Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ფესტივალის კალენდარი - დეკემბერი

ნათია ჯინჯოლავა

დეკემბრის თვეში საშობაო სამზადისში გართული და მოფუსფუსე ღვინის მოყვარულთა საზოგადოება განსაკუთრებული მნიშვნელობის ღვინის ფესტივალების და ამ ტიპის სხვადასხვა ღონისძიებების განხრით ერთგვარ შესვენებას აცხადებს და დანარჩენი მსოფლიოს საყოველთაო საზეიმო განწყობას აყოლილი უარს ამბობს  სერიოზულ და გლამურულ, მაღალი კლასის ღონისძიებებზე. სამაგიეროდ, ზუსტად იგივე მიზეზით, სწორედ ამ დროს იმართება უბრალო მოკვდავთათვის განკუთვნილი წლის ღვინისა და საჭმლის ფესტივალების, ბაზრობებისა და დღესასწაულების უდიდესი ნაწილი - უფრო ლოკალური მნიშვნელობის, უფრო ნაკლები ღირებულების, უფრო სახალხო, სახალისო და გასართობი. ასე რომ, თუკი საშობაო არდედეგების გატარებას ქვეყნის გარეთ განიზრახავთ, შეგიძლიათ ლამაზად მორთულ გარემოსა და შოპინგის გარდა, ადგილობრივ დღესასწაულებსაც ესტუმროთ და იქაურ მეწარმეთა საუკეთესო ღვინით ჩაიკოკლოზინოთ ყელი და თვალსაც წყალი დაალევინოთ. ოღონდ ერთი რამეც გაითვალისწინეთ, საშობაოდ ევროპა თუ უფრო დიდ ყურადღებას საჭმელს და ტკბილეულს უთმობს, ამერიკაში ღვინოსთან დაკავშირებული მოვლენების უმეტესობა სწორედ დეკემბერზე მოდის. მაშ, ასე:

30 ნოემბერი-2 დეკემბერი, ფრანსჰოკის შუშხუნა ღვინოებისა და შამპანურის ფესტივალი „ბუშტების მაგია“ (სამხრეთ აფრიკა) Franschhoek „Magic of Bubbles” Cap Classique and Champagne Festival- გურმანთა დედაქალაქად წოდებული სოფელი ფრანსჰოკის ისტორიულ სასახლე - „ჰუგენოტის მონუმენტში“ მეღვინეობის მორიგი სეზონის თუ წლის დამაგვირგვინებელ მოვლენზე შამპანურისა და შუშხუნა ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. ეს ყოველწლიური ფესტივალი იმდენად პოპულარულია, რომ შარშანდელ შეკრებას „Villera“-ს,„Simonsig“-ისა  და თვით „Veuve Clicquot“-ს შამპანურის სახლების წარმომადგენელებიც კი ესწრებოდნენ. „მასტერ ქარდის“ მიერ ორგანიზებული ღვინის დღესასწაული ფრანსჰოკის დაბლობის ულამაზეს ვენახებში სამხრეთ აფრიკის უმშვენიერესი ბუნების ფონზე, ნამდვილი ფრანგული ტრადიციებითა და შიკით მიმდინარეობს. ადგილობრივი შუშხუნა ღვინოების მწარმოებლები და მათი კოლეგები შამპანიდან თავიანთ ნაწარს, სამი საკმაოდ ინტენსიური და ღონისძიებებითა და გასართობი პროგრამით ერთნაირად დატვირთული დღის განმავლობაში გამოფენენ სპეციალისტთა სამსჯავროზე.

1 დეკემბერი, ცოცხალი მუსიკის საღამო ვინა რობლესში ( აშშ , კალიფორნია) Saturdey Live at Vina Robles– სანტა-ბარბარასთან საკმაოდ ახლოს მდებარე ამ შესანიშნავ კალიფორნიულ ღვინის მეურნეობაში ამერიკული საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი მომღერლების, სინდერ ჯინისა და რობერტ ტომასის ცოცხალი შესრულების ფონზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ არაერთი საერთაშორიოს პრიზის მფლობელი „Vina Robles“-ს ღვინოები და ამ პერიოდისათვის ჩვენთვის უჩვეულო კალიფორნიულ ზამთრის სითბოში საკმაოდ სასიამოვნო დღე გაატაროთ.

სხვათა შორის, იგივე რანჩოზე 15 დეკემბერს მელანი დივეინის კონცერტიც გაიმართება.

1 დეკემბერი, ცოცხალი  მუსიკა და სანტა მირაკლ ველიში (აშშ, ვაიომინგი) Live Music and Santa at Miracle Valley- მშვიდ გარემოში ოჯახური დასვენებისა და ზამთრის სუსხის მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ ეს პროგრამა -  უფროსებისათვის, მირაკლ ველის მარნის ადგილობრივი წარმოების შესანიშნავი ღვინოები და სხვადასხვა კონკურსები, ექსკურსიები და ატრაქციონები, ბავშვებისთვის კი სანტა, ელფები და ზამთრის გასართობი თამაშებია გათვალისწინებული.

5-6 დეკემბერი, ფედ-სკვერის ღვინის გამოფენა (ავსტრალია, მელბურნი) Fed Square Wine Showcase– მელბურნში, ფედერაციის მოედანზე ყოველი თვის დასაწყისში ღვინის ფესტივალი იმართება, რომელზეც ვიქტორიას რეგიონის მეღვინეები თავის უახლეს ნაწარმს გამოფენენ. ყოველი მორიგი ფესტივალი ახალ ღვინის მეურნეობას მასპინძლობს, დამსწრე საზოგადოება კი კენჭისყრაში მონაწილეობს და პროფესინოლაური ჟიურის წევრებს „ხალხის სიმპატიის“ მფლობელი ღვინის გამოვლენაში ეხმარება.

8 დეკემბერი, ღვინის, შოკოლადისა და ყველის ფესტივალი ოურეიში (აშშ, კოლორადო) Wine, Chocolate and Cheese Festival- ამ შაბათ დღეს ერთნაირად წარმატებულად შეგიძლიათ დატკბეთ, ჩემი გაგებით, ადამიანური ცხოვრების და ფუფუნების სამი უმთავრესი კომპონენტით - მაღალი ხარისხის ღვინით, გემრიელი შოკოლადითა და ნატურალური ყველით. გარდა ამისა, ფესტივალის ორგანიზატორები, მსურველებს ჯერ ზამთრის ზღაპრული სამყაროს წარმომადგენლების კოსტუმში გამოწყობას და მერე საუკეთესო კოსტუმის კონკურსში მონაწილეობასაც სთავაზობენ.

8 დეკემბერი, „დიდი ყლუპი“ გრინსბოროში (აშშ, ჩრდილოეთ კაროლინა) The Big Sip- ქალაქ გრინისბოროს „კოლიზეუმის პავილიონში“ ადგილობრივი, რეგიონალური და სრულიადამერიკული სასმელების გამოფენა-დეგუსტაცია იმრთება. შოუზე, „Connoisiur Session“-ის ბედნიერი ბილეთის მფლობელები (რომლის შეძენაც წინასწარაა შესაძლებელი) ყველა წარმოდგენილი კატეგორიაში - ღვინო, მაგარი ალკოჰოლური სასმელები, ლუდი და ყავა - გამარჯვებულს გამოავლენენ და მერე, ღონისძიების ორგანიზატორებისგან საჩუქრად მომავალი წლის ფესტივალის 2-2 ბილეთს იღებენ.

8 დეკემბერი, ჰეითსის უნივერსიტეტის მეორე ყოველწლიური საარდედეგებო შოუ (აშშ, ოჰაიო) Univerity Heights 2nd Annual Holiday Show– ვისაც სტუდენტური  უდარდელობა და სილაღე მოგენატრათ, კლივლენდში, „Cedar Green Wine & Cheese Market“-ს ეწვიეთ და ადგილობრივ ახალგაზრდობათან და ტურისტებთან ერთად 2 ათასამდე სხვადასხვა სახეობის საუკეთესო ღვინო და ორასამდე მარკის ლუდი დააგემოვნეთ. გამოფენაზე, „რატომ უნდა იყიდო იაფიანი ღვინო ძვირად, როცა შეგიძლია ძვირიანის იაფად ყიდვა“-ს ეგიდით წარმოდგენილი ღვინოების ფასი 5 დოლარიდან 1100 დოლარის ფარგლებში მერყეობს. 

8-9 დეკემბერი, ყველის და ღვინის გამოფენა ჰერმანში (აშშ, მონტანა) Say Cheese Wine Trial- ამ მეტად მხიარულ და საინტერესო ფესტივალზე ჰერმანის შვიდი მარნიდან წარმოდგენილი ღვინოები საგანგებოდაა დაწყვილებული და შეხამებული ხვადასხვა სახეობის ყველის კერძებთან. ეს ღონისძიება იმდენად პოპულარულია, რომ მისი ბილეთები კარგახნით ადრე მთავრდება და გამოფენის წინ მათი ყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია. წლევანდელი ფესტივალის მენიუ დაახლოებით ასე გამოიყურება: „შარდონე“ და ყველი ბრის კრეპები არტიშოკის კრემ-სოუსით; „ვიდალ ბლანკი“ და ყველი გრუიერის ფუნთუშები; „ვინიოლე“ და ყველი პარმეზანის კიში ბოსტნეულით და ა.შ.

8-9 დეკემბერი, ღვინის და შოკოლადის ფესტივალი კლერმონტში (აშშ, ფლორიდა)- შუაგულ დეკემბერში ფლორიდის მზე, ზღვა და ადგილობრივი მუსიკოსების მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკა ლეიკრიჯის მარნის ღვინოსა და ლუდთან ერთად -  რაღა უნდა ინატრო ადამიანმა ამაზე მეტი? ამას დაუმატეთ საუკეთესო ხარისხის შოკოლადი, უგემრიელესი საჭელი, ღვინის ტურები ახლო-მახლო ღვინის მეურნეობებში და ცხოვრება მართლაც მშვენიერი გახდება.

14-17 დეკემბერი, „ფრეტი პაიკი“ ბუნვილში (აშშ, კალიფორნია) Fratty Pike in Boonville -ქალაქი ბუნვილის დაუნთაუნის ოთხი სადეგუსტაციო დარბაზი - „Fousight Wines“, „Londer Vineyards“, „Philo Ridge Vineyards“, და „Zina Hyde Cunningham“-ი ღია კარის დღეს აცხადებს და მსურველებს „ღვინის მსვლელობაში“ ანუ როგორც ბუნვილელები ეძახიან „ფრეტი პაიკში“ მონაწილეობის მისაღებად უხმობს. ასე რომ, ადგილობრივი ღვინოების დაგემომვნებისა და გემრიელი საჭმლის მოყვარულები ფესტივალის განმავლობაში ერთი სადეგუტაციო დარბაზიდან მეორეში ფეხით დასეირნობენ, სვამენ, ჭამენ და ჯილდოდ საგანგებოდ ამ დღისათვის შექმნილ „Holyday Special“-ს ღებულობენ.

15 დეკემბერი, ლაშქრობა გალენას ვენახებში  (აშშ, ილინოისი) Hike the Vines- გალენას ღვინის მეურნეობა თავის სტუმრებს თოვლიანი ვენახების ფეხით ან თხილამურებით დალაშქვრასა და მერე გასათბობად უგემრიელესი ღვინის დეგუსტაციასა და სხვადასხვა სახეობის ყველის ფართო ასორტიმენტს თავაზობს სახლში გამომცხვარ კრეკერებთან ერთად. ამ ექსკლუზიურ გართობაზე იმდენად დიდი მთხოვნაა, რომ მსურველებმა, ტურის შესაკვეთად თადარიგი წინდაწინ უნდა დაიჭიროთ. თუმცა, 10 კაცისაგან შემდგარი ჯგუფის შეკრებისას, მასპინძლები რიგგარეშე, დაუგეგმავ ექსკურსიებსაც აწყობენ.

22 დეკემბერი, გაესირნება ღვინის ტრამვაით (აშშ, კალიფორნია, ნაპას დაბლობი) Napa Valley Wine Trolley- ნაპას დაბლობის საშობაო ღვინის ტრამვაი ნებისმიერი ასაკის უფროსებს თუ ბავშვებს მოციმციმე ნათურების გირლიანდებით გაჩახჩახებულ ჯადოსნურ მოგზაურობაში (Holiday Light Tour) ეპატიჟება. საახალწო დეკორაციებით მორთული ნაპას დალობისა და მისი ვიქტორიანული ეპოქის სტილში გაშენებული სამეზობლოს დათვალიერების კვალდაკვალ, ტრამვაის მგზავრებს  საშობაო ქორალები, ქაფქაფა შოკოლადი, ფერად-ფერადი კანფეტები, თაფლაკვერები და, რასაკვირველია, სახელგანთქმული ადგილობრივი ღვინოც ელოდებათ.

ამ თვეში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაგეგმილ ღვინოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს რაც შეხება, ინტერნეტის თვალუწვდენელ სივრცეში დიდხანს ვიბოდიალე და რამდენიმე საახალწლო ტურის გარდა, რომელშიც კახეთში მოგზაურობა და ღვინის დეგუტაცია შედიოდა - ვერაფერი ვიპოვე. თუმცა, ალბათ ისიც არ მენახა, ჯობდა - ერთმანეთში უმოწყალოდაა არეული შემეცნებითი (რელიგიური) და გასართობი ტურების პროგრამა. ქართულად, ერთი სროლით ვკლავთ ორ კურდღელს. შინაარსობრივად გაუმართავ და უზუსტო ინფორმაციაში, ურიცხვი ეკლესიების მონახულებებს შორის ჩაკვეხებული თამადიანი ქეიფები, ხაში ჭაჭით და გოგირდის აბანოები, ცოტა არ იყოს არასწორად მომეჩვენა. ჩემი აზრით, ან ეკლესიებში უნდა იარო და ან სვა, ან რიგრიგობით მაინც და არა ერთად. ანუ ერთი ტაძრიდან რომ უცხოელს გამოიყვან, მერე კარგად დაათრობ, მეორეში შეიყვან, იქიდან მექისესთან აბანოში გაასეირნებ და ისევ ტაძრის კარს მიაყენებ, მემგონი მაინცდამაინც კარგ შთაბეჭდილებას ვერ შეუქმნის ჩვენზე და ჩვენს ტრადიციებზე. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სადილზე პირის გასასველებლად გამოტანილ ჭიქა ღვინოსაც უსირცხვილოდ დეგუსტაციას არქმევენ ჩვენი ტურ-ოპერატორები. ერთი სიტყვით, ამ სფეროში მეტი ფანტაზიისა და მონდომების გამოჩენა აშკარად არ გვაწყენდა, მამდე კი დამდეგ ახალ წელს და შობას გილოცავთ და ერთი თვით გემშვიდობებით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.