Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი და ტერორი

ნათია დანელიშვილი

ნატალია სარქისაშვილი
 
კახეთში „რთველი - 2010“ უკვე დაიწყო. ერთადერთი კომპანია ვინც ამ დროისთვის რეგიონში ყურძენს იბარებს „გრუზ ვინ პრომია“, რომელიც სახელმწიფო საწარმოა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება. კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენში 40 თეთრს იხდის, რქაწითელში - 30 თეთრს. ღვინის სხვა კომპანიები ყურძნის მიღებაზე ჯერ - ჯერობით თავს იკავებენ. მეღვინეების თქმით, რუსეთის მხრიდან ემბარგოს გამოცხადების შემდეგ, ღვინის რეალიზაცია უჭირთ და თავისუფალი ჭურჭელიც არ აქვთ, რომ ყურძენი მიიღონ.
წელს კახეთში 85 584 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან. აქედან 58 419 ტონა რქაწითელია, 22 831 ტონა საფერავი და 4 335 ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი. ყურძნის ყველაზე მეტი მოსავალი - 21 180 ტონა გურჯაანშია მოსალოდნელი. 2 958 ტონა ყურძენს ელიან დედოფლისწყაროს რაიონში, 5 155 ტონას ახმეტის რაიონში, 16 400 ტონას ყვარლის რაიონში, 5 907 ტონას ლაგოდეხის რაიონში, 9 088 ტონას სიღნაღის რაიონში, 10 507 ტონას თელავის რაიონში, 14 389 ტონას საგარეჯოს რაიონში. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რთველის სუბსიდირებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 6,1 მილიონი ლარი გამოიყო. სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, პირველ ეტაპზე კახეთში ყურძენს 20 ღვინის ქარხანა მიიღებს, თუმცა რომელია ეს ღვინის ქარხნები, სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ.
„ყურძნის ფასები დადგენილია. ჩვენი კომპანიის მსგავსად სხვა ღვინის ქარხნებიც საფერავის ჯიშის ყურძენს 40 თეთრად ჩაიბარებენ, რქაწითელს 30 თეთრად. ამას დაემატება სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა, საფერავზე 25 თეთრი, ხოლო რქაწითელზე 15 თეთრი. საერთო ჯამში საფერავის ჯიშის ყურძენი 65 თეთრი გამოდის, ხოლო რქაწითელი 45 თეთრი. გლეხებს სუბსიდიის თანხის მიღება ყურძნის ჩაბარებიდან მესამე დღეს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში შეუძლიათ. იმ თანხას კი, რომელსაც ქარხანა იხდის, მოგვიანებით, მაქსიმუმ 10 დღის ვადაში მიიღებენ“, - ამბობს კომპანია „გრუზ ვინ პრომის“ მთავარი ბუღალტერი გელა ბეზარაშვილი.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავეხმაროთ გლეხებს, რომ დააბინაონ მოსავალი და მიიღონ შესაბამისი შემოსავალი. ჩვენი ვარაუდით, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“, - აღნიშნავს რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ტარიელ გაბუნია. შტაბი გურჯაანში ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები ერთი კვირაა რაც სასტუმრო „რები - გურჯაანში“ არიან დაბინავებულები და ყოველ საღამოს რესტორანში ძვირადღირებულ შეკვეთებს აძლევენ.
ყურძნის მიღებას არ აპირებს გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში მდებარე ღვინის ქარხანა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ღვინის ქარხნის დირექტორმა ბითარ ბიწკინაშვილმა განუცხადა, საწარმოს გასულ წელს მიღებული ყურძნისგან დამზადებული ღვინოც არ გაუყიდია.
„სულ მაქვს 2 000 ტონა ღვინის ჭურჭელი. 1 700 ტონა სავსეა, როგორც ჩემი, ასევე გასულ წელს მთავრობის მიერ ჩაბარებული ყურძნისგან დამზადებული ღვინით. 300 ტონის ჭურჭელია მხოლოდ თავისუფალი და ფული არ გვაქვს, რომ ყურძენი მივიღოთ. რაც მაქვს, ისიც ვერ გაგვიყიდია“, - აღნიშნა ბითარ ბიწკინაშვილმა.
წელს გლეხებისგან ყურძნის მიღებას არ აპირებს არც ვაჩნაძიანის ღვინის ქარხანა შპს „მეღვინეობა - ხარება“. ქარხნის დირექტორის ემზარ ნოზაძის თქმით, საწარმოს 450 ჰა საკუთარი ვენახი აქვს და ქარხანაში იმდენი ღვინოა დარჩენილი, რომ საკუთარი პროდუქციის გადამუშავებაც გაუჭირდებათ. შპს „მეღვინეობა - ხარება“ ღვინის ქარხანას ფლობს ყვარლის რაიონშიც. ყურძნის მიღებას არც „ყვარლის გვირაბი“ აპირებს.
წელს მოსახლეობისგან ყურძენს არც „ქინძმარაულის მარანი“ ჩაიბარებს. „ქინძმარაულის მარნის“ დირექტორის დიმიტრი ლებანიძის განცხადებით, კომპანია 1200 ტონაზე მეტი ყურძნის მოკრეფას საკუთარი ვენახებიდან ვარაუდობს, ამიტომ გლეხებიდან დამატებითი ყურძნის შეძენა არ სჭირდება.
მოსახლეობიდან ყურძნის მხოლოდ მცირე რაოდენობის ჩაბარებას გეგმავს „თელავის ღვინის მარანი“, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში. „თელავის ღვინის მარნის“ სამეთვალყურეო საჭოს თავმჯდომარის ზურაბ თამაზაშვილის განცხადებით, კომპანია წელს 2500 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს, რაც ძირითადად საკუთარი ვენახებიდან მოწეული მოსავალი იქნება.
ყურძნის მიღებაზე უარი განცხადა თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მდებარე ღვინის ქარხანა „მილდიანის“ დირექტორმა სანდრო მეგუთნიშვილმაც, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს, თუმცა ბიზნესმენის დაკავების ოფიციალურ მიზეზად შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და მისი მანქანის დაზიანება დასახელდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს წინანდლის ღვინის ქარხნის თანამშრომლებმა განუცხადეს, ინციდენტი სანდრო მეგუთნიშვილსა და კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომელს ზურაბ გრძელიშვილს შორის მოხდა.
„გრძელიშვილი ღვინის ქარხანაში მოვიდა და გვითხრა, სანდროს უთხარით გარეთ გამოვიდესო. სანდრო ვერ გავიდა, ფეხს იტკიებდა და დაგვაბარა, შიგნით შემოვიდესო. უშიშროების თანამშრომელი შიგნით შევიდა. საუბარი რთველს შეეხებოდა. გრძელიშვილმა სანდროს მოსთხოვა, გჭირდება თუ არ გჭირდება, ყურძენი უნდა ჩაიბაროო. სანდრომ უთხრა, ბევრი ღვინო მაქვს დარჩენილი, ჭურჭელი არ მაქვს და თქვენი ხათრით 20 ტონამდე ყურძენს მივიღებო. 20 ტონა რა არის, 200 ტონა მაინც უნდა მიიღოო. ვერ მივიღებო, - უთხრა სანდრომ. ამის შემდეგ წაკამათდნენ. უშიშროების თანამშრომელმა სანდრო შეაგინა, სანდრომ მასზე გაიწია. მერე ერთმანეთს გაარტყეს. ჩხუბში სანდროს ბიძაშვილი ალექსი ჩაერია. თანამშრომლებმა გავაშველეთ. გრძელიშვილი წავიდა, მაგრამ ცოტა ხანში რამდენიმე მანქანით მოგვადგნენ. ქარხანაში შემოვიდნენ და პირდაპირ სანდროსთან მივიდნენ. ისევ ჩხუბი ატყდა. სანდროს 6-7 ადამიანი ურტყამდა. იატაკზე დააგდეს და წიხლებს სულ ნეკნებში არტყავდნენ. მერე სანდროც დააკავეს და ალექსიც. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ორივე დააპატიმრეს“, - გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. სანდრო და ალექსი მეგუთნიშვილებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
საგულისხმოა, რომ გასულ კვირაში თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მდებარე ღვინის ქარხანა „შუმის“ ერთ - ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა თავი მოიკლა. ჩვენი ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ღვინის კომპანიაში შესამოწმებლად შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები შევიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რთველთან დაკავშირებით კახეთში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს პოლიციის თანამშრომლები. სამართალდამცავებს სოფლებში პატრულირების გაძლიერება და ღვინის ქარხნებთან 24 საათიანი მორიგეობა დაევალათ.
კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ძალოვანებს რთველთან არავითარი შეხება არ აქვთ. „ასეთი მითითება მათ არ მიუღიათ. კახეთში არ არის ისეთი სიტუაცია, რომ რთველის ჩატარება გაგვიჭირდეს. ძალოვანების ჩარევის საჭიროება არ არის. რაც შეეხება სანდრო მეგუთნიშვილის დაკავების ფაქტს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
რთველთან დაკავშირებით კახეთში მოქმედ ღვინის მწარმოებელ ქარხნებში პოლიციელთა მივლენისა და ზოგადად ყურძნის რეალიზაციის პროცესში ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა ჩართვის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
„ხელისუფლებამ გლეხებს ყურძნის რეალიზებაში დახმარება აღუთქვა და ამ მიზნით რიგი ღონისძიებები გაატარა, მათ შორის - ყურძნის ჩაბარების ფასებთან დაკავშირებით, თუმცა მოსავლის რეალიზების პროცესში ძალოვანთა ჩართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა და ის, რომ მსგავს ინფორმაციებს რუსული მხარე ავრცელებს, არავის უნდა უკვირდეს“, - აღნიშნეს სამინისტროში.
რთველი აქტიურ ფაზაში 10 სექტემბრიდან შევა.
 
© კახეთის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.