Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პალმერი და მისი ალტერ ეგო

მარგოდ წოდებულ მედოკის ერთ-ერთ აპელასიონს ღვინის მოყვარულნი კარგად იცნობენ.  მიწა, რომელიც 4137-აკრზეა გადაჭიმული, cru classes რეკორდულ რაოდენობას აერთიანებს. Grands crus აქ მეტია, ვიდრე სენტ-ესტეფში, პოიაკსა და მედოკში. პოიაკისგან განსხვავებით, მარგოში მხოლოდ ერთი 1-er cru-ა, შეუდარებელი Chateau Margaux. სამაგიეროდ, აქ არის  Chateau Palmer - ერთ-ერთი მედოკის შატოთაგან, რომელიც რობერტ პარკერის აზრით, პირველი კლასის წოდებას იმსახურებს. სწორედ მის შესახებ გიამბობთ ამ სტატიაში.

Noblesse Oblige

იშვიათია, ბორდოული შატოს სახელი ინტერნაციონალურად ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩახლართულ ფრანგულ სახელწოდებებს შეჩვეული გარესამყაროსთვის Chateau Palmer ადვილი წარმოსათქმელია. თავად ფრანგებისთვის ეს სიტყვა ძალზე მიწიერია, შესაძლოა მისი ანგლოსაქსონური ეტიმოლოგიის გამო, თუმცა აშკარაა, რომ ლამანშს გაღმა "პალმერს" გაცილებით ხშირად ახსენებენ, ვიდრე სხვა შატოებს, რომელთა სახელიც გენეალოგიური წიგნის ჩანაწერს უფრო ჰგავს, ვიდრე ვენახისას.

შატო საკმაოდ მკვიდრად და გემოვნებით არის ნაშენები, თუმცა ინდივიდუალობა აკლია. ამ შენობის შემხედვარეს იქ ცხოვრება ნაკლებად მოგინდება და არც უცხოვრია არავის. ძმები პერეირები, რომელთაც თავის დროზე ეს ნაგებობა დადგეს, კვირა დღის გასატარებლად იყენებდნენ, ამჟამად კი ვენახის სტუმრებს მასპინძლობენ. რაც შეეხება ღვინოს, მართლაც ძალიან კარგია და Premiers crus არ ჩამოუვარდება, მაგრამ მლობელები ხარისხის შენარჩუნებას ვერ ახერხებენ – ერთ წელიწადს შეიძლება შესანიშნავი იყოს, მეორეს – იმედი გაგიცრუოთ. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად პალმერი 3-eme cru-დ მიიჩნევა, მისი ძირითადი ღვინო პირველი კლასის ფასად იყიდება. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ამ წერილში ვისაუბრებთ, შატოს მეორე ღვინოს ეხება (რომელიც სინამდვილეში სულაც არაა ცუდი) - ეს არის Alter Ego de Palmer. თუმცა, სანამ ამ თემას შევეხებით, შატოს  ისტორიას გადავხედოთ.

ერთი ნახვით შეყვარება

იმ ადგილას, სადაც Chateau Palmer მდებარეობს, XVIII საუკუნემდე მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა. ამ მიწის მფლობელად სხვადასხვა ისტორიულ წყაროში გასკების ოჯახი მოიხსენიება, რომელთა სახელი კარდინალ რიშელიეს, მოგვიანებით კი ლუდოვიკო XV-ის სამეფო კარზეც იყო ცნობილი. საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ, ნაპოლეონის ეპოქაში მათ მძიმე დრო დაუდგათ. 1814 წელს გასკების მამული, სახელად Chateau Gascq გასაყიდად გაიტანეს. მყიდველიც სწრაფად მოიძებნა.

ინგლისელი ოფიცრის, ჩარლზ პალმერის ოჯახი XVIII საუკუნეში ლუდსახარშისა და საბაყლოს ხარჯზე გამდიდრდა. ჩარლზი XIX საუკუნის დასაწყისის ინგლისელი დენდის მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობდა. დრაგუნთა მეათე პოლკის გენერლის წოდებაც კი იყიდა. პოლკის, სადაც ყველაზე მდიდარი ოფიცრები მსახურობდნენ, თუმცა ხანდახან მათაც უწევდათ დილიჟანსით სიარული. ერთ-ერთი მგზავრობისას ჩარლზი ეტლს შეუერთდა, რომლითაც ბლეზ ჟან გასკოს ქვრივი, მარი დე ფერეირი მიდიოდა. ქალბატონს საკუთარი ვენახების გაყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი. მარი დე ფერეირი გენერალს ღვინით გაუმასპინძლდა, რომელიც მას უზომოდ მოეწონა. არანაკლებ მოხიბლა ქვრივის სილამაზემაც და სულ მალე, 1814 წლის 16 ივნისს ჩარლზ პალმერმა Chateau Gascq 100 ათას ფრანკად შეიძინა. ფრანგები ამბობენ, რომ ამ ისტორიაში ბევრი რამ გამოგონილია, თუმცა მთავარი ისაა, რომ პალმერმა გადაწყვიტა სერიოზულად მოკიდებოდა მევენახეობას. კანტენაკში რამდენიმე მიწის ნაკვეთი შეიძინა, ასევე - ვენახები ჟირონდას მეორე ნაპირზე, რომელთაც ასევე Chateau Palmer უწოდა. როდესაც მიწებს არ ყიდულობდა, ფულს ახალი წნეხების, ფერმენტაციისთვის განკუთვნილი კასრებისა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად ხარჯავდა. გენერლის ხელგაშლილი ცხოვრების ფონზე ხარჯები შთამბეჭდავი არ ჩანდა, მაგრამ 1843 წელს, როდესაც პალმერი გაკოტრდა, ძნელი იყო განსჯა, რამ გამოიწვია ეს შედეგი – არაგონივრულმა ინვესტირებამ თუ დაქირავებულ მსახურთა გულგრილობამ. შატო დააყადაღეს და ცოტა ხანში გაყიდეს კიდეც.

ხელიდან გაშვებული შანსი

1853 წელს ვენახი ორმა ბანკირმა იყიდა. ესენი იყვნენ ემილი და ისააკ როდრიგეს-პერეირები, რომლებიც დიდ ქონებას ფლობდნენ. სხვა დანარჩენთან შედარებით შატო მათთვის წვრილი საკუთრება იყო, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო. სწორედ მათ ააშენეს მამულში ახალი სახლი, რომელიც დღესაც ახარებს მნახველის თვალს. ამის მიუხედავად, 1855 წლის ცნობილ კლასიფიკაციაში პალმერმა შესაფერისი ადგილი ვერ დაიკავა. ლეგენდარული პარიზული გამოფენის მომენტში პერეირებს მამული ორი წლის ნაყიდი ჰქონდათ და წლობით მიშვებული ვითარების გამოსწორება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, Grand cru-ს ხუთი ქვეკლასიდან ვენახმა მესამე ადგილი დაიკავა, რაც სულაც არ იყო ურიგო მაჩვენებელი.

1874 წელს მედოკში ფილოქსერა გაჩნდა, მას ფხვნილისებური ობის რამდენიმე რეციდივი მოჰყვა. მთელი ეს პერიოდი პერეირებს შატო უყურადღებოდ ჰქონდათ მიტოვებული. ვითარება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამოსწორდა, მაგრამ დიდი დეპრესიის პერიოდში ისევ გაუარესდა. 1938 წელს პერეირებმა ვენახების გაყიდვა გადაწყვიტეს. მსურველები საკმაოდ გამოჩნდნენ. ამისათვის სამი ძველი სანეგოციანტო სახლი გაერთიანდა - Ginestet, Mahler-Besse დაSichel, ასევე ორი ძმა - ედუარდ და ლუის მიალები, რომლებიც იმ დროისათვის ვენახს მართავდნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შატო ყურადღების ცენტრში იყო. მფლობელთა შემადგენლობა გამუდმებით იცვლებოდა, იმის მიხედვით, თუ როგორ ყიდდნენ მათი შთამომავლები აქციებს, თუმცა სამი დროშა, რომელიც ფრანგებს,ინგლისელებსა და ჰოლანდიელებს წარმოადგენს, შატოს თავზე დღესაც ფრიალებს.

ზომიერება და წესრიგი

Chateau Palmer-სმრავალი წელი მართავდა შარდოების ოჯახი. ცოდნისა და გამოცდილების, სტილის არაჩვეულებრივი შეგრძნებისა და გასაოცარი ეკონომიურობის გამო კლანის ყველა წევრი დიდი პატივისცემით სარგებლობდა. შარდოების მეორე თაობის წარმომადგენლები - კლოდი და ივი, რომელთაც ცხოვრება ამ ვენახს მიუძღვნეს, პენსიაზე 1996 წელს გავიდნენ. მათი ადგილი 22 წლის ბერტრან ბუტეიემ დაიკავა, რომელთა დედაც მალერ-ბესების ოჯახს ეკუთვნოდა. იმ დროისთვის შატოში არაერთი ცვლილება მოხდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ Palmer-ის ღვინოები ტრადიციული მეთოდით მზადდებოდა. ძირითად პოლიტიკად ზომიერი მიდგომა იქცა, რომელიც მავნებლებისა და სოკოს საწინააღმდეგო შეწამვლას ზღუდავდა. ეს არ იყო ორგანული მიწათმოქმედება თანამედროვე გაგებით, რადგან ქიმიური ნივთიერებები მაინც გამოიყენებოდა, თუმცა ვაზს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში წამლავდნენ.

პეტრუსის კვალზე

ვაზის ჯიშების შეფარდება Palmer-ის მამულში უნიკალურია ჟირონდის მარცხენა სანაპიროსთვის. 47% მერლო - მხარეში, სადაც სახელსა და დიდებაზე მეოცნებე მეღვინეები კაბერნეს ანიჭებენ უპირატესობას, იშვიათობაა. სწორედMმერლოს მაღალი შემცველობა განაპირობებს მსგავსებას პომროლის ღვინოებთან გემოს, არომატისა და სხეულიანობის თვალსაზრისით. ეს კარგად გააზრებული ევოლუციის შედეგია და არა ისტორიულად განპირობებული შემთხვევითობის, როგორც ხშირად ხდება ხოლმე.

ჩარლზ პალმერი, რომლის დროსაც რეგიონში მერლოს გაშენება დაიწყო, ამ ჯიშს ფრთხილად ეკიდებოდა. მის აზრს მისი შთამომავლებიც იზიარებდნენ, ასე რომ, 1920 წლამდე მერლოს წილი 3%-ს არ აღემატებოდა. მომდევნო ათწლეულში ეს ციფრი ნელ-ნელა გაიზარდა და 1950-იანებში 60%-ს მიაღწია! ამჟამად ეს მაჩვენებელი შემცირებულია, მაგრამ მარგოსთვის 47%-იც ძალიან ბევრია.

წლების განმავლობაში მერყეობდა პტი ვერდოს წილიც. მედოკის სხვა აპელასიონებში ეს ჯიში თითქმის არ მოჰყავდათ, მაგრამ მარგოს ღვინოებისთვის, რომლებიც სენტ-ესტეფსა და პოიაკთან შედარებით ოდნავ მსუბუქია, იგი თითქოს ბოლო წვეთია, რომელიც სასმელს სრულყოფილ ფერსა და სტრუქტურას ანიჭებს.

პიტერ სიჩელი, რომელიც 1970-80-იან წლებში მამულის მთავარი იდეოლოგი იყო, პტი ვერდოს დიდი თაყვანისმცემელი არ გახლდათ. მის დროს ამ ჯიშის ნარგავები 3%-მდე შემცირდა. სიჩელი მიიჩნევდა, რომ მოუსავლიან წლებში, როდესაც პტი ვერდო სჭირდებოდათ, ეს ჯიში არათანაბრად მწიფდებოდა, კარგ წლებში კი სულაც არ იყო საჭირო. Aამის მიუხედავად, მისი გარდაცვალების შემდეგ პტი ვერდოს წილმა ისევ 6%-ს მიაღწია. ამჟამად სერიოზულად ფიქრობენ, როგორ მიაღწიონ ამ ჯიშის თანაბარ სიმწიფეს ყველაზე ცუდ წლებშიც კი. როგორც ჩანს, გარკვეული გამოსავალი მოიძებნა, რადგან მისი წილი ვენახში 8%-მდე გაიზარდა. "პტი ვერდოს კარგად დამწიფება შესაძლებელია, თუ მის მოსავლიანობას შევინარჩუნებთ 25-30 ჰლ/ჰა-ზე - ამბობს ბერნარ დე ლააჟ დე მე. - დღესდღეობით სიმწიფის კონტროლი გაცილებით ეფექტურად შეიძლება. ამისთვის სხვადასხვა საშუალება არსებობს: ნიადაგის გამოკვლევა, გასხვლა, რომელიც მოსავლიანობას ამცირებს. თუმცა ჩვენ ამ უკანასკნელს დიდ პატივს არ ვცემთ და მხოლოდ პტი ვერდოსთვის ვიყენებთ. ბოლო წლებში შევძელით მოსავლიანობის სტაბილურად შენარჩუნება და ეს 46/48 ჰლ/ჰა-ზე შეადგენს."

არაგონივრული ალტერნატივა

შატოს ძირითად ღვინოში მერლოს იმაზე ნაკლებად იყენებენ, ვიდრე ამას ვენახის რეალური ჯიშური შემადგენლობა ითვალისწინებს. სამაგიეროდ, მისგან გაცილებით მეტს იღებს მამულის მეორე სიამაყე – Alter Ego de Palmer. ის ბევრად რბილია და უფრო სწრაფადაც ღვინდება. Chateau Palmer-თან დაკავშირებითადგილი აქვს ერთ უცნაურობას, რომელსაც თითქმის ყველა ავტორიტეტი აღნიშნავს: მეორე ღვინო Palmer-ისგან არ არის ცუდი ხარისხის სასმელი. მართალია, გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე უფრო დღეგრძელი და კონცენტრირებული Chateau Palmer, მაგრამ ის შესანიშნავია! თუ ამ სიტყვებმა დაგაბნიათ, შევეცდებით ვითარებაში გაგარკვიოთ. Alter Ego de Palmer  - ალტერნატიული ღვინოა. ზოგადად, მეორე ღვინოდ ნარჩენებისგან დამზადებული სასმელი იწოდება, მაგრამ Palmer-ისთვის Alter Ego მისი ინდივიდუალობის კიდევ ერთი გამოხატულებაა, რაზეც სახელწოდებაც მეტყველებს. ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკა, რომელიც ამ ღვინის განდიდებას ისახავს მიზნად, კარგია Alter Ego-სთვის და არცთუ სახარბიელო - Chateau Palmer-ისთვის. ამ საკითხით დაინტერესებული ერთი ბორდოელი, რომელიც Alter Ego-სთან დაკავშირებული დეტალებს იკვლევდა, საბოლოოდ ვერაფერში გაერკვა. იგი ცდილობდა გაეგო, რატომ არჩევენ შატოს მეპატრონეები ისეთივე მონდომებით ყურძენს მეორე ღვინისთვის, როგორც ძირითადი ღვინის შემთხვევაში, თუმცა დასაბუთებული პასუხი ვერ მიიღო. "ჩემთვის გაუგებარია, იმ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე ზედმეტმა ქულამ შეიძლება ღვინის რეპუტაციისა და ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს, რატომ არ აყენებს Chateau Palmer გაცილებით ცოტა გამოკვეთილად მაღალი ხარისხის ღვინოს და არ გადააქცევს Alter Ego-ს ჩვეულებრივ მეორე ღვინოდ. არც პალმერის საწინააღმდეგო მაქვს რამე და არც მათი მარკეტინგული ინოვაციების, უბრალოდ, ვერ გამიგია და რა ვქნა" - ამბობს იგი. ძნელია არ დაეთანხმო.                                                                                      

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.