ნინო თარხნიშვილი
ამ უკანასკნელ ხანებში ქართულ მედიასაშუალებებში ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ საფრანგეთში ქართული პროდუქცია - უფრო კონკრეტულად კი, ”საფერავი”, ჩურჩხელა და ხაჭაპური - სომხური ბრენდის სახელით იყიდება. სომხეთის მეღვინეთა კავშირი ქართული მხარის ბრალდებას, რომ საფრანგეთში ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ საფერავი ყურძნის ჯიშია და არავითარი საერთაშორისო დოკუმენტი არ მოიპოვება, რომელიც ყურძნის ჯიშს რომელიმე სახელმწიფოს საკუთრებად აცხადებდეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის იურისტი ანდრო ასლანიშვილი საფრანგეთში აღმოჩენილი ე.წ. სომხური საფერავის წარმოშობის ალბათობაზე ლაპარაკობს. საფერავი არის ვაზის ჯიში, დაცვას კი ექვემდებარება ადგილწარმოშობის დასახელებები, ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში:
”ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული აღნიშვნა, რაც ნიშნავს იმ მიკროზონას, სადაც მზადდება განსაკუთრებული ხარისხის ღვინო - ქინძმარაული, ხვანჭკარა და ა.შ. ანუ დაცვას ექვემდებარება გეოგრაფიული აღნიშვნა და არა ვაზის ჯიში. აქედან გამომდინარე, ის, რომ მე საფერავის ჯიში ჩავყარო სხვა ქვეყანაში და ეტიკეტზე დავაწერო, რომ ეს ღვინო მოდის იმ კონკრეტული ქვეყნიდან, ეს თავისთავად დარღვევა არ არის”.
ანალოგიურ საკითხზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან „საქპატენტის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სიტუაციის შესწავლა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება კონკრეტულ შედეგებზე საუბარი:
”ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის მხრიდან ხდება ქართული ბრენდების გამოყენება, მედიამ გაავრცელა, ამიტომ ამ ფაქტის დადასტურება ჯერჯერობით არ შემიძლია. შევისწავლით ფაქტებს და იმის მიხედვით მოხდება რეაგირება. ისე კი უნდა ითქვას, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება სასაქონლო ნიშანი, ადგილწარმოშობის ნიშანი და ვაზის ჯიში და ისინი სხვადასხვა სამართლებრივი რეჟიმებით რეგულირდება”.
უცხოეთში ქართული ღვინის ფალსიფიცირების ფაქტები რომ არცთუ იშვიათი შემთხვევაა, ამას ადასტურებენ როგორც სახელისუფლებო სტრუქტურები, ისე თავად მეღვინეები. ანდრო ასლანიშვილის თქმით, ბულგარეთსა და ისრაელში აღმოჩენილი ქართული ხვანჭკარისა და ქინძმარაულის, ასე ვთქვათ, გამოხსნა სასამართლო დავების შედეგად გახდა შესაძლებელი:
”ბულგარეთსა და ისრაელში გაიგზავნა რუკები და დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ეს იყო ადგილწარმოშობის დასახელება და არავის არ ჰქონდა უფლება, რომ ის, როგორც სასაქონლო ნიშანი, ისე დაერეგისტრირებინა. დავები, რა თქმა უნდა, ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა და ჩვენი ადგილწარმოშობის დასახელებები დავიბრუნეთ”.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული ღვინის დაცვის კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს გასული წლის ზაფხულში ევროკავშირთან დადებულ ორმხრივ შეთანხმებას, რომლითაც უზრუნველყოფილია ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა. საქართველოს შემთხვევაში ეს მოიცავს 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს. მათ შორის არის მუკუზანი, ხვანჭკარა, ქინძმარაული, მანავი.
მეღვინე გივი ნიკოლაშვილის აზრით, იმისათვის, რომ ქართულმა ღვინომ უცხოურ ბაზარზე მძლავრად მოიკიდოს ფეხი და არ მოხდეს მისი ფალსიფიცირება, აუცილებელია ხელისუფლების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება ღვინის რეკლამირების კუთხით. ის რადიო თავისუფლებას საკუთარ ოჯახურ გამოცდილებაზე ესაუბრება:
”1200 ბოთლი ღვინო გავყიდეთ კანადაში, მაგრამ ეს ისეთი შრომატევადი საქმე იყო, რომ, ფაქტობრივად, შეუძლებელი შევძელით. არავინ არ იცოდა იქ ქართული ღვინის შესახებ. აჩვენონ უცხოელებს მასალები, რომ ჩვენთან 7000 წლის წინანდელი წიპწა და 8000 წლის წინანდელი ქვევრია აღმოჩენილი და დამიჯერეთ, თუკი ჩემმა შვილმა იმას მიაღწია, რომ კანადაში ძალიან ბევრ ადამიანს გააცნო ქართული ღვინო, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დონეზე ეს გაცილებით ეფექტურად გაკეთდება”.
გიორგი ჟვანია, კომპანია ”ტიბანელის” წარმომადგენელი, ორ წელზე მეტია ქართულ ღვინოს გერმანიის ბაზარს აცნობს, სადაც, მისი თქმით, არა ერთი და ორი ფალსიფიცირებული ქართული ღვინის ბოთლი აღმოუჩენია:
”შემიძლია გითხრათ, რომ ე.წ. რუსულ მაღაზიებში იყიდება ძალიან ბევრი გაურკვეველი წარმოშობისა და დასახელების ე.წ. ქართული ღვინო”.
მისივე თქმით, ევროპულ ბაზარზე მოიპოვება ნიშა, რომლის შევსებაც ნამდვილ ქართულ ღვინოს წარმატებით შეუძლია:
”ამ ბაზარზე არის ძალინ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებსაც აინტერესებთ ახალი პროდუქტი. მათ არ იციან, რომ ასეთი პროდუქტი არსებობს და ეს არის ქართული ღვინო, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათ ინფორმაცია მივაწოდოთ, რადგან პოტენციურად ეს არის ჩვენი ბაზარი”.
© radiotavisupleba.ge
თქვენი კომენტარი