Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი - უკვე მესამედ

მალხაზ ხარბედია

12 მაისს, შაბათს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ღვინის ფესტივალი 2012 გაიმართება. ამ დღესასწაულს ღვინის კლუბი უკვე მესამეჯერ მართავს და ნელ–ნელა ამკვიდრებს ტრადიციას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ახალი ხილი იყო საქართველოში. მეღვინეობით განთქმულ თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია, მარტო Beaujolais Nouveau–ს ხსენება რად ღირს, დღესასწაულისა, რომელიც აუარება ტურისტს იზიდავს საფრანგეთის ერთ პატარა რეგიონში. ასეთი დღესასწაულები იმართება ესპანეთშიც, ასევე იტალიაში, პორტუგალიაში, აშშ–ში, ახალ ზელანდიაში და სხვ.

ჩვენი ფესტივალი ერთად–ერთი სივრცეა საქართველოში, სადაც ყველა სახეობისა და ტიპის ღვინის გასინჯვა შეგიძლიათ – მსხვილი ღვინის საწარმოებით დაწყებული – მცირე და ოჯახური მარნებით დამთავრებული, უცნობი თუ ნაცნობი ჯიშები.  კლუბში გუშინ დავასრულეთ ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნების შერჩევა და გაირკვა, რომ 60 პრეტენდენტიდან მხოლოდ ნახევარი, 30–მდე ოჯახური მარანი მიიღებდა მონაწილეობას ფესტივალზე. კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან, გურიიდან, რაჭა–ლეჩხუმიდან და ქართული მეღვინეობის სხვა რეგიონებიდან სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოტანილი ღვინოები იმედია ბევრს დაამახსოვრებს თავს. ზოგი მათგანი, როგორც გითხარით, კარგად ნაცნობი ჯიშებიდანაა დაყენებული – რქაწითელს, საფერავს, მწვანე კახურს, ციცქას, ცოლიკოურს და ჩინურს ბევრი იცნობს, თუმცა მათ გარდა სხვა ჯიშებიც გვექნება – ვარდისფერი რქაწითელი, შავკაპიტო, თავკვერი, ხიხვი, ქისი, კრახუნა, უსახელოური,ჩხავერი, ოცხანური საფერე, ალექსანდროული, მუჯურეთული,ოჯალეში, კუნძა, გრძელმტევანა,ჭუმუტა, ჩიტისკვერცხა და სხვ.

ღვინის კომპანიები ისეთ ღვინოებს წარმოადგენენ ფესტივალზე, რომელიც ჯერ არავის გაუსინჯავს. "ახალი ღვინის ფესტივალის" არსი სწორედ ამაში მდგომარეობს, პირველებმა გავსინჯოთ ახალგაზრდა ღვინო და პირველი დასკვნები გავაკეთოთ გასული წლის მოსავლის შესახებ.

გასასინჯი კი ძალიან ბევრი იქნება, ასეულობით ღვინო. სწორედ ამიტომ, ჩემი მეგობრული რჩევა იქნება ერთ კონკრეტულ ღვინოს კი ნუ დაეწაფებით ფესტივალზე, არამედ შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი გასინჯოთ. ფესტივალზე შესაძლებელი იქნება სპეციალური სადეგუსტაციო ჭიქების შეძენა, რომელიც პატარა, ყელსაკიდიან ჩანთაში იქნება მოთავსებული. ეს ჭიქა საშუალებას მოგცემთ ბოლომდე შეიგრძნოთ ღვინის მთელი სიკეთე, დატკბეთ ღვინის გარეგნობით, სურნელით, გემოთი და ამ გემოს ხანგრძლივობით. დაასხმევინეთ ცოტ–ცოტა და ეცადეთ კარგად დაიმახსოვროთ ის ღვინოები, რომლებიც მოგეწონებათ, დაიმახსოვრეთ სურნელები, გემოები, განცდები, ჩაინიშნეთ სოფლის სახელები, ვენახის სახელწოდებები, დაიმახსოვრეთ ჯიშები, მეღვინეების სახელები და გვარები. გასინჯვისას შეიძლება შეთვრეთ კიდევაც, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ, არაფერი სჯობს შთაბეჭდილებებით, მრავალფეროვნებით თრობას, მთვარია ერთი რომელიმე ღვინით მთვრალი არ წახვიდეთ  ფესტივალიდან, ჯობია მრავალი სხვადასხვა ღვინიდან მიღებული სიამოვნებით სავსენი დაბრუნდეთ სახლში.

არ დაგავიწყდეთ, "ახალი ღვინის ფესტივალს" ერთი საოცარი თვისება აქვს. მას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ. ასე მაგალითად, ზოგიერთი სტუმარი, რომელიც 2010 წელს ფესტივალის რიგითი დამთვალიერებელი იყო, 2011–ში უკვე ოჯახური მარნის სტატუსით წარსდგა, 2012–ში კი  ბოთლში ჩამოსხმულიც გამოიტანა ბაზარზე თავისი ღვინო. სხვებმა ჩხავერი, ხიხვი, საკმიელა ან განახარული გასინჯეს პირველად და გადაწყვიტეს თავიანთ მშობლიურ სოფლებში  გაეშენებინათ ეს ჯიშები... ბევრი სხვა სიკეთეც ახლავს თან "ახალი ღვინის ფესტივალს", გულთბილი გარემო, თავისუფალი, ლაღი ადამიანები, და იმის გაცნობიერების შესაძლებლობა, რომ არაფერი ისე არ აერთიანებს ჩვენში ადამიანებს, როგორც კარგი ღვინო. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე სულ უფრო ბევრი ადამიანი რწმუნდება ამაში. შეგიძლიათ წელსაც დარწმუნდეთ!

© tabula



წარმატებები!


ისეთი პირი უჩანს, რომ ნამდვილად იწვიმებს :) :(


ამინდი შეიძლება მზიანი არ გამოვიდეს, მაგრამ თვით ღვინო არის მზე. ასე რომ დავეწაფოთ ბუნების საოცრებას(ოღონდ ზომიერად).


დღევანდელი დღე შესანიშნავი, მზიანი გათენდა, ღრუბელი ალბათ კიდევ შეიყრება, შესაძლოა პატარა დასცხოს კიდეც, მაისში როგორც იცის ხოლმე. იმედია გუშინდელი წვიმა არ გამეორდება. თუმცა არც მაგის გვეშინია :) დიდება ღვინოს და გვეყო ამინდზე წუწუნი, ყველანი ეთნოგრაფიულში, დღეს დაუვიწყარი დღე იქნება.


თუ იცით დასწრება ფასიანია?


უფასოა..


ისე ამინდი დღეს ძალიან ნამუსიანად მოიქცა...


ძალიან კარგი იყო ყველაფერი. კარგი საქმეა. ამინდმაც მართლა ინამუსა. უბრალოდ ერთი შენიშვნა. ჩვენგან განსხვავებით უმეტეს კომპანიებს ქონდათ შედარებით ძველი წლების ღვინო. ჩემი აზრით ამას მეტი კონტროლი და ყურადღება უნდა მიექცეს.


შეგიძლიათ დაგვისახელოთ კონკრეტულად რომელ ქარხნებს ქონდათ ძველი ღვინოები???


თითქმის ყველას. მე ვისთანაც ვიყავი იმათგან მხოლოდ ჯაყელებს და იმერულ ღვინის კომპანიას არ ქონდათ ძველი ღვინო. სხვაგან სადაც ვიყავი ყველგან იყო ძველი მოსავლის ღვინო. ყველგან არ ვყოფილვარ :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული