Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პრობლემები 2023 წლის რთველის წინ

მეღვინეებს ასეთი ცუდი წელი არ ახსოვთ

ლევან სეფისკვერაძე

ჩვენს პორტალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაწყებული რთველი და მევენახეების წინასართველო მოლოდინი 15 წელიწადზე მეტია შუქდება და ერთგულ მკითხველებს აუცილებლად ემახსოვრებათ, რომ ყველა წელს რთველის მიმდინარეობას მუდამ განსაკუთრებული ოპტიმიზმითა და სამომავლოდ ხარისხიანი ღვინის დაყენების იმედით ვადევნებთ თვალს, თუმცა, 2023 წელი სამწუხარო გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს, რადგან ჩვენი ქვეყანა და განასაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველო რთველამდე ურთულესი გზებით მივიდა და ქართლის და კახეთის არაერთ სოფელში ყურძნის მოსავალი იმდენად განადგურდა, რომ წელს რთველი ფაქტობრივად აღარ იქნება. კარგი წელი არც ლიხსიქითა ვენახებში ყოფილა.

ადრიანი გაზაფხულიდან დაწყებულ გახშირებულ წვიმებს (რასაც ვაზის მთელი რიგი დაავადებები მოჰყვება) თან ღვარცოფი და სეტყვაც დაერთო და ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარელის, სიღნაღის, დედოფლისყაროს, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ბოლნისის, დმანისის, გორის, კასპის, ქარელის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ვენახი არ დარჩენილა სადაც მოსავლის მინიმუმ 30%-იანი კლება არ ყოფილიყო. მთელს რიგ ადგილებში კი ყურძენი ისე განადგურდა, რომ როგორც უკვე ვთქვით, 2023 წლის რთველი ფიზიკურად ვეღარ ჩატარდება.

ჩვენ ტრადიციულად არ დაგვიტოვებია საქართველოს ღვინით ცნობილი მხარე, სადაც მევენახე-მეღვინეები არ გამოვკითხეთ და მათგან, როგორც პირველწყაროსგან გვსურდა შეგვეტყო რთველისწინა ამბები. წელს მევენახეებს ამ თემაზე საუბარი განსაკუთრებულად ემძიმებოდათ და რამდენიმემ პირველად უარიც კი გვითხრა აღეწერათ მათ ვენახში არსებული მდგომარეობა. თუმცა ცხადია საბოლოო სურათი მაინც სწორედ მევენახეებისგან მივიღებთ და ვეცდებით სწორედ მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით გადმოგცეთ არსებული სიტუაცია.

გარე კახეთი

ბექა ჯიმშელაძე, მარანი „ველინო“: „წელს მართლაც რომ ძალიან რთული წელია და მოსაყოლიც ბევრი არაფერია. ჩვენი ვენახები (საუბარია სოფელ კაკაბეთზე) და მიმდებარე სოფლები ხშირმა წვიმებმა და ჭრაქმა უფრო დააზარალა, ვიდრე სეტყვამ. ჩვენ ვენახებს მხოლოდ პირველი სეტყვა მოხვდა, ისიც ძალიან მძიმედ არა. ჯამში მოსავლის ასე 35% გაგვიფუჭა სეტყვამ და ჭრაქმა ერთად. როგორც ჩანს საგარეჯო ყველაზე მეტად გადაურჩა სეტყვას, თუკი ამას გადარჩენა ჰქვია. სხვა რაიონების ზოგიერთი სოფელი ფაქტობრივად სრულად გაანადგურა“.

თელავი

თაკო ჟურული, „ჟუკა-სანოს მარანი“: „ჭრაქმა ყვავილშივე გააფუჭა მოსავალი. ფოთლები საღი იყო და მტევნები დაავადებული. მეგონა ბოლომდე განადგურდებოდა მოსავალი, მაგრამ შემდეგ, როცა დაიყვავილა, გადარჩენილი მტევნები უფრო გამოჩნდა - რქაწითელი მოსავლის მხოლოდ 10% დაიკრიფება, კახური მწვანეც დაახლოებით ამდენი. ყველაზე ყოჩაღადაა იყალთოს წითელი, რაც ძალიან მახარებს. სეტყვებს მართალია გადავურჩით, მაგრამ როგორც აქაური მოხუცები ამბობენ, ალავერდობამდე თუ არ დაისეტყვე, გადარჩენილი მაშინ ხარ, მანამდე ნურაფერს იტყვიო. ალავერდობა კი მგონი 27 სექტემბერსაა“.

გურჯაანი

მერაბ მირცხულავა, მარანი „ალაფიანი“: „მთელი ივლისი და ნახევარი აგვისტო ლამის ყოველდღე წვიმდა, თან ხშირად დღეში ორჯერ და ზოგჯერ სამჯერაც მოდიოდა წვიმა. ამ წვიმებს შორის მზე გამოდიოდა და ცხადია ამან დაავადებების განვითარებისთვის იდეალური პირობები შექმნა, რამაც ბუნებრივია მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი საქმე - ბუნებრივი ეენახეობა-მეღვინება. ცუდი წელი ცუდი წელია, რომელისგანაც არასოდეს ვართ დაზღვეული“.

ყვარელი

ვაჟა კასრელიშვილი, მარანი „კასრელი“ და საოჯახო მარანი „გებრალე“: „ცუდი წელია ნამდვილად. ჯერ ჭრაქმა და მერე სეტყვამ ბოლო მოგვიღო. მარან „კასრელში“ ჩათვალეთ, რომ მოსავალი არ გვაქვს, რადგან ჯერ იყო და ჭრაქი ვერ დავიჭირეთ, რაც დარჩა სეტყვამ გააფუჭა და საშინელი სიტუაციაა. მხოლოდ საფერავი დავკრიფეთ დაახლოებით 1.5 ტონა. მარან „გებრალეს“ ვენახებში ცოტა მოსავალი მაინც გადამირჩა, მაგრამ მანდაც დიდი ზარალი ვნახეთ და მოსავლის მხოლოდ 30-40% ავიღეთ“.

კასპი

გიორგი მალაციძე, „თეძამის ღვინის მარანი“: „სიტუაცია კრიტიკულად მძიმეა. ჩვენი ვენახები კასპის სოეფელ ახალქალაქშია და მოსავლის თითქმის 90% განადგურდა. წვიმების დროს ვერ შევძელით ჭრაქის შეკავება და ეს შედეგიც დადგა. ჩვენსკენ და გვერდით სოფლებში მდგომარეობა თითქმის იდენტურია“.

ახმეტა

სანათა წიწუაშვილი, „ლაგვანი მარანი“: „Ძალიან ცუდი წელი იყო. ღამე წვიმამ და დღისით მზემ ცუდად იმოქმედა ვენახზე. Ჩვენ მოსავალს რასაც ველოდებოდით, მისი მხოლოდ მესამედი გვაქვს. მტევანი არის ბევრად თხელი და ძალიან ცოტა. სიმართლე თუ გინდათ, ძალიან მიჭირს დასკვნების გაკეთება. ჩვენს გვერდით მდებარე მევენახეები ფაქტობრივად რთველს ვერ ჩაატარებენ, რადგან საერთოდ არ აქვთ ყურძენი. არადა, ეს ხალხი ვენახებს მოვლითაც კარგად უვლიდნენ და არც დასეტყვილან. ჭარბმა ნალექებმ შეიწირა მათი მოსავალი. ზოგ ადგილას წყალი დიდხანს ჩერდებოდა, აორთქლებას ვერ ასწრებდა და შეწამვლებმა ვეღარ გადაარჩინა. განსაკუთრებით თეთრ ჯიშებს გაუჭირდათ. საფერავი და ქისი შედარებით გადარჩა, თუმცა არც ეგ მოსულა სასურველი რაოდენობით“.

ქვემო ქართლი

თინათინ მოსიაშვილი, შპს „მამისეულის" დამფუძნებელი: „ჩვენ ვენახი და მარანი გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისოფელში. არც დიდი ვენახი გვაქვს და არც დიდი წარმოება, მაგრამ წელს, განსაკუთრებით ცუდი წელი აღმოჩნდა და ძალიან გვაზარალა. მოსავლის 15-20%-იც არ არის დარჩენილი. სეტყვა არ ყოფილა, უფრო წვიმებმა და სიცხემ გააჩინა ჭრაქი. ბევრგან დავდივარ და მევენახეთა უმეტებობა ამბობს, რომ თითქმის მთელ საქართველოში მსგავსი მდგომარეობაა. წინა კვირაში ატენის ხეობაში ვიყავი და იქაც ამას ჩიოდნენ”.

იმერეთი

ოტია იოსელიანი, „ოტიას მარანი“: „ჩვენ შარშან გვეგონა ყველაზე ცუდი წელი და თურმე არასოდეს უნდა თქვა: "ამაზე უარესი რაღა იქნებაო", რადგან 2023 წელზე უარესი ფიზიკურად ვერ იქნებოდა. ასეთი ცუდი წელი არ მქონია ჩემს 10 წლიან პრაქტიკაში. სულ 30% იქნება ჩვენთან მოსავალი და ვნახოთ როგორი ღვინო გამოვა. რაკი მოსავალს ვერ ვიღებთ, შედარებით მეტი დრო დამრჩა და ეს დრო იმისთვის გამოვიყენე, რომ ჭურები მოვიტანე და ახალ იმერულ მარანს ავაშენებ“.

უჩა მაჭარაშვილი, „უჩას მარანი“: „2023 წელი. ეს წელი მევენახე-მეღვინოებისთვის ძალიან ცუდი წელია, რადგან ფაქტობრივად ზაფხული არ გვქონია. იყო დიდი ტენიანობა, დაჯინებული წვიმები და შემდგომ სიცხეებში დაიწყო, რამაც ვენახისთვის გამოიწვია სხვადასხვა სახის დავადება. მთელ იმერეთში და განსაკთრებით ჩვენსკენ, - საჩხერეში, მოსავლის 70% განადგურდა. რთველამდე იმერეთში კიდევ საკმაო დროა და არ ვიცით რას იზამს ბუნება. იქნებ დარჩენილი 30% მაინც მოვიწიოთ...“.

რაჭა

ზუკა მაისაშვილი, მარანი „ღვინუკა“: „ წლევანდელი რთველი ძალიან მძიმე იქნება რაჭაში. ივნისის უხვმა ნალექმა მთლიანად გააფუჭა ვენახები. მასიურად გავრცელდა ჭრაქი. ზოგმა ბეჯითმა მევენახემ მეტ-ნაკლებად შეძლო ვენახის გადარჩენა, თუმცა ივნისის დასაწყისში და სექტემბრის დასაწყისში სეტყვამ კიდევ უფრო დაამძიმა, არ ვიცი, ახლაც ფიქრის პროცესში ვარ წელს რთველს ჩავატარებ თუ არა. ვისგანაც ვყიდულობდით ხოლმე ყურძენს, ის ვენახები ძალიან გაფუჭდა. უშუალოდ ჩვენი მოსავალი მეტ-ნაკლებად გადარჩენილია“.

ქართველი მევენახე-მეღვინე შეუპოვარია. ალბათ სწორედ ამ შეუპოვრობამ მოიტანა ეს დარგი აქამდე. სამომავლოდაც იმის იმედი უნდა გქონდეს, რომ მევენახეები არ დაყრიან ფარ-ხმალს და მომავალში კარგი წლების იმედად გააგრძელებენ ესოდენ რთულ, თუმცა განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო საქმეს. უშუალოდ ქართულ რთველზე და მის პერიპეტიებზე შემდეგში ვისაუბრებთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული