სალომე აფხაზიშვილი
გორის რაიონის სოფელი ქვეში ცხინვალის საზღვართან ახლოს მდებარობს და ის რამდენიმე ოსურ სოფელს – ზემო არცევს, ჯარიაშენს და იკორთას ესაზღვრება. მათ შორის ადმინისტრაციული საზღვარი იმდენად მცირეა, რომ ოსებს და ქართველებს საერთო ვენახები და ბაღები აქვთ. მათ მხოლოდ რკინის მავთულხლართები ჰყოფს. საზღვრის გავლება რამდენიმე თვეა დაიწყო და დღესაც გრძელდება. ამ პროცესის შესახებ რადიო „ცხელ შოკოლადს“ სოფელ ქვეშის მცხოვრები ვალერი რჩეულიშვილი ესაუბრება:
„ძველად, ადმინისტრაციული საზღვარი, გორის რაიონის სოფლებსა და ე.წ. სამხერთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს შორის არ იგრძნობოდა, მაგრამ ახლა რუსებმა საზღვრის გატარება დაიწყეს და ჩვენი ვენახი მავთულხლართებიდან ოთხ მეტრში აღმოჩნდა. სად გადიოდა სამხრეთ ოსეთის და გორის საზღვარი, იმას ალბათ ამ სოფლების მცხოვრებლებს არავინ ეტყვის, მაგრამ ფაქტია, ჩემი ვენახის გვერდით, სამანქანო გზაზე გადმოატარეს მავთულხლართი, ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს და ეს მანძილი სულ უფრო იზრდება“.
ქართულ და ოსურ სოფლებს შორის ახალი საზღვრის გავლება ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ომის ცხელ წერტილში მცხოვრები ადამიანებისთვის, მაშინ თავის გადარჩენასთან ერთად მნიშვნელოვან საკითხს იმ ხეხილისა და ვენახების გადარჩენა წარმოადგენდა, რომელიც მათთვის სასიცოცხლო პირობების გარანტი და დიდი შრომის შედეგი იყო. მაშინ ადამიანური მსხვერპლისა და შენობა–ნაგებობების განადგურების გარდა, ცხინვალისა და გორის რაიონების ბევრმა მოსახლემ საკვები კულტურების დიდი ზარალი განიცადა. ამ დროს განსაკუთრებით ლიახვის ხეობის სოფლები დაზარალდა. საომარი მოქმედებების დროს, სახლებისა და ეზოების გარდა, ხეხილის ბაღები და ვენახებიც დაიწვა. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ახალი სასაზღვრო ზოლის გავლების შემდეგ, ქართლის ყველაზე უხვმოსავლიანი ნაწილი – მდიდარი ტყის მასივები, ვენახები და ხილს ბაღები, ტერიტორიის ოკუპირებულ ნაწილში აღმოჩნდა.
საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის ეს პროცესი განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან მავთულხლართების გავლებას მათი ბაღების და ვენახების ნაწილი, ასევე ის ურთიერთობებიც ეწირება, რომელიც ქართველებსა და ოსებს შორის წლებია არსებობს. ისინი ხშირად, დაკრეფილ ყურძენსა და ხილს, ბაღებსა და ვენახებშივე ტოვებენ, ოსებს კი საჭირო რაოდენობის ხილი საზღვარზე ღამ–ღამობით ჩუმად გადააქვთ. ეს გორის სოფლებში მცხოვრები გლეხებისთვისაც მოსახერხებელია, რადგან ისინი მოსავალს ადგილზევე, ტრანსპორტირების ხარჯების გარეშე ყიდიან.
საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება დღემდე ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე აქტუალურ საკითხად რჩება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი აქტიურად განიხილება პარლამენტის სხდომებზეც. ცენტრისგან მოშორებით კი, ქართული და ოსური მოსახლეობა სრულიად განსხვავებული დიპლომატიით ცდილობს მუდმივი კავშირების შენარჩუნებას, რასაც ვალერი რჩეულიშვილი ყველაზე დიდ დიპლომატიად მიიჩნევს:
„სახალხო დიპლომატიას ერთ–ერთი უდიდესი ძალა აქვს. როდესაც ადამიანთან ხშირი ურთიერთობა გაქვს, ბოლოსდაბოლოს ეჩვევი და ადვილი შესაძლებელია, რომ საერთო ენაც გამონახო. როდესაც საერთოდ არ გაქვს ურთიერთობა, შეხების წერტილიც არ გექნება და ურთიერთობაც შეიძლება აღარ მოგინდეს. როდესაც არის საშუალება, რომ ჩვენი პროდუქცია იქით წავიდეს, ან პირიქით იქიდან აქეთ გადმოვიდეს, მე ვფიქრობ რომ ასეთი ურთიერთობა არ უნდა აიკრძალოს. თუ როგორი იქნება პოლიტიკა, ამას მე და ჩემი თანასოფლელები ვერ განვსაზღვრავთ“.
ამ საკითხს ქვეშის და სხვა საზღვრისიპირა სოფლების მცხოვრებლების მსგავსად, ალბათ პოლიტიკური დიპლომატიაც წლების შემდეგ გადაწყვეტს, თუმცა ფაქტია, მევენახეობა–მეღვინეობის დარგი დღეს ურთიერთოების აღდგენა–გამტკიცების ერთადერთ საშუალებად რჩება.
© რადიო "ცხელი შოკოლადი"
თქვენი კომენტარი