ეთერ მამულაშვილი
კახეთში რთველი ორი კვირის წინ დასრულდა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - რუსული ემბარგოს მიუხედავად, წელს გლეხებმა ყურძნის რეალიზაცია სერიოზული პრობლემებისა და ექსცესების გარეშე მოახერხეს, თუმცა კახელები საბაზრო ფასით მაინც უკმაყოფილოები იყვნენ.
წლევანდელი რთველი გასული წლებისგან რადიკალურად განსხვავებული და ცოტა უცნაურიც იყო. განსხვავებული იმიტომ, რომ “რთველი 2006”-თვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა, მობილიზებულები იყვნენ ძალოვანი სტრუქტურები. კახეთში შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები მორიგეობით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით მათ გენერალური პროკურატორიც შეუერთდა. აღარაფერს ვამბობთ სოფლის მეურნეობის მინისტრზე, რომელსაც თვენახევრის განმავლობაში ლამის ვენახის პლანებში ეძინა. “ბრიგადირი” მიხეილ სააკაშვილი თითოეული “კოლმეურნის” მუშაობას თვალყურს ადევნებდა და ზოგს “ნაკრეფს” უქებდა, ზოგსაც საჯარო შენიშვნებით იკლებდა.
კახეთში შექმნილი იყო სპეციალური შტაბი, სადაც თავს იყრიდა რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია. 24 საათის განმავლობაში ჩართული იყო ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თავაზიანად პასუხობდნენ.
ზოგადი მიმოხილვა
რთველის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამბობდა, რომ წელს კახეთში დაახლოებით 170 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფებოდა, თუმცა ზაფხულის გვალვებისა და შემდეგ რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების გამო, უკანასკნელი ინფორმაციით, ამ რეგიონში 150 ათას ტონამდე მოსავალი დაფიქსირდა. ეს კი გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20% ნაკლებია. თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცით, ყურძნის წლევანდელი მოსავალი გაცილებით ხარისხიანია.
დაახლოებით 50 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს წელს ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა, დანარჩენი 100 ათასიდან დიდი ნაწილი ოჯახებში დაიწურა. დაახლოებით 5 ათასი ტონა ყურძენი იმ ბიზნესკომპანიებმა შეიძინეს, რომლებსაც ყურძენი ერთი შეხედვით არაფერში არ სჭირდებოდათ. მათ შორის იყვნენ მინერალური წყლების, ფარმაცევტული, ენერგეტიკული, საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები და ბანკები. ამ შემთხვევაში მათი უმრავლესობა პრეზიდენტის დავალებას ასრულებდა, ზოგი დიდი მონდომებით, ზოგიც უხალისოდ. საბოლოო ჯამში 400-მდე კომპანია გამოეხმაურა ქვეყნის პირველი პირის ინიციატივას.
შტაბის ინფორმაციით, კახელი გლეხებისგან ყურძენი სულ 57 ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ შეიძინა, მათ შორის: სს ალავერდმა, შპს კოტეხმა, შპს ხარებამ, შპს ველისციხემ, შპს მუკუზანმა, სს ზეგაანმა, სს ბადიაურმა, ქართულმა პროდუქტმა, კარდენახის ღვინის მარანმა, ტიბაანმა, თელავის ღვინის მარანმა, ჯივიესმა, ქართული ღვინისა და ბრენდის სახლმა, შპს კახურმა, თელიანი ველმა, წინანდლის მარანმა და სხვ.
გასულ წელს ქართველმა მეღვინეებმა გაცილებით მეტი ყურძენი ჩაიბარეს კახელი გლეხებისგან და შესაბამისად ბევრად მეტი ღვინო აწარმოეს, ვიდრე წელს. არადა, იმის ალბათობა, რომ ღვინის ქარხნები წელს კახელი გლეხებისგან ყურძენს საერთოდ არ შეისყიდდნენ, საფუძველს მოკლებული არ იყო, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ წელს, და სავარაუდოდ, მომავალ წელსაც, ქართული ღვინისთვის რუსული ბაზარი დახურული იქნება.
სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით გასულ წელს მთლიანად საქართველოში თითქმის 4 მილიონი ლიტრი ღვინო ჩამოისხა. შესაძლოა წელს ეს ციფრი უმნიშვნელოდ გაიზარდოს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ წელს ყურძნის დიდი ნაწილი თავად გლეხებმა და არა ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა გადაამუშავეს.
წელს 1 კილო “რქაწითელის” მინიმალური ფასი 28 თეთრი დაფიქსირდა, მაქსიმალური - 60 თეთრი, ხოლო “საფერავის” ღირებულება 80 - 1.20 თეთრამდე მერყეობდა. “რქაწითელის” ფასი წელს ბაზარზე უმნიშვნელოდ იყო გაზრდილი, რასაც ვერ ვიტყვით “საფერავზე”, რომლის მინიმალური ფასი გასულ რთველზე 1.50 თეთრი იყო.
როგორ ჩაატარეს რთველი მეღვინეებმა?
გლეხებისგან ყურძნის შესყიდვის საკითხი მეღვინეთა ნაწილს, ჯერ კიდევ რთველის დასაწყისში არ ჰქონდა გადაწყვეტილი. ისინი ყოყმანობდნენ. ერთის მხრივ, მათ რუსეთის ბაზრის დახურვა და ახალი ბაზრების აუთვისებლობა ადარდებდათ, მეორეს მხრივ, მეზობელი სახელმწიფოს კეთილი ნების იმედი ჯერ კიდევ აქვთ შემორჩენილი.
კომპანია "ბაგრატიონში" რთველის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ წელს კახელი გლეხებისგან არც ერთ კილოგრამ ყურძენს არ შეისყიდიდნენ, რადგან "ბაგრატიონს" რუსული ბაზრიდან "გამოძევების" შემდეგ შარშან გადამუშავებული ღვინის დიდი ნაწილი გაუყიდავი დარჩა. ცნობისათვის, ამ კომპანიამ შარშან კახელი გლეხებისგან 3 ათას ტონაზე მეტი ყურძენი შეისყიდა.
თუმცა "ბაგრატიონმა" რთველის დროს თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალა და კახელებისგან ძალიან ცოტა, 20 ტონა საფერავი შეისყიდა. კომპანიის განცხადებით, “წარმოებისას ვარდისფერ შამპანიურს 20 პროცენტი საფერავი სჭირდება.”
"ბაგრატიონის" მსგავსად, წელს კომპანია "თელავის ღვინის მარანმაც" მცირე რაოდენობის ყურძენი, მხოლოდ 100 ტონა შეისყიდა. კომპანია ძირითადად საკუთარ მოსავალს, დაახლოებით 1500 ტონა ყურძენს დასჯერდა. არადა, გასულ წელს "თელავის ღვინის მარანმა” 5000 ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავა. “ბუნებრივია, ამის უმთავრესი მიზეზი რუსეთის ბაზრის დაკარგვა გახდა. თუმცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ისეთ ალტერნატიულ ბაზრებზე დასამკვიდრებლად, როგორიც ჩინეთი და აშშ-ა. ჩინეთში უკვე სამი კონტეინერი გავგზავნეთ.” - განაცხადა "თელავის ღვინის მარანის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ზურა რამაზაშვილმა.
ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმა ექსპორტიორმა, კომპანია “თბილღვინომ” წელს კახეთში ყურძნის შესყიდვაზე უარი განაცხადა, რადგან როგორც კომპანიაში განაცხადეს, შარშან მათ დიდი რაოდენობის ყურძენი გადაამუშავეს, რომელიც რუსული ემბარგოს გამო უკან დაუბრუნდათ. არადა შარშან “თბილღვინომ” მხოლოდ ამ რეგიონში გლეხებისგან ნაყიდი 2200 ტონა ყურძენი გადაამუშავა. “თბილღვინო” საექსპორტო ღვინის საწარმოებლად ყურძენს უმნიშვნელო რაოდენობით წელს დასავლეთ საქართველოში შეიძენს. “გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ყურძენს დასავლეთ საქართველოში შევიძენთ, დაახლოებით, 80 ტონას. შარშან რაჭაში ყურძენი არ გვიყიდია, თუმცა 35 ათასი ლიტრი ღვინო შევისყიდეთ,” - აცხადებენ "თბილღვინოში".
ყველაზე ბევრი, დაახლოებით 400 ტონამდე ყურძენი კახეთში წელს GWS-მა შეისყიდა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ საკუთარ ვენახებში წელსვე 1000 ტონაზე მეტი ყურძენი დაკრიფა. ყურძენს ისინი რაჭაშიც გადაამუშავებენ, დაახლოებით იმავე მოცულობით, როგორც შარშან.
დაეხმარნენ თუ არა ქართველი ბანკირები მეღვინეებს?
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მეღვინეთა უმრავლესობას კომერციული ბანკებიდან გასულ წელს აღებული კრედიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე არ დაუბრუნებია და მათ ამ ვალის რესტრუქტურიზაცია ითხოვეს, ქართული საბანკო სექტორი თავიდანვე მზად იყო, წელსაც გამოეყო სესხები რთველის დასაფინანსებლად.
მაგალითად, "საქართველოს ბანკმა", ამ მიმართულებით წელს 12 მილიონზე მეტი სესხი გასცა და მხოლოდ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ბანკმა მეღვინეები 700 ათასი დოლარის მოცულობის კრედიტით დააფინანსა. “დაფინანსდა ყველა ის პროექტი, რომელმაც დააკმაყოფილა ბანკის მოთხოვნები სესხის გაცემაზე,” - გვითხრეს "საქართველოს ბანკში".
"თიბისი ბანკის" საკრედიტო პორტფელი შარშანდელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა. წელსაც, ისევე, როგორც გასულ წლებში, ბანკი დაახლოებით 9 მილიონ ლარს გამოყოფს ღვინის წარმოება-რეალიზაციისთვის. ბანკის პრეზიდენტის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, “თიბისი ბანკი” მზად არის, ხელი შეუწყოს ქართულ ღვინის კომპანიებს და ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს მათ მიერ ალტერნატიული ბაზრების ათვისებას.”
წელს "გაერთიანებულმა ქართულმა ბანკმა" მეღვინეთა დაფინანსებისგან თავი შეიკავა. “ჩვენი ბანკისთვის ეს სფერო პრიორიტეტული არ არის. ის რომ, ამ პერიოდში მეღვინეებზე სესხები არ გაგვიცია, ქართული კომპანიების მიერ რუსული ბაზრის დახურვით არ არის გამოწვეული, უბრალოდ ეს ჩვენი პრიორიტეტული სფერო არ არის,” - განაცხადეს "გაერთიანებულ ქართულ ბანკში".
რას ამბობს გლეხი?
ყურძნის რეალიზაციაზე მეტად წელს კახელებს ამ პროდუქტის ფასი აღელვებდათ. გლეხები ამტკიცებდნენ, რომ წელს ქარხნები ყურძენს ყველაზე დაბალ ფასებში ყიდულობენ. ფასით უკმაყოფილო ზოგიერთი გლეხი ვენახების გაჩეხვითაც იმუქრებოდა.
თამაზ ხიმშიაშვილი (გურჯაანის რაიონი, სოფელი კარდენახი): “კმაყოფილი როგორ უნდა ვიყო, როცა რაც დავხარჯე იმის საფასურიც ვერ ამოვიღე. მე ერთი ჰექტარი ვენახი მაქვს, სადაც საფერავის ჯიშის ყურძენია გაშენებული. იმის გამო, რომ მოსავალს თავიდან არავინ იბარებდა, მარცვალმა ჭკნობა დაიწყო და წონა დაეკარგა. შემდეგ იძულებული გავხდი 65 თეთრად ჩამებარებინა, რადგან ზამთარში ოჯახს ყოველთვის ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული თანხით ვარჩენ. თქვენ რომ ჩემს ადგილზე იყოთ, კმაყოფილი იქნებოდით?”
გოჩა რუაძე (გურჯაანის რაიონი, სოფელი ჩუმლაყი): “წელს მოწეული მოსავალის დიდი ნაწილი გამიფუჭდა, რადგან ქარხნები ყურძენს დროულად არ იბარებდნენ. ბოლოს კი ისეთ ფასი შემოგვაძლიეს, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო. მართალია მთავრობა იკვეხნის წარმატებული რთველიაო, მაგრამ მე ამას ასე არ შევაფასებდი. ჩემთვის ყოველ წელს ასეთი პრობლემები დგას.”
თუმცა იყვნენ კმაყოფილებიც.
გივი მათეშვილი (გურჯაანის რაიონი, სოფელი გურჯაანი): “მთავრობასთან დასამდური არაფერი მაქვს. ბიზნესმენები მოვიდნენ და რქაწითელში ისეთი თანხა (50 თეთრი) გადამიხადეს, რომ მოსავალი ამ ფასად არასოდეს გამიყიდია. თუმცა, მთავრობა გლეხების პრობლემების გამოსწორებას მარტო არჩევნების წინ არ უნდა ცდილობდეს...
ვახტანგ ნანობაშვილი (სიღნაღის რაიონი, სოფელი ვაქირი): “მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ, რადგან მოსავალი დროულად არ ჩაიბარეს. ჩვენს სოფელში ვაქირულას ჯიშის ყურძენია გაშენებული. როგორც მინისტრი სვიმონიშვილი ამბობდა, ყურძნის ეს სახეობა ჰიბრიდი და ღვინოში უვარგისიაო. მაგრამ მას შემდეგ რაც აქცია მოვაწყვეთ, ვაქირულა კარგი ყურძენი გახდა და ქარხნებმაც დაიწყეს მისი ჩაბარება. ყურძენს ქარხნებში უკვე თავიანთი მანქანებით ეზიდებოდნენ. ახლა უკვე კმაყოფილი ვარ.”
ვინ როგორ შეასრულა პრეზიდენტის დავალება?
ალბათ გახსოვთ 31 სექტემბრის საღამოს, საგარეჯოში მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენების ერთი ჯგუფი სიმბოლურად ვენახში შეკრიბა და საქართველოში ეკონომიკის სფეროში გატარებულ ლიბერალურ რეფორმებსა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე “გულწრფელად” ესაუბრა. ბოლოს კი ასევე “გულწრფელად” გულზე ხელი დაიდო და ბიზნესმენებს ერთი უბოროტო განზრახვის შესახებ უამბო: “კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, გთხოვოთ - უბრალოდ, წელს ყველანი უნდა დავეხმაროთ კახეთს, გთხოვთ... დღეს მე მინდა თქვენზე განვახორციელო მსუბუქი რეკეტი, პირველად და უკანასკნელად. მოგიწოდებთ, კომპანიებმა 10-10 ტონა ყურძენი შეისყიდოთ კახეთის რეგიონიდან. თუ გინდათ, თანამშრომლებს აჭამეთ, თუ გინდათ, დაწურეთ და თქვენი სახელობის ღვინოები ჩამოასხით...”.
ქართველ ბიზნესმენთა ნაწილი ამ ინიციატივას დიდი სიამოვნებით გამოეხმაურა და კახეთში ყურძნის შესყიდვის პროცესი, საკუთარი კომპანიის დიდ პიარ ღონისძიებად აქცია.
“ჯეოსელი”, “ენერჯი ინვესტი”, “სურსათის უვნებლობის სამსახური”, მერია, “მადნეული”, “ჟინვალჰესი”, “ბლექ-სი-გრუპი”, “ფოთის საზღვაო ნავსადგური”, “მაგთი”, “პსპ”, “საქცემენტი”, “თბილავიამშენი”, “კვარციტი”, “მეტეხი”, “ავერსი”, “თიბისი ბანკი”, “არსი”, “კოკა-კოლა”, “აზოტი”, “გუდვილი”, “ნიკორა”, - ეს იმ კომპანიათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც პრეზდენტის დავალებით წელს ქართველ გლეხს მშველელად მოევლინნენ.
ერთ-ერთი გამონაკლისი კომპანია "ყაზბეგი" იყო, რომელსაც პრეზიდენტის ინიციატივამდეც ჰქონდა განზრახული კახეთში ყურძნის შეძენა. საქმე ის არის, რომ “ყაზბეგის” ბიზნესჯგუფის ერთ-ერთი წევრი კომპანია თელავის რაიონის სოფელ ფშაველში 30 ჰექტარ ვენახს ისედაც პატრონობს, საიდანაც წელს 100 ტონამდე ყურძენს ელოდებოდა. “ამ ვენახის ნაწილი კომპანიის საკუთრებაა, ნაწილი - სოფლის მოსახლეობის. ამ ყურძნის მოვლა-პატრონობა-გადამუშავებას ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს. ყურძნის იმდენად სოლიდურ რაოდენობაზეა საუბარი, რომ პრეზიდენტის მოწოდებას დამატებით აღარ ვეხმაურებით. ჩვენს ეს ისედაც გვქონდა დაგეგმილი,” - აცხადებენ კომპანიაში.
დააზღვევენ თუ არა მეღვინეთა ბიზნესს სადაზღვევო კომპანიები?
ეხლა ის დროა, როცა ქართველმა მეღვინეებმა საკუთარი მომავალი საქმიანობის, ანუ ღვინის წარმოება-რეალიზაციის დაზღვევაზე უნდა დაიწყონ ფიქრი.
გასულ წელს სადაზღვევო კომპანიებმა საკმაოდ სოლიდური თანხები გასცეს იმ კომპანიებზე, რომლებმაც რუსული ემბარგოს გამო სერიოზული ზარალი იწვნიეს. შარშან მათ მიერ ანაზღაურებული ზარალი გასულ წლებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მიუხედავად ამისა, სადაზღვევო კომპანიები წელს უარს არ ამბობენ მეღვინეთა ბიზნესის დაზღვევაზე.
როგორც სადაზღვევო კომპანია "ბი-სი-აის" ინტეგრაციული პროექტების დირექტორმა ივა დავითაიამ აღნიშნა, “ჩვენ ამ დარგის ძალიან ბევრ წამყვან კომპანიას ვემსახურებით. ზოგადად, რუსეთთან შექმნილი საექსპორტო პრობლემების შედეგად სადაზღვევო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ბუნებრივია, შემცირდა საექსპორტო ნაკადები, შესაბამისად შემცირდა ტვირთების დაზღვევა. ამ თვალსაზრისით ამ მოვლენას ირიბი ეფექტი, რა თქმა უნდა, აქვს. მთლიანობაში კი, მეღვინეობასთან დაკავშირებულ რისკებს სადაზღვევო კომპანიები წლების განმავლობაში აზღვევდნენ და მომავალშიც დააზღვევენ.”
მეღვინეებისთვის მომსახურების გაწევაზე უარს არც სადაზღვევო კომპანია "ირაოში" ამბობენ. თუმცა დაზღვევის ობიექტის და ბოლო დროს დარგში შექმნილი ცნობილი მოვლენების გამო, ყოველივემ შესაძლოა ტარიფზე იქონიოს გავლენა. “მთლიანობაში კი ჩვენ დიდი სიამოვნებით მოვემსახურებით მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებს,” - განაცხადა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არმაზ თავაძემ.
საბოლოო ჯამში სოფლის მეურნებობის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი კახეთში “რთველ 2006” კმაყოფილია და მას დადებითად აფასებს, რამდენიმე მიზეზის გამო. “წელს პირველად აღმოიფხვრა ის მანკიერი ტენდენცია, რომ ყურძნის ფასებს სახელმწიფო ამტკიცებდა. ფასი წელს ბაზარმა თავად დაარეგულირა. წელს სახელმწიფო მხოლოდ რთველის ორგანიზაციით შემოიფარგლა. რუსეთის ფაქტორს რთველის მიმდინარეობაზე სერიოზულად არ უმოქმედია. ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ალტერნატიულ ბაზრებზე გასვლა დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის გარდა, სხვა ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტი 300 პროცენტით გაიზარდა. დღეისათვის ეს ძალიან სერიოზული შედეგია,” - განაცხადა მინისტრმა რთველის დასრულების შემდეგ, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე.
რაჭველებს ყურძენი კახელებზე უკეთ გაეყიდათ
კახეთის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროს “რთველი 2006”-ის სპეციალურმა შტაბმა რაჭა-ლეჩხუმში გადაინაცვლა. ამბროლაურისა და საჩხერის რაიონებში რთველი ოქტომბრის მეორე კვირაში დაიწყო და ნოემბრის პირველ რიცხვებში დასრულდა.
წელს რაჭაში დაახლოებით 550 ტონა ყურძენი მოიკრიფა, რაც შარშანდელ მოსავალს თითქმის ხუთჯერ ჩამორჩება. წელსაც, ისევე, როგორც გასულ წლებში, რაჭველების ყურძნის დიდი ნაწილი ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა შეისყიდეს.
კახელებთან შედარებით, რაჭველმა გლეხებმა მოსავლის რეალიზაცია წელს უპრობლემოდ და, თანაც, ძალიან კარგ ფასში მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ წელს და, სავარაუდოდ, გაისადაც ქართული ღვინის გასაღების მთავარი, რუსული ბაზარი დახურულია, წელს მეღვინეები რაჭველებისგან ყურძენს მაინც 3 ლარად ყიდულობდნენ. ეს კი ორჯერ, რიგ შემთხვევაში კი თითქმის სამჯერ მეტია კახური ყურძნის ფასთან შედარებით.
როგორც ჩანს, რუსულ ემბარგოს რაჭული ყურძნის ფასზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ყურძენი შარშანაც აქ 3 ლარად იყიდებოდა.
ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიები აცხადებენ, რომ რაჭული ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოზე დასავლეთის ბაზრებზე მოთხოვნა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა და რომ ისინი ამ შემთხვევაში რუსეთზე არ არიან დამოკიდებულნი.
ლეჩხუმში რთველი ოქტომბრის ბოლო კვირაში დაიწყო და ის მალევე დასრულდა. დაახლოებით 100 ტონა “ცოლიკაურისა” და “ოჯალეშის” ჯიშის ყურძენი დაიკრიფა აქ, რომლის დიდი ნაწილი, ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა შეისყიდეს.
ცნობისათვის, რაჭა-ლეჩხუმში ყურძენს შემდეგი 7 კომპანია ამუშავებდა: GWS, შპს “სენაკური”, “თელიანი ველი”, “თბილღვინო”, “ჩუმლაყის ღვინის ქარხანა”, “ქართული ღვინის სახლი რაჭაში” და “ბუგეული”.
რთველის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, რაჭა-ლეჩხუმში 3-3,5 ათასი ტონა ყურძენი უნდა დაკრეფილიყო, თუმცა, რამდენიმე დღის წინ სამინისტროს სპეციალური შტაბის ხელმძღვანელი გრიგოლ ტუღუში ჩვენთან საუბრის დროს აცხადებდა, რომ რეგიონში 700 ტონაზე მეტი მოსავალი არ არის მოსალოდნელი. მიზეზი გაზაფხულის ყინვები, მოგვიანებით კი, გადაუღებელი წვიმები გახდა. იყო კიდევ ერთი მიზეზი: “ყინვების შემდეგ ბევრმა თავი მიანება ვენახის მოვლას, რამაც თავისთავად გავლენა მოახდინა მოსავლის საერთო რაოდენობაზე,” - გვითხრა საუბრისას გრიგოლ ტუღუშმა.
უნდა ითქვას, გასულ რთველზე ამ რეგიონში 4 ათას ტონამდე ყურძენი დაიკრიფა, რომლის დიდი ნაწილი ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა შეისყიდეს.
© „მარანი“
თქვენი კომენტარი