Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ექსპორტ-იმპორტის პერიპეტიები

ანუ როგორ დავეხმაროთ ბოთლის ღვინოს

ნანა კობაიძე

ფოტო: ლიზი მარკოიშვილი

რუსეთის მიერ გამოცხადებული ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინო, ფაქტობრივად, გასაღების ბაზრის გარეშე დარჩა, რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ადგილობრივ მწარმოებლებს. პირველი შოკის შემდეგ მწარმოებლები ნელ- ნელა მოეგნენ გონს და მსოფლიოს სხვა ბაზრებისკენაც გაიხედეს. ყველაზე გემრიელი ლუკმა უკრაინა აღმოჩნდა, სადაც ქართული ღვინის ექსპორტს დღემდე ყველაზე დიდი ხვედრითი წილი აქვს. შემდეგი სამიზნე ევროპული და ამერიკული ბაზრებია, სადაც შესვლა შედარებით რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენი მეღვინეები აქაც იკიდებენ ფეხს.

მიუხედავად იმისა, რომ ღვინის სამშობლოობაზე გვაქვს პრეტენზია, მსოფლიოში ქართული ღვინის ცნობადობა საკმაოდ დაბალია. სპეციალისტთა და ღვინის მოყვარულთა ვიწრო წრის გარდა, ჩვენს შესახებ ცოტამ თუ იცის, ამიტომ, პირველ რიგში, სწორი და აგრესიული (კარგი გაგებით) საინფორმაციო პოლიტიკაა გასატარებელი. აქ მხოლოდ თითო- ოროლა კომპანიის პიარ- სტრატეგია ვერაფერს გახდება, თუ საკითხი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში არ ავიდა. მართალია, არის ცალკეული გამონათებები, რაც, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დიდ გამოფენებზე სტენდების დაქირავებით გამოიხატება, თუმცა, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. ამ მხრივ ყველაზე ნაყოფიერი “სამტრესტის” მიერ ცნობილი ბრიტანული ჟურნალის, Harpers Wine&Spirits- ის ჟურნალისტის ჩამოყვანა იყო, რასაც შედეგად მოჰყვა სპეციალური დანართი, რომელიც საქართველოსა და ქართულ ღვინოს ეხება. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში ღვინის გამოცემები საკმაოდ გავლენიანია და მათ სიტყვას წონა აქვს, ეს ფაქტი ქართული ღვინისთვის ბრიტანულ ბაზარზე მშვენიერი რეკლამა გახდება. კარგი იქნება, თუ ამ წამოწყებას გაგრძელება მოჰყვება.

საექსპორტო რუკა

რაც შეეხება თავად მწარმოებლებს, სახელმწიფოს იმედად გულხელდაკრეფილი არ სხედან და თავადვე ცდილობენ ახალი ბაზრების ათვისებას. ამ მხრივ მაის- ივნისი ნაყოფიერი აღმოჩნდა.

ახალ ბაზრებზე გავიდა კომპანია GWS. ახლახანს უზბეკეთის ბაზარზე ჭაჭა გაიტანა, სექტემბრიდან კი ამერიკაში აპირებენ შესვლას. კალიფორნიაში GWS-ის 10-მდე ღვინო გაიყიდება, ძირითადად, ნახევრადტკბილი პროდუქცია. საწყის ეტაპზე 15 ათას ბოთლს გააგზავნიან, შემდგომ მოლაპარაკებებს კი პირველი პარტიის გაყიდვების მიხედვით აწარმოებენ. დღეისათვის მათი პროდუქცია 13 ბაზარზეა წარმოდგენილი. წლის ბოლომდე ექსპორტით მილიონნახევარი ბოთლის გაყიდვაა დაგეგმილი.

აშშ-ს ბაზარზე შედის “კორპორაცია ქართული ღვინოც”. ხელშეკრულება ამერიკელ პარტნიორებთან უკვე გაფორმდა და პირველი პარტიის მიწოდებას ივლის- აგვისტოში ვარაუდობენ. ამ ეტაპზე 100 ათასი ბოთლი გაიგზავნება. კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქციიდან ამერიკელებმა ორიგინალური არჩევანი გააკეთეს და თიხის ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო აირჩიეს, რომელიც სხვადასხვა ქართული ორნამენტითაა გაფორმებული. კომპანიას აქტიური მოლაპარაკება აქვს ლატვიელ პარტნიორებთან, რომლებიც წლის ბოლომდე “კორპორაცია ქართული ღვინის” პროდუქტს ჯერ ლატვიის, შემდეგ კი ბალტიისპირეთის ბაზარზე გაიტანენ. იგეგმება შესვლა თურქულ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნა უკვე არსებობს.

ახალ ბაზარზე შევიდა “თბილღვინოც.” კომპანიამ თავისი ნაწარმი უკვე გაიტანა ფინეთში. 2500 ბოთლი რქაწითელი და საფერავი სასტუმროებსა და რესტორნებში გაიყიდება. საფერავი ფინეთში 5, რქაწითელი კი 4 ევრო ეღირება. შემდგომი შეკვეთების ბედს სწორედ გაყიდვების მაჩვენებელი განსაზღვრავს.

იტალიურ ბაზარზე სამომხმარებლო სეგმენტს აფართოვებს “ბადაგონიც”. ღვინის საერთაშორისო გამოფენა Vinitaly-ს შემდეგ კომპანიის პროდუქციით იტალიელი რესტორატორები დაინტერესდნენ. თუ აქამდე “ბადაგონი” ძირითადად იქაურ სუპერმარკეტებში იყიდებოდა, სულ მალე მის დაგემოვნებას რესტორნების მომხმარებლებიც შეძლებენ. პირველი “იტალიური” კონტეინერი საქართველოდან ივნისში გაიგზავნება.

ქართული ბიოღვინით დაინტერესდა გერმანელ ბიზნესმენთა ჯგუფი. “საფერავი”, რომელსაც ფერმერი გივი ნიკოლაშვილი კახეთში აწარმოებს, ტრადიციული მეთოდებით, ქიმიური დანამატებისა და შხამ- ქიმიკატების გარეშეა დამზადებული. 19-21 თებერვალს გერმანიაში, ბიოპროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე ეს პროდუქტი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანამ” წარადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ გივი ნიკოლაშვილის “საფერავი” პირველი სერთიფიცირებული ბიოღვინოა საქართველოში. გერმანელებმა 300 000 ბოთლის ყიდვის სურვილი გამოთქვეს. უახლოეს მომავალში ქართველი ფერმერი “მანავის მარნის” ღვინის ქარხანაში საექსპორტო პროდუქციის პირველი პარტიის ჩამოსხმას აპირებს.

ახალ ბაზარზე გადის “ვაზი+.” კომპანიამ პირველი ტვირთი იაპონიაში ცოტა ხნის წინ გააგზავნა. ამ ეტაპზე 2 ათას ბოთლს უკვე ჰყავს კონკრეტული მყიდველები. “ვაზი+ ” - ის ღვინომ სამი თვის წინ იაპონიაში გამართულ კონკურსში გაიმარჯვა და ეს შეკვეთაც მაშინ გაფორმდა. სამომავლოდ კომპანიაში არეალის გაფართოებას იმედოვნებენ.

ადგილობრივი ბაზრის სირთულეები

ასე გამოიყურება მაისის თვის საექსპორტო რუქა. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, საქმე შედარებით რთულადაა. ფინანსურმა კრიზისმა ისედაც მძიმე ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. საქართველოში გაყიდვების მაჩვენებლით თითქმის არცერთი ღვინის კომპანია არ არის კმაყოფილი. ქართველები ბოთლის ღვინოს არ ეტანებიან, უცხოელების ზომიერი სმის კულტურა კი გაყიდვებს ნამდვილად ვერ ამოქაჩავს. ძალაუნებურად, ყველა ექსპორტზე ფიქრობს. დიდი კომპანიებისთვის აქაური გაყიდვები შემოსავლების ყველაზე მცირე ნაწილია, შედარებით მცირე მარნებისთვის კი ადგილობრივი ბაზარი ფინანსურად არამომგებიანია. მით უმეტეს, თუ ახალი მოთამაშე ხარ. შემოსვლა საკმაოდ რთულია და სარეკლამო კამპანიაც იმდენად ძვირი ჯდება, დახარჯულ თანხას ვერანაირი გაყიდვებით ვერ ამოიღებო - გვითხრა “დუგლაძეების ღვინოების კომპანიის” მეღვინემ, დავით მაჭავარიანმა. “დუგლაძეები” შედარებით ახალი კომპანიაა და მაღალხარისხიან ღვინოებს აწარმოებს, თუმცა, ზემოხსენებული მიზეზების გამო საქართველოში თავის პროდუქციას არ ყიდის. არც უახლოეს მომავალში აპირებს გეგმების შეცვლას. სამაგიეროდ, სულ მალე ქართულ ბაზარზე ორი საინტერესო კომპანია გამოჩნდება: Schuchmann Wines Georgia და “კახური.”

Schuchmann Wines Georgia გერმანელმა ბიზნესმენმა, ბურკჰარდ შუხმანმა დააფუძნა, 2008 წელს კი კომპანიამ ბუტიკის ტიპის მარანი “ვინოტერა” შეიძინა. მათი ნაწარმი ძირითადად გერმანიაში გადის. ივნისის ბოლოსთვის პრომაისი 2009 მადიანი 11 დუქციას ქართულ ბაზარზე შემოიტანენ. Schuchmann-ის ბრენდით გაიყიდება ევროპული წესით დაყენებული, “ვინოტერას” ბრენდით კი კახური ტექნოლოგიით ქვევრში დაყენებული ღვინოები. კომპანიის ნაწარმი ძირითადად ბუტიკებში და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში გაიყიდება და 15-დან 30 ლარამდე ეღირება.

კომპანია “კახური” სამმა ქართველმა მეღვინემ 2000 წელს დააარსა. ვენახები ნაფარეულში აქვთ გაშენებული და ადგილობრივებისგან ყურძენსაც ყიდულობენ. ამჟამად 13 სახეობის ღვინოს აწარმოებენ. მათი პროდუქცია ძირითადად გერმანიაში, ჩეხეთსა და უკრაინაშია წარმოდგენილი, ივნისიდან კი ქართულ ბაზარზეც შემოვლენ. ამისათვის კომპანიაში რებრენდინგი განხორციელდა. შეიცვალა ლოგო, ბოთლის ეტიკეტი და სარეკლამო ბუკლეტის დიზაინი. სეზონიდან გამომდინარე, ღვინოს ჯერ თელავისა და სიღნაღის რესტორნებში შეიტანენ, სექტემბრიდან კი თბილისშიც გამოჩნდებიან.

(არა) პოპულარული ბოთლის ღვინო

ბოლო წლებში ქართველი მეღვინეები ერთმანეთზე უკეთეს ღვინოს აყენებენ. ამ მხრივ ემბარგომ სასიკეთოდ იმოქმედა და ჩვენი ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ქართველი კაცი მაინც ჩამოსასხმელს ირჩევს. ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ფასს ასახელებენ, ანუ, ბოთლის ღვინო გაცილებით ძვირია, თუმცა, პირადად ჩემი აზრით, მთავარი ფაქტორი მაინც ღვინის სმის დაბალი კულტურა, უფრო სწორად, უკულტურობაა. ქართული მენტალიტეტი ჭიქა ღვინოსთან გატარებულ საღამოს არ ცნობს. სუფრა, სადაც კაცი 3-4 ლიტრ ღვინოს არ დალევს, სუფრად არ ითვლება, ამ შემთხვევაში კი ბოთლის ღვინით ფონს ვერ გახვალ. 10-12 ლარიანი ღვინის ყიდვას 2-3 ლარად ჩამოსასხმელის შეძენა სჯობს. მართალია, ეს უფრო ღვინისმაგვარი სითხეა, სამაგიეროდ, იაფია და იმ ფონზე, როდესაც მოწონება- არმოწონების მიუხედავად, მასზე უარს არავინ იტყვის, საუკეთესო გამოსავალია. რა თქმა უნდა, არსებობს, ძალიან კარგი “ჩამოსასხმელებიც”, მაგრამ მათი წილი იმდენად მცირეა ქართულ ბაზარზე, განსაკუთრებით კი თბილისურ რესტორნებში, რომ ფართო მომხმარებელი, შეიძლება ითქვას, ვერც კი აგნებს ამ ღვინოებს.

ჩვენს მოსაზრებას “ტფილისის მარანი”- ს დირექტორი, გიორგი სამანიშვილიც ეთანხმება: “მთავარი პრობლემა დაბალი სამომხმარებლო კულტურაა: ქართველები ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს და მეტს - რაოდენობას. ეს, ალბათ, გაჭირვებამ მოიტანა. მთელს მსოფლიოში ხარისხიან ღვინოს ძირითადად საშუალო და მაღალი ფენა მოიხმარს. როდესაც საქართველოში ჩამოყალიბდება საკუთარი თავის პატივისმცემელი ფენა, რომლისთვისაც არ იქნება სულერთი, რას დალევს, ვითარებაც შეიცვლება”.

ბოთლის ღვინის არაპოპულარობას კიდევ ერთი ფაქტორი განაპირობებს. კერძოდ, ის, რომ საქართველოში თითქმის ყოველ მეორე ოჯახში აყენებენ ღვინოს და ყველაზე ნატურალურ, სანდო და გემრიელ დასალევად სწორედ საკუთარი ხელით შექმნილი სასმელი მიაჩნიათ. მასპინძელს ურჩევნია, წვეულებაზე თავისი დაწურულით მოიწონოს თავი, ვიდრე სხვისი, თუნდაც საუკეთესო ღვინით. ამას ემატება კომუნისტების დროიდან, განსაკუთრებით კი პირველი პოსტკომუნისტური წლებიდან შემორჩენილი უნდობლობა ბოთლის ღვინის მიმართ. ამის მაგალითად ოთარ იოსელიანის “გიორგობისთვეც” კმარა.

ერთი სიტყვით, ბოთლის ღვინის საწინააღმდგოდ ჯერ კიდევ ბევრი რამ მუშაობს. რით შეიძლება ამასთან ბრძოლა? ერთი შეხედვით, ფასების დაწევით, რასაც ამ ეტაპზე მხოლოდ “ბადაგონმა” მიმართა. კომპანიამ 7 დასახელების ღვინო გააიაფა, მათ შორის: “ვაზისუბანი”, “მწვანე”, “ალაზნის ველები”, “დიდროანი”, “ფიროსმანი”, “ახაშენი” და იტალიური შუშხუნა “პროზეკო”. თუმცა, დაწევაც არის და დაწევაც. ძვირიან ღვინოს შედარებით გააიაფებ, მაგრამ არის გარკვეული ზღვარი, რომლის ქვემოთ ჩამოსვლაც არ შეიძლება. როგორც კომპანია “ბესინის” დირექტორმა, არჩილ ლობჟანიძემ გვითხრა, მეტი რაღა უნდა გავაიაფოთ, 8 ლარი ღირს “გუდვილში” ერთი ბოთლი “წინანდალი”. ამაზე ნაკლები უკვე ღვინის შეურაცხყოფააო და მართალიც არის.

არის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი გზა, რომელიც მომხმარებლის კულტურის ამაღლებას გულისხმობს. დროა, ქართველებმა ვისწავლოთ, როდის, როგორ და რასთან რა უნდა დავლიოთ. მწვადს ნახევრადტკბილი წითელი რომ არ უნდა მიაყოლო და ნამცხვარს ქვევრში დაყენებული კახური - ელემენტარულია და ამის უცოდინრობა ღვინის ქვეყანაში სირცხვილია. ისიც სირცხვილია, ბევრს ქინძმარაული და ხვანჭკარა ყურძნის ჯიში რომ ჰგონია. დასკვნა მარტივია: როგორც ბევრ რამეში, აქაც განათლება გვაკლია. ერთი სიტყვით, სამკალი ბევრი არს, ჰოდა, მივხედოთ საქმეს.

© ნანა კობაიძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.