Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იცნობენ თუ არა ქართულ ღვინოს მსოფლიოში?

მალხაზ ხარბედია

ბევრი ამ კითხვაზე უარყოფითად პასუხობს, სხვები კი პირიქით, ფიქრობენ, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მსოფლიოში განუხრელად იზრდება. ნაწილს სიტუაცია უიმედო ჰგონია, ზოგიერთის აზრით კი ქართული ღვინო უკვე დიდ წარმატებებს აღწევს. ბოლო წლების მანძილზე ამგვარი უკიდურესობები ქართულ ღვინოს მუდამ თან სდევს და ერთი მხრივ ნიჰილისტური, მეორე მხრივ კი სადღეგრძელოს რიტორიკით გაჯერებული თვალსაზრისები რეალური სურათის დანახვაში გვიშლის ხელს. რეალური სურათი კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ჯერ-ჯერობით მსოფლიოში არსებულ ვერც ერთ ეფექტურ საშუალებას ვერ იყენებს საკუთარი ღვინის პოპულარიზაციისთვის. ორ მაგალითს მოვიყვან, ერთს სხვა ქვეყნის წარმატებული მუშაობის სანიმუშოდ, მეორეს კი ჩვენი არასწორი და შესაბამისად, წარუმატებელი პოლიტიკის სადემონსტრაციოდ.
            ლონდონის ღვინის ფესტივალის დაწყებამდე (რომელიც 18-20 მაისს გაიმართა) ერთი კვირით ადრე ელექტრონული ფოსტით შეტყობინება მომივიდა. ასეთი შეტყობინებები და სიახლეები ყოველდღიურად მომდის ხოლმე. ჩვეულებრივი ამბავია, გამოიწერ, ვთქვათ, ახალ ამბებს decanter.com-იდან, winespectator.com-იდან ან wine-pages.com-დან და ისინიც ყოველკვირეულად საქმის ყურში გამყოფებენ, რა ხდება ახალი ღვინის სამყაროში, გთავაზობენ ფასდაკლებებს სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებზე და ა.შ.. შეტყობინება, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, Harpers Wine & Spirit-ისგან იყო და იგი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული, “ლონდონის საერთაშორისო ღვინის გამოფენის” რამდენიმე ღონისძიებას უწევდა რეკლამას. ღონისძიებები მთლიანად თურქულ ღვინოს ეხებოდა, რომლებიც საფესტივალო დღეებზე იყო გადანაწილებული და ყოველ დღე რაღაც საინტერესოს სთავაზობდა მომხმარებელს თურქული ღვინის შესახებ. ღონისძიებებს, წარდგინებებსა და დეგუსტაციებს მსოფლიოში ცნობილი ღვინის მწერლები და ჟურნალისტები უძღვებოდნენ, პოპულარული ოზ კლარკის თამადობით. თურქებს სლოგანებიც ხმამაღალი ჰქონდათ შერჩეული: “ღვინის სათავეებთან”, “აღმოაჩინე ფესვები” და ა.შ. გამოფენას ამ ავტორთა სტატიები და ბლოგები უძღოდა წინ და გამოფენის შემდეგაც არაერთხელ დაიწერა თურქული ღვინოების შესახებ.
            როდესაც ეს ამბავი გავახმიანე ფეისბუკზე და სხვა სოციალურ ქსელებში, ბევრმა სიცილი დაიწყო, სად თურქეთი და სად ღვინოო. თავიდან შევეცადე ამეხსნა, რომ საუბარი თურქულ ღვინოზე კიარა, თურქების უნარებზე იყო,  ეფექტურად მიეწოდებინათ უცხოელი მომხმარებლისთვის თავიანთი პროდუქტი, მაგრამ ისეთ გაუმტარ ირონიას და თავდაჯერებულობას გადავაწყდი, რომ თავი დავანებე განმარტებებს. სწორედ ამგვარი თავდაჯერებულობის, ხშირად კი სრულიად უსაფუძვლო კუდაბზიკობის გამოა, რომ ქართულმა ღვინომ თანამედროვე მსოფლიოში დღემდე ვერ დაიკავა თავისი ნიშა, არადა შეგახსენებთ, რომ წლების წინ ზუსტად ასეთივე ღიმილს იწვევდა კანადა და ღვინო, დიდი ბრიტანეთი და ღვინო, ბირმა და ღვინო. არადა კანადა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო აისვაინს აწარმოებს, ბრიტანულმა ცქრიალა ღვინომ ფრანგული შამპანურებიც კი დაჯაბნა, ხოლო ბირმაში გერმანელმა მეღვინემ, ბერტ მორსბახმა შეუძლებელი შეძლო, მან ტროპიკულ ზონაში ვენახი გააშენა, ჩამოასხა ღვინო და როგორც ამბობენ, მის მარანს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან შემოესია ტურისტი.
            რა თქმა უნდა, ჩვენი გადმოსახედიდან, კარგ ქართულ ღვინოს ვერც კარგად გაპიარებული თურქული შეედრება და ვერც მრავალი ეპითეტით შემკული ბრიტანული თეთრი ღვინოები, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ დღემდე ვერ შევიმუშავეთ გეგმა, პროგრამა, რის მიხედვითაც იმოქმედებდა ყველა, მწარმოებელიც, ხელისუფლებაც და ე.წ. ღვინის ელჩებიც. ცალკე თემაა უცხოური ენციკლოპედიური და საცნობარო გამოცემები, რომელთა რედაქციებშიც არანაირი ინფორმაცია არ დევს ქართული ღვინის შესახებ ან ეს ინფორმაციები იმდენად მწირია, რომ არაფერს არსებითს არ აძლევს მკითხველს - ის, რომ სტალინი წარმოშობით ქართველი იყო, მემგონი ისედაც ყველამ იცის. მინახავს ენციკლოპედია, სადაც საერთოდ მოხსენიებულიც კი არა ვართ, ზოგან ბელორუსიის, სომხეთისა და ყაზახეთისხელა სტატიაა ჩვენზე, მაშინ, როცა მოლდოვაზე ორჯერ დიდი სტატიაა გასული. ხორვატია, სლოვენია და ჩეხები (მორავია) რომ დიდი ხანია გვჯობნიან ცნობადობაშიც, ექსპორტშიც და ხარისხშიც, ამაზე არც ღირს მემგონი საუბარი.
            ახლა კი მეორე მაგალითი უნდა მოვიყვანო. 2008 წლის დეკემბერში ნიუ-იორკსა და სიეტლში “ქართული ღვინის დღეები“ გაიმართა. მახსოვს ნოემბრის ბოლოს წინასწარი ნიუსიც გამოჩნდა სააგენტოების საიტებზე და მეც, ჩემს ბლოგზე (vinoge.com) ამაყად გადმოვიტანე ეს სასიხარულო ამბავი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახური მაშინ იუწყებოდა, რომ “ბოლო დროს ამერიკაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნილება გაიზარდა და ამერიკელი ღვინის ექსპერტების, ბიზნეს–წრეებისა და რესტორნების მფლობელთა ყურადღების ცენტრში მოექცა... ქართული ღვინის დღეებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს სომელიეებმა, ამერიკის რესტორნების და საცალო ქსელის წარმომადგენლებმა, ღვინის დისტრიბუტორებმა, ამერიკის წამყვანმა გამოცემებმა Seattle Times, New York Times, Wine Enthusiast, Food&Wine Magazine.” შემდეგ მოდიოდა კომპანიების ჩამონათვალი, ორგანიზატორების სია (“ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – სამტრესტი”, USAID და AgVANTAGE), ბოლოს კი, ხაზგასმული იყო, რომ “ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ფართომასშტაბიანი გამოფენა აშშ-ში პირველად ტარდება, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს”. დღეები 3-8 დეკემბერს იყო დაგეგმილი, და დაახლოებით 5 დეკემბრიდან მოყოლებული წლის ბოლომდე თითქმის ყოველ დღე ვიქექებოდი ზემოთჩამოთვლილი გამოცემების (და არამარტო მათ) საიტებსა და ბლოგებში. გუგლშიც ვეძებდი გამოხმაურებებს ამ ღონისძიებაზე, მაგრამ ამაოდ, არც ერთი ეს გამოცემა ხმას არ იღებდა ქართულ ღვინოზე.
როგორც შემდეგ გავარკვიე, მხოლოდ ორმა ადამიანმა გააშუქა “ქართული ღვინის დღესასწაული”, ორივე მათგანი ბლოგერი აღმოჩნდა, ერთი Seattle Weekly-სთვის წერდა, მეორე კი ისე, თავისთვის. რა გამოვიდა? ის, რომ ღონისძიებამ უკვალოდ ჩაიარა, უფრო მეტიც, იმ ორმა ბლოგერმა მწარე-მწარე სიტყვებიც კი არ დაიშურეს ჩვენთვის. ჯერ ერთი, კახური ტიპის ქვევრის ღვინოს ერთ-ერთმა ავტორმა ჯოჯოხეთური სიმყრალის სითხე უწოდა (tasted funky as hell) და დააყოლა: “წარმოიდგინეთ, ვაშინგტონში მოყვანილი სემიიონი (ფრანგული ჯიშია) თიხის ქოთანში რო ჩაჭყლიტო და მიწაში დამარხო...” როგორც ჩანს ვერავინ აუხსნა დამსწრეებს კახური ღვინის ტექნოლოგიური თავისებურებები. თან ამ ავტორს საერთოდ ნახსენებიც არ ჰქონდა ქვევრი, არამედ ამფორაზე საუბრობდა, რომელიც, მოგეხსენებათ, ძალიან განსხვავდება ქვევრისგან, თუმცა დასავლეთში მიღებული სამწუხარო ტრადიციისამებრ, ჯერ-ჯერობით მაინც ამ ტერმინს ამჯობინებენ.
            მეორე ავტორისთვის, ბლოგერ ჯეიკისთვის ეს დეგუსტაცია ჩავარდნა იყო (incredibly frustrating tasting), არა ხარისხის (იქ რამდენიმე ნორმალური ღვინოც დავლიეო, წერდა ავტორი), არამედ იმის გამო, რომ მას არც ერთი წარმოდგენილი ღვინო აქამდე არასდროს არ ენახა აშშ-ს ბაზარზე და წუხდა, რისთვის ტარდება დეგუსტაცია და რას წარადგენენ, თუკი ჯერ კიდევ ბაზარზეც არ შემოსულანო. იგი დეტალებსაც ჩაუღრმავდა, სადაც ასევე კარგად გამოჩნდა ჩვენი მთავარი ხარვეზები. მაგ. მან $ 10 საფასო კატეგორიის ღვინოებს, რომლებიც დეგუსტაციაზე იყო წარმოდგენილი, ყველანაირი იმედი გადაუწურა და აღნიშნა, რომ ისინი ვერ გაუწევდნენ კონკურენციას ესპანეთს, არგენტინას და ავსტრალიას. $10 - $25 კატეგორიაში რამდენიმე ნიმუში მოეწონა, თუმცა ისიც დაამატა, თავიანთ ფასს ეს ღვინოები ვერნაირად ვერ ამართლებენო. ქვევრის ღვინოზე დაწერა, ყველასთვის არ არისო (სიტყვა ეზოთერულიც კი იხმარა), ნახევრადმშრალ წითლებს კი ვერაფერი გაუგო, მიუხედავად იმისა, რომ ქინძმარაული ეგემრიელა კიდეც. ერთ-ერთი კომპანიის წინანდალს ის დაუწუნა, ცვილის ტექსტურა აქვს და ეს ბევრს არ მოსწონს აშშ-ო. ყველაზე უცნაური რამ კი წითელ ნახევრადტკბილზე, ქინძმარაულზე დაწერა, როცა ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო უწოდა ქინძმარაულს, ცივი სტაბილიზაციით და პასტერიზაციით მიღებულ ღვინოს. როგორც ჩანს, არც აქ გამოჩნდა ვინმე, ვინც აუხსნიდა სტუმარს.   
            მოკლედ, ასეთი უცნაური გამოხმაურებები მოჰყვა ბოლო წლების განმავლობაში გამართულ ქართული ღვინის “ყველაზე ფართომასშტაბიან” გამოფენას აშშ-ში, რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, რომ არ ვიცით რა წარვადგინოთ, როგორ წარვადგინოთ და ვის წარვუდგინოთ.
            რამდენიმეწლიანმა გამოცდილებმა გვაჩვენა, რომ ქართული ღვინის ერთიანი სახით, ერთი ნიშნის ქვეშ გატანა ჯერ კიდევ პრობლემებთანაა დაკავშირებული და არამხოლოდ იმიტომ, რომ კომპანიებმა ძალები ვერ გააერთიანეს. პირველ რიგში ის გვიშლის ხელს, რომ საკუთარ პროდუქტს ვიცნობთ ძალიან ცუდად, და მეორე – გაცილებით მეტი ენერგია იხარჯება ადვილი, ინერციული ბაზრების ათვისებაზე (უკრაინა, ყაზახეთი), ვიდრე, რთული, მაგრამ ჩვენი ღვინის მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს ბაზრებზე დამკვიდრებისთვის. მაგალითისთვის, 2009 წელთან შედარებით 2010-ში გაორმაგდა უკრაინაში და ყაზახეთში ღვინის გატანა, სამაგიეროდ წელს, გასულ წელთან შედარებით 12 ქვეყნის ბაზარი დავკარგეთ (მათ შორის შვედეთი, სინგაპური, დანია, საფრანგეთი), უმნიშვნელოდ იზრდება ქართული ღვინის ექსპორტი ინგლისსა და აშშ-ში, რაც იმაზე მიანიშნებს, ჩვენ ძალზე ცოტას ვაკეთებთ რთულ ბაზრებზე დასამკვიდრებლად, სადაც ქინძმარაულის მილიონიანი ლეგიონებით ვერავის გააკვირვებ.
მემგონი დადგა დრო ქართული ღვინის ბედი საქართველოში გადავწყვიტოთ და არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უკრაინაში გაყიდვების ზრდა არანაირად არ აისახება ქართული ღვინის ხარისხზე და ცნობადობაზე, ამიტომ, აუცილებელია პირველ რიგში აქ დავხვეწოთ ურთიერთობა და ქართველ მომხმარებელსა და უცხოელ სტუმარს დავაჯეროთ, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა. ყველგან გაისმის, რომ ჩვენი ქვეყანა ღვინის აკვანია, თუმცა ამის მიუხედავად, თბილისში თუ რეგიონებში ძნელად იპოვით ამის კვალს. მემგონი ბევრი დამეთანხმება, რომ ნორმალური ღვინის გასინჯვა პრობლემად იქცა რესტორნებში, ზოგან მხოლოდ ერთი ან ორი კომპანიის ღვინოა ჩამონათვალში, არავინ ზრუნავს ღვინის ბარათის გამრავალფეროვნებაზე. კახეთში ხომ არადა არ დაადგა საშველი, რომ 2-3 ნორმალური ღვინის კაფე გაიხსნას, სადაც ადგილობრივ ღვინოებს დააგემოვნებს მნახველი.
ცალკე პრობლემაა ღვინოების მრავალფეროვნება. დღეს ძალიან ცოტაა ბაზარზე ხარისხიანი და რაც მთავარია, ინდივიდუალური ხასიათის მქონე ღვინოები. მართალია ამ მხრივ უკანასკნელ წლებში აშკარად შეინიშნება სასიკეთო ძვრები, მაგრამ გემოვნებიანი მომხმარებლის გასაკვირვებლად კიდევ ბევრი რამე უნდა გავაკეთოთ.
            ამ დღეებში საქართველოს ცნობილი ღვინის ჟურნალისტი და ტელეწამყვანი იზაბელ ლეჟერონი სტუმრობს, რომელიც Travel Channel-ისთვის ფილმს იღებს. ლეჟერონი ძირითადად ტრადიციული ქართული მეღვინეობითაა დაინტერესებული და პირველ რიგში სწორედ ქვევრის ტექნოლოგიით დაყენებულ ღვინოზე ჰქონდა ორიენტაცია. დარწმუნებული ვარ, ამ ფილმის ეთერში გასვლისთანავე (Travel Channel-ის ფილმები მსოფლიოს 117 ქვეყანაში გადის 15 სხვადასხვა ენაზე) ძალიან აიწევს ქართული ღვინის ცნობადობა, ბევრი მაშინვე მოიკითხავს ჩვენებურ ღვინოს და ძალიან ცუდი იქნება, თუკი ჩვენ ვერაფერს საინტერესოს ვერ შევთავაზებთ ამ ადამიანებს.
   
© ღვინის კლუბი/vinoge.com
 


ბატონო მალხაზ, ძალიან ობიექტური სტატიაა,მაგრამ იქნებ დავფიქრდეთ იმაზე, რამდენად კარგ სამსახურს ვუწევთ ქართველ ღვინის მწარმოებლებს ასეთი დითირამბებით, როგორიცაა თუნდაც რამდენიმე დღის წინ თქვენს ბლოგში გამოქვეყნებული: ”სოვინიონ ბლანი, თელიანი ველი, 2009 -კახეთში დაკრეფილი ფრანგული ჯიშიდან, სოვინიონ ბლანიდან დაყენებული ეს ღვინო ფერზე მომწვანო ჩალისფერია, ჭიქაში სქლად ისხმება, თუმცა აშკარად ეტყობა, რომ ახალგაზრდა ღვინოა. სურნელებში პირველ რიგში თეთრი ქლიავის, ანანასისა და ბოლომდე დაუმწიფებელი ატმის არომატი ჩნდება. ძალზე ხანგრძლივი ფინალით გამოირჩევა, სადაც ციტრუსებია წამყვანი. ღვინო კარგი მისაყოლებელი იქნება ზღვის ნობათთან, მიდიებთან, კრევეტებთან, მოხარშულ თევზთან.” ასევე, მანამდე გამოქვეყნებული ბევრი სხვა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ზედმეტად ოპტიმისტური შეფასებები. მაპატიეთ, მაგრამ ამ ღვინოში სოვინიონ ბლანის გამოცნობა თითქმის შეუძლებელია, იმდენად ტლანქი ღვინოა, თქვენ კი ”ატმის არომატი...ხანგრძლივი ფინალი...”. ქართულმა ღვინომ ჯერ საქართველო უნდა დაიპყროს და შემდეგ დანარჩენი მსოფლიო, ამისთვის კი ობიექტურ შეფასებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არის მხოლოდ ერთი გამართლება - თუ ეს რეკლამაა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ამის აღნიშვნა აუცილებელია. კიდევ ერთხელ მაპატიეთ, მაგრამ ”მოყვარეს პირში უძრახეო.” ნათქვამია. ქართულ მეღვინეობას ძალიან ძნელი, თითქმის შეუძლებელი გზა აქვს გასავლელი და ამ გზაზე კომპრომისი დაუშვებელია, თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ.სწორედ ამით არის აღსანიშნავი თქვენი დღევანდელი სტატია.მიგულეთ ასეთ საქმეში თქვენს ერთგულ და მოკრძალებულ მხარდამჭერად. პატივისცემით ელიზბარ თალაკვაძე www.vino.ge


ბატონო ელიზბარ, დიდი მადლობა კომენტარისთვის. ახალი ამბავი არაა, რომ კახეთში მოყვანილი სოვინიონ ბლანი ვერ იქნება ისეთი არომატების ღვინო, როგორც ბორდოსი ან ლუარასი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ღვინოს ღირებულება არ გააჩნია, ან მასში არომატების ამოცნობა არ შეიძლება. მერე რა რომ ძნელია მასში ნამდვილი სოვინიონის "დანახვა"... სხვა საკითხია რამდენად ღირს საერთოდ ასეთი ღვინოების ჩამოსხმა, საერთაშორისო ჯიშებიდან დაყენებულის, და ამ საკითხს ჩვენ, ღვინის კლუბი, გაზეთი მარანიც და ჩემი ბლოგიც არაერთხელ დავუბრუნდებით. კამათში თქვენც მოგიწვევთ თუ გნებავთ :) მერწმუნეთ, არსებობს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი  საკითხები, ვიდრე ამ ე.წ. tasting notes-ების, ანუ ღვინის დახასიათებების კრიტიკაა. ეს დახასიათებები გახლავთ აბსოლუტურად სუბიექტური შეფასებები, რომლებსაც არც სარეკლამო და არც სხვა რაიმე ქვენა მიზანი არ გააჩნია. იგი ემსახურება ერთად–ერთ მიზანს, რომ მყიდველი მაღაზიაში შევიდეს ღვინის საყიდლად. შემდეგ კი თავად გადაწყვიტოს, მართალია თუ არა აქ დაწერილი (ცხადია შენახვის ნორმების დაუცველობით დაავადებულ, გაყალბებულ და საცობისტონიან ღვინოებს არ ვგულისხმობ).

სხვათა შორის, ერთი შენიშვნა ჩემგანაც მიიღეთ. პლასტმასის ჭურჭელში თქვენი წარაფი რატომ ჩაასხით ბატონო ელიზბარ. ცოდოა, კარგი ღვინოა.

პატივისცემით,

მალხაზ ხარბედია



შენიშვნა მიღებულია, მაგრამ შევეცდები თავი გავიმართლო. დღეს საქართველოში იაფფასიანი, ჩამოსასხმელი ღვინოების ნიშა თითქმის მთლიანად ფალსიფიკატს უკავია.ამ ნიშის დასაკავებლად წარაფის ”გაწირვა” რა თქმა უნდა სადაო საკითხია, მაგრამ ამ ნაბიჯზე შეგნებულად წავედი - ხომ უნდა ჰქონდეს ხალხს სუფრაზე ნატურალური ღვინის სმის საშუალება, ბოთლის ყველაზე იაფი ღვინო კი 6 ლარიდან იწყება. თავად განსაჯეთ - 6 ლარი 0,75 ლიტრში და 4 ლარი 1 ლიტრ ”წარაფში”. საგრძნობი სხვაობაა თუ ჩავთვლით, რომ 10 კაციანზე პატარა სუფრა ჩვენთან იშვიათობაა.


მიღებულია, თუმცა თავს უფლებას მივცემ ერთი კითხვაც დავსვა: ხომ არ აჯობებს, ეს იაფფასიანი, ჩამოსასხმელი ღვინოების ნიშა შილდის ან გურჯაანის რქაწითელს დავაკავებინოთ, ოღონდ მინის ჭურჭელში ჩამოსხმული ღვინოებით? წარმოიდგინეთ, კარგი, გემრიელი სუფრის ღვინო, 3–5 ლარად, იაფიანი კორპით და იაფიანი ბოთლით.

თუკი ასეთი ხარისხიანი ფონი შეიქმნება, თქვენ შეძლებთ წარაფი უფრო კარგი შეფუთვით წარუდგინოთ მომხმარებელს.



გეთანხმებით, მაგრამ სად არის იაფი ბოთლი? ერთადერთმა ქსნის მინის ქარხანამ, ემბარგოს შემდეგ, ღვინის ბოთლის წარმოება შეწყვიტა.სომხური ბოთლი კი, თითქმის ორჯერ ძვირია.გლეხების სუბსიდირება კარგი საქმეა, მაგრამ ”სამტრესტის” ადგილზე, ბოთლის წარმოებას დავაფინანსებდი.


მართალია, ბოთლის საკითხი ძალიან დიდ დაბრკოლებას უქმნის ყველას.



გეთანხმებით ბატონ მალხაზ ცოტა გადამეტება უყვარს. :) ზაზა კაპანაძე


გადამეტება ჯობია ბუზღუნს, წუწუნს და ჩასაფრებას :)



უბრალოდ ისეთი გაბრაზებული ვარ, ვერ აგიწერთ, ამ წუთას წავიკითხე. საერთოდ ვერ ვკითხულობ ხოლმე დროის უქონლობის გამო, ესეც ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა და ძალიან მომინდა პასუხის გაცემა. ეს ყველაფერი ისეთი გულსატკენია რომ ცრემლი მოგადგება კაცს. ამ წუთას ყველა გაბღენძილი, კადნიერი და უსაფუძვლოდ ამპარტავანი ბევრი ვინმეს ცემა მომინდა, თანაც რამდენი მინახავს ასეთი, ერთმანეთის მლანძღავი, ღვინის ან მართვის სტილის ან საერთოდ კაცის განკითხვაში და დამცირებაში მყოფები. რათქმა უნდა ეს აბსოლუტური სისულელეა, ცემით რას იზამ, მაგრამ ეხლა ეს რეაქცია მაქვს, იმედია აქედან რომ გავალ ქუჩაში არ გადამეყრებიან სანამ მანქანაში ჩავჯდები. საქართველოში ბევრ ოჯახში ვყოფილვარ, ქვევრის ღვინოებიც ბევრი გამისინჟავს, ძალიან ამაყი ადამიანების, რომ შეჰკადრო ღვინო კარგია მაგრამ რაღაც აკლიაო, ისეთი აგრესიულები ხდებიან რომ თავდასაცავად ხელკეტისკენ გაგირბის ხელი: მხოლოდ რამოდენიმეს აღმოაჩნდება ხოლმე ღვინო გარეშე რომ არ აქვს. ცნობილი ბრენდების ქვევრის ღვინოებიც გავსინჯე ამას წინათ, დაიბეჭდა მათ ღვინოებზე კარგიაო და დამაინტერესა, 7-იდან 1 მომეწონა. ალბათ არ მესმის ღვინის გემო როგორი უნდა იყოს, და ალბათ არც არის საჭირო ასეთ რამეებში ჩავერიო. ბოდიშს ვუხდი ყველას თუ ვინმეს ვაწყენინე. ვინ მოაბავს ამას თავს? არა მგონია ამას ეშველოს სანამ ჩვენ თვითიონ არ შევქმნით საქართველოშივე ისეთ ძლიერ და ჯანსაღ კონკურენციას, რომ განათლებით, კომპეტენციით, ობიექტურობით, პროტექციონიზმის უგულებელყოფით, შესაბამისი სტანდარტების შექმნით ან გადმოღებით და პრაქტიკაში განხორციელებით, Dდა ა.შ. გაუტოლდეს დასავლეთ ქვეყნების ბაზრის მოთხოვნებს. გამოიკვლიეთ რამდენად ადეკვატურია საქართველოში მეღვინეობის და ღვინის მარკეტინგის განვითარების კომპონენტები ერთმნანეთთან მიმართებაში, სახემწიფოს ყველაზე თანამედროვე ლაბორატორია პატარა ხეობის პატარა ღვინის საწარმოსთან, მინის ტარის ქარხანა ბოთლების მოთხოვნასთან, სანერგე მეურნეობები საქართველოს მევენახეთა მოთხოვნასთან, გენეტიკური კვლევა მევენახეობაში (თუ ასეთი საერთოდ კიდევ არსებობს) მევენახე გლეხის მოთხოვნასთან აწარმოოს ცალსახად სუფთა ჟიშების სელექცია, და ა. შ. ამას ვინ გააკონტროლებს? ამას თავს ვინ მოაბავს? არის კი ასეთი დეტალური კვლევა/მეცნიერება მეღვინეობის განვითარების სამსახურში დღეს? ან არსებობენ მეღვინობის მარკეტოლოგები საქართველოში? ყველა “ქარხანას” თავისი ჰყავს მგონი. ღვინის კლუბმა მშვენიერი დღესასწაულის მოწყობა გადაწყვიტა, და მგონი გამოუვიდა კიდეც - ახალი ღვინის ფესტივალი ეთნოგრაფიულ მუზეუმში. დადიოდნენ ბევრი სომელიები, ჩვეულებრივი ადამიანები, თანამდენბობების მქონე პირები, არასამთავრობო გაერთიანებების წარმომადგენლები და აგემოვნებდნენ ღვინოებს. ძალიან კარგი დღე იყო. შემდეგ? მე არ ვიცი რა მოხდა შემდეგ, მაგრამ ღვინის კლუბის ლიდერის ამ სტატიას რომ ვკითხულობ, ვხვდები რომ ჯერ მიზერია გაკეთებული ამ ურთუულეს გზაზე. გისურვბთ წარმატებებს! თუმცა, დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ღვინო თავის გზას იპოვის, და თუ ეს მსოფლიო მარკეტზე ჯერ არ გამოვიდა, საკრალური მნიშვნელობა ისედაც უკვე აქვს და კიდევაც ძლიერდება სხვა ქრისტიანულ სათნოებებთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული