Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ახალი ღვინის ფესტივალი“ – "ღვინის კლუბის" დღესასწაული

ალეკო ცქიტიშვილი

გინახავთ ერთად სხვადასხვა ცნობილი თუ იშვიათი ქართული ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინოები? „საფერავი“, „რქაწითელი“, „თავკვერი“, „ჩინური“, „ალადასტური“, „კლარჯული“, „ციცა“, „ცოლიკოური“, “ჩხავერი”, „უსახელოური“, „ოცხანური საფერე“, „კრახუნა“, „ქისი“, „ხიხვი“, „ალექსანდროული“... ამ და კიდევ სხვა მრავალი დასახელების ღვინოებს სულ რაღაც ათ დღეში დააგემოვნებთ.
8 მაისს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი „ახალი ღვინის ფესტივალს“ უმასპინძლებს. ფესტივალის ინიციატორია „ღვინის კლუბი“, რომელიც ღვინის მოყვარულმა ენთუზიასტებმა გასული წლის ზაფხულში დააფუძნეს. ტრადიციული ლექცია-სემინარების, ექსპედიციებისა და დეგუსტაციების შემდეგ კლუბში მასშტაბური ფესტივალის ჩატარების იდეაც მომწიფდა. იდეა ქალაქ თბილისის მერიამ დაუჭირა მხარი, შემდეგ კი ეროვნული მუზეუმიდა სხვა მხარდამჭერებიც ჩაერთნენსაქმეში.  
 
ერთი წლის განმავლობაში „ღვინის კლუბში“ აქტიურად განიხილებოდა ქართული ვაზის იშვიათი ჯიშების გადარჩენისა და მეღვინეობაში მათი დაბრუნების საკითხი. ჯერ კიდევ კლუბის დაარსებამდე რამდენიმე ენთუზიასტმა ბაკურციხეში ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთიც შეიძინა, სადაც მომავალი წლიდან ვაზის იშვიათი კახური ჯიშების გაშენება იგეგმება. ამ საქმეში კლუბი აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ „ღვინის კლუბში“ ჯერ ქართლის, შემდეგ კი იმერეთის რეგიონის მეტად საინტერესო ღვინოების დეგუსტაცია მოეწყო. ჩინურის, თავკვერის, ასურეთული შავის, ოცხანური საფერეს, ალადასტურის, ძელშავისა თუ კრახუნას ღვინოებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გამოიკვეთა, რომ ქართულ მეღვინეობას იმაზე ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს წარმოგვიდგენია. უბრალოდ, საჭიროა ამ პოტენციალის წარმოჩენა და საზოგადოების დაინტერესება არა მხოლოდ წარსულის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით – ქართული ვაზის ჯიშებით, არამედ სრულიად პრაგმატული მიმართულებით – მეღვინეობით, რომელსაც დიდი მოგების მოტანა შეუძლია ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც ამ საქმეს ხელს მოკიდებს.
მეღვინეების გარდა „ღვინის კლუბი“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს – მევენახეებს, ჟურნალისტებს, იურისტებს, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებს, არქეოლოგებს, ლიტერატორებს, ფერმერებს და ა.შ. კლუბის მიზანია: ღვინის შესახებ ცოდნისა და ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება, გაბედული სიახლეებისა და ნოვატორული წამოწყებების მხარდაჭერა, მაქსიმალური და მართალი ინფორმაციის მიწოდება ბაზარზე წარმოდგენილი ქართული და უცხოური ღვინოების შესახებ, ღვინის ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა და ა. შ.
„ღვინის კლუბი“ აწყობს ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს რეგიონებში, სადაც იკრიბება ინფორმაცია მეღვინეობა-მევენახეობის შესახებ. პერიოდულად ტარდება ღვინის დეგუსტაციები სხვადასხვა ექსპერტების მონაწილეობით. კლუბის სემინარებზე კი მეღვინეები, მევენახეები, ისტორიკოსები, ფილოლოგები, სომელიეები, ჟურნალისტები, უცხოელი სპეციალისტები კითხულობენ ლექციებს კონკრეტულ თემებზე.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ „ღვინის კლუბის“ ერთწლიანი საქმიანობის ერთგვარი შეჯამებაცაა. 8 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საზოგადოებას საშუალება ექნება, კარგად ნაცნობი ღვინის კომპანიების გარდა, მცირე მარნებისა და ოჯახების ღვინოებიც დააგემოვნოს.  
„როგორც ბოლო წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, თანამედროვე საქართველოში ღვინოსთან დაკავშირებულ ადამიანთა გაერთიანებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „ღვინის კლუბის“ შექმნის იდეაც აქედან იშვა და „ახალი ღვინის ფესტივალიც“ სწორედ ასეთ კონსოლიდაციას და ერთგვარ ძალების მოსინჯვას ისახავს მიზნად. ამ ფესტივალზე ჩვენ იმედი გვაქვს, თავი მოვუყაროთ ყველას, ვისაც ქართული ღვინის ბედი აღელვებს – უბრალოდ ღვინის მოყვარულებს, გათვითცნობიერებულ თუ გამოუცდელ მომხმარებელს, ღვინის ენთუზიასტებს, გლეხებს, ადამიანებს, ვინც თავადაც წურავენ ღვინოს, მცირე მარნებს, დიდ კომპანიებს, იმ სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებს, ვისზეც ბევრადაა დამოკიდებული ქართული ღვინის მომავალი. ვფიქრობ, ეს ფესტივალი, თავისი სადღესასწაულო ხასიათით, კიდევ უფრო შეკრავს და დაახლოვებს ერთმანეთთან ქართული ღვინის ბედით დაინტერესებულ ადამიანებს“, – ამბობს „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია.
მისივე თქმით, ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია დიდი ხანია, არსებობს მთელს მსოფლიოში, სანიმუშოდ მხოლოდ საფრანგეთი (Beaujolais Nouveau), ესპანეთი (Festival Vino Nuevo) და იტალია (Vino Novello) იკმარებდა: „ამ ტიპის ფესტივალების მნიშვნელობაში დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი. ამგვარი ფესტივალები, ღვინის ძველი სამყაროს გარდა, უკვე ახალ სამყაროშიც იმართება (აშშ, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ა.შ.). საქართველოში, მეღვინეობის ტრადიციულ ქვეყანაში, ასეთი ტიპის ფესტივალის არარსებობა, მე მგონი, ძალზე უარყოფითად აისახებოდა ქართული ღვინის ცნობადობაზე, მომხმარებლის ინფორმირებულებაზე და ზოგადად ღვინის ბიზნესზე. გაზაფხული კი იმიტომ ავარჩიეთ საფესტივალოდ, რომ ტრადიციული ქართული ღვინოები, ქვევრის, ჭურის ღვინოები, სწორედ გაზაფხულზე იღებენ დასრულებულ სახეს, გადაღების შემდეგ. გარდა ამისა, საწარმოებშიც, გაზაფხულზე ხდება ღვინის საბოლოო ჩამოყალიბება“.
„ახალი ღვინის ფესტივალზე“ გამოფენილი იქნება ახალი, ანუ 2009 წლის მოსავლის ღვინოები ქართული მევენახეობის თითქმის ყველა კუთხიდან. ცნობილი ღვინის კომპანიებისათვის, მცირე მარნებისა და ოჯახებისათვის წაყენებული მთავარი პირობაა, წარმოადგინონ ბოლო მოსავლის ღვინოები. ოჯახური მარნებიდან ღვინოები ფესტივალისთვის სპეციალური დაგუსტაციით შეირჩა. დაავადებული და სხვადასხვა ზადის მქონე ნიმუშები ფესტივალის მიღმა დარჩა.
იმერეთში, რაჭა–ლეჩხუმსა და გურიაში ოჯახური მეურნეობებიდან ღვინის ნიმუშები „ღვინის კლუბის“, „სლოუ ფუდისა“ და „ელკანას“ ერთობლივი ძალისხმევით შეგროვდა. კახეთის რეგიონში კი ასეთი ტიპის ღვინოებს თავი მოუყარა „ღვინის კლუბის“ კახეთის სექციის ხელმძღვანელმა, სოლომონ ცაიშვილმა.
სოლომონ ცაიშვილი, „ღვინის კლუბის“ კახეთის სექციის ხელმძღვანელი:„კახეთში ექსპედიციის მიზანი იყო ფესტივალისთვის გასასინჯი ღვინოების ჩამოტანა და თან „სლოუ ფუდის“ პროექტის, „ქართული ქვევრის ღვინის“ პოტენციურ მონაწილეთა გაკონტროლება, რაც მე მევალება, როგორც კახეთის ჯგუფის კოორდინატორს. საერთო შთაბეჭდილება არადამაკმაყოფილებელია. რამდენიმე ღვინო, რომლებსაც შარშან დეკემბერში კარგი პირი უჩანდა და ამიტომაც შეირჩნენ მათი პატრონები პროექტის სავარაუდო მონაწილეებად, ახლა, უბრალოდ, გაფუჭებული დამხვდა. ეს დადასტურდა „ღვინის კლუბში“ გამართულ დეგუსტაციაზეც. კლუბის გადაწყვეტილებით, კახეთიდან ჩამოტანილი ოჯახური ღვინოების დიდი ნაწილი „ახალი ღვინის ფესტივალის“ მიღმა დარჩა. თუმცა, არის რამდენიმე საუკეთესო, კარგი და საშუალო ხარისხის ღვინო, რომლებიც ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს. ხოლო ლექსო ციხელაშვილის ალვანურმა ღვინომ მთელი გაფუჭებული გუნება გამომიკეთა. მისი ღვინო ადრეც დამილევია. ძალიან კარგი იყო 2007 წლის მოსავალი, მაგრამ 2009 წლისა ბევრად ჯობს წინამორბედებს. ალბათ, აქ თავისი სიტყვა თქვა ქვევრებმა, რომლებიც ლექსომ სწორედ 2009 წელს ჩაყარა“.
დასავლეთ საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს „ღვინის კლუბის“ იმერეთის სექციის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლაძე: „ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენელ გიორგი ბარისაშვილთან ერთად თავდაპირველად ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარაში, რუბენ ტყეშელაშვილს ვესტუმრე. 81 წლის ჭარმაგი, მხიარული მასპინძელი ტიპიურ რაჭულ მარანში შეგვიძღვა და უხადი ჭური ამ მხარისთვის დამახასიათებელი სიდინჯით მოხადა. მერე დაილოცა, საღვინე ჭიქა წესისამებრ წაღმა-წაღმართიანად რამდენჯერმე თავ ღვინოზე მოატარა, ლალისფერი „ხვანჭკარა“ ამოიღო, ფერი, სუნი, გემო გაუსინჯა, ღმერთი ახსენა, შესვა და ალავერდი გადმოვიდა. რუბენ ტყეშელაშვილი, ცხადია, ქარხნულ ტექნოლოგიებს არ აღიარებს. შესადარებლად ბოთლში ჩამოსხმული ქარხნული წესით დამზადებული „ხვანჭკარა“ გამოგვიტანა, რომელიც მისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბაკურ კვეზერელს უჩუქებია, როცა მასთან სტუმრად იმყოფებოდა მეღვინეებთან ერთად. მინისტრს მეღვინეებისთვის უთქვამს – აი, ისწავლეთ ამ კაცისგანო“.
„ახალი ღვინის ფესტივალის“ სტუმრებს რუბენ ტყეშელაშვილისა და მისი ჩორჯოელი მეგობრის, კოწია რატიანის მიერ შექმნილი შესანიშნავი ნიმუშების დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ. „ახალი ღვინის ფესტივალზე“ ასევე გასინჯავთ ტვიშის მიკროზონიდან ჭურში დადუღებულ ცოლიკოურს მკვეთრად გამოხატული ნესვის არომატითა და საუკეთესო ბალანსით; „ოცხანურ საფერეს“ ზესტაფონიდან და თერჯოლიდან; კლარჯულის, ჩხავერისა და ალადასტურის ღვინოებს გურიიდან და ა. შ.
ფესტივალში მონაწილე მცირე მარნების ღვინოებს თბილისში მხოლოდ ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში თუ შეიძენთ. ხშირად იქაც კი არ არის, თუკი მათი ღვინოების მთელი პარტია საექსპორტოა. ასეთია, მაგალითად, „თავადი მაყაშვილის მარნისა“ და „ჩარდახის“ ღვინოები.
რაღა თქმა უნდა, „ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობენ მსხვილი კომპანიები, რომლებიც ბოლო წლებში საინტერესო ექსპერიმენტებით გამოირჩევიან. მათ მარაგში არაერთი იშვიათი ვაზის ჯიშის ღვინომ დაიმკვიდრა ადგილი. ზოგიერთი პირველად სწორედ 2009 წელს ჩამოისხა და ფესტივალის სტუმრები ამ ნიმუშებს პირველად დააგემოვნებენ.
„ღვინის კლუბის“ სურვილია, „ახალი ღვინის ფესტივალი“ იქცეს ტრადიციულ, ყოველწლიურ ღონისძიებად, რისთვისაც პირველი ფესტივალი უნდა იყოს მრავალფეროვანი და ცოცხალი დღესასწაული. „ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერები არიან - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, Slow Food Tbilisi, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, წინანდლის მუზეუმი და ჟურნალი „ტაბულა“. საინფორმაციო უზრუნველყოფა – რადიო „უცნობი“, რადიო „ნაცნობი“, გაზეთი „მარანი – Weekend” და ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ www.vinoge.com.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“


აუცილებლად მივალ, იმედია, ამინდი ხელს არ შეუშლის ღონისძიების ჩატარებას :))


ბატონებო! მადლი უფლისა არ მოკლებოდეს თქვენს შემართებას ! უსაზღვროდ გავიხარე ამ საიტის აღმოჩენით. ქართული ღვინის ქომაგნთ გფარავდეთ მადლი მიწისა და მადლი ღვინისა. შვილიშვილებისათვის გავაშენე საფკრავი კახეთში და გითხრათ სიმართლე შევშინდი! ამ შეჭირვების ჟამს მეგონა დავსაჯე ისინი. ახლა კი რაღაცის იმედი გამიჩნდა.... თუ მომცემთ უფლებას მეც შემოგიერთდებიnთ ჩემი ჯალაბით. პატივისცემით ნ. ბარათაშვილი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.