Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაზი და ღვინო "დავითიანში"

აზირა მათიაშვილი
ძეგლის მეგობარი - 1968, N16
    მევენახეობას საქართველოში უძველესი ისტორია აქვს. მიუხედავათ ამისა, სპეციალური ლიტერატურა ვაზის მოვლა-პატრონობის შესახებ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან გვხვდება. პირველი წიგნი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობაზე დაბეჭდილია 1876 წ. თ. ჯორჯაძისა.
    საქართველოში მევენახეობის დარგის განვითარების შესახებ შესაბამისი ლიტერატურის არ არსებობა, შეუძლებელია აიხსნას ქართველი მეურნის დაუინტერესებლობით - დაეწერა და განეზოგადებინა თავისი მდიდარი გამოცდილება ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების წესების შესახებ.
    პროფ. ს. ჩოლოყაშივლი 1939 წ. შედგენილ სახელმძღვანელოში, საქართველოში მევენახეობის ისტორიის საკითხის განხილვისას ანიჭებდა რა დიდ მნიშვნელობას ცნობას იმის შესახებ, რომ რუსეთის სამეცნიერო აკადემიის სააზიო მუზეუმში დაცული ყოფილა თეიმურაზ ბატონიშვილის XVIII საუკუნის დამლევის ხელნაწერი წიგნი მევენახეობაზე, სამართლიანად ასკვნის: "საფიქრებელია, რომ ასეთი და უფრო ძველი დროის მასალა საკმაოდ მოიპოვებოდა და იქნებ მოიპოვება კიდეც".
    ძველ საქართველოში საუკუნეების მანძილზე ჩვენი დაუძინებელი მტრების თარეშმა, დ. გურამიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ: "მოისრა ხშირი ქვეყანა, გახდა ვერანად, ტრამლადა" - გააპარტახა სოფლის მეურნეობა, ტყეებისა და ბაღ-ვენახების გაჩეხვისა და გადაწვის დროს, რაც ქართველი ხალხის ეკონომიური დაუძლურებისკენ იყო მიმართული. განადგურდა ქართული ვაზის მრავალი ძვირფასი ჯიში და წერილობითი მასალა მათ შესახებ.
    ხევარდულზე მხოლოდ წერილობითი ცნობაღაა შემორჩენილი, იგი სადღეისოდ თითქმის აღარსად გვხვდება ერთეული ძირების სახითაც კი. აკად. ივ. ჯავახიშვილს ხევარდული უძველესი აბორიგენული ვაზის ჯიშების ნუსხაში აქვს შეტანილი (ძელშავი, ხევარდული, რქაწითელი, ხემხუ ანუ ხიხვი), რომელთა სახელწოდება დაკავშირებული უნდა იყორ რქის ფერთანო.
    საქართველოს XVIII საუკუნის მევენახეობაზე გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ჩვენი კულტურის ერთ-ერთი უძვირფასესი საგანძური - "დავითიანი".
    დ. გურამიშვილის შემოქმედებაში მევენახეობა საინტერესოა, ეთნოგრაფიული და ისტორიული თვალსაზრისით. ამ ნაწარმოებში ვხვდებით ისეთ სპეციფიკურ ქართულ გამოთქმებს მევენახეობა-მეღვინეობიდან, როგორიცაა: "მცვრევა", "ფურჩვნა", "წიდვნა", "ბაბილო", "კათხა", "თასი", "მაჭარი" და სხვ.
    როგორც უკვე აღვნიშნეთ, XVIII საუკუნის საქართველოს მევენახეობაზე არავითარი სპეციალური ლიტერატურული წყარო არ მოგვეპოვება, მაგრამ ისედაც ადვილი წარმოსადგენია, თემურ ლენგისა და შაჰ-აბაზის შემოსევების შედეგად, რა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა XV-XII საუკუნეებში განვითარების მაღალ საფეხურზე მდგარი სოფლის მეურნეობის ეს უძველესი დარგი.
    აი, როგორ ახასიათებს პოეტი დავით გურამიშვილი საქართველოს იმდროინდელ მევენახეობას:


"ვენახის ღვინო დაძვირდა,
ქართლს დაემტერა რა ჭარი,
ვიმცვრივე ჭალას ბაბილო
ნაქაჯი და ნაჭაჭარი".

    განსაკუთრების საინტერესოა ამ სტროფის მეურე ნახევარი. "მცვრევა" ქართლ-კახეთში დღესაც ფართოდ გავრცელებული ტერმინია და იხმარება დაკრეფილ ვენახში, ნამხარზე განვითარებული კუთხლისა და ყურძნის ნარჩენების შეგროვება-მოკრეფის გამომხატველად.
    "ბაბილო" - ხეზე ასული ვაზია. "მაღლარი" და "ნაჭაჭარი" - ადგილია, სადაც ყურძნის გამოწურვის შემდეგ ჭაჭა გადაყარეს და წიპწიდან ვაზი ამოვიდა.
    ამრიგად კულტურული მევენახეობის განადგურების გამო, ღვინო იმდენად გაძივრებულა და ისეთი ძნელი საშოვარი გამხდარა, რომ ხალხს იგი ტყეში მოკრეფილი ყურძნისაგან დაუმზადებია. დღესაც ვხვდებით ისეთ მოხუცებს, რომლებიც მომსწრენი არიან იმისა, რომ შემოდგომის მიწურულში ხალხს ტყიდან გოდრებით გამოჰქონდა ყურძენი და მისგან მაჭარს აყენებდა. ტყის ყურძენი უმთავრესად წითელი ყოფილა, იშვიათად თეთრიც. მათივე გადმოცემით, კრიკინას, განსაკუთრებული თვისებების გამო, სამკურნალო მნიშვნელობაც ჰქონია.
    საინტერესოა, რომ ტყვეობიდან გაპარულმა პოეტმა ბუნება მსხმოიარე ვენახსა და "უკვდავების მტევანთა" გამომბმელ ვაზს შეადარა. აი, როგორ ახასიათებს მგოსანი ვენახს:

"ნაყოფიერო ვენახო,
ვით ვაზო მორჩ-უჭკნობელო,
უკვდავებისა მტევანთა
მოკვდავთა მოსართლობელო,
მაჩრდილობელო ნერგო და
კეთილთა შრტოთა მყნობელო!"

    პოეტი ვაზს ხშირად იყენებს სხვადასხვა მხატვრული შედარებისათვის, მის ნაწარმოებებში მოხუცი ბერ-ფუყ მუხასთანაა შედარებული, ახალგაზრდა კი - ვაზის ნორჩ ყლორტთან. მგოსანი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ისევე ადვილად ემორჩილება აღმზრდელს, როგორც მევენახეს, გაფურჩქვნის დროს, ვაზის ნორჩი ყლორტი.

"ვით ახალ მორჩი ვაზისა
ხელს მიყვეს საფურჩნელადა,
ეგრეთ ახალი მოზარდი
ყრმა ოსტატს - გასაწვრთნელადა".

ცნობილია, რომ ლეკთა ტყვეობიდან გაპარული მშიერ-მწყურვალი გურამიშვილი დიდხანს დაეხეტებოდა დაღესტნის უდაბურ მთებსა და ტყეებში, შიმშილისაგან შეწუხებული პოეტი ვაზისა და ატმის მსხმოიარე ბაღს შეჰხვედრია და ყურძნის მადლიანი ნაყოფით დანაყრებულა.


"უეცრად ალაგს მივადექ
ტურფასა, ლამაზიანსა,
მსხმოიარესა ბაღნარსა,
ატმიანს და ვაზიანსა.
დავღუნე თავი, უკუვსძვერ
ვაზნარსა შინა ბურვილსა,
აღმოვირეხვე ყურძნითა,
მოვრჩი შიმშილსა, მწყურვილსა".

    იბადება კითხვა, თუ რა მხრივაა საინტერესო ეს ფაქტი? ვაზი და ატამი მთელი რიგი ბიოლოგიური თვისებებით ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან. დღესაც, აღმოსავლეთ საქართველოს ზვრებში და მის ირგვლივ მრავალ ატმის ხეს შეხვდებით.

"ვაზის მწკრივებში, მორცხვი ქალივით
წითლად უელავს ატამს ლოყები" -

წერს პოეტი ალ. ბეგაშვილი.

    ვაზისა და ატმის თანაცხოვრებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. აღსანიშნავია, რომ ეს გარემოება კარგადაა ასახული ძველსა და ახალ პოეზიაში.
    გურამისვილს არც ის ფაქტი გამორჩენია მხედველობიდან, რომ ძველად ხალხმა კარგად იცოდა ყურძნის მაღალყუათიანი კვებითი ღირებულება და შიმშილობისა და მოუსავლიანობის წლებში მისი ნაყოფით იკვებებოდა. პოეტი თავისი პირადი გამოცდილებითაც გვარწმუნებს, რომ ყურძნით გაძღომით "მოვრჩი შიმშილსა, მწყურვილსაო".
    "დავითიანში", მევენახეობასთან ერთად, ფრიად საყურადღებო მასალებს ვხვდებით მეღვინეობის შესახებაც. საქართველოს ღვინოებიდან პოეტი მაღალ შეფასებას აძლევს კახურსა და ატენურ ღვინოებს.
    გურამიშვილს კარგად სცოდნია, რომ ღვინის ჰარმონიულობა და ღირსება დიდად არის დამოკიდებული ჭურჭლის სისუფთავესა და მის ხარისხზე. ჭურჭლის გამო ღვინომ, რომ თავისი შინაარსი არ დაკარგოს, ასეთ დარიგებას იძლევა პოეტი:

"უნდა მეღვინემ საღვინე
კარგვარად გამორეცხოსა,
განაყრევინოს, გაწმინდოს,
რაც შიგნით მწიკვლი ეცხოსა,
თუ მისგან წახდეს ღვინო-ღა,
მე თავში კეტი მეცხოსა".

    გურამიშვილის შემოქმედება უშუალო სინამდვილესთანაა დაკავშირებული. სწორედ ამის გამოა, რომ იგი მრავალ დიდაქტიკურ მოსაზრებებთან ერთად, ღვინის შესახებაც თავის ბრძნულ რჩევა-დარიგებას იძლევა. ღვინის სმაში ზომიერება ყოველთვის უნდა დაიცვას ადამიანმა, თუ არა და:


"ხუცესიც ბევრს რიგს დანაკლებს,..
თუ მეტი ღვინო დალია".

    არ შეიძლება სახელოვან მევენახედ არ ვაღიაროთ ის ადამიანი, რომელიც ასეთი დიდი ცნოდითა და სიყვარულით გვესაუბრება ვაზზე და მას ასე ახასიათებს:

"ტკბილის ნაყოფის მომბმელი,
სამკურნალოს ცვარის მცხენია".

ხოლო მის წვენს უკვდავების სასმელ ადარებს:

"ამ უკვდავების სამლითა
მითვრა და მით მოლხენია".

    აი ასეთ საყურადღებო ცნობებს და მოსაზრებებს ვხვდებით დიდი ქართველი პოეტის, დავით გურამიშვილის, უკვდავ ნაწარმოებებში.

პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული