ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება, თქვენ კი ჯერ საჩუქრები არ შეგირჩევიათ? კარგი ღვინო და ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული, ყოველთვის საუკეთესო არჩევანია ამ კეთილშობილი სასმელის მოყვარულთათვის. მაგალითად, თავისუფლად შეგიძლიათ მეგობარს აჩუქოთ ღვინის ბოთლის გასახსნელი, დღეს ხომ მისი უამრავი ვარიანტი არსებობს, ფორმის, ზომისა თუ ფასის მიხედვით. რა თქმა უნდა ღვინის ჭეშმარიტ დამფასებლებს შეგიძლიათ პირველ რიგში შესთავაზოთ თავად ღვინო. ქართულ ბაზარზე წინასაახალწლო პერიოდში სადღესასწაულო შეთავაზებაც ბევრია ხოლმე სხვადასხვა კომპანიისგან, თუმცა თავად თქვენ, კომპანიის დახმარების გარეშეც შეგიძლიათ აარჩიოთ ღვინო, იმის მიხედვით, თუ რომელ ჯიშს ან ღვინის ტიპს ანიჭებს უპირატესობას თქვენი მეგობარი ან ოჯახის წევრი. საბედნიეროდ, წინა წლებთან შედარებით, ქართული ღვინის ასორტიმენტი ძალიან გაიზარდა, არჩევანი დიდია, კახური, ქვევრის ღვინოებიდან დაწყებული - მუხაში დავარგებული თანამედროვე ტიპის საფერავებით ან ბიო-ღვინოებით დამტავრებული.
კარგი საჩუქარია ღვინის ბოკლებიც, რომელშიც მაღალი ხარისხი, კლასიკური დიზაინი და ინდივიდუალიზმია შერწყმული. ასეთი ჭიქები საკმაოდ მომრავლდა ქართულ ბაზარზე, როგორც ცანს ჩვენი გაზეთისა და ღვინის კლუბის პროპაგანდამ თავისი შედეგი გამოიღო და ნელ-ნელა ფერად-ფერადი უგემოვნო ჭიქები ადგილს უთმობენ კლასიკურ სასმისებს ნაცნობი ფორმებით. ყველა დიდ მარკეტში და სპეციალიზებულ მაღაზიაში ღვინის სადეგუსტაციო ჭიქების საკმაოდ დიდი არჩევანი დაგხვდებათ.
ასევე კარგი საჩუქარი იქნება დეკანტერები და ღვინის შესანახი და მისატანი სპეციალური ჭურჭელი, ღვინის სხვადასხვა აქსესუარები, თაროები, ბოთლის თავსახურები.
თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთი თქვენს ღვინის დამფასებელ მეგობარს უკვე აქვს, მაშინ კარგი იქნებოდა გეჩუქებინათ მისთვის... ღვინის არდადეგები. იმედია ამის დროც მოვა მალე საქართველოში.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი