მევენახე ტარიელ ბეგიაშვილი, რომელიც სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში ცხოვრობს, 10 წლის წინ როცა ვენახს აშენებდა ვერ წარმოიდგენდა ყურძნის რეალიზაცია ოდესმე თუ გაუჭირდებოდა.
9 ჰექტარზე გაშენებული ვენახი ბეგიაშვილების ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. როგორც მევენახემ რადიო ``ჰერეთს`` განუცხადა, წელს უხვი მოსავალი ჰქონდა, თუმცა მოსავლის ნახევარი ახლაც დასაკრეფია და მოწეული ყურძენი უკვე ლპობაშია წასული.
ტარიელ ბეგიაშვილი ამბობს, რომ მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ``კაბერნე სოვინიონი`` ხელისუფლებისთვის და ინვესტორებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
``მოსავლის მცირე ნაწილის რეალიზაცია მოვახერხე, თუმცა პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი იყო. ფასი კი მიზერული,`` - აცხადებს მევენახე. მისივე თქმით, მომავალი წლისთვის ვენახს აღარ გააკეთებს, რადგან არც სურვილი ექნება და არც შესაძლებლობა.
მევენახეები ფიქრობენ, რომ მთავრობის დახმარების გარეშე მსოფლიო ათეულში მყოფ საუკეთესო ყურძნის ჯიშს საქართველოში გადაშენება ემუქრება.
რადიო ``ჰერეთი``
თქვენი კომენტარი