Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ელიზბარ თალაკვაძე: ”საქართველოს ღვინის ბაზარი საკმაოდ დიდია!”

კარდანახული წარაფის ავტორი ღვინოზე, ვენახზე და ქართული ღვინის მომავალზე...

ლევან სეფისკვერაძე

უკვე ოთხი წელია, რაც ქართულ ღვინის ბაზარზე ახალი ღვინის მცირე კომპანია, ”ელიზბარ თალაკვაძე და შვილები” გამოჩნდა. კომპანია სოფელ კარდანახში მოწეული რქაწითელიდან ტრადიციუალი კახური მეთოდით ქვევრის წარაფს აყენებს და ამ ღვინომ გარკვეული პოპულარობა უკვე დაიმსახურა. კომპანიის მფლობელი, სპეციალობით ექიმი ელიზბარ თალაკვაძე, საქართველოში რუსეთიდან 2008 წელს დაბრუნდა და ამის შემდეგ, მთელს დროსა და ენერგიას ღვინოს ახმარს.  

ბევრი წარაფი და ცოტა საფერავი

დღეს კომპანიის წარმოების მოცულობა დაახლოებით ოც ტონა ღვინოს შეადგენს წლის მანძილზე. წელს დაახლოებით 40 ტონა ყურძენი მიიღეს. ელიზბარ თალაკვაძე მომავალში ჭაჭის წარმოებასაც აპირებს. 2008-2009 წლის მოსავლის ჭაჭა ახლა ქვევრებში აქვთ შენახული და მომავლისათვის მის ბოთლებში ჩამოსხმასა და რეალიზაციას გეგემავენ, თუმცა ჯერ სამწუხაროდ საკუთარი ე.წ. “ზავოდი“ არა აქვთ და უნდათ, რომ რომ საკუთარ “ზავოდში“ გამოხადონ ჭაჭა. ამჟამად ღვინოს სამი ფორმით ყიდიან: სამლიტრიანი მინის სპეციალური ჭურჭლით, კლასიკური ღვინის ბოთლით და ჩამოსახმელი ღვინის სახით.

ელიზბარ თალაკვაძე, მეღვინე:”ჩვენი მარანი დაარსდა 2008 წელს, სოფელ კარდანახში. როდესაც ვენახისათვის ვეძებდით ადგილს, სოფელი კარდანახი ავირჩიეთ, რადგან მივიჩნიეთ, რომ იქ მოწეული ყურძენი საუკეთესო უნდა ყოფილიყო ქვევრის კახური ღვინის დასაყენებლად. თავიდან ყველაფერი ქვევრების ჩაყრით დავიწყეთ. შევიძინეთ 60-მდე ქვევრი. თვითოეული ქვევრის მოცულობა დაახლოებით 2.5 ტონაა. შემდეგ დავიწყეთ მარნის მშენებლობაც. პირველი რთველი ჩავატარეთ მინდორში, რადგან მაშინ შენობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. დავდგით კარვები და იქ მივიღეთ პირველი მოსავალი. ახლა მარანი თითქმის ბოლომდეა დასრულებული და დარჩენილია მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ჩვენი მარანი სოფელ კარდანახში არის უბან ხევისუბანში, რომელიც ვენახებთან ერთად, ახოებს ესაზღვრება”

ძირითადად წარაფს აყენებენ. თუმცა მცირე რაოდენობით ახოების საფერავსაც აწარმოებენ. კომპანიაში ღვინოს ტრადიციული კახური წესით, ქვევრში ჭაჭაზე ექვსთვიანი დაყოვნებით აყენებენ. თუმცა, ქვევრში მხოლოდ კლერტის 20% ტოვებენ.

ცოტა ხნის წინ, თბილისში ცნობილი რესტორნის, “საჭაშნიკეს“ ადგილზე, ელიზბარ თალაკვაძემ “ქართული ღვინის ცენტრიც“ დააარსა. ცენტრის ძირითადი მიზნები კომპანიისათვის კომერციული მოგებიც გაზრდაა, თუმცა ამასთან ერთად, ცენტრის დამარსებლებს უნდათ, რომ ხელი გლეხებსაც შეუწყონ. ის რაც ქართული ღვინის ბაზარზე ხდება, კომპანიის მესვეურების აზრით, აუცილებლად უნდა შეიცვალოს და გამოსწორდეს. კერძოდ, ელიზბარ თალაკვაძე და მისი მეგობრები ფიქრობენ, რომ ქართული ღვინის ბაზარს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს და ეს რესურსი გამოუყენებებელია. პირველი და მთავარი ისაა, რომ საქართველოში არის ძალიან ცოტა ღვინის მწარმოებელი. ჩვენთან დაახლოებით 40-მდე ღვინის მწარმოებელია, როდესაც ამდენი მწარმოებელი შეიძლება ერთ ნორმალურ ფრანგულ სოფელში იყოს. ფრანგულ შამპანურს დღეს საფრანგეთში აწარმოებს დაახლოებით 40 ათასი დიდი თუ პატარა კომპანია. ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება. “ქართული ღვინის ცენტრს“ სურს, რომ ქართველ გლეხებს მევენახეებიდან მეღვინეებად გადაქცევაში შეუწყონ ხელი და გლეხებმა თავიანთი მთელი წლის მოსავალი ყურძენი კაპიკებში კი არ ჩააბარონ, არამედ ღვინოდ აქციონ და ამ გზით ისინი ქართულ მეღვინეობასაც წაადგებიან.

ღვინო და ამბიციები

“ქართველებს ძალიან დიდი ამბიციები გვაქვს. ითვლება, რომ საქართველო არის ღვინის აკვანი და ჩვენ ვასწავლიდით ყველას ღვინის დაყენებას. ამ დროს კი რეალობა სულ სხვაგვარია. დღეს საქართველოში წარმოებული ღვინის ხარიხი სამწუხაროდ ძალიან დაბალია. ამის პირველი მიზეზი არის ის, რომ ვენახები საქართველოში არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, როგორმა ვენახმაც მაღალი ხარისხის ღვინო უნდა მოგვცეს. ვგულისხმობ თუნდაც ვენახში ვაზების სიმჭიდროვეს. ჩვენთან ერთ ჰექტარ მიწაზე ხშირად გაშენებულია 3 ათასი ძირი ვაზი. ამ დროს, დასავლეთ ევროპაში ნორმალური ვენახი ერთ ჰექტარზე იწყება 6-7 ათასი ძირიდან. ზოგიერთ ვენახებში სიმჭიდროვე ერთ ჰექტარზე ადის 10-12 ათას ძირამდე.

ჩვენ გვინდა, რომ მაღალხარისხიანი და სწორად მოვლილი ვენახის თვისებები გადავიყვანოთ ღვინოში. თუკი ტერუარის თვისებები ვერ გადადის ვენახში, მაშინ ღვინო გამოდის უხასიათო და ერთმანეთის მსგავსი. ამიტომ არის ხოლმე, რომ ხშირად სხვადასახვა საფერავები: ყვარლიდან, ანაგადან, საგარეჯოდან, თელავიდან, (სხვადასხვა წელს დაწურული და სხვადასხვაგვარად მოვლილი) მაინც ერთმანეთს ჰგავს. როდესაც ვენახში ცოტა მცენარეა და ვაზი დატვირთულია, ყოველთვის ასე მოხდება. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ აქედან გამოსავალი მხოლოდ ვენახის ნაკლებად დატვირთვა იქნება. მაგრამ, ეს ძნელი გასაკეთებელია, რადგან მევენახეები უარს იშვიათად იტყვიან მოსავლის უმეტეს ნაწილზე (მით უმეტეს ჩვენს ეკონომიურ პირობებში).

გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ახალი ვენახები მაინც უნდა გაშენდეს წესისა და რიგის მიხედვით. შესაბამისად კონკრეტული მიკროზონების მიწის პოტენციალისა. დიდი პოტენციალი ყველა მიწას რა თქმა უნდა არა აქვს. საფრანგეთში მაგალითად არის ვენახები და რაიონები, სადაც აშენებენ ჩვენსავით 3 ათას ძირიან ვენახებს, მაგრამ ეს არის რაონები, სადაც ყენდება იაფი ღვინოები და ასეთი ღვინის ავტორებს ღვინის განსაკუთრებულ ხარისხზე არა აქვთ პრეტენზია. ვიცი რომ ყველა ეს პრობლემა ადვილად ვერ გადაწყდება ჩვენს ქვეყანაში და დაახლოებით 200 წლის სამუშაოა. მაგრამ, საქმე როდესმე ხომ უნდა დაიწყოს?!“ – ამბობს ელიზბარ თალაკვაძე.

სამწუხარო რეალობაა, რომ გლეხების დიდ ნაწილს, რომლებსაც არ შეუძლიათ, მომხმარებლამდე საკუთარი ღვინო მიიტანონ, იძულებულები არიან, მოწეული ყურძენი ქარხნებში ჩააბარონ, ანდა კერძო პირებზე გაყიდონ. შესაბამისად, სიტუაცია არ იცვლება და გლეხების ეს ღვინოები არ ჩნდება ბაზარზე. უკვე ოც წელზე მეტია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და ამ დროის მანძილზე ე.წ. გლეხურ ღვინოს საშველი ვერა და ვერ დაადგა. “ქართული ღვინის ცენტრი“ გლეხებს დაეხმარება იმით, რომ ისინი გლეხებს შესთავაზებენ ღვინის ბოთლში ჩამოსხმას (ღვინის ყველა პროცესს თავის ჩამოსხმასთან ერთად, გლეხებიც დაესწრებიან), დაახურებენ საცობს, გაუკეთებენ ეტიკეტს და დადებენ მაღაზიებში.

ევროპული პერსპექტივები

“ქართული ღვინის ცენტრში“ ასევე არის საკმაოდ ცნობილი რესტორანიც. ამ რესტორნის დარბაზში რამდენიმე ფილმიც კი არის გადაღებული. რესტორნაში და ღვინის ბარში გაიყიდება თითქმის ყველა ქართული ღვინო, რაც დღეს საქართველოში იწარმოება (საუბარია როგორც დიდი კომპანიების, ასევე მცირე მარნების ღვინოებზე). ცენტრში ამბიცია და სურვილი აქვთ, რომ როდესაც მათთან ადამიანი მივა (ქართველი თუ უცხოელი) მის მიერ დასახელებული ნებისმიერი ღვინო ჰქონდეთ და სიტყვა ”არა” არაფერზე თქვან.

”ხალხს უფრო იოლად დასალევი ღვინოები მოსწონს. ძალიან რთულია ამასთან შესაბამისობაში მოსვლა, მაგრამ ვცდილობთ, რომ ჩვენი ღვინო განსაკუთრებით არ გადავტვირთოთ. სწორედ ამიტომაც არის, რომ ქვევრში კლერტის მხოლოდ 20% ვტოვებთ. უნდა ითქვას, რომ გაყიდვების რაოდენობა კი იზრდება, მაგრამ ეს პროცესი მაინც მძიმედ და ნელი ტემპით მიდის. კომპანიის წარმოების ზრდა სწორედ მას შემდეგ დაიგეგმება, როდესაც გაყიდვები გაიზრდება” – ფიქრობენ კარდანახული წარაფის ავტორები.

ელიზბარ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ღვინის ბაზარი არის საკმაოდ დიდი და იმედი აქვს, რომ როდესაც ფალსიფიკაცია შემცირდება, კიდევ უფრო მეტ კარგ მეღვინეს ექნება ბაზარზე შესვლის საშუალება. კომპანია მომავალში რასაკვირველია უცხოეთის ბაზარზეც აპირებს გასვლას. თუმცა ამჟამად ამის ამბიცია ნაკლებად აქვთ. ჯერ მარანის მშენებლობაა დასასრულებელი, ტექნოლოგიური პროცესია ასაწყობი, ღვინის ხარისხია კიდევ უფო დასახვეწი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უცხოეთის ბაზარზე გასვლაზე ფიქრი.

კომპანიაში ფიქრობენ, რომ როდესაც მათი წარაფის ექსპორტზე გატანას გადაწყვეტენ, პირველ რიგში მიზნად დასავლეთ ევროპის ბაზარი ექნებათ დასახული, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზარი მათთვის ნაკლებად საინტერესოა. ნაკლებად საინტერესოა თუნდაც იმიტომ, რომ ამ ქვეყნებში ძირითადი მოთხოვნა ნახვერად ტკბილ ქართულ ღვინოებზეა, ელიზბარ თალაკვაძე და მისი მეგობრები კი კახურ მშრალ ღვინოს აყენებენ.

“ღვინის ხარისხს ყოველთვის დიდ ყურადღებას მივაქცევთ!”

ელიზბარ თალაკვაძეს პარტნიორებთან ერთად ახლა უკვე საკუთარი ღვინის ქარხნაც აქვს. ცოტა ხნის წინ შეიძინეს კარდანახის ძველი ქარხანა. (კარდანახის პირველი ქარხანა) რომელიც თითქმის ათი წლის მანძილზე იყო მიტოვებული. ქარხანა ბოლო პერიოდში ”საფოსტო ბანკის” მფლობელობაში იყო. შემდეგ, ”საფოსტო ბანკი” გაკოტრდა და ამ ბანკის ლიკვიდაციის პროცესში, აუქციონზე ქარხანა ფირმა “ქართულმა ტრადიციებმა” შეიძინა. ამ ქარხანაში შარშან უკვე დააყენეს სოფელ ხირსას ვენახებიდან მოწეული პირველი მოსავლის ღვინო. ღვინო ამჯერად ევროპულად დააყენეს და კომპანიის მესვეურებს იმედი აქვთ, რომ მომავალში ტრადიციული კახურის გარდა, მომხმარებელს კლასიკური (ევროპული) მეთოდით დაყენებულ ღვინოებსაც შესთავაზებენ.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 180 ქვევრი, ახლადშეძენილ ღვინის ქარხანაშიც დახვდათ. ამ ქვევრებს რეაბილიტაცია და მოვლა სჭირდებათ და შესაძლებელია, უახლოეს მომავალში კახური ღვინისათვის ეს ქვევრებიც გამოიყენონ. მარანი, ”ელიზბარ თალაკვაძე და შვილები” ოჯახური ბიზნესია და მხოლოდ ელიზბარ თალაკვაძესა და მის ოჯახს ეკუთვნის. ქარხანაში კი ბატონი ელიზბარი პარტნიორებთან ერთად მუშაობს.

ელიზბარ თალაკვაძე: ”ერთი პერიოდი ძალიან დიდი პრობლემა შეგვექმნა ღვინის ჭურჭელთან დაკავშირებით. სამლიტრიანი მინის ჭურჭლის თავსახურები, რომლებიც ჩვენ ვიყიდეთ, თავიდან სამწუხაროიდ უხარისხო გამოდგა და ჰაერს ატარებდა. ამის გამო, კომპანიამ საკმაოდ იზარალა. თუმცა, შემდეგ პრობლემა მალევე მოგვარდა და დღეს ღვინის შენახვის პრობლემა პრაქტიკულად აღარ არსებობს. მომხმარებელს ვპირდებით, რომ ღვინის ხარისხს ყოველთვის დიდ ყურადღებას მივაქცევთ. ნამდვილად გვაქვს იმის ამბიცია, რომ გამორჩეული ღვინო ვაწარმოოთ. ჩვენს ფირმას ჰქვია “ქართული ტრადიციები” და ფირმის ემბლემა არის ქართველი თამადის ქანდაკება, რომელიც საქართველოში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზნები არის ქართული ტრადიციების აღდგენა და ზოგიერთი ტრადიციის საერთოდ თავიდან ჩამოყალიბება”.

”ელიზბარ თალაკვაძე და შვილები”, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წელია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, ქართველი მოხმარებლების ერთ ნაწილში უკვე საკმაოდ პოპულარული ღვინის მწარმოებელი მარანია. მით უმეტეს, რომ კახურ წარაფს დღეს სულ ორიოდე კომპანია აწარმოებს. ელიზბარ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საუკეთესო ღვინის ჩამოსხმამდე ჯერ კიდევ დიდი დრო აქვთ გასავლელი და საამისოდ ბევრი შრომა სჭირდებათ. უშრომლად მართლაც არაფერი კეთდება!

© ღვინის კლუბი/Weekend



თუ ბატონი ელიზბარი ფიქრობს რომ კარდენახში გლეხისთვის პრობლმას ღვინის ბოთლში ჩამოსხმაა ჩემი აზრით ძალიან ცდება, რადგან პრობლემა გლეხის ღვინის ხარისხია და მისი დაავედებები რომელიც 90% ღვინოში გვხდება და არა ბოთლში ჩამოსხმა.


ჩემი აზრით კი სწორადაც მოიქცევა თუ არ დაელოდება ამ დაავადებული ღვინის 90%-ის გამოსწორებას. იმ შემთხვევაში თუ დარჩენილი 10%-ს ჯანსაღ ღვინოებს ჩამოასხავენ-რეალიზაციას გაუკეთებენ იმ 90%-ის ნახევარი მაინც, ყოველგვარი თხოვნისა და ძალდატანების გარეშე სასწრაფოდ ეცდება უფრო ხარისხიანი ღვინის დამზადებას, და ათპროცენტიანთა რიგებში მოხვედრას


ვეთანხმები აისბერგს, 10 % იქნება მაგალითის მიმცემი დანარჩენი 90$-ისთვის, როგორც რამდენიმე წლის წინ ორი-სამი მსხვილი კომპანია გახდა დანარჩენი კომპანიებისთვის მაგალითის მიმცემი, როცა თავიანთი ხარისხიანი პროდუქციით აჩვენებს კონკურენტებს, რომ საჭიროა ხარისხის ამაღლება და არა რუსეთის ბაზარზე ჭყვამპალა და დაავადებული ღვინოების გადატვირტვა! ჩემი აზრით, დაახლოებით მსგავსი პროცესი მიდის ახლა ოჯახურ მარნებში და ეს ბევრად უფრო კარგ შედეგს მოუტანს ქართულ მეღვინეობას რამდენიმე წელიწადში, ვიდრე მსხვილი კომპანიების აღნიშნული ტრანსფორმაცია.


Gamarjobat. Me gawuxebt polonetidan, dainteresebuli var tkveni gvinit da gtxovt tu shedzlebt rom gadmogvigzavnot tkveni saeqsporto rezumi, ucxour valutashi magalitad dolarshi an evroshi mailze : georgi196220@gmail.com. winsawar didi madloba.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.