Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტარანტულს, ბაღლინჯოსა და მუხლუხოს ღვინოები შეურჩიეს

დიდ ბრიტანეთში ღვინის უნიკალური გზამკვლევი გამოიცა, რომელიც სუსტი ნერვების მქონე და ზიზღიან ადამიანებს არ გამოადგებათ. გზამკვლევში აღწერილია, რომელი ღვინო რომელი მწერის კერძს მიესადაგება. ასეთი უცნაური გამოცემა პირველად კომპანია Laithwaite's Wine-მა გამოუშვა. რომელი ღვინო უხდება ტარანტულს და რომელი მუხლუხოს, ღვინის ცნობილმა ბაიერებმა დაადგინეს.

ბაიერებმა 1,5 ათასამდე ღვინიდან, რომლებიც Laithwaite's Wine-მა გასაყიდად გამოიტანა, 10 სახეობა შეარჩიეს. მათი აზრით, სწორედ ეს ღვინოები შეეხამება მწერებით მომზადებულ კერძებს. მწერები კი გურმანთათვის განკუთვნილ მაღაზიებში და ელიტურ სუპერმარკეტ Selfridges-ში შეიძინეს.

Laithwaite's-ის ღვინის ბაიერი, ბეტ უილარდი აღნიშნავს: “საშუალოდ ბაიერი წელიწადში 10 ათასამდე ღვინოს სინჯავს, რომლებიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოაქვთ. თუმცა ჩვენ არც კი გვიფიქრია, რომ ღვინის დაგემოვნებისას მწერებზე შეიძლება გვეფიქრა. არადა, სწორედ მწერებით მომზადებული კერძებისათვის უნდა შეგვერჩია ღვინო.” 

უილარდისავე თქმით, მწერებისადმი, როგორც საკვებისადმი, ინტერესი დღითიდღე იზრდება. “როცა გააცნობიერებ, რომ ძალიან ბევრი სიტყვით, რომელსაც ღვინის დახასიათებისას ვიყენებთ – მიწის, ბალახის, ყვავილის არომატიანი – ასევე შეიძლება მწერებიც დავახასიათოთ, აღარ გაგიკვირდება, რომ ღვინო სწორედაც რომ ავსებს და უხდება მწერების განსაკუთრებულ გემოს.” ასე რომ, Laithwaite's-ის ბაიერები გვირჩევენ, აზიურ შავ მორიელს პინო ნუარისაგან დაწურული, სხეულიანი ვარდისფერი Paris Street მივაყოლოთ. მორიელის მომწარო გემოს Paris Street-ის ტკბილი, ხილის არომატი საოცრად შეეხამება.

კარგი იქნება, თუ ფქვილის მატლებს, რომლებსაც თხილის გემო აქვს, ხილისარომატიან ავსტრალიურ Viognier-ს მიაყოლებთ. ზოლიან ტარანტულს კი, რომელსაც რესტორანში კარგად დაბრაწულს მოგართმევენ, შარდონე უხდება. საგოს პალმის მუხლუხო (დელიკატესია აფრიკაში) კი ბეკონს მოგაგონებთ, ამიტომ მას ძალიან უხდება წითელი ღვინოები, მაგალითად, McLaren Vale Shiraz. კალიების პიკანტურ ბარბექიუს ვარდისფერი შუშხუნა ღვინო Hacienda de Lluna Moscatel ეხამება. მაგრამ სულ სხვა ღვინო უხდება ამ მწერებისაგან მომზადებულ დესერტს – კალია შოკოლადში. ასეთ კალიას მზესუმზირის გემო აქვს, შოკოლადი კი  სიტკბოს ჰმატებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას ხილის არომატით მდიდარ ღვინოს მივაყოლებთ. წყლის მსხვილი ბაღლინჯოს ტანს მოტკბო მოლუსკის გემო, თავს კი – ანისულის არომატი აქვს. ამიტომ, თუ წყლის ბაღლინჯოს მიირთმევთ, უმჯობესია, ისეთი ღვინო შეარჩიოთ, რომელიც ზღვის პროდუქტებსაც უხდება და მძაფრარომატიან საკვებსაც. ასეთ შემთხვევაში ექსპერტები მშრალ ხერესს, მაგალითად, Fino-ს გვთავაზობენ. ჭიანჭველების კერძს ძალიან უხდება ისეთი თეთრი ღვინო, რომელსაც ხილისა და ყვავილების არომატი გასდევს, მაგალითად, გევურცტრამინერი. იმის გამო, რომ კუტკალიას განსაკუთრებული გემო არა აქვს, ბევრი ნივრითა და მარილით ამზადებენ. ამიტომ გირჩევთ, მას Albarino-ს მსგავსი თეთრი ღვინო მიაყოლოთ. თუ მექსიკაში კუტაკალიისაგან მომზადებული კერძით, ნივრიანი ჩაპულინესით, გაგიმასპინძლდებიან, უმჯობესი იქნება, თუ მასთან ერთად რბილ, მშრალ შამპანურსაც მოითხოვთ.

შეგახსენებთ, რომ მწერები დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს. მსოფლიოში უკვე 2 მილიარდი ადამიანი სიამოვნებით მიირთმევს მწერებისაგან მომზადებულ კერძებს, ასე რომ ეს რჩევები დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.