რეზო ქვაჭრელიშვილი
აუდიო მოისმინეთ აქ
ქართველ ემიგრანტს, რა თქმა უნდა, ქართული ყველაფერი ენატრება, მათ შორის, ღვინოც. მახსოვს, პირველად ქართული ღვინო ნიუ-იორკში ვნახეთ მე და ჩემმა მეგობრებმა 2000 წელს, ბრაიტონ ბიჩზე - რუსებით და პოსტ-საბჭოთა ერებით დასახლებულ რაიონში. ჩემდა გასაოცრად, ამ მაღაზიას ამერიკულობის დიდი არაფერი ეტყობოდა. თავი მოსკოვის ერთ-ერთ გასტრონომში მეგონა. ჰოდა, ამ რუსულ გასტრონომში "ახოტნიჩი კალბასებთან" და თევზის კონსერვებთან ერთად, ქართული ბორჯომი და ღვინოც იყიდებოდა. მაგრად გაგვიხარდა, ვიყიდეთ და მოგვიანებით კარგადაც მოვულხინეთ.
მას შემდეგ წლები გავიდა და ჩემმა ღვინოსთან სიახლოვემ და ინტერესმა სხვა სიღრმე შეიძინა. 2007 წელს ჩემი ამერიკელი მეგობრისგან გავიგე, რომ ჩვენს ქალაქში, ქლივლენდში, არსებობდა ღვინის სპეციალისტის პროფესიონალური სკოლა, American Wine School, რომელიც დაფუძნებულია ლონდონში არსებული ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინსტიტუტის, WSET-ის პროგრამაზე. ამ პროგრამას წარმატებული ღვინის სპეციალისტი და ადგილობრივი “სელებრითი”, Marianne Frantz ხელმძღვანელობს. ეს ქალბატონი, ამჟამად, ორმაგ ხარისხზე მუშაობს და სადაცაა Master of Wine და Master of Sommelier გახდება, რაც ძალიან რთულად მისაღწევი და იშვიათი მოვლენაა.
მეტს აბა რას ვინატრებდი ამ შუაგულ ამერიკაში?! სასწრაფოდ ჩავერთე ღვინის ახლა უკვე პროფესიონალურად შესწავლაში (ჩემი ბექგრაუნდი მედიცინა და ჯანდაცვაა, და აქაც ამ პროფესიით ვარ დაკავებული). მოკლედ, ერთი წელი მევენახეობა-მეღვინეობისა და ღვინის ინდუსტრიის შესწავლას დავუთმე. ამაზე სასიამოვნო და საინტერესო კი კლასების მიმდინარეობისას დაჭაშნიკებული ასობით თეთრი, ვარდისფერი, წითელი, მშრალი, ნახევრად მშრალი, დამტკბარი, შემაგრებული, ცქრიალა თუ შუშხუნა ღვინოების დეგუსტაცია იყო მსოფლიოს მრავალი ღვინის მწარმოებელი რეგიონიდან. ბოლოს, წერითი გამოცდების და დახურული დეგუსტაციის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, სერთიფიცირებული ღვინის სპეციალისტი გავხდი. მაგ დღეს ცა ქუდად არ მყოფნიდა და დედამიწა ქალამნად. მითუმეტეს, ჩემი 32 კლასელიდან მხოლოდ შვიდმა გამოვიცანით საგამოცდო ღვინო, ესპანური Fino Sherry, საკმაოდ უცნაური და იშვიათი ღვინო სამხრეთ-ესპანეთის პროვინცია ხერესიდან (Jerez).
ჩემდა სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალში ქართული ღვინო არ იყო. ალბათ, ბრიტანელ ღვინის სპეციალისტებს, ამ პროგრამის შედგენის დროს, არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების და მრავალსაუკუნოვანი ქართული ღვინის კულტურის შესახებ. თუმცა, ბოლო წლებში ქართული ღვინის კომპანიების წარმატებები ევროპულ ბაზარზე, ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარობის ზრდას და მისი ისტორიული მნიშვნელობის გაცნობიერებას. ეს კი, დარწმუნებული ვარ, მომავალში განაპირობებს ქართული ღვინის და მეღვინეობის ტრადიციების ასახვას საგანმანათლებლო და შემეცნებით ლიტერატურაში.
ჩემი American Wine School-თან ურთიერთობა აქ არ დამთავრებულა. დავმეგობრდი Marianne Frantz-თან და მის სკოლადამთავრებულ ბევრ ღვინის ენთუზიასტთან, ახლა უკვე ღვინის სპეციალისტთან, რომელთაგან ზოგიერთი უკვე პროფესიულადაა ჩართული ღვინის დისტრიბუციასა და კონსალტინგში. ხშირად ვიკრიბებით და ვატარებთ ღვინის დეგუსტაციებს. ამას წინათ, ჩემი საქართველოდან ჩამოტანილი, ერთ-ერთი კომპანიის ღვინოები გავასინჯე. ზოგი მეტად მოეწონათ, ზოგიც - ნაკლებად. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, არც ერთს არ დაუტოვებია მათზე განსაცვიფრებელი შთაბეჭდილება. ყველაზე მეტად, მაინც ქვევრში დაყენებული საფერავით დაინტერესდნენ, რომელიც შედარებით კომპლექსური, დაბალანსებული და ხანგრძლივ-არომატიანი აღმოჩნდა. ისე, ჩვენს შტატში ქართულ ღვინოებს ნაკლებად ნახავთ და თუ სადმე წააწყდებით, ისიც რუსულ მაღაზიებში, საეჭვო წარმომავლობის და ხარისხის “ქინძმარაულსა” და “ხვანჭკარას”.
ბედნიერება მქონდა მემოგზაურა კალიფორნიაშიც, კერძოდ, ნაპაში, რომელიც ამერიკაში მევენახეობა-მეღვინეობის ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონად ითვლება. ახლაც არ მინელდება ის აღტაცება, რაც იქ განვიცადე. 2008 წლის მაისი იყო, ვენახი - ახლად შეფოთლილი და ყვავილობაში შესული. ვესტუმრეთ ბევრ ცნობილ ღვინის ქარხანას და დავაჭაშნიკეთ უამრავი ღვინო.
ამის გარდა, ყოველწლიურად, ნოემბერში და ახლა უკვე მაისშიც, Marianne Frantz-ის ორგანიზებით ვაწყობთ სამდღიან ღვინის გამოფენა–დეგუსტაციას, რომელსაც ათასობით მნახველი სტუმრობს. ამ გამოფენა-გაყიდვაზე ყველა ტიპისა და კონტინენტის ღვინოებს ნახავთ, ახალ-ზელანდიური Sauvignon Blanc-იდან დაწებული კანადური Ice Wine-ით დამთავრებული, თუმცა, სამწუხაროდ, ქართულ ღვინოს აქაც ვერ იპოვით. ჩემი ოცნება და მიზანი კი სწორედ ესაა: ამ გამოფენაზე მალე ვიხილო საქართველოს დროშა და ქართული ღვინით გაოცებული ღვინის სპეციალისტების და მოყვარულების სახეები.
ამერიკა უზარმაზარი და თანაც მზარდი ბაზარია,რომელმაც ღვინის მოხმარების მოცულობით სულ ახლახანს ტრადიციულ ლიდერს, საფრანგეთს, გაუსწრო. თვალსა და ხელს შუა ხდება ამერიკის ლუდის და ვისკის ქვეყნიდან ღვინის ქვეყანად ტრანსფორმაცია. ამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ბაზარზე ქართულ ღვინოსაც აქვს პოტენციალი. დარწმუნებული ვარ რომ ცოტა მარკეტინგისა და PR-ის დახმარებითქართული ღვინოც დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ღვინის მაღაზიების თაროებზე და ღვინის მოყვარულთა გულებში.
© რადიო "ცხელი შოკოლადი"
თქვენი კომენტარი