Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რომელი ღვინო დაამშვენებს ჩვენს საახალწლო სუფრას

ლევან სეფისკვერაძე

საქართველოში შობა-ახალი წლის დღეები ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. თადარიგიანი ადამიანები ამ დღეებისათვის კარგ და სასურველ ღვინოს ხშირად რამდენიმე თვით ადრეც კი იმარაგებენ, რადგან კარგი ღვინით ახალი წლის შეხვედრა არამხოლოდ სიამოვნება, არამედ ერთგვარი აუცილებლობაც კი არის.

ღვინის კლუბელების საახალწლო არჩევანი

საახალწლო სუფრაზე ღვინოების განსაკუთრებული მრავალფეროვნება მთელს საქართველოში გამორჩეულად მაინც ალბათ ღვინის კლუბის წევრებს ექნებათ. 2011 წელს ჩატარებულმა არაერთმა ღვინის დეგუსტაციამ და ღვინის ფესტივალმა ბევრი ადამიანი აზიარა მრავალნაირ ღვინოს და შესაბამისად, ღვინის კლუბელთა დიდმა ნაწილმა უკვე წინასწარ მოინიშნა ის ღვინოები, რომელთა დალევის სურვილიც შობა-ახალ წელს ექნებათ.  

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ვენახი აქვთ და შესაბამისად საკუთარ ღვინოს აყენებენ, მაინც ცდილობენ, რომ საახალწლო სუფრაზე შეძლებისდაგვარად მრავალნაირი ღვინო ჰქონდეთ. მაგალითად, ღვინის კლუბის წევრი, რამაზ ნიკოლაძე, ახალ წელს თავისი ხელით დაყენებული ციცქა-ცოლიკოურის გარდა, ”ჯაყელების” ხაშმის საფერავის დალევასაც აპირებს. ”ჩვენი ღვინის” ავტორი სოლიკო ცაიშვილი კი მისი წარაფის გარდა, სწორედ რამაზ ნიკოლაძის იმერული ღვინისა და ქართლის ჩინურის დასალევად ემზადება. მეღვინე მალხაზ ჯაყელს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ კონკრეტულად რომელ ღვინოზე გააკეთებს არჩევანს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ საბოლოო არჩევანს აუცილებლად ”ბიო” ღვინოზე გააკეთებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ღვინის კლუბის პრეზიდენტის, მალხაზ ხარბედიასათვის 2012 წელი განსაკუთრებულად დაიწყება. წელს კლუბის პრეზიდენტს კახეთის სოფელ ჭიკაანში მოყვანილი და საკუთარი ხელით დაყენებული ქისისა და ხიხვის გასინჯვის საშუალება მიეცემა. ეს უნიკალური ღვინოები ახლაღა ხდება საქართველოში პოპულარული და ღვინის კლუბის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მომავალშიც იზრუნებს ამ უნიკალური ყურძნის ჯიშებისაგან ღვინის დაყენებაზე.

ღვინის კლუბელი ზურა თოფურიძე, ახალ წელს საკუთარი ორნაირი გურული ჩხავერითა (ვარდისფერი და ქარვისფერი ჩხავერი) და კახეთში მოყვანილი კაბერნეთი შეხვდება. თუმცა, შესაძლებელია რომელიმე ქართული პატარა მარნის მიერ წარმოებული ღვინითაც დაამშვენოს საახალწლო სუფრა. ამ მხრივ ცოტა ცუდადა აქვს საქმე ღვინის კლუბის წევრ იაგო ბიტარიშვილს, რომელმაც ქართლში, სოფელ ჩარდახში მოწეული ჩინურის ჯიშისაგან დაყენებული თითქმის მთელი ღვინო ევროპასა და ამერიკაში გაყიდა. იაგოს მეუღლე, მარინა კურტანიძე ხუმრობით ამბობს, რომ შეიძლება მისმა ქმარმა წელს ყველაზე დიდი უცნაურობა ჩაიდინოს და საახალწლო სუფრაზე ნაყიდი ღვინო გამოიტანოს. მსგავსი რამ ბიტარიშვილების ოჯახში წლებია არ მომხდარა. თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და ბიტარიშვილები რასაკვირველია ახალ წელს მათივე მარნის ”ჩარდახით”, იგივე ”იაგოს ღვინით” შეხვდებიან.

ავთო კობახიძე, ღვინის კლუბის წევრი: ”ახალ წელს ციცქა-ცოლიკოურით შევხვდები, რომელიც “ნიკოლაძეების მარნის” ვენახიდანაა. ასევე დავაგემოვნებ ჩემს მიერ 2009 წელს დაყენებულ ოცხანურ საფერეს. 2 წელი ამ ღვინოს ვწრუპავ და ახლა რამდენიმე ბოთლიღა მაქვს დარჩენილი. სუფრაზე ასევე აუცილებლად მექნება კომპანია ”ხარებას” მიერ წარმოებული რამოდენიმე ბოთლი ცქრიალა ღვინო. ვერ წარმოიდგენთ გოზინაყს დესერტად როგორ უხდება ხვანჭკარა და მცირე რაოდენობით ეს ღვინოც ალბათ მექნება სუფრაზე. ასევე მექნება ციცქა-ცოლიკოურის ჭაჭაც, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს. ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ ყველას, ვისაც ქართული ღვინო უყვარს და აფასებს!”.

სად ვიყიდოთ კარგი ღვინო

2012 წლის შობა –ახალი წლისათვის ღვინით დანტერესებულ ჩვენს თანამოქალაქეებს არჩევანი მართლაც რომ განსაკუთრებით ფართო და მრავალფეროვანი ექნებათ. როგორც სპეციალიზებული ღვინის მაღაზიები, ასევე ჩვეულებრივი სუპერ-მარკეტები წელს ქართული ღვინის ფართო ასორტიმენტს გვთავაზობენ. როგორც ღვინის დიდი კომპანიების, ასევე მცირე მარნების მიერ წარმოებული ბოთლის ღვინის ფასი 6 ლარიდან იწყება და 70-80 ლარამდე ადის. ღვინის მაღაზიებში ასევე ნახავთ ე.წ. ჩამოსახმელ ღვინოსაც. რქაწითელის ჯიშისაგან დაყენებული ”ჩამოსახმელი ღვინის” ფასი ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში 3 ლარიდან იწყება და 4.5 ლარამდე ადის. შედარებით ძვირია საფერავი. ერთი ლიტრი საფერავის საშუალო ფასი 5-8 ლარია.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერც ღვინის მაღაზიებში და ვერ მარკეტებში ვერ ნახავთ ჩამოსასხმელი სახით გასაყიდ ქართლის და იმერეთის ღვინოებს. ასევე ვერ ნახავთ უნიკალურ ღვინოებს: ქისს, ხიხვს, ჩხავერს, ტვიშს და სხვა... თუმცა, ქართულ მეღვინეობაში მომხდარი ბოლოდროინდელი ძვრები ტოვებს იმის იმედს, რომ ეს პრობლემაც მალე აღმოიფხვრება. რაც შეეხება დედაქალაქის აგრარულ (ყოფილ საკოლმეურნეო) ბაზრებში გასაყიდად შეტანილ ღვინოებს... მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ღვინო ფასის მხრივ შედარებით იაფია, ამ ღვინოების ხარისხი საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს და ღვინის კლუბი ღვინის მოყვარულებს ურჩევს, რომ სანამ აგრარულ ბაზარში იაფფასიან ღვინოს შეიძენენ, ჯერ კარგად დარწმუნდნენ ამ ღვინის ხარისხში, რადგან ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსგავს დაწესებულებებში ღვინის სახელით ათასგვარი გაუგებარი ხარისხისა და წარმომავლობის სითხე გაყიდულა.

ბოლო წლებში ქართული ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე საკმაოდ ბევრი დასახელების ბოთლში ჩამოსხმული ჭაჭა გამონდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით სასიხარულოა თუნდაც იმიტომ, რომ დაახლოებით 6-7 წლის წინ, კარგი ჭაჭის მოყვარულ ქართველ მომხმარებელს თბილისში ხარისხიანი ჭაჭის შეძენა ძალიან უჭირდა. ახლა კი, რამდენიმე როგორც დიდი, ასევე მცირე ღვინის მარანი შეუფერხებლად აწარმოებს ქართულ ჭაჭას, რაც უდავოდ მისასალმებელია. მათ, ვისაც საახალწლო სუფრის ჭაჭით დამშვენება სურთ, დედაქალაქში არსებული სპეციალიზებული ღვინის მაღაზიების სტუმრობას ვურჩევდით, რადგან ამ მაღაზიებში წარმოდგენილ ჭაჭას როგორც წესი პროფესიონალი მეღვინეები ამზადებენ და სასმელის ხარისხიც და ფასიც მისაღებია.    

ქართული ღვინო ყველას ეკუთვნის

საქართველოში ახალ წელს ოჯახები, როგორც წესი, იქაური ღვინით ხვდებიან, რომელ კუთხესთანაც ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვთ. ქართლელები ქართლური ღვინით, იმერლები - იმერულით, მეგრელები კი შესაბამისად მეგრულით. თუმცა, ზოგადად რასაკვირველია კახური ღვინო დიდ ქალაქებში ყველაზე პოპულარულია და ამას ხელს ბოლო წლებში პოპულარული ე.წ. გარაჟის მეღვინეობის ტრადიციაც უწყობს. კახეთიდან ქალაქებში გასაყიდად შეტანილ (ძირითადად რქაწითელის ჯიშის) ყურძენს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ყიდულობს და საახალწლო სუფრას მათი ნახელავი ღვინით ამშვენებენ. ძალზედ მცირეა რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებიც ახალ წელს ვისკით, კონიაკით, ან არყით ხვდებიან. ცქრიალა ღვინოს მართალია ბევრი ყიდულობს, მაგრამ ”შამპანურს” როგორც წესი მხოლოდ სუფრის ვიზუალური საზეიმო ელფერის მიცემის ფუნქცია აკისრია.

კოტე მსოევი, თბილისის მკვიდრი:”ჩვენ, თბილისელი ქურთები, ისე როგორც სხვები, ახალ წელს კახური ღვინით ვხვდებით ხოლმე. მე პირადად ღვინის საყიდლად კახეთში, სოფელ ართანაში ვიყავი ჩასული სექტემბერში. სანამ შევიძენდი საკუთარი ხელით ავარჩიე ვენახში ყურძენი და აქ გლდანში, ჩემს გარაჟში დავწურე. ვისაც გავასინჯე ჩემი ღვინო, ყველას მოსწონს და საახალწლოდ რამდენიმე ნათესავს უკვე მივეცი საჩუქრად. ძალიან მიხარია, რომ კარგი ღვინო მეც გამომივიდა, რადგან თუ კაცი საქართველოში ცხოვრობ, ქურთი იქნები თუ სხვა ეროვნების, აქაური ღვინო უნდა დააფასო და შეიყვარო. მით უმეტეს, რომ კახური ღვინო უცხოელებსაც კი მოსწონთ. სუფრაზე ღვინის გარდა ტრადიციულად ”შამპანურიც” მექნება, მაგრამ მაგის დამლევი არავინ არ ვართ. სუფრას თავისებურად ალამაზებს “შამპანური”, თორემ როცა კაი კახური ღვინო გაქვს, სხვა რამე რატომ უნდა დალიო?!”.

ინტერნეტში, ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე ჩვენს მიერ ჩატარებულმა მცირე სოციალურმა გამოკითხვამაც ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში ახალ წელს ძირითადად კახური ღვინო იქნება ჰეგემონი. გამოკითხულთა 80%-ზე მეტი, სწორედ კახური ღვინით (ძირითადად რქაწითელი და საფერავი) აპირებს ახალი წლის შეხვედრას. შემდეგ მოდის ქართლის ღვინო. ამის მიზეზი პირველ რიგში კახეთის მსგავსად ქართლის თბილისთან სიახლოვეცაა. თუმცა, ბოლო დროს თანდათან უფრო ხშირად ნახავთ ოჯახებს, სადაც საახალწლოდ იმერული, გურული, ანდა რაჭული ღვინის შეძენა აქვთ გადაწყვეტილი.

არც ერთი საახალწლო სუფრა ღვინის გარეშე!

ბოლოს აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ე.წ. მოსაკითხის ტრადიციაც, რომელიც საქართველოში ჯერ ისევ არის შემორჩენილი. ანუ, დღემდე ბევრ ქართულ ოჯახს ნახავთ, რომლებიც საახალწლოდ თუ საშობაოდ ერთმანეთს ღვინოს და საახალწლო ნუგბარეულს ჩუქნიან. ბევრი თბილისური ოჯახი სწორედ ნათესავ-ახლობლებისაგან მოსაკითხად მიძღვილი ღვინის ეშხით ელოდება ახალ წელს.

შალვა გუჯაბიძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი:”ჩემი მეგობრებისა და ნათესავების თავი მიცოცხლოს ღმერთმა. ყოველ ახალ წელსა და აღდგომას, რამდენიმენაირი სხვადახვა ღვინო რომ მაქვს, ეს სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა. ორმა ჩემმა თბილისელმა მეგობარმა კახეთში, სოფელ ველისციხეში გააშენა ვენახი და მათგან კარგ კახურ საფერავს ველოდები. ჩემი იმერელი ნათესავები ტრადიციულად ალბათ წელსაც გამომიგზავნიან 10 ლიტრ ალადასტურს. კიდევ, საგარეჯოში მყავს ერთი კახელი ძმაკაცი (ერთად ვიბრძოდით აფხაზეთის ომში), რომელიც რქაწითელისგან ძალიან კარგ ღვინოს აყენებს ქვევრში და წელსაც თუ გავახსენდი, ერთი 20 ლიტრს იმისგანაც ველოდები. მეღვინე არ ვარ და ღვინო ცხოვრებაში არ დამიყენებია, მაგრამ საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ კარგი ხალხი არასოდეს დაგივიწყებს და როგორც ხედავთ, ამ ახალი წლის სუფრაზე შეიძლება ერთი კი არა, სამნაირი ღვინოც კი მქონდეს! მთავარია ცოტა ეკონომიკურად ამოვიწიოთ და მშვიდობა იყოს, თორემ საქართველოში ისეთი მაგარი ხალხი ცხოვრობს, რომ ახალ წელს უღვინოდ კაცი არ დარჩება!”.

ღვინის კლუბი მომავალ წლამდე შალვა გუჯაბიძის იმედიანი სიტყვებითა და იმის რწმენით დაგემშვიდობებათ, რომ ამ ახალ წელს საქართველოში უღვინოდ მართლა არც ერთი ოჯახში არ გაიშლება სუფრა. უფრო მეტიც – ჩვენ გვჯერა, რომ მომავალ, ახალ წელს წლევანდელზე ბევრად უფრო კარგი ღვინოები დაამშვენებს ჩვენს საახალწლო სუფრებს და გვწამს, რომ საქართველოში დადგება დრო, როდესაც ყოველ რელიგიურ თუ საერო დღესასწაულებზე ადამიანები ერთმანეთს ჩხუბში, თავმომწონებასა და ტრაბახში კი არა, ღვინის არჩევანში შეეჯიბრებიან!  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.