15-18 სექტემბერს იტალიის ქალაქ ბრაში, Slow Food-ის ფარგლებში, გამოფენა Cheese ჩატარდა, სადაც ერთ-ერთი ღონისძიება ქართული ქვევრის ღვინოებისა და ყველის შეხამებას მიეძღვნა. ვიდრე ამ დეგუსტაციის დეტალებს მოგახსენებთ, ორი სიტყვით Slow Food-ის და Cheese-ის გამოფენის ისტორიას და მნიშვნელობას შევეხოთ.
Slow Food-ის (ნელი კვება) მოძრაობა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა იტალიაში. Slow Food-ის ფუძემდებლის, კარლო პეტრინისა და მოძრაობის აქტივისტების მთავარი მიზანი ადგილობრივი ტრადიციების, ჯანსაღი საკვების, გასტრონომიული სიამოვნების და ცხოვრების ნელი ტემპის დაცვა იყო. 1989 წელს Slow Food-ის წევრებმა საკუთარი პრინციპები თავიანთ მანიფესტშიც ჩამოაყალიბეს. Slow Food-ი მხოლოდ ნატურალურ, გემრიელი საკვებს აღიარებს, რომელიც აუცილებლად სიამოვნებას უნდა გვანიჭებდეს. Slow Food-ის ფილოსოფიის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მალხაზ ხარბედიას წერილი Slow Food, სიამოვნება, ცნობიერება, პასუხისმგებლობა.
დღეს Slow Food გლობალური მოძრაობაა, რომლიც მოიცავს ათასობით პროექტს და მასში მსოფლიოს 160 ქვეყნიდან მილიონობით ადამიანია ჩართული. Slow Food -ი ისეთ სამყაროს ხედავს, სადაც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისიამოვნოს ჯანსაღი საკვებით, რომელიც სასარგებლოა მათთვის, პროდუქტის მწარმოებლისთვის და პლანეტისთვის.
რაც შეეხება თავად გამოფენა Cheese 2017-ს, იგი პირველად ქალაქ ბრაში 1997 წელს ჩატარდა და მას შემდეგ 2 წელიწადში ერთხელ იმართება. წელს კი საიუბილეო თარიღი იყო, Cheese-ი 20 წლის გახდა. 15-18 სექტემბერს, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მოედნებსა და ეზოებში გაშლილი იყო ყველის ბაზარი, ბიომრავალფეროვანი სახლი (Biodiversity House), ყველის დიდი დარბაზი (Great Hall of Cheese), ენოთეკა, ნატურალური სივრცე (Natural area). ეს სივრცე სიახლე იყო წელს, სადაც წარმოდგენილი იყო ყველი, გამოყვანილი ხორცეული, ხელოვნური დანამატების გარეშე წარმოებული ღვინო და პური, ასევე ლუდი და სხვადასხვა კერძი. ერთი სიტყვით, ბრა და პოლენცო Slow Food-ის ძველ და ახალ წევრებს ღირსეულად მასპინძლობდა.
როგორც აღვნიშნეთ, ერთი დღე ქართული ქვევრის ღვინისა და ყველის შეხამებას მიეძღვნა, რომელსაც მეღვინე იაგო ბიტარიშვილი დაესწრო და თავად წარუდგინა ქართული ქვევრის ღვინოები იტალიელ მასპინძლებს და სტუმრებს.
იაგო ბიტარიშვილი: "იტალიაში ჩვენი ვიზიტის ძირითადი მიზანი Slow Food-ის ღონისძიებაზე დასწრება იყო, სადაც ჩვენმა იმპორტიორმა კომპანია Velier-მა დაგვპატიჟა. სწორედ Velier-ი იყო პირველი კომპანია, რომელმაც 10 წლის წინ იტალიაში ქართული ქვევრის ღვინის ექსპორტი დაიწყო. ამჯერად ქალაქ ტურინში ოთხ რესტორანში დეგუსტაციები დაგეგმეს, სადაც დააგემოვნეს იაგოს ღვინო და თურქეთის ქვევრის ღვინო, რომელსაც უდო ჰირში აწარმოებს.
ერთ-ერთი რესტორანი Ristorante Del Cambio, სადაც ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ყველაზე ძველი რესტორანია იტალიაში, 260 წლისაა, მის მარანში კი 9000 ბოთლამდე ღვინო ინახება და ყოველთვიურად დაახლოებით 2000 ბოთლს ყიდიან.
ტურინის შემდეგ გავემგზავრეთ ქალაქ ბრაში, სადაც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, Slow Food-ის ორგანიზებით ეწყობა დიდი ყველის ფესტივალი". ბრაში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე "ყველი და ქვევრის ღვინო", ქართული ღვინოებიდან წარდგენილი იყო იაგოს ღვინო, სოლიკო ცაიშვილის (ჩვენი ღვინო), ზურაბ თოფურიძის (იბერიელი) და ნიკა ბახიას (მარანი ნიკა) ღვინოები.
დიდი დეგუსტაცია გაიმართა პოლენცოს უნივერსიტეტშიც, სადაც ქართული ღვინოებიდან იაგოს ღვინო ჩარდახი 2015 და სოლიკო ცაიშვილის საფერავი 2011 იყო წარდგენილი. დეგუსტაციას ძირითადად ღვინის პროფესიონალები ესწრებოდნენ და ქართული ქვევრის ღვინომ დიდი მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი