Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი - საუკეთესო ღვინოები, იმედისმომცემი ტენდენციები

ალეკო ცქიტიშვილი

წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი, მონაწილეებისა და სტუმრების სიმრავლით, ღვინოების რაოდენობითა და ხარისხით, მრავალფეროვნებითა და სხვადასხვა სიურპრიზებით, წინა წლის ახალი ღვინის ფესტივალს ბევრად აღემატებოდა. ეს არ არის მხოლოდ ფესტივალის ორგანიზატორის - ღვინის კლუბისა და მისი მხარდამჭერების დამსახურება.

ზოგადად, ათასნაირი პრობლემის მიუხედავად, ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში მაინც შეინიშნება სასიკეთო ძვრები - მსხვილი კომპანიები მომხმარებელს წლიდან წლამდე მრავალ საინტერესო ახალ პროდუქტს სთავაზობენ, მცირე მარნები იზრდებიან და საერთაშორისო ასპარეზზეც გადიან, ოჯახები კი კუსტარული მეურნეობიდან ღვინის ბიზნესში ინაცვლებენ.

ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ახალი ღვინის ფესტივალის ორწლიანი ისტორიის სტატისტიკაც: თუკი 2010 წელს ფესტივალში 17 კომპანია და მცირე მარანი მონაწილეობდა, წელს მათი რიცხვი 28-მდე გაიზარდა. შარშანდელი ფესტივალის მონაწილე რამდენიმე ოჯახი წელს უკვე ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა, ღვინოები ბოთლში ჩამოასხა და ძალები ექსპორტზეც მოსინჯა. ასეთივე პროპორციით გაიზარდა ოჯახური მარნების რაოდენობაც - შარშან ფესტივალში 21 ოჯახი მონაწილეობდა, წელს კი - 34. რაც შეხება ღვინოებს, წელს უკვე შეუძლებელიც იყო დათვლა, რამდენი სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ახალი ღვინის ფესტივალში პირველად მონაწილეობდა ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი კომპანია „ბაგრატიონი 1882“. ცქრიალა ღვინოებმა ფესტივალის სტუმრების სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. ისიც სასიამოვნოა, რომ „ბაგრატიონის“ ღვინოების ხარისხი წლიდან წლამდე უმჯობესდება, რის გამოც მომხმარებელს ქართული ცქრიალა ღვინოებისადმი ნდობა უბრუნდება.  

ფესტივალის დებიუტანტი იყო „მეღვინეობა ხარებაც“, რომელიც ღვინოებს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში აწარმოებს. როგორც შევიტყვეთ, „ხარება“ იმერეთში 40 ჰექტარზე აპირებს, გააშენოს იმერული ვაზის მივიწყებული ჯიშები. ეს სერიოზული განაცხადია ქართულ მევენახეობაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში ასეთი საკოლექციო ნაკვეთები ბევრმა კომპანიამ გააშენა, მაგრამ დიდწილად - კახეთში. ამ კოლექციებში იმერული ჯიშებიც არის დაცული, მაგრამ მათ სამრეწველო ღირსებებზე დაკვირვება ვერ ხერხდება - კახეთში მოწეული ალადასტური, ოცხანური საფერე და ნებისმიერი იმერული ვაზის ყურძენი ღვინოში სრულიად სხვა გემოვნურ თვისებებს ივითარებს და ხშირად თავის უნიკალურ ღირსებებს კარგავს. იმერეთში კი შესაძლებელი იქნება, ზუსტად განისაზღვროს მივიწყებული იმერული ჯიშების სამრეწველო პოტენციალი. ასე რომ, მომავალი წლების ახალი ღვინის ფესტივალებზე „ხარებასგან“ ბევრ საინტერესო იმერულ ღვინოს ველით.  

წლევანდელ ფესტივალზე „ხარებამ“ ქვევრის ღვინოც წარმოადგინა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ეს ღვინო შეედარებინათ „ხოხბის ცრემლებისა“ და „შუხმანის ღვინოების“ ცნობილი ბრენდის - „ვინოტერას“ ტრადიციული კახური ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოებისთვის. „ხოხბის ცრემლებისა“ და „ვინოტერას“ ქვევრის ღვინოებს ტრადიციისადმი განსაკუთრებული ერთგულება აერთიანებს, „ხარებას“ ქვევრის ღვინოს კი უფრო ნოვაციაზე აქვს პრეტენზია.

ქვევრის ღვინოები წელს ბევრად მეტ კომპანიას და მარანს ჰქონდა წარმოდგენილი, ვიდრე გასულ წელს. ზოგიერთი მარანი კი, რომელიც უკვე წლებია, ღვინოს ქვევრში აყენებს, საკმაოდ თამამ ექსპერიმენტებსაც მიმართავს. მაგალითად, მცირე მარნის - „იაგოს ღვინოს“ მეღვინემ, იაგო ბიტარიშვილმა ქართლში, კერძოდ - სოფელ ჩარდახში, ქართლის სახელგანთქმული ვაზის ჯიშისგან - ჩინურისგან ღვინო სრულ ჭაჭაზე დადუღებით დააყენა. ექსპერიმენტი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მომავალ წელს მსგავსი მეთოდით ღვინის დაყენებას ცოლიკოურისგან იმერელი რამაზ ნიკოლაძეც აპირებს. ნიკოლაძეების მცირე მარანი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში მდებარეობს და ღვინოს შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს. რამაზ ნიკოლაძისა და იაგო ბიტარიშვილის მარნები „ქვევრის ღვინის ასოციაციის“ წევრები არიან, სადაც მათ გარდა კიდევ რამდენიმე მცირე მარანია გაერთიანებული.

ქვევრის ღვინის ასოციაციის წევრი მეღვინეები ვენახებს ბიომეთოდებით უვლიან, ღვინოს კი სელექციური საფუარების, ენზიმებისა და სხვა ინდუსტრიული დანამატების გარეშე აყენებენ. ასოციაციის მიზანია ტრადიციული ქართული ტექნოლოგიების აღორძინება და ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია მსოფლიოში. ამ მიმართულებით ეს გაერთიანება ყველაზე მეტად აქტიურობს და მწირი რესურსების მიუხედავად, შედეგებიც თვალსაჩინო აქვს.

ცოტა ხნის წინ შვეიცარიაში ოფიციალურად დაფუძნდა საერთაშორისო ქვევრის კლუბი. მასში გაერთიანდნენ არა მარტო ქართველი, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მეღვინეები, რომლებიც ღვინოს ქვევრში აყენებენ. დაფუძნებას თან ახლდა ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია, რომელშიც 24 ქვევრის ღვინო მონაწილეობდა. აქედან 15 საქართველოდან იყო წარდგენილი. ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ხუთეულის პირველი ადგილები ქართულმა ქვევრის ღვინოებმა გაინაწილეს. თეთრ ღვინოებში პირველი ადგილი დაიკავა ალავერდის მონასტრის მარნის „ქისმა“, ხოლო მეორეზე გავიდა კომპანია „ჩვენიღვინო-OUR WINE“-ს „რქაწითელი- წარაფი“. წითელ ღვინოებში პირველი ადგილი დაიკავა „ვინოტერას“ „საფერავმა“, მესამე კი - „მარანი ნიკას“ „საფერავმა“.

ეს ღვინოები, ოღონდ - 2010 წლის მოსავლისა, ახალი ღვინის ფესტივალზეც იყო წარმოდგენილი. „მარანი ნიკა“ და „ჩვენიღვინო-OUR WINE“ „ქვევრის ღვინის ასოციაციის“ წევრები არიან. ამ გაერთიანებას ახალი ღვინის ფესტივალზე ცალკე ადგილი ეკავა, რითაც ხაზგასმული იყო მათ საქმიანობაში ქვევრის პრიორიტეტი.

ოჯახური მარნები ასევე თავს იყრიან ალავერდის მონასტრის მარნის გარშემო და ეს გაერთიანებაც ტრადიციულ ქართულ ტექნოლოგიებს ანიჭებს უპირატესობას. ამ მარანში დაყენებულმა ქვევრის „რქაწითელმა“ გასულ წელს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ღვინის კონკურსის - „დეკანტერის“ ბრინჯაოს მედალი აიღო. ალავერდის მონასტრის მარნის შედარებით ახალი და ძალიან საინტერესო პროდუქტია „ქისი“, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. როგორც ჩანს, ეს ღვინო კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს და ბევრჯერ ვიხილავთ სხვადასხვა პრესტიჟული კონკურსების გამარჯვებულთა შორის.

ალავერდის მონასტრის მარანმა ახალი ღვინის ფესტივალზე არა მარტო საკუთარი, არამედ იმ ოჯახების ღვინოებიც წარმოადგინა, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. მონასტრის მარნის მეღვინის, მამა გერასიმეს თქმით, „ალავერდის მონასტრის მარნის მეგობრების“ სტატუსით სარგებლობენ მხოლოდ ის ოჯახური მარნები, სადაც ტექნოლოგიურად დაცულია ქართული ტრადიციული მეღვინეობის პირობები. ამ სტატუსით ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო რეზო პეტრიაშვილის, ლექსო ფიცხელაურის (ორივე ზემო ხოდაშენი), პაატა ნუცუბიძის, გია ზესაშვილის (ორივე თბილისი) და ვანო გრემელაშვილის (შალაური) ოჯახური მარნის ღვინოები. ეს ღვინოები ღვინის კლუბის შიდა დეგუსტაციაზეც გაისინჯა და დიდი მოწონება დაიმსახურა. კლუბის წევრთა უმრავლესობის აზრით, გრემელაშვილის „რქაწითელი“ და პეტრიაშვილის „მწვანე კახური“ თამამად შეიძლება დასახელდეს ახალი ღვინის ფესტივალის საუკეთესო ქვევრის ღვინოებს შორის.

ბოლო წლებში დიდი აქტიურობა შეინიშნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში. მეღვინეობისა და სხვადასხვა ნოვაციების კერად იქცა კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი, სადაც ახალგაზრდებს მევენახეობა-მეღვინეობას ცნობილი ამპელოგრაფის, მაქსიმე რამიშვილის მოსწავლე, გამოცდილი მეღვინე ვაჟა გეთიაშვილი ასწავლის.  

კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი და ვაჟა გეთიაშვილის ოჯახური მარანი ახალი ღვინის ფესტივალზე ცალ-ცალკე იყო წარმოდგენილნი. ასევე ცალკე მონაწილეობდნენ კაჭრეთელი ვლადისლავ გეთიაშვილისა და ბოგდანოვკელი დავით ზირაქაშვილის ოჯახური მარნები. თუმცა, ამ ადამიანებს გაეროს განვითარების პროგრამა აერთიანებს. ამ პროგრამის ფარგლებში კაჭრეთის განახლებულ პროფსასწავლებელში გახსნილია ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრი, რომელიც ხუთ მუნიციპალიტეტს ემსახურება - საგარეჯოს, გურჯაანს, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხსა და სიღნაღს. პროგრამაში ჩართულია სახელმწიფოსადეგუსტაციო
kკoმისიისთავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, ასევე - სხვა პროფესიონალი ენოლოგები, რომლებიც ოჯახურ მარნებს ტექნოლოგიურად ეხმარებიან და 70%-იანი თანადაფინანსებით საშუალებას აძლევენ, თავიანთი ღვინო საბაზრო პროდუქტად აქციონ.

დასავლეთ საქართველოდან დიდი მოთხოვნა იყო ლეჩხუმურ უსახელოურზე და გურულ ჯიშებზე. ვაზის იშვიათი ჯიშის - უსახელოურის ღვინო, გასაგები მიზეზების გამო, მცირე რაოდენობით იყო, რის გამოც შუადღის შემდეგ მას ფესტივალის სტუმრები ამაოდ ეძებდნენ. როგორც „უსახელაურის ვენახების“ მფლობელი პაატა შარაშენიძე ამბობს, ოყურეშში - უსახელაურის საუკეთესო მიკროზონაში, უკვე ხვდებიან, რომ ჩალის ფასად ყურძნის ჩაბარებას ღვინის დაყენება სჯობია. თუმცა, მეყურძნეობიდან მეღვინეობაზე გადასვლა არც ისე ადვილი საქმეა და კარგი იქნება, თუ ამ პროცესში მთავრობაც ჩაერთვება, თუნდაც - კონსულტაციების სახით.

გურიიდან ფესტივალში მონაწილეობდა ცნობილი ენთუზიასტი ანდრო ვაშალომიძე, რომელმაც სტუმრებს ორი უიშვიათესი ვაზის ჯიშის - საკმიელასა და თეთრი კამურის ღვინოები გაასინჯა. ანდრო ვაშალომიძე სამი ათეული წელია, გადაშენების პირას მისულ ვაზის ჯიშებს ეძებს და თავის ნაკვეთში უყრის თავს. ამ საქმეში წელს „ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრიც“ ჩაერთო. მალე ჩოხატაურის რაიონის სოფელ შემოქმედში საკოლექციო ნაკვეთიც გაშენდება და რამდენიმე წლის შემდეგ ახალი ღვინის ფესტივალს სხვა უიშვიათესი ვაზის ყურძნისგან დაწურული ღვინოებიც დაამშვენებს.

დაბოლოს, მინდა, ის ღვინოები ჩამოვთვალო, რომელმაც თავი დამამახსოვრა. სამწუხაროდ, ბევრი კარგი ღვინის გასინჯვა ვერ მოვახერხე, რადგანაც თან პროფესიულ მოვალეობასაც ვასრულებდი და ღვინოების შესახებ ინფორმაციას ვაგროვებდი. ამან კი იმდენი დრო წაიღო, მრავალი ნაქები ღვინო, უბრალოდ, გამოილია.

პირველ რიგში მინდა დავასახელო ზურაბ თოფურიძის უნაკლო ღვინოები. მისი ტრადიციული კახური ტექნოლოგიით დაყენებული რქაწითელი იმ ქვევრშიც ესხა, რომლის მოხდის პატივი წელს თბილისის მერს, გიგი უგულავას ხვდა წილად. მე მაინც განსაკუთრებით ამ ოჯახური მარნის თეთრ „ჩხავერს“ გამოვყოფ - მრავალფეროვანი ბუკეტით და დაბალანსებული გემოთი. ასევე ძალიან მომეწონა ქვევრში დაყენებული კარდენახული წარაფის ღვინოები ზურაბ მღვდლიაშვილისა და გიორგი ბერიკელაშვილის ოჯახური მარნებიდან. სოკოს ეგზოტიკური სურნელით ძალიან გამაოცა ზემო ალვნელი ლექსო ციხელაშვილის „რქაწითელმა“. შეუძლებელია, ოდესმე დამავიწყდეს გურული ჯიშების - საკმიელასა და თეთრი კამურის სასიამოვნო მჟავიანობა და ნაზი არომატები. წითლებიდან კი დამამახსოვრდა: მალხაზ ჯაყელის, ნიკა ბახიასა და სოლომონ ცაიშვილის საავტორო, ინდივიდუალობით გამორჩეული „საფერავები“, ასევე „იმერული ღვინის კომპანიის“ „ოცხანური საფერე“ და მისივე თამამი ექსპერიმენტის შედეგი - იმერეთში, სოფელ მეორე სვირში დაკრეფილი ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო.

© ღვინის კლუბი/Weekend



madloba aleko!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული