Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გორული მწვანე – დიდი ისტორიით თანამედროვეობამდე

გურამ წიბახაშვილის ფოტო

ლევან სეფისკვერაძე

ქართული ვაზის თეთრყურძნიან ჯიშებს შორის, გორული მწვანე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ჯიშია. როგორც ჯიშის სახელწოდებიდანაც ჩანს, გორული მწვანე ძირითადად ქართლში, უმეტესად კი გორის რაიონშია გავრცელებული. თუმცა, ეს ვაზი რაჭაში, მესხეთში, იმერეთში და ქვემო ქართლშიც გვხვდება. „საქართველოს ამპელოგრაფიაში“ (ავტორები: მ.რამიშვილი, დ.ტაბიძე, ნ.კეცხოველი) ვკითხულობთ, რომ გორულ მწვანეს ქართლში დამატებითი სახელწოდებებიც ჰქონია: თეთრფოთოლა, ჯიშიანი მწვანე, ლურჯი მწვანე, სურამულა და სხვა...

გორულ მწვანეს ქართლის დასავლეთ სოფლებში (ბორჯომისა და ხაშურის რაიონი) და ზემო იმერეთში „ქვიშხურასაც“ ეძახიან. ამპელოგრაფები თვლიან, რომ ჯიში იმერეთში ბორჯომის რაიონიდან, კერძოდ კი სოფელ ქვიშხეთდან გავრცელდა. გორული მწვანე მცირე რაოდენობით ასევე გვხვდება რაჭაში, სადაც ამ ჯიშს „თბილურად“ მოიხსენიებენ. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და მკვლევარი, ივანე ჯავახიშვილი, გორულ მწვანეს ქართლის ნომერ პირველ ჯიშად მიიჩნევდა და ფიქრობდა, რომ ამ ჯიშიდან მაღალხარისხიანი ღვინო დგებოდა.

გორული მწვანე, ხშირად  ქართლური ვაზის სრულიად სხვა ჯიშში – გორულაშიც ეშლებათ. გორულა, გორული მწვანესაგან განსხვავებით, სასუფრე ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება და გორულას საღვინედ როგორც წესი არ იყენებენ. გორულა გორულ მწვანეზე მეტი შაქრიანობით ხასიათდება და მისი მტევნებიც, მწვანეზე ბევრად უფრო დიდი იზრდება. თუმცა, ქართველი მეღვინეების მრავალწლიანმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ გორულასაგან ხარისხიანი ღვინის მიღება ვერ ხერხდება.

ქართლის ტერიტორიაზე ფილოქსერასა და სოკოვანი დაავადებების გავრცელებამდე, გორული მწვანე ძირითადად დაბლარი ვენახის ფორმით, ბუნებრივ საძირეზე, ფართოდ იყო გაშენებული. განსაკუთრებით ქართლის ცენტრალურ რაიონებში (გორის რაიონის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილი, კასპის რაიონის ძირითადად მტკვრისპირა სოფლები, მცხეთის რაიონის სამხრეთი ნაწილი და სხვა...), სადაც აღნიშნული ჯიში ყველაზე კარგად ავლენს საუკეთესო თვისებებს.  

ცნობილია, რომ გორული მწვანე ძირითადად თეთრი სუფრის ღვინის დასამზადებლად გამოიყენებოდა. თუმცა სხვაგვარადაც აყენებდნენ... გორული მწვანეს დაწურვისას, ქართლის მეორე ცნობილ ჯიშთან - ჩინურთან აკუპაჟებდნენ და ამ ორი ჯიშის ნარევს ადუღებდნენ თავკვერის ტკბილზე და ჭაჭაზე. ასე დგებოდა „ხიდისთავურად“ ცნობილი წითელი შეფერილობის ქართლის ცნობილი ღვინო.

ლევან უჯმაჯურიძე, აგროტექნიკოსი, პროფესორი: “გორული მწვანე არის ქართლის ერთ-ერთი წამყვანი ენდემური ვაზის ჯიში. ადრე, ეს ჯიში საქართველოს ბევრ კუთხეში გვხვდებოდა. ახლაც მეტ-ნაკლებად ასეა. გორული მწვანე მხოლოდ ქართლში არ არის გავრცელებული. მაგალითად, გორულ მწვანეს საკმაოდ კარგად ახარებენ იმერლები და რაჭველებიც.

გორული მწვანე შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით შაქარს. გამოირჩევა მჟავიანობით. არის საუკეთეო საკუპაჟე მასალა ცქრიალა ღვინოების წარმოებისათვის. სამწუხარო ის არის, რომ დღეს საქართველოში და პირველ რიგში ქართლში, გორული მწვანეს ფართობები ძალიან მცირეა. არადა, ამ ჯიშს მეტ ყურადღებას თუ მივაქცევთ, ეს პირველ რიგში ქართულ მეღვინეობასა და მევენახეობას წაადგება.

აღსანიშნავია, რომ გორული მწვანე ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალ სიმაღლეზეც კი აგროვებს იმ რაოდენობის შაქარს, რომ მისგან მაღალი დონის ღვინოების დაყენებაც გახდეს შესაძლებელი. წარსულმა და ამჟამინდელმა რეალობამ ნათლად დაადასტურა, რომ მესხეთშიც კი შეიძლება გორული მწვანეს წარმატებულად გახარება და ღვინის წარმოება.“

ბოლო წლებში, გორულ მწვანეს ქართული ღვინის მწარმოებელი შედარებით დიდი კომპანიებიდან, სულ ორი კომპანია ასხამს - კომპანია „Chateau Mukhrani“,რომელიც გორული მწვანესაგან მშრალ ღვინოს ამზადებს და ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი კომპანია, „ბაგრატიონი 1882“. „ბაგრატიონი 1982“ გორული მწვანესა და ჩინურის კუპაჟისაგან ცქრალა ღვინოს აყენებს. ღვინოს საკუთრივ მხოლოდ გორული მწვანესაგან კი, „Chateau Mukhrani“-ს გარდა, პრაქტიკულად ქართული ღვინის მწარმოებელი არც ერთი შედარებით დიდი კომპანია არ აყენებს.

კომპანია „Chateau Mukhrani“-ს მეღვინე, ლადო უზუნაშვილის თქმით, მათი კომპანიის მფლობელობაში მყოფი გორული მწვანეს ვენახები ჯერ კიდევ 2002 წელს გაშენდა. ვენახის საერთო ფართია: 13.2 ჰექტარი. აღნიშნული კომპანიის გორული მწვანეთი გაშენებულ ვენახებს მოსავლიანობის მხრივ საშუალო პოტენციალი, დაახლოებით 110 ტონა გააჩნია.

ლადო უზუნაშვილი, კომპანია „Chateau Mukhrani“-ს მთავარი მეღვინე: “გორული მწვანე ქართლის რეგიონისთვის აბორიგენული ჯიშია. იგი კარგადაა ცნობილი ბოლო 7-9 საუკუნის მანძილზე და არის უნიკალური ატენურის წარმომშობი ჯიში. ჯიშს გააჩნია პოტენციალი მუხაში მომწიფების, რაც ასე კარგად არ არის გამოსახული სხვა ქართულ ჯიშებში, თუმცა სხვა ჯიშები ჯერ კიდევ კვლევის საგანია. გორულ მწვანეს აქვს ჯიშური ტონების აბსოლუტურად უნიკალური გამა და ხასიათდება ხალისიანი, ცოცხალი, ცინცხალი გემოვნური თვისებებით, რომელიც კარგად ექვემდებარება სხვადასხვა სახის თანამედროვე მსოფლიო და ქართულ ტრადიციულ სამეღვინეო ტექნიკას. მისი ასეთი მოქნილი ხასიათი წარმოადგენს ამ ჯიშის უნიკალურ მხარეს და უმკვიდრებს ადგილს თანამედროვე და მომავალი ქართული მეღვინეობის ელიტარული ღვინოების გვერდით. Chateau Mukhrani-ს ვენახები არის მუხრანის ველის გულში, ძველ სამუხრანბატონოში.

ჩვენ ამჟამად გორული მწვანესგან დამზადებულ შემდეგ ღვინოებს ვაწარმოებთ: Chateau Mukhrani Goruli Mtsvane– ეს ღვინო წელიწადში 40 000 ბოთლი ისხმება და განეკუთვნება საშუალოზე მაღალ, ანუ პრემიალურ სეგმენტს; Chateau Mukhrani Reserve du Prince– ეს ღვინო ჩვენს კომპანიაში შედარებით მცირე რაოდენობით, დაახლოებით 6 500 ბოთლი იწარმოება და განეკუთვნება სუპერ პრემიალურ სეგმენტს“.

კახეთში, გურჯაანის რაიონში მოწეულ გორულ მწვანეს, ბოთლში ქართული ნატურალური ღვინის მწარმოებელი მცირე მარანი, „ჩვენი ღვინოც“ ასხამს, ტრადიციული კაცური წესით, ქვევრში, ჭაჭაზე და კლერტზე დავარგებით. თუმცა, აღნიშნული მარნის მიერ წარმოებული ღვინის რაოდენობა ძალიან მცირეა და მომხმარებელთა მხოლოდ ერთი, პატარა სეგმენტისათვის არის გათვლილი. აღსანიშნავია, რომ თუნდაც „ჩვენი ღვინის“ მიერ შუაგულ კახეთში წარმოებული გორული მწვანე თვალნათლივ აჩვენებს ამ ჯიშის უნიკალურ შესაძლებლობებს. ფაქტია, რომ გორული მწვანე კახეთის მიწაზეც კარგ შედეგებს იძლევა.

გორული მწვანეს ვაზი საშუალო მოსავლიანობით ხასიათდება. ვაზის ერთ რქაზე, როგორც წესი, ერთი მტევანი იზრდება. იშვიათ შემთხვევებში - ორი. ქართველი ამპელოგრაფების აღწერით, გორული მწვანის მტევნის საშუალო წონა 70-დან 240 გრამამდე შეიძლება იყოს.

გორულ მწვანე ქართული ცქრიალა ღვინის წარმოებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, როგორც საკუპაჟე ღვინო მასალის მომცემ ჯიშს. გორული მწვანისა და ჩინურის კუპაჟი ცქრიალა ღვინისათვის გაცილებით უფრო მაჟალმჟავიანი აღმოჩნდა, ვიდრე ამ ჯიშებიდან ცალკ-ცალკე დაყენებული ცქრიალა ღვინო.

გორული მწვანე მხოლოდ საღვინეა ჯიშია და სუფრის ყურძნად იგი ვერ გამოდგება. ამის მიზეზი ისიც არის, რომ ჯიშს სქელი უხეში კანი და მომწკლარტო გემო ახასიათებს. ამას გარდა, გორული მწვანე საზამთროდაც ვერ ინახება და მალფუჭებად ყურძნის ჯიშებს განეკუთვნება. გორული მწვანეს რამდენიმე ვარიაცია არსებობს. მათგან გამორჩეულია ე.წ. მუხამწვანე. როგორც ამპელოგრაფი ნ. ჩახნაშვილი მიიჩნევდა, ეს ვარიაცია გორულ მწვანესთან შედარებით ნაკლები ზრდით ხასიათდება, ისხამს უფრო პატარა მტევნებს და მარცვლებიც წვრილი აქვს. ამიტომ, ეს ვარიაცია არ უნდა ჩაითვალოს პერსპექტიულად.

გოგი დვალიშვილი, მეღვინე, მევენახე: “ჩვენთან, სოფელ ხიდისთავში, გორული მწვანე მართლა კარგად ხარობს და ყველა აღიარებს, რომ ჩვენსკენ ამ ჯიშისაგან საუკეთესო ღვინი დგება. ეს ჯიში მოსავლიანიც არის, დავადებებსაც კარგად უძლებს. მჟავიანობის გარდა, გორულ მწვანეს შაქრიანობაც მაღალი აქვს. ჩვენი, ქართლის ჯიშებიდან ერთადერთი თავკვერია გორულ მწვანეზე ტკბილი. დანარჩენ სხვა ჯიშებზე მეტ შაქარს მწვანე თითქმის ყოველთვის აგროვებს. გორული მწვანის ღვინო გამოდის ვაზის ფოთლისფერი. ფერზე რომ შეხედავ, იტყვი, რომ ეს ღვინო მართლა მწვანეა. თუ ჯერ ვენახსა და მერე ღვინოს კაცი კარგად მოუვლის, აუცილებლად სასიამოვნო და სურნელოვან ღვინოს მიიღებს გორული მწვანესაგან.

გორული მწვანე განსაკუთრებით კარგად თიხნარ ნიადაგზე ხარობს. თუმცა, სხვა ადგილებშიც მინახავს კარგად გახარებული. საკმაოდ დიდი ვენახი მაქვს, სადაც გორული მწვანეა გაშენებული. ცოტა ძველი ვენახია და განახლება სჭირდება. მაგრამ, მოსავალი იმდენი მომყავს, რომ ყოველ წელს მინიმუმ ტონანახევარ სუფთა ღვინოს მაინც ვაყენებ. დანარჩენ ყურძენს სამწუხაროდ ვყიდი, რადგან ჭურჭლის პრობლემა მაქვს. მეტი ჭურჭელი რომ მქონდეს, ღვინოსაც მეტს დავაყენებ. წელს ვაპირებ დამატებით ჭურჭლის შეძენას და მომდევნო წელს ალბათ კიდევ უფრო მეტი ღვინო მექნება.”

საბჭოთა კავშირის პერიოდში და უფრო ადრეც, გორული მწვანე წარმოებისა და რაოდენობის მიხედვით, ქართული ვაზის ჯიშების ხუთეულში ყოველთვის შედიოდა. ამის შემდეგ, გორული მწვანეს ვენახების ფართობები ქართლშიც კი ძალიან შემცირდა. ამის მიზეზად, ქვეყანაში შექმნილ სოციალურ სიდუხჭირესა და ზოგადად ქართული ღვინის ხარისხის დაცემას ასახელებენ, რასაც ჯიშური მრავალფეროვნებისადმი ინტერესის დაკარგვაც მოჰყვა. ამპელოგრაფებისა და ღვინის სპეციალისტების აზრით, გორული მწვანე არის ქართული ვაზის ისეთი ჯიში, რომლისგანაც ყოველთვის გამორჩეული და მრავალფეროვანი ღვინო დგებოდა. ამიტომ, ამ ჯიშს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება!

© ღვინის კლუბი/Weekend



მე თითქმის ყოველ წელს ვაყენებ გორულ მწვანეს მცირე რაოდენობით. გალავანში ვიცნობ ერთ კარგ პაპას და იმისგან ვყიდოლობ-ხოლმე ყურძენს. ადრეც მითქვამს და ეხლაც ვიმეორებ, რომ ჩემთვის გორული მწვანე აღმოჩენა იყო, როდესაც მე ეს ჯიში პირველად დავაყენე დაახლოებით 15 წლის წინ. ერტ რამეს დავაკვირდი და მივხვდი, და უნდა ვთქვა, რომ მას მერე არაფერი შეცვლილა. სანამ არ გამოზაფხულდება, ანუ სანამ ღვინო ზამთარ-გაზაფხულს არ გაივლის რაღაც ვერ არის თავის გუნებაზე და ზაფხული რომ მოუწევს მერე ფრთები ამოსდის-ხოლმე. გასაოცარია პირდაპირ... მთელი ზამთარი და გაზაფხული სინჯავ, სინჯავ და ფიქრობ, რომ ნამდვილად შესცდი კაცი ეს ჯიში რომ დააყენე, მაგრამ აი მოვა ზაფხული და იტყვი: ე რა მივქარე, რო ამ ჯიშზე ეგრე ალმაცერად ვფიქრობდიო... გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთმა ჩვენმა თვალსაჩინო ე.წ. ღვინის კომპანიამ ე.წ. მანავის მწვანე ჩამოასხა ამ რამდენიმე წლის წინ. მერე მიხვდა, რომ მთლად მანავის მწვანე ვერ გამოუვიდა, გადააძრო ბოთლებს ეტიკეტები და გორული მწვანე დააწერა... ვწუხვარ, მაგრამ სიმართლეა. და მაგ სიმართლით იარონ მაგათმა და მაგათნაირებმა. მოკლედ გორული მწვანე უძლიერესი ჯიშია!


Ucnobo megobaro, mivmartav "kvevrs". Maxinjia yvela vinc ase mondomebit angrevs chvens istorias da mit umetes momavals. Ar unda epatiot! Es albat ert erti yvelaze mdzime falsifikaciaa, rodesac mcire zgvaria martal-tyuils shoris. Is araa marto falsifikacia, kimiurad rom gaaketo gvino, eg ioli amosacnobia! Dges umetesoba kartvelebmac ki ar ician sakutari jishebi da tu exla avuriet gemovneba, gvinis shemfasebeli ver gaizrdeba! es ki, kidev erti xangrdzlivi katastrofaa! Ar kadrulob mis saxalxod gamochenebas da gikeb kacobas, magram sad migvikvanen eseti sulmokleebi egaa sakitxavi!!!


ქვევრის მონაყოლი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ კიდევ რამდენი რამ არის გასაკეთებელი ქართულ მეღვინეობაში არსებული სიყალბეების აღმოსაფხვრელად


გორული მწვანე საუკეთესო ვაზია. გაზაპხული და ზაპხული უნდა გამოიაროს ღვინომ რომ მთელი თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს.


გორული მწვანე თითკმის პირველია


მეგობრებო, თქვენი გამოცდილების მიხედვით, გორული მწვანისა და ჩინურის რა პროპორციით შეზავება იძლევა საუკესო გემოს ღვინოს?


გაშენებას ვაპირებ და რა სტრატეგია ჯობია საუკეთესო ღვინის მისაღებად ? მხოლოდ გორული მწვანე თუ გორული და ჩინური ერთად ?


გამარჯობა, ხომ არ იცით რომელ ადგილებში მოდის საუკეთესო გორული მწვანე? ხიდისტავი ახსენეს, კიდევ სად?


გამარჯობა, ხომ არ იცით რომელ ადგილებში მოდის საუკეთესო გორული მწვანე? ხიდისტავი ახსენეს, კიდევ სად?


მოგესალმებით.მე კახეთში მიდგას გორული მწვანე, რომელიც მეგობარმა გორის რაიონი სოფელი ძევერადან მომიტანა.გადასარდვი ღვინო გამოდის ჩინურთან ერთად. ეს ორი ვაზის ჯიში მაქვს ტალავერზე გაშვებული.ვეთანხმები წინა კომენტარების იმის თაობაზე, რომ ღვინომ უნდა გამოიაროს წელიწადი და არის ოდნავ გაზიანი ცქრიალა ღვინო, რომელსაც სვამ და გგონია, არ თვეები. სუფრიდან ადგები და მერე გრძნობ ბახუსის ძალას

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.