ლევან სეფისკვერაძე
პროექტმა „ღვინის სოფელმა“ ბევრი დადებითი ტენდენციის გარდა, სამიზნე ორ რეგიონში არსებული პრობლემებიც ნათლად წარმოაჩინა. პროექტის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მიზანი კი სწორედ ისაა, რომ არსებული პრობლემები აღნუსხოს, შეჯერდეს და შესაძლებლობების ფარგლებში მათი მოგვარების გზებიც დაისახოს.
როგორც იცით, პროექტ „ღვინის სოფელს“„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ლექცია-სემინარები სამიზნე ორ რეგიონში (სამეგრელო და გურია) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ. პროექტის პარტნიორია სასტუმრო „მარტვილი პალასი“ - სამეგრელოში და „მენაბდის მარანი“ - გურიაში, ასევე ღვინის მაღაზია-ბარების ქსელი „8000 მოსავალი“.
ქართული მედია (განსაკუთრებით კი ტელე-მედია) რეგიონებში არსებულ სიტუაციას როგორც წესი ზერელედ და ფსევდო-პოზიტიურ ჭრილში აშუქებს. საზოგადოებას მოუთხრობენ ამათუიმ „საამაყო ახალგაზრდის“ შესახებ, რომელიც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და მეურნეობას მიხედა. არადა, თითქმის არავინ ინტერესდება იმით, თუ რა პრობლემები ხვდებათ ამ ადამიანებს სოფელში დაბრუნებისთანავე და მათგან რამდენი ახერხებს საქმიანობის ბოლომდე მიყოლა/გაგრძელებას და რატომ გამორბის ზოგი მათგანი უკან - ქალაქში.
უფულობა - მეღვინეობის „აქილევსის ქუსლი“.
სამეგრელოსა და გურიაში ახალბედა მემარნეებს რაც ყველაზე მეტად უჭირთ, ესაა პირველადი კაპიტალი. მევენახეობა-მეღვინეობის საქმეს რა თქმა უნდა თავიდანვე საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება, რაც ბევრს არ გააჩნია. ამიტომ, მეღვინეები ხშირად დამოკიდებულნი არიან საქართველოს სახელმწიფო თუ კერძო ფონდების სოფლის დაფინანსების პროექტებზე. თუ მეღვინეს გაუმართლა და პროექტში გაიმარჯვა, როგორც წესი საჭიროზე ბევრად მცირე თანხებს იღებს და ისიც თანამონაწილეობის პრინციპით.
ამის გამო, მევენახე-მეღვინეები წლობით ავსებენ ათასგვარ ბლანკს, საბუთებს და ცდილობენ რამენაირად მოახერხონ თუნდაც მცირე დაფინანსების მიღება, რომელიც საკმარისი არასდროს არაა. „ღვინის სოფლის“ ბენეფიციარებს შორის შეგვხვდნენ დამწყები მეღვინეები, რომლებსაც თანხებს სხვა ქვეყანაში მცხოვრები ოჯახის წევრები ურიცხავენ და ამ გზით ახერხებენ ვენახების გაშენებასაც და მარნის მოწყობას. ასეთი ხალხის რიცხვი საკმაოდ მცირეა, ისევე როგორც მცირეა მათი რიცხვი, რომელთაც საქმიანობის დაწყებისთანავე ქონდათ ე.წ. თავისუფალი თანხა და მარტივად შეძლეს სავენახე მიწების შეძენაც და მარნის აშენებაც. მოკლედ რომ ვთქვათ, უფულობა, როგორც მთლიანად საქართველოს, სამეგრელო-გურიის მევენახეობა-მეღვინეობის „აქილევსის ქუსლიცაა“.
ინფორმაციის სიმცირე
ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით განათლების ხელმისაწვდომობაც. მართალია ჩვენს დროში ინტერნეტში თითქმის ყველაფრის მოძიება და წაკითხვაა შესაძლებელი, თუმცა ბევრ ადამიანს საამისოდ უცხო ენის ცოდნა სჭირდება, ასაკოვან მეღვინეებს კი ინტერნეტის სათანადოდ გამოყენება უჭირთ. ამას გარდა, არსებულ ინფორმაციის ზღვაში ურთულესია ახალბედა მეღვინემ გაიგოს რა ტიპის ინფორმაციაა მისთვის გამოსადეგი და როგორ უნდა იმოქმედოს სამომავლოდ.
„ღვინის სოფლის“ ეგიდით გამართულ შეხვედრებზე როგორც სამეგრელოში, ასევე გურიაში მეღვინეები ხშირად ამბობენ, რომ უჭირთ გაერკვნენ მეღვინეობის რომელი მიმართულებაა მათთვის გამოსადეგი, რადგან ქართულ ენაზე არსებული საგანმანათლებლო რესურსები ხშირად არამხოლოდ გამორიცხავენ ერთმანეთის მეთოდოლოგიას, არამედ ერთმანეთს უპირისპირდებიან კიდეც. ასე მაგალითად, არსებობს წიგნები, სადაც დეტალურად და თარიღების დონეზეა გაწერილი, როდის უნდა მოხდეს ვენახის გასხვლა, წამლობა და სხვა აგრო სამუშაოები. სხვათაშორის, ბევრი მევენახე მისდევს ამას. ეს მაშინ, როდესაც „ღვინის სოფლის“ ექსპერტები, გიორგი ბარისაშვილი და იაგო ბიტარიშვილი, როგორც წესი, ყველას ურჩევენ, რომ გადაწვეტილებები ყოველ წელს ინდივიდუალურად უნდა მიიღონ იმის მიხედვით, როგორი კლიმატური პირობები და ვენახისთვის საჭირო გარემოა.
ინფორმაციის ნაკლებობაა ბიო, ორგანული, ბუნებრივი და ნატურალური მევენახეობა-მეღვინეობის შესახებაც. მეღვინეების ნაწილს ეს ყველა ერთი ჰგონია და გაურკვეველია, რატომ არის ყველა ცალ-ცალკე განმარტებული. ამას თან ახლავს ჰერბიციდებისა და პესტიციდების ვენახში არგამოყენების აუცილებლობის ბუნდოვანება, რადგან მსგავს პრეპარატებს ხშირად აგრო-მაღაზიების კონსულტანტები დაბეჯითებით ურჩევენ იმ პირობით, რომ თითქოს მხოლოდ ამგვარი წამლობის გზით შეიძლება მიიღონ უხვი და ხარისხიანი მოსავალი. „ღვინის სოფლის“ არსებობის ერთ-ერთი მიზანი პროექტის ბენეფიციარებისთვის საჭირო სწორედ ცოდნის მიცემა და ცნობიერების ამაღლებაა.
მეგობრობიდან - პარტნიორობამდე
„ღვინის სოფელს“ ასევე მნიშვნელოვანი მისია აკისრია, მევენახე-მეღვინეების ერთმანეთის გაცნობის კუთხითაც. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს აქამდე საკმაოდ პრობლემური იყო. რამდენიმე სასიამოვნო გამონაკლისის გარდა, აღმოჩნდა, რომ სამეგრელოსა და გურიაში კოლეგა მეღვინეები ერთმანეთს თითქმის არ იცნობდნენ. ვინც იცნობდნენ, ან თანასოფლელები იყვნენ, ან ერთმანეთი ღვინის ფესტივალებზე გაიცნეს.
სხვათაშორის, „ახალი ღვინის ფესტივალებზე“ თითქმის ყოველ წელს ჩვენს მიერ გამოკითხული საოჯახო მცირე მარნების მფლობელები ამბობენ, რომ ამ ფესტივალში მათი მონაწილეობა სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ კოლეგებს გაიცნობდნენ და სწორედ ერთმანეთის საქმიანობის ცოდნით განვითარდებოდნენ. როგორც იცით, მეღვინეებს მთელი წლის მანძილზე უამრავი საქმე აქვთ და ბევრი უბრალოდ ვერ ახერხებს ვენახიდან და მარნიდან გასვლას. ყველას კი არც შეუძლია და პრინციპში არც მოეთხოვება განსაკუთრებული სოციალური აქტივობა, როცა მარანში ამდენი საქმეა.
აქედან გამომდინარე, არ გაგვკვირვებია როდესაც აღმოჩნდა, რომ „ღვინის სოფლის“ ლექციებზე შეკრებილი მეღვინეების დიდმა ნაწილმა ახლაღა გაიცნო ერთმანეთის საქმიანობა, დაათვალიერეს მარნები, ვენახები, ნახეს რა მეთოდებს იყენებენ სხვადასხვა მარანში როგორც ღვინის დაყენების, ასევე შემდეგ ღვინის მოვლისა და შენახვის კუთხით. ეს პროცესი ცხადია პროექტის დასრულებამდე გაგრძელდება და იმედია ამის შემდეგ, მეღვინეები თავად გახდებიან ერთმანეთის დამხმარე და გზის გამკვალავები.
ტექნოლოგიების სიმცირე
როგორც იცით, „ღვინის სოფელი“ გურია-სამეგრელომდე, ორი წლის წინ იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მუშაობდა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ დასახელებულ ხუთ რეგიონს (ისევე როგორც სავარაუდოდ მთელი საქართველოს მევენახე-მეღვინეებს) დიდი პრობლემები აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების არქონის კუთხით. ჩვენ არ ვსაუბრობთ ულტრა-თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებსა და ნანო-ტექნოლოგიებზე. საუბარია ისეთი მარტივი დანადგარების არქონაზე, როგორიც მაგალითად სავენახე მულტიფუნქციური ტრაქტორი, ელექტრო საწამლი, ხარისხიანი კლერტსაცლელი საწური და ე.წ. წყლის პომპებია. გურია-სამეგრელოში ეს დანადგარები ვისაც აქვს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის ყველამ სხვადასხვა საგრანტო პროექტის საშუალებით შეიძინა, ხოლო ვისაც გრანტი არ მიუღია, შესაბამისად ისევ არქაული მეთოდებით მუშაობენ. ცხენით ვენახის მოხვნა და საწნახელში ფეხით 10 ტონა ყურძნის დაწურვა შეიძლება ტურისტისთვის თვალსაამო სანახაობაა, მაგრამ ჩვენი დროის მევენახე-მეღვინისთვის, დაგვეთანხმებით, ნამდვილი ტანჯვაა.
რა თქმა უნდა არსებობს სხვადასხვა დანადგარების ერთმანეთისთვის თხოვების გამოცდილება, მაგრამ ნათხოვარი და შემდეგ გაფუჭებული კლერტსაცლელი ხშირად გამხდარა კოლეგების განაწყენების მიზეზი და ესეც არ იყოს, „ბიო“ მევენახეობა-მეღვინეობის მიმდევრებისთვის ერთგვარი წითელი ხაზები გადის ტექნიკის თხოვებაზე, რადგან შეიძლება ადამიანს ტრაქტორი და საწამლი ცისტერნა ათხოვო, რომლითაც თავის ვენახს პესტიციდს შეასხამს და ცუდად გარეცხილი ცისტერნა შეიძლება შენი ვენახის დაბინძურების წყარო გახდეს. ამგვარი რისკების გაწევა ცხადა არავის უნდა.
რა თქმა უნდა ესეც დასაწყისში ნახსენებ უმთავრეს პრობლემას, ფინანსების სიმცირეს უკავშირდება და ასევე იმასაც, რომ ახალბედა მეღვინეების დიდი ნაწილი ამ საქმიანობას თავიდან მარტივად უყურებს და სურს მინიმალური დანახარჯებით შეძლონ საქმის გაგრძელება, რაც რაღაც ეტაპზე უბრალოდ შეუძლებელი ხდება და ყველაფერი სამწუხაროდ ხშირად მოუვლელი ვენახისა და მარნის გაყიდვით სრულდება.
„მეყურძნეობა“ მეღვინეობის ნაცვლად
პრობლემებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ რამდენიმე სასიამოვნო გამონაკლისის გარდა, „ღვინის სოფლის“ ორ სამიზნე რეგიონში არც ისე ბევრია მარანი, სადაც შეიძლება ტურისტი მივიდეს და მას კარგი ღვინით და ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ. ადგილობრივი გლეხების უმეტესობა ჯერ ისევ „მეყურძნეა“ და მოწეული ყურძნის დიდი ქარხნებისთვის ან კერძო პირებისთვის მიყიდვაზე არიან ორიენტირებული. ბევრი მათგანი სახლისთვისაც კი არ იტოვებს ყურძენს და შაქარ-წყლიანი ან ჰიბრიდებიდან დაყენებული ღვინით გადიან იოლად.
ბოლო წლებში საქართველოში ტურისტული ბუმის დაწყების პარალელურად, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს რაიონულ ცენტრებში შეიქმნა მრავალი მცირე სასტუმრო-გესტ-ჰაუსები, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ მეღვინეობასთან და ამ სასტუმროებში ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია ნორმალური ადგილობრივი ღვინის მოთხოვნა.
სამწუხაროდ, გურიასა და სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის პრობლემები მხოლოდ ამით არ ამოიწურება და ქართული ღვინის გულშემატკივრებს ამ კუთხეებში საფიქრალი კიდევ ბევრი აქვთ. თუმცა, დღეს არსებული სიტუაცია მაინც მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც 15-20 წლის წინ იყო, როდესაც შეიძლება სოფელ-სოფელ გევლო და ვერ მოგეძიებინა ნორმალური ღვინო, რომელიც შაქარ-წყალზე არ იყო დაყენებული, აღარაფერს ვამბობთ ჰიბრიდული ვაზის ჰეგემონიაზე და იმ საფრთხეზე, რაც გურულ და მეგრულ უძველეს ვაზის ჯიშებს ემუქრებოდა.
მთავარია საქმე დაიძრა, საქმე წინ მიდის და იმედია გურიისა და სამეგრელოს მეღვინეობის წინსვლაში პროექტი „ღვინის სოფელი“ თავის სიტყვას იტყვის.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი