Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის სექტორის სოლიდარობა უკრაინას

მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენაა მიპყრობილი. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, მთავარ ინტერესს ომის განვითარება, ადამიანების სიცოცხლე და რუსეთის შეკავება წარმოადგენს. ამასთან ერთად, დასავლეთმა რუსეთს არაერთი ეკონომიკური თუ სხვა სახის სანქცია დაუწესა, რაც უამრავ სფეროზე იქონიებს გავლენას. მოვლენებს ღვინის სექტორის სხვადასხვა რგოლიც გამოეხმაურა.

ლანა ბორტოლო, ღვინის მწერალი, ფორბსზე აქვეყნებს სტატიას, სადაც მიმდინარე მოვლენებს უკრაინული ღვინის ისტორიის მოკლე მიმოხილვით ეხმაურება. უკრაინა მოხსენიებულია, როგორც აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო, რომელსაც დიდი ხნის წარსული აქვს. ამ მხრივ განსაკუთრებული კი ყირიმის რეგიონია, სადაც ღვინის კულტურა ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნით თარიღდება. ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ სირთულეებს მეღვინეობაზეც ჰქონდა გავლენა, რაც ახლაც გრძელდება.

როგორც ევროპის სხვა სახელმწიფოებში,  შუა საუკუნეების ყირიმშიც სასულიერო პირები ავრცელებდნენ ღვინის კულტურას, რასაც არაერთი ისტორიული დოკუმენტი მოწმობს. მეღვინეობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მეცხრამეტე საუკუნეში შეიძინა, როდესაც მიხეილ ვორონცოვი  ამ რეგიონის ღვინის კულტურით დაინტერესდა, წერს ბორტოლო. 1829 წელს ყირიმის მეღვინეობის პირველი სკოლა ჩამოყალიბდა ქალაქ იალტაში, რომელიც დღეს სამწუხაროდ რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორიაა.

ვორონცოვის შემდეგ, რუსეთის იმპერიაში უკრაინული ღვინო კვლავ აქტუალური იყო. ნიკოლოზ II-ს  საზაფხულო სასახლისთვის ღვინის მარნის გაკეთება სურდა, ამიტომაც შვიდი მიწისქვეშა გვირაბი ააშენებინა, რომლებიც 25 000 ლიტრ კასრის ღვინოსა და მილიონ ბოთლს იტევდა, მოგვიანებით მას მასანდრას ღვინის ქარხანა ეწოდა. ამავე პერიოდს უკავშირდება თანამედროვე მეღვინეობის განვითარება, 600-მდე ვაზის ჯიშის გაშენება და უკრაინული ცქრიალა ღვინის წარმოშობაც.

უკრაინის მსგავსად, მასანდრას ღვინის ქარხანაც უამრავ პოლიტიკურ კონფლიქტს გადაურჩა. ის დაპირისპირების საგნად ნაცისტებსა და სტალინს შორისაც იქცა, უფრო ვრცლად ამ მოვლენებზე ჯონ ბეიკერის 2020 წლის წიგნში, სტალინის ღვინის მარანშია (John Baker, Stalin’s Wine Cellar, 2020) ლაპარაკი. ეს მარანი მნიშვნელოვანი იყო გორბაჩოვის 1980-იანი წლების  „მშრალი კანონის“ დროსაც.

ავტორს ასევე მოჰყავს მასანდრას ყოფილი დირექტორის, ნიკოლაი ბოიკოს სიტყვები, რომ ეს მარანი ვატიკანივით თავისი წესებით, სხვებისგან დამოუკიდებლად, არსებობდა. თუმცა, 2014 წელს რუსეთის მიერ  ყირიმის ოკუპაციის გამო, მარანმა ეს სტატუსი დაკარგა. ნიკოლაი ბოიკოსა და მის მემკვიდრეს რუსეთის პროკურატურამ ბრალი წაუყენა, გაფლანგვისა და თაღლითობის გამო. ერთ-ერთი მიზეზი კი 1775 წლის ხერესის საკოლექციო ბოთლის ვლადიმერ პუტინისა და იტალიის პრემიერ სილვიო ბერლუსკონისთვის გახსნა იყო.

2014 წლის შემდეგ ეს ისტორიული მარანი პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილია. უკრაინელებისთვის მასანდრა ისტორიული მემკვიდრეობაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყირიმის რეგიონისა და ღვინის სექტორისთვის, - ვკითხულობთ ბორტოლოს სტატიაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს Wine-searcher ეხმაურება. სტატიაში მოვლენებისადმი ევროპის ღვინის ბაზრის რეაქციაა აღწერილი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ღვინის სექტორის წარმომადგენლებიც შეაშფოთა. საფრანგეთის პრემიერმა ემანუელ მაკრონმა, ღვინისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციებმა თუ ევროკავშირის წარმომადგენლებმა რუსეთში ღვინის ექსპორტის მომავლის განხილვა უკვე დაიწყეს.

საფრანგეთის მაღალჩინოსნების განცხადებით, ომს რუსეთში ფრანგული ღვინის ექსპორტზე აუცილებლად ექნება გავლენა. ასევე თავად კრემლის მხრიდან სანქციებზეცაა ლაპარაკი. ამ საკითხს იტალიაშიც მნიშვნელოვანი გამოხმაურება ჰქონდა. სტატიაში იტალია, საქართველოსთან ერთად, რუსეთის ბაზრის ერთ-ერთ მთავარ ექსპორტიორადაა მოხსენიებული. ასევე, ესპანეთიც მნიშვნელოვანი ექსპორტიორია. წინასწარ გააზრებული ზარალის მიუხედავად, ევროპის ქვეყნები რუსული ბაზრის მოსალოდნელ დახურვას მნიშვნელოვნად არ აღიქვამენ, რადგან  ეს ბაზარი მთლიანად რეგიონისთვის ნაკლებად სტრატეგიულია, სანქციები კი თავად რუსეთს უფრო მეტად დააზარალებს.

რუსულ აგრესიას ეხმაურებიან ამერიკის სხვადასხვა შტატშიც. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის სენატორი ინიციატივით გამოდის, რომ ABC საბჭომ  რუსული არაყი აკრძალოს. „როგორც ჩრდილოეთ კაროლინას ბევრი სხვა მოქალაქე, უკრაინაში რუსეთის შეჭრით სრულიად შეძრწუნებული ვარ და ვეძებ გზებს როგორ გამოვხატო რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩემი პოზიცია“ - აცხადებს სენატორი. იქიდან გამომდინარე, რომ არაყი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პრიდუქტია რუსეთისთვის, სენატორის აზრით, მნიშვნელოვანია ამ პროდუქტზე უარის თქმა. მისივე აზრით, ეს ადგილობრივ ბაზარს ზიანს არ მოუტანს, რადგან თავად ამერიკული წარმოებისა თუ ევროპიდან იმპორტირებული არაყი იყიდება შტატებში.

უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს ღვინის კერძო სექტორიც. მაგალითად, დენვერში არაერთმა ბარმა და ალკოჰოლურმა მაღაზიამ რუსულ პროდუქციას ბოიკოტი უკვე გამოუცხადა. ერთ-ერთი ბარის მეპატრონის თქმით, ამერიკული ღვინის ბაზარზე ბევრი სხვა ქვეყნის ღვინო იყიდება, ამიტომაც რუსულ პროდუქტზე უარის თქმა პრობლემა არ იქნება, ასევე, არყის ბაზარზეც არაერთი ალტერნატივაა.  ეს კი აუცილებელია სოლიდარობის გამოსახატად. ამ ინიციატივას ტექსასის შტატიც შეუერთდა.

ბუფალოს მაღაზიებიც უარს ამბობენ რუსული ალკოჰოლის გაყიდვაზე. დასავლეთ ნიუ-იორკის მაღაზიებმაც რუსული პროდუქტის თავიანთ თაროებზე განთავსებაზე უარი თქვეს. სოციალურ მედიაში არაერთი ალკოჰოლური კომპანიისა თუ გაერთიანების წარმომადგენლები აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას და უარს ამბობენ რუსული პროდუქციის გაყიდვაზე.

© საქართველოს ღვინის კლუბი



იმედია ყირიმსაც დაიბრუნებს უკრაინა!


ბოიკოს ისტორიაზე გადავირიე :) 1775 წლის ხერესის საკოლექციო ბოთლს რო ვლადიმერ პუტინსა და იტალიის პრემიერ სილვიო ბერლუსკონის გაუხსნი :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული