვენი ყური, რომ მისი შეუსაბამობა, როგორც წესი, დისკომფორტს აღარ გვიქმნის. ასე რომ, საკუთარი თავით დავიწყოთ.


ჩემი აზრით მარანიც და ქვევრიც გადაუთარგმნელად უნდა გადავიდეს სხვა ენაში, თუმცა შესათანხმებელია ქვევრის პირველი ლათინური ასო. ტექსტებში Qvevri-ც გვხდება და Kevri-ც. ალბათ, ერთ-ერთზე უნდა შევჩერდეთ და, ვფიქრობ, პირველი უკეთესია.


წერილის პათოსს უპირობოდ ვეთანხმები, იმავდროულად მაინც მგონია, რომ ქართული ღვინოების პოპულარიზაცია იმავდროულად განაპირობებს ”მარანი”-ის დამკვიდრებას სხვა ენებშიც. როდესაც რამოდენიმე ქართული ღვინო გახდება ჰიპერ პოპულალური, რომელზეც ეწერება მაგალითად ”სანიკიძის მარანი”, ”ჯაყელის მარანი”, ”ბიტარიშვილის მარანი” ა.შ თავისთავად სიტვა ”მარანი” დაიწყებს ფეხის მოკიდებას. მიხედავად იმისა, რომ ეს ესაა ჯერ მევენახედ ვყალიბდები ( 8 ჰა მიწის ფართობზე) და მეღვინეობამდე შორი გზაა გასავლელი, ხშირად მიფიქრია თვით ”მარანი”-ის ეტიმოლოგიურ ”ტევადობაზე”, ანუ რას ვგულისხმობ: სამომავლოდ, ალბათ, გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვითონ გააშენებენ ვენახებს და იმავდროულად დაიწყებენ ღვინის დაყენებასაც. ასეთ შემთხვევაში (კომბინერებული) რამდენად მართებული იქნება მხოლოდ მაგალითად ”ნიკოლაძის მარანი”-თ მოხსენიება, თვით მარანის ლოკალური მნიშვნელობიდან გამომდინარე? თითქოს ერთგვარი ფრანგული ”შატო”-ს მოცულობის საჭიროება ჩნდება. მოცემულ შემთხვევაში სავარაუდოდ გვაქვს ”მამული” (”წინაპართა მიწა”), ამის შემდგომ კი გასარკვევია საკითხი ერთობლივად ”მემამულე და მეღვინე” კაცის პირობითი სახელდებისა, უხეშად რომ ვთქვათ ”მამულ-მარანი”-ის უფრო მოქნილი და საინტერესო ფორმის ძიება მოგვიწევს ალბათ...


ესპანურ ენაში მარანს ჰქვია "bodega" - Lugar donde se guarda y cría el vino, ანუ ადგილი, სადაც ღვინო ინახება და ძველდება. "bodega" მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან "apothēca", რომელიც საწყობს, შესანახ ადგილს ნიშნავდა.


დავიწყოთ იქედან, რომ როგორიც იყო ღვინის დამუშავება შენახვის პროცესი , ისეთივეა სახელიც. სარდაფში, შენობის უპირატესად დაბალ სართულებში ინახავდნენ კასრებით ღვინოს და სახელიც ზუსტად შინაარსიანია. ამიტომ კრიტიკა უადგილოა. მარანი სულაც არ ასახავს ჩვენეული „მარნების: მოწყობას. აღმოსავლეთში შენობაშია ღვინო შენახული, დასავლეთში უპურატესად ღია ცის ქვეს. გარმო პირობებმა გაანპირობა ეს თავისთავად. უშუალოდ მარანი, მოდმინარეობის მარნა/მარნეულიდან რაც ნიშნავს ტირიფის წვრილ ტოტებს, რომელსაც ვაზის ასაკრავად იყენებდნენ და გიდლის მოსაწნავად, რომელსაც ჭაჭიანი მასიდან წვენის გამოსაცალკევებლად იღებდნენ. მარნეულიც აქედან მოდის. გადაჭრილი გორიდან წამოსული მევენახეობა-მეღვინეობა, რომელიც მოიცავდა დღევანდელი მარნეული და მიდმებარე რაიონების დაბლობებს, აბას სულშიძაღლმიკვდომილის დროიდან რომ გაქრა ვაზი და გაჩნდა ბორჩალოელი, რომელიც ვაზს, კი არა ხესაც არ რგავდა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული