Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობაში არსებული პრობლემები გლეხებისა და მეღვინეების თვალით. ხარისხი ვენახის მოვლიდან ღვინის დაყენებამდე

ლევან სეფისკვერაძე

როგორც იცით, ღვინის კლუბი ყოველწლიურად ატარებს საქართველოში ღვინოსთან დაკავშირებულ ერთ-ერთ უმიშვნელოვანეს ღონისძიებას - ახალი ღვინის ფესტივალს. ფესტივალზე ყოველწლიურად ღვინის კლუბის წევრებისა და სპეციალურად მოწვეული ღვინის სპეციალისტების მიერ შიდა დეგუსტაციებზე ისინჯება საფესტივალოდ წარმოდგენილი ოჯახური მარნების ღვინოები და შერჩეულ ნიმუშებს შემდეგში ღვინის მოყვარულები ფესტივალზე აჭაშნიკებენ. საშუალო სტატისტიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, შიდა დეგუსტაციებზე წარმოდგენილი გლეხური ღვინოებიდან დაახლოებით ნახევარი გადის ხოლმე ფესტივალზე, რაც საკმაოდ დადებითი ციფრია. 

სამწუხაროდ, წარმოდგენილი ღვინოების ნაწილი ვერ ხვდება ღვინის ფესტივალზე, რაც პირველ ყოვლისა ნიმუშების უხარისხობით აიხსნება. აღნიშნული ნიმუშების წარუმატებლობის ძირითადი მიზეზები გახლავთ დაავადებები, ღვინის ჰიგიენური პრობლემები და სხვა... დაავადებები შეიძლება მოდიოდეს ვენახიდან, ასევე არსებობს დაავადებები, რომელიც ჩნდება დუღილის პერიოდში და დაავადებები, რომელიც დავარგების დროს გამოიკვეთა. ასევე ხშირია ღვინის ნიმუშები, რომლებიც დაავადებულნი არ არიან, მაგრამ ყურძნის ჰიბრიდული ჯიშებისგან წარმოებულ ღვინოებს წარმოადგენენ. ჰიბრიდები ფესტივალზე პრინციპულად არ დაიშვება. 

სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ღვინის კლუბში გაიმართა სპეციალური შეხვედრა. ოჯახური მარნების წარმომადგენლებს (მათ შორის იყვნენ ის ადამიანებიც, რომელთა ღვინოები ფესტივალზე ვერ გავიდა) ღვინის ცნობილი სპეციალისტები, ნიკოლოზ ნატროშვილი და მიშა მესხი შეხვდნენ და ღვინის დაავდებებზე, ღვინოში არსებულ პრობლემებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ. ამ შეხვედრის ერთ-ერთ ძირითადი მიზანი იყო ის, რომ ე.წ. ოჯახური ღვინის მწარმოებლებს უკეთ დაენახათ და გაეცნობიერებინათ ის მიზეზები, რაც ღვინის დაავადებას იწვევს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენ გავესაუბრეთ მეღვინეებს, რომელთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე დასმული ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მათთვის სიახლე იყო. თითქმის ყველა მეღვინე ხაზგასმით ამბობს, რომ გლეხების უმეტესობა ერიდება მათი ღვინის პრობლემურ მხარეებზე საუბარს, ზოგს კი ასეთი საუბრები საწყენადაც კი მიაჩნია. არადა ფაქტია, რომ არსებულ პრობლემებს დანახვა და დროული მოგვარება სჭირდება. 

ნოშრევან კვარაცხელია, მეგრელი მეღვინე წალენჯიხის რაიონიდან: “პირადად მეც მიდგას ღვინის გაფუჭების პრობლემა. ამიტომ, ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია, როდესაც ცნობილი ენოლოგები გვაძლევენ რჩევებს და გვაძლევენ გეზს, თუ როგორ შეიძლება გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები. ასევე საინტერესო სიახლეები გავიგე ღვინის ხელოვნურ საფუარებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რა შეიძლება გამოვიყენო და რა არა. მე მამაპაპისეული ვენახი სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში მაქვს, სადაც ძირითადად ცოლიკოური და ჰიბრიდული ადესა გვაქვს გაშენებული. უკვე დავიწყე ოჯალეშზე ფიქრიც და იმედი მაქვს, რომ შევძლებ ამ ძველი მეგრული ჯიშის აღორძინებას ჩვენს რაიონში“.

გოჩა ღულელაური, ახმეტა: „ნიკოლოზ ნატროშვილისგან და მიშა მესხისგან პირველ რიგში გამოცდილების გაზიარება იყო დღეს მნიშვნელოვანი. თუმცა, ეს ადამიანები მაინც აქცენტს ინდუსტიულ წარმოებაზე აკეთებდნენ, მე კი უფრო მეტად ნატურალური მეღვინეობის პრინციპებისაკენ ვიხრები. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია ჭურჭლის სისუფთავის საკითხი. ნიკოლოზ ნატროშვილი გვირჩევს, რომ ღვინის ჭურჭლის გასარეცხად გამოვიყენოთ სპეციალური ქიმიური ხსნარები, რაც პირადად მე არ მიმაჩნია სასურველად. როცა ლაპარაკია ცოცხალ ღვინოზე, ასეთი, თუნდაც უმნიშვნელო ჩარევები მე არა მგონია საჭირო იყოს. ღვინის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები ყველას გვაქვს და ეს არავის გვიკვირს, მაგრამ პრობლემების დაძლევა ჩემი აზრით ნატურალური მეღვინეობის პრონციპებით უნდა მოხდეს. ახმეტაში ოჯახური მეღვინეების მთავარი პრობლემა არის ღვინის სისუფთავის საკითხი და კარგი მარნების უქონლობა. იშვითია ნორმალური მარანი, სადაც ღვინის შესანახად სათანადო პირობები არსებობს. მარნების დიდ ნაწილში არაა ღვინისათვის საჭირო მდგრადი ტემპერატურა, არაა სისუფთავე და ეს ღვინოზეც უარყოფითად აისახება“.

ვანო რამაზაშვილი, ქართლელი მეღვინე სოფელ ლამისყანიდან: “როდესაც მეღვინეს ღვინის ფესტივალის ორგანიზატორები ეუბნებიან, რომ მის ღვინოს პრობლემები აქვს, ზოგს ეს სწყინს და ბრაზდება. არადა, ამ დროს კაცი თავის მოქმედებას უნდა დაუკვირდეს და ყურადღება მიაქციოს ღვინის ხარისხს და სისუფთავეს. ჩემს სოფელ ლამისყანაში ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე დასახვეწია და ბევრ რამეს მეც ახლა ვსწავლობ. ბევრ გლეხს სისუფთავე სხვანაირად ესმის. შეიძლება ადამიანს სუფთა ხელები ჰქონდეს, სუფთა ტანსაცმელი ეცვას, მაგრამ ვერ ხვდებოდეს იმას, რომ რთველის დროს რკინის სათლის გამოყენება არ შეიძლება და რომ დამპალი და საღი ყურძენი ერთად არ უნდა დაიწუროს. როგორც წესი, გლეხები ნაკლოვანებებს მალავენ სიამაყის გამო და ძალიან წყინთ ხოლმე, როცა მათ ღვინოს იწუნებ. ასევე დიდი პრობლემაა ვენახში ძლიერი ქიმიური წამლების გამოყენებაც, რასაც გლეხები მასობრივად იყენებენ. ასეთი წამლობა ერთ საქმეს აკეთებს და მეორეს აფუჭებს“. 

ვანო მაღლაფერიძე, კასპელი მეღვინე: “ღვინის კლუბი ძალიან საინტერესო ღონისძიებებს ატარებს, რომელიც გამოირჩევა  მნიშვნელოვანი რჩევებით, უკავშირდება ეს ღვინის დაავადებებს, დადუღებას, ჭურჭლის რეცხვას და ა.შ...  ვფიქრობ საინტერესო იქნება თუ გაგრძელდება მსგავსი ღონისძიებები, გადავა უფრო ფართო მასებში და გლეხები უფრო თამამად დაიწყებენ ღვინოსთან დაკავშირებულ მსჯელობებს. მე ღვინოს ჩინურის ჯიშის ყურძნისგან ქართლში, ქალაქ კასპში ვაყენებ და ვცდილობ ქართლში არსებული მეღვინეობის ტრადიციები შეძლებისდაგვარად გავითვალისწინო. საოჯახო მეღვინებაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სტერეოტიპები. მაგალითად არის მოსაზრება, რომ მამა-პაპის ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ და ახალი არაფერი უნდა მივიღოთ, რაც არასწორი შეხედულება მგონია. ჩვენ რა თქმა უნდა უნდა მივდიოთ ძველ გზას, მაგრამ არც ახლის გაგება და მიღების უნდა შეგვეშინდეს, თუკი ეს სიახლე ქართულ მეღვინეობას წაადგება. ასევე პრობლემურია ვენახში ვაზის მოვლის საკითხებიც, რაც შემდეგში ღვინოზე უარყოფითად აისახება ხოლმე“.

გიორგი ჩეკურიშვილი, მეღვინე კახეთის სოფელ შაშიანიდან: “რჩევები უმთავრესია მეღვინისათვის და თუ რჩევებს არ მოუსმინა, ისე ვერაფერს ისწავლის. ჩემთვის დღეს მნიშვნელოვანი სიახლე იყო ის, რომ ღვინის ხელოვნურ საფუარზე დადუღების შესაძლებლობებს გავეცანი და ამ საკითხმა დამაინტერესა. პირადად მე ღვინის დაავადების კუთხით განსაკუთრებული პრობლემები არასოდეს მქონია, მაგრამ არც საფუარი გამომიყენებია. მე ღვინოს გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში ვაყენებ და რასაც ვაკვირდები, ჩემს გარშემო გლეხებს თითქმის იდენტური პრობლემები აქვთ. მათი მთავარი პრობლემა არის ვენახი და მისი მოვლა. ჩემი დაკვირვებით მასიურად სისტემური წამლების შემოსვლამ კახურ ღვინოზე ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა და აღარ გამოდის ის ღვინო, რაც ადრე იყო. ღვინო მხოლოდ იმით ხომ არ უნდა შეაფასო, გამჭვიარვალეა თუ არა და რამდენად დაიწმინდება. მთავარი ალბათ მაინც გემოა. მე რაც მახსოვს, მამაჩემის და პაპაჩემის დროს დაყენებული ღვინოები ხარისხით უფრო კარგი იყო, ვიდრე ახლანდელი ღვინოები. ესაა ცოდნის დაკარგვისა და გლეხების გულგრილობის ბრალი. როცა გლეხი ყურძენს აბარებს, მას აღარ აინტერესებს ღვინის სიკარგე და მხოლოდ ანაღვლებს ის, რომ ყურძენი ქარხანაში საღი მიიტანოს, რათა ფული აიღოს და მერე რა მოხდება უკვე მისი საქმე აღარ არის“.

გოგი დვალიშვილი, ქართლელი მეღვინე სოფელ ატენიდან: “რამდენჯერმე სეტყვისა და უამინდობის გამო, მეზობლებისგან ყურძნის ყიდვა მომიხდა. სამწუხაროდ, ნაყიდი ყურძენი ვერ გამოდგა ისეთი ხარისხანი, როგორიც მინდოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყურძნის გაყიდვაზე ორიენტირებული გლეხები ცალკე კატეგორიაა და მათ მეღვინეობასთან ნაკლები კავშირი აქვთ. მე ვცდილობ ხოლმე, რომ  ცოტა და ხარისხიანი ყურძენი მივიღო. ამით რაოდენობრივად ვზარალდები, მაგრამ ხარისხში ვიგებ. ჩემის აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს სწორედ გაყიდული ყურძნის უხარისხობაა“.

© საქართველოს ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული