Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იაფი და იორღა

საქართველოში ე.წ. ჩამოსახმელი ღვინო ბოთლის ღვინოზე პოპულარულია

ლევან სეფისკვერაძე
 
როგორი უნდა იყოს ჩამოსასხმელი ღვინო, რომ მის შესაძენად ფული არ დაგვენანოს? უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა შედარებით ხელმისაწვდომი და ხარისხიანი! და სწორედ აქ ჩნდება პრობლემა, რადგან ამ ორი აუცილებლობის (ხელმისაწვდომობისა და ხარისხიანობის) შეჯერებაა განსაკუთრებულად ძნელი საქმე.
 
გლეხური და ქარხნული
 
თბილისში ორგვარ ჩამოსახმელი ღვინოს ნახავთ, ე.წ. გლეხურსა და მცირე ან დიდი ქარხნის მიერ წარმოებულს. ღვინის მაღაზიების აბსოლუტურ უმრავლესობაში გლეხურ ღვინოს უკვე ვეღარ იყიდით, რადგან გლეხებს ღვინის ხარისხის სერთიფიკატი როგორც წესი არ აქვთ. ამ სერთიფიკატს კლიენტურა მართალია თითქმის არასოდეს ითხოვს და ზედამხედველობის სამსახურის მხრიდანაც ამ კუთხით კონტროლი მცირეა, მაგრამ ღვინის მაღაზიები გლეხური ღვინის არშეტანით ერთგვარად თავს იზღვევენ. თითქმის ყველა ღვინის მაღაზიაში ამბობენ, რომ მათ გარანტირებულად ნორმალური ხარისხის ქარხნული ჩამოსასხმელი ღვინის გაყიდვა უჯობთ, ვიდრე უსერთიფიკატო გლეხურის.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ გამოსარკვევია, ხარისხით კარგ გლეხურ ღვინოს სჯობს თუ არა თუნდაც იგივე ტიპის ქარხნულად წარმოებული ღვინო და არის თუ არა სამართლიანი არაქარხნული ღვინის ასე ხელაღებით დაწუნება, თუმცა ღვინის მაღაზიები საკუთარი თავის ბატონ-პატრონები თავად არიან და ბუნებრივია სრული უფლება აქვთ, ის ღვინო გაყიდონ, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან
თბილისის ბაზრებსა და ღვინის მაღაზიებში გასაყიდი ჩამოსახმელი ღვინის არჩევანი საკმაოდ ფართოა და ამას ხელს პირველ რიგში ამ კატეგორიის ღვინის სიიაფე უწყობს. ღვინის კომპანიებმა ამ ტენდენციას (საუბარია ჩამოსასხმელი ღვინის პოპულარობაზე) ფეხი ბოლო დროს საკმაოდ კარგად აუწყვეს და თითქმის ყველგან დაიწყეს ჩამოსახმელი, ანდა 3 ლიტრიან პლასტმასის ჭურჭელში დაბეჭდილი ღვინის წარმოება. მაგრამ, თუკი ჩამოსასხმელი ღვინის ფასი 1.8 ლარიდან, 3 ლარამდე მერყეობს, პლასტმასის ჭურჭელში დაბეჭდილი 1 ლიტრი ღვინის ფასი 3 ლარიდან იწყება და 5-6 ლარამდე ადის. საფერავის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული დაბეჭდილი ლიტრი ღვინის ფასი თითქმის სტანდარტულია და 5-6 ლარი გამოდის, რქაწითელს კი 3-დან 5 ლარამდე შეიძენთ.
პუშკინის ქუჩზე მდებარე ღვინის მაღაზია “ბათუმში” 1 წლის წინ, 4 დასახელების ჩამოსასხმელ ღვინოს ნახავდით. ახლა კი მხოლოდ კომპანია “კოტეხის” მიერ წარმოებული ევროპულად და კახურად დაყენებული რქაწითელიღაა შემორჩენილი. ორივე აღნიშნული ღვინო იდენტური ფასი: 1.9 ლარი ღირს. მაღაზიის მესვეურები ამბობენ, რომ თვეში საშუალოდ მხოლოდ 500 ლიტრამდე ჩამოსახმელ ღვინოს ყიდიან, რაც მაღაზიისათვის ძალზედ მცირე რაოდენობა გახლავთ.
დაახლოებით 500 ლიტრამდე რქაწითელს ლესელიძის ქუჩაზე მდებარე “ქურდაძეების მარანშიც” ყიდდნენ, თუმცა ამჟამად ამ მაღაზიასთან ახლოს გამალებული მშენებლობები  მიმდინარეობს და ამის გამო, ღვინის გაყიდვებმა მკვეთრად იკლო. უკვე 3 თვეზე მეტია, მაღაზია “ვინოთეკამ” გაყიდვიდან საერთოდ ამოიღო ჩამოსასმელი ღვინო. “ვინოთეკას” მენეჯერი ამის მიზეზად ჩამოსასხმელი ღვინისადმი უცხოელი ტურისტების ნაკლებ ინტერესს ასახელებს. აღნიშნული მაღაზია ძირითადად ტურისტებზე მუშაობს და რაკი უცხოელების მხრიდან ინტერესი ნაკლებია, მათაც ისღა დარჩენოდათ, ჩამოსასხმელ ღვინოზე დროებით მაინც ეთქვათ უარი.
მიუხედავად იმისა, რომ ღვინის მაღაზიები გაყიდვების სიმცირეზე სწუხან, ფაქტია რომ თბილისში ჩამოსახმელი ღვინო ბოთლის ღვინოზე ბევრად პოპულარულია და არცთუ ჯიბესავსე ჩვენს თანამოქალაქეებს ერთი ძველი გამონათქვამისა არ იყოს: “იაფი და იორღა” ღვინის შეძენა ურჩევნიათ ძვირსა და მაღალხარიხსიანს. იაფი ავტომატურად უხარისხოს ბუნებრივია არ ნიშნავს, მაგრამ საბაზრო ეკომონიკის ლაბირინთებში სრულიად ჩაუხედავი ადამიანიც კი გეტყვით იმ მარტივ ფორმულას, რომ “ხარისხიანი ძვირი ღირს, უხარისხო კი იაფი”, თუმცა გამონაკლისიც არაერთია.
 
“დეზერტირების” ვნებანი
 
თბილისის ვაგზლის მოედანზე, ყოფილი “დეზერტირების” ბაზრის ტერიტორიაზე, 20-ზე მეტ ადგილზე ყიდიან ჩამოსასხმელ ღვინოს. აქ ღვინის ფასი 1 ლარიდან 2 ლარამდეა. ე.წ. გლეხური ღვინის ყველაზე ფართო არჩევანი დედაქალაქში სწორედ ვაგზალზეა, მაგრამ ცალკე საქმეა იქაური ღვინის ხარისხი. ღვინის 90%-ს რქაწითელისგან დაყენებული ღვინის პროდუქტი წამოადგენს, 9%-ს კი საფერავი. დარჩენილი 1 % იმ ადამიანებზე მოდის, რომლებიც თვეში ერთხელ ბევრი თბილისელისათვის უცხო, ჩინურს, გორულ მწვანეს ან კახურ მწვანეს ყიდიან. ჩვენც ვნახეთ ახალგაზრდა, სოფელ დიღმელი ბიჭი, რომელსაც ხის კასრზე დიდი ასოებით “გორული მწვანე” დაეწერა, მაგრამ მისი ღვინის გემო ბევრ რამეს გაგახსენებდათ, მაგრამ არამც და არამც გორულ მწვანეს...
საერთოდ, ღვინის ხარიხსი თბილისურ ბაზრებში, როგორც წესი, ძალიან დაბალია და ამას გამყიდველთა “საეჭვოობაც” ხშირად თან ერთვის ხოლმე. ღვინო რომც არ გასინჯოთ, ძალიან ძნელია გარეთბილისური ჟარგონით მოსაუბრე გამყიდველს დაუჯეროთ, რომ 1 ლარიანი რქაწითელი გურჯაანში, მის მამაპაპისეულ ვენახში დაკრეფილი ყურძნიდან დაიწურა და ასე იაფად მხოლოდ იმიტომ ყიდის, რომ კარგი კაცია და “კაცური ესმის”. ხოლო როდესაც დაინტერესდები იმით, თუ გურჯაანის რაიონის კონკრეტულად რომელ სოფელზეა ლაპარაკი, გაბრაზებული გამყიდველი აუცილებლად მოგაძახებთ: “წადი რა ძმაო, შენ მყიდველი არა ხარ და რას მალაპარაკებო”.
როგორც უკვე ვთქვით, ბაზარში გასაყიდად გატანილი ღვინის შენახვის პირობები უმეტესწილად არ არის დაცული. და საერთოდ, ძნელია ამ დროს ღვინის შენახვის პირობებზე სერიოზულად იმსჯელო. თაკარა მზის გულზე, პლასტმასის 19 ლიტრიან ჭურჭელში ჩასხმულმა რაგინდარა კარგმა ღვინომ, რომელიც დილიდან-საღამომდე ღია ცის ქვეშ, ხშირად ნაკლული დგას, ძნელია რაიმე ხარისხი შეინარჩუნოს.
ჩვენ გავესაუბრეთ საგარეჯოელ გლეხს – ვასილ ტოკლიკაშვილს, რომელიც კახური წესით დაყენებულ საფერავს 2 ლარად ყიდდა. ეს ადამიანი ალბათ ერთადერთი იყო მთელს ბაზარში, რომელმაც აღიარა, რომ წლევანდელი ღვინო მაინც და მაინც კარგი არ გამოუვიდა, თუმცა მისი ღვინის მცირედი დაგემოვნების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ბაზარში არსებულ ბევრ ღვინოს ვასილ ტიკლიკაშვილის მომეტებულად ტკბილი ღვინო მაინც სჯობდა.
 
ბაზარი VS მაღაზია
 
თბილისურ ბაზრებში ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ ნახოთ გლეხი, რომელიც თავის დაყენებულ ღვინოს ყიდის. ჯერ ერთი, რომ გლეხებს იშვიათად სცალიათ ბაზარში დასადგომად. მეორეც: გლეხებმა კარგად იციან, რომ ბაზრის ღვინოს სახელი გატეხილი აქვთ და ურჩევნით ღვინო მათსავე სოფელში ჩასულ ვაჭრებს მიჰყიდონ და ამ გზით თბილისში ღვინის ტრანსპორტირებისათვის საჭირო ფულს მაინც დაზოგავენ. ანდა, ღვინოს თბილისში მცხოვრებ ნათესავებს გამოატანენ, რათა ნათესავებმა მცირე რაოდენობის ღვინის გაყიდვა მეზობლებსა და თანამშრომლებში მოახერხონ – თუნდაც დღესასწაულებზე.   
თბილისურ ბაზრებში ძალიან უჭირთ ზუსტი ციფრების დასახელება, თუ თვეში, ანდა დღეში საშუალოდ რამდენი ლიტრი ღვინის გაყიდვას ახერხებენ. თუმცა, ის კი ნათლად გაირკვა, რომ ბაზრის ერთი მოვაჭრე საშუალოდ იმდენსავე ჩამოსახმელ ღვინოს ყიდის, რამდენსაც ერთი ღვინის მაღაზია (საუბარია 400-500 ლიტრზე). ანუ გამოდის, რომ ბევრად დიდი ხარჯის, რასაც ღვინის მაღაზიები ეწევიან და მათი მხრიდან გლეხური ღვინის უარყოფის მიუხედავად, ბაზარში უფრო მეტი ჩამოსასხხმელი ღვინო იყიდება, ვიდრე მაღაზიებში.
რა თქმა უნდა, ბაზარში ობიექტური მიზეზების გამო, პოტენციური კლიენტურა ყოველთვის მეტია და ბაზრის მოვაჭრეები ღვინის მაღაზიების გამყიდველების დარად, უცხოელ ტურისტებზე არ არიან დამოკიდებულნი. თუმცა უდავოა, რომ ბაზრის ჩამოსახმელი ღვინის დიდი ნაწილი თვალნათლივ უხარისხოა და შენახვის პირობებსაც ბაზარში ბევრი არ დაგიდევთ, მაგრამ ბაზრის ღვინოს გააჩნია ერთი მეტად მნიშვნელოვანი უპირატესობა. ბაზარში ღვინო ყოველთვის იაფია და ამას გარდა, გამყიდველისათვის შევაჭრება და ფასის კიდევ უფრო დაწევაც შეიძლება. აი სწორედ ამიტომ ვახსენეთ დასაწყისში ძველი და როგორც ჩანს უკვდავი გამოთქმა: “იაფი და იორღა”. როდესაც რიგით ადამიანს ჯიბეში ცოტა ფული აქვს და წლების მანძილზე ჩამოუყალიბდა ილუზია, რომ ღვინის მაღაზიებში ღვინო ძვირია და მისი ჯიბე კარგი ღვინის ფასს ვერ შეწვდება. ისღა დარჩენია, რომ წავიდეს ბაზარში და მზის გულზე ნაგდები ღვინო 1 ლარად იყიდოს. რაც არ უნდა იყოს, ღვინოა მაინც...
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული