Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქართულ მარნებთან იმდენი ხალხი იყო, გასაჩუქებელი ღვინოც კი აღარ დაგვრჩა” - ქართული ღვინო პოლონეთში Confetti Wine Fest-ზე

Confetti Wine Fest კრაკოვში, 22 აპრილს გაიმართა. ეს ფესტივალი უკვე მესამედ იმართება და როგორც გვიამბობენ, წელს ყველაზე მეტი ქვეყანა და მარანი იღებდა მონაწილეობას, მთლიანობაში 85 მეღვინეობა იყო წარმოდგენილი. ესპანეთთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, პორტუგალიასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად ფესტივალზე ქართულ ღვინოსაც შეხვდებოდით. დაინტერესება კი საკმაოდ მაღალი იყო, განსაკუთრებით - ქარვისფერ ღვინოზე. პოლონეთში ნატურალური, ბიოდინამიკური და ორგანული ღვინოების ყველაზე დიდი ფესტივალია Confetti Wine Fest, სადაც 12 ქართული მარანი მონაწილეობდა.

“ლაგაზის ღვინის მარანი” წარმოდგენილი იყო 2022 წლის რქაწითლით, 2022 წლის საფერავით და 2021 წლის კახური მწვანით. “ფახურიძეების მარანმა” ცოლიკოური 2019 და ცოლიკოური 2021 გამოიტანა, “ლატიბაშვილის მარნის” სამ ღვინოსაც შეხვდებოდით, სიმონასეულს, სიმონასეულის კახური მწვანისა და ხიხვის ნაზავ როზესა და შავ რქაწითელს, “მარტიაშვილის მარანმა” წარმოადგინა ხიხვი 2022 და 2022 წლის ხიხვი-მწვანის ნაზავი, “ილტოს ველმა” კი 2021 წლის ხიხვი და საფერავი წარადგინა. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო კაპისტონმა”, “კასრელმა”, “შატო ნაფარეულმა”, “ველინომ” და “ტანინმა”.

ილტოს ველიდან”, სადაც მხოლოდ ქვევრის ღვინოებს აწარმოებენ, გვეუბნებიან, რომ ცნობადობა ქართული ქვევრის ღვინის შესახებ პოლონეთში საკმაოდ მაღალია: “ამ ბოლო დროს ინტერესი ძალიან გაიზარდა, ხშირად მოდიოდნენ ღვინის ბარებიდან და მაღაზიებიდანაც. მიუხედავად იმისა, რომ წითელი ღვინო მათთვის ნაცნობია და როგორც წესი, დიდ მოწონებასაც იმსახურებს ხოლმე, ქარვისფერი ღვინო უფრო უცხო და ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდა მათთვის.” - ამბობს ბექა მარტიაშვილი.

პოლონეთში ქართული ღვინის შესახებ მზარდ დაინტერესებასა და ცნობადობაზე “ველინოდანაც” აღნიშნავენ, რომელმაც ფესტივალზე 5 ღვინო წარადგინა, საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ქისი და თავკვერი: “სტუმრების უმეტესობა პროფესიონალურ კითხვებს სვამს, თითქოს ზედმიწევნით იციან ქართული ღვინის შესახებ ყველაფერი. თუ ამერიკაში კლასიკური ბაზრების შესახებ აქვთ ინფორმაცია უმეტესწილად, აქ ბევრად კარგად იცნობენ ქართულ ღვინოს. ფესტივალზე გამოხმაურებამ და ინტერესმა მოლოდინსაც კი გადააჭარბა. გარდა იმისა, რომ ქვევრის ღვინო ძალიან საინტერესოა მათთვის, განსაკუთრებით მაინც ქარვისფერი ღვინო აინტერესებთ, ეს, ალბათ, უცხოობის გამო. დიდი ხანია, რაც ამ კატეგორიის შესახებ ესმით და ყველაზე მეტ კითხვასაც ქარვისფერ ღვინოზე სხვამენ, როგორ ვაყენებთ, რა ტექნოლოგიით და ა.შ” - ბექა ჯიმშელაძე. 

როგორც დავით ფახურიძე “ლაგაზის ღვინის მარნიდან” გვეუბნება, ქარვისფერ ღვინოზე ძალიან გაიზარდა დაინტერესება არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ პორტუგალიაშიც, იტალიაშიც: “Amber Wine ძალიან ტრენდული გახდა, ყველა ქარვისფერი ღვინის სანახავად მოდის. ფესტივალზე ზემოთ ჩამოთვლილ მარნებთან პოლონური ღვინის მაღაზიების წარმომადგენლები კონკრეტული ღვინოების სანახავად, გასასინჯად, მოსალაპარაკებლად მოდიოდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში იმდენი ხალხი გვესტუმრა, გასაჩუქებელი ღვინოც კი აღარ დაგვრჩა”.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში ღვინის მოხმარების კულტურა არც ისე მაღალია. ძირითადი ღვინო, რაც პოლონეთში საქართველოდან იყიდება, ეს არის ნახევრადტკბილი და ნახევრადმშრალი, თუმცა ამ 10 წელიწადში ღვინის წარმოება 200%-ით გაიზარდა: “დიდი ტემპებით იზრდება ვენახების, მარნების რაოდენობა, მეტი ინტერესია ნატურალური ღვინის მიმართ. წელს პირველად მოხდა ისე, რომ საკმაოდ დიდი მასშტაბის ფესტივალი გამოვიდა. ფესტივალი პანდემიის წინ დააარსეს და თუ ეს ორი წელი შედარებით უფრო ვიწრო სახე ჰქონდა, წელს უკვე 10 ქვეყნიდან 85 მარანი იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალის სცენაზე ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი დრო დაუთმეს: “კითხვებიც ძალიან ბევრი იყო, ვუყვებოდით საქართველოს, ქართული ღვინის შესახებ. 1 საათზე მეტი დაუთმეს საქართველოს, მაშინ, როცა ზოგ ქვეყანას არც კი მოუხმეს სასაუბროდ. ვფიქრობ, აქედანაც ჩანს ჩვენი ღვინისა და ქვეყნის მიმართ მზარდი ინტერესი.” - ამბობს დავით ფახურიძე და აღნიშნავს, რომ მომავალი წლისთვისაც მიიწვიეს. ფესტივალის შესახებ ზოგად ინფორმაციას confetti wine fest-ის გვერდზე გაეცნობით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული