Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი ხაშმში იზაბელ ლეჟერონთან ერთად

ლევან სეფისკვერაძე

კომპანია „ჯაყელების ღვინოებს“ რთველი წელს განსაკუთრებულად ადრე ჰქონდა. ამის მიზეზი, უჩვეულოდ ცხელი ზაფხული იყო. კახეთში, სოფელ ხაშმში ძმების, მალხაზ და ზაზა ჯაყელების და მათი კომპანიონის – შოთა ფეტვიაშვილის მიერ გაშენებულ ვენახებში, საფერავის ჯიშის ყურძენს როგორც წესი ოქტომბრის ბოლოსთვის კრეფდნენ ხოლმე, თუმცა ყურძენმა შაქარი ძალიან მალე დააგროვა და ჯაყელებმაც მეგობრებთან, ჟურნალისტებთან, „ღვინის კლუბის“ წევრებთან და საპატიო სტუმართან – ცნობილ სომელიე იზაბელ ლეჟერონთან ერთად, სექტემბრის თვის ბოლო დღეებში რთველი გააჩაღრეს.
 
„ყოველი რთველი ახალი იმედების დასაწყისია“
 
კომპანიის ერთ–ერთი მფლობელის, მალხაზ ჯაყელის თქმით, წლევანდელ მოსავალ ისეთი პირი უჩანს, რომ შესაძლებელია ღვინო განსაკუთრებული გამოვიდეს. ამის იმედებს მას უპირველესად ყურძნის მაღალი ხარისხი და ზომიერი სიმჟავე–შაქრიანობა აძლევს. „ჯაყელების კომპანია“ საქართველოში  ცნობილია, როგორც ბიო–მევენახეობისა და მეღვინეობის იდეის გამტარებელი და რთველში მიწვეული სტუმრების უმთავრეს ინტერესს სწორედ ჯაყელების ხაშმის ვენახის დღევანდელი მდგომარეობის ნახვა და შესწავლა წარმოადგენდა.
რთველში მოხალისეებისა და კომპანიის თანამშრომლების გარდა, მონაწილეობას ადგილობრივი – ხაშმელი გლეხებიც იღებდნენ, რომელთაც „ჯაყელების კომპანია“ შესაბამის ანაზღაურებას უხდის და ეს ადამიანები, რთველის გარდა, ვენახის მოვლა–პატრონობის სხვა პროცესებშიც ხშირად იღებენ მონაწილეობას. შესაბამისად, აღნიშნული კომპანიის მიერ გაღებული ინვესტიციები, ხშირ შემთხვევაში, ადგილზევე იხარჯება და ჯაყელების წარმატება ადგილობრივი გლეხების შემოსავლებზეც აისახება.
მალხაზ ჯაყელი, მეღვინე: „პირველი რთველი 2005 წელს გვქონდა. ამის შემდეგ, მოსავლის რაოდენობა ყოველ წელს ნორმის ფარგლებში იმატებს. ჩვენ ყურძენს არ ვწონით ხოლმე და მხოლოდ დაწურული წვენის მიხედვით ვარკვევთ, როგორი მოსავალი იყო. ჩვენი ვენახი ახალგაზრდა ვენახია. მხოლოდ ვენახის მცირე ნაწილია ძველი. საერთოდ, ჩვენ რაოდენობაზე მეტად, ყოველთვის ღვინის ხარისხს ვანიჭებთ უპირატესობას. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენთან რთველში სტუმრად არის იზაბელ ლეჟერონი, რომელიც რთველისა და ყურძნის დაწურვის პროცესს დოკუმენტური ფილმისათვის გადაიღებს.
ეს კარგია არამხოლოდ ჩვენი კომპანიის რეკლამის კუთხით, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენს შრომას მეტი ფასი და აზრი ექნება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ საქმიდან არ არის იმხელა ფინანსური მოგება, როგორიც სასურველია, რომ იყოს, მაგრამ მომავალს იმედით ვუყურებთ და ყოველი რთველი ხომ, როგორც წესი, ახალი იმედების დასაწყისია“.
 
იზაბელ ლეჟერონი ხაშმში
 
სოფელი ხაშმი საფერავის ჯიშის ყურძნისათვის ერთ–ერთ საუკეთესო ზონად არის მოჩნეული. ამ სოფელში საბჭოთა კავშირის პერიოდში რამდენიმე დიდ ღვინის ქარხანას ჰქონდა საკუთარი ვენახები. ამას ემატებოდა სოფლის კოლმეურნეობა, რომელიც წინასწარი გეგმის საფუძველზე სახელმწიფოს ყურძენს აბარებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხაშმში თითოოროლა ადგილობრივი მევენახე გლეხებიღა შემორჩნენ, რომლებიც მოწეული მოსავლისა და ღვინის ხარისხს ხშირად ვერ აკონტროლებდნენ და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ბევრი ვენახი მოუვლელობით გაფუჭდა, რამდენიმე ენთუზიაზისტის შრომას კი შედეგი ხშირად არ მოჰქონდა.
ძმები ჯაყელების ხაშმით დაინტერესების შემდეგ, ამ სოფელმა ქართულ ღვინოსთან კავშირში ისევ გაიჟღერა.
ჯაყელების რთველში ერთ–ერთი ყველაზე საპატიო სტუმარი, როგორც ავღნიშნეთ  – იზაბელ ლეჟერონი იყო. ქალბატონი იზაბელი არის წარმოშობით ფრანგი, რომელიც ცხოვრობს ლონდონში. მისი მამისეული ოჯახი ცხოვრობს საფრანგეთში, კონიაკის მხარეში, და შესაბამისად მათთვის კონიაკის დაყენება იყო ოჯახური ტრადიცია. თუმცა მან გადაწყვიტა, რომ ღვინის ოსტატი გამხდარიყო. ბოლო ორი წელია ძალიან დაინტერესდა ბიო და ბიოდინამიკური მიმართულებით.
ჯაყელების ვენახში რთველს ლეჟერონი სამწუხაროდ სულ ორი საათი დააკვირდა, თუმცა ამ დროის მანძილზე, ყურძნის კრეფაშიც მიიღო მონაწილეობა, ღვინის დაგემოვნებაც მოაწყო და არც მასპინძლების მიერ შეთავაზებული სახელდახელოდ მომზადებული გემრიელი კერძების გასინჯვაზე უთქვამს უარი.
იზაბელ ლეჟერონი, ღვინის სპეციალისტი: “რამდენიმე წელია მივხვდი, რომ მსოფლიოში ყველა ღვინო ერთნაირი გახდა (გახადეს) და ვეღარ ვპოულობდი ვერაფერს საინტერესოს. აი მაშინ დამებადა შეკითხვა: რატომ არ უნდა იწარმოებოდეს ბიო ღვიონოები მასობრივად? როდესაც ხედავ, რომ თუნცად პატარა საქართელოში ამდენი საინტერესო ღვინის გასინჯვა შეიძლება... ჩვენ ვაპირებთ დოკუმენტური ფილმის გადაღებას ქართულ ღვინოზე და ამისათვის, აქაური ვენახების ნახვაც მოგვიწია. ეს ვენახი ძალიან მომწონს. სულ მალე ლონდონში მივდივარ და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ მექნება აქ ჩამოსვლისა და რთველში მონაწილეობის ბედნიერება“
 
საქართველოსადმი კეთილმოსურნე ხალხი
 
ჯაყელების ვენახში რთველის დროს, იზაბელი ლეჟერონი ჩასული იყო თავის გუნდთან ერთად. როგორც თავად აცხადებს,  იგი და მისი მეგობრები, “ტრეველ ჩენელის“ დაკვეთით და ქართული დაფინანსებით იღებენ 40 წუთიან ფილმს სახელწოდებით: “საქართველო, ღვინის აკვანი“.  სტუმრების საუბრიდან გავარკვიეთ, რომ მათ ქართული ღვინო (უკვე რამდენიმე ათეული ღვინის ნიმუშის გასინჯვა მოასწრეს) იმდენად მოსწონთ, რომ სურვილი აქვთ, საქართველოსადმი კეთილმოსურნე ფილმი გადაღონ.
სტუმრები ჩვენი ქვეყნით აღტაცებულნი იყვნენ, მაგრამ საქართველოში კიდევ უფრო მეტ ხანს დარჩენისათვის, გარკვეული ტექნიკური პრობლემები შეექმნათ და ცდილობდნენ, რომ ბილეთები გადაეცვალათ, რათა რამდენიმე დღით მაინც გაეხანგრძლივებინათ საქართველოში ყოფნა. დაგეგმილი 9 დღიანი საქართველოში ყოფნა მათთვის რასაკვირველი არ იყო საკმარისი.
თუ აღნიშნული ფილმი კარგი გამოვიდა, იმედია სათანადო გამოხმაურება მოჰყვება დასავლეთში და ქართული ღვინისადმი ინტერესიც გაიზრდება.  ჯაყელების ვენახი ამ ფილმში აუცილებლად მოხვდება, რადგან ეს გახლავთ ერთგვარი საჩვენებელი ვენახი, სანიმუშო მოვლისა და ბიოდინამიკის კუთხით. ცნობილი ამბავია, რომ ყურძნისა და ღვინის ბიზნესი ტყუილებს და ეშმაკობებს ვერ იტანს და წარმატება მხოლოდ მონდომებულ და წესიერ ადამიანებს უნდა ხვდეთ წილად.
ძველ საქართველოში როდესაც ვინმე ცუდ საქციელს ჩაიდენდა, მას აუცილებლად სჯიდა ხოლმე სოფელი. მაგრამ, თუ გაირკვეოდა, რომ ეს კაცი კარგ ღვინოს აყენებდა, მომხდარა ისე, რომ მისთვის დანაშაულიც კი უპატიებიათ.
როგორც დასაწყისში ვთქვით, ჯაყელების რთველში ბევრ სხვა სტუმართან ერთად, „ღვინის კლუბის“ წევრებიც იყვნენ. „ღვინის კლუბის“ წევრი, რეჟისორი ლევან კიტია რთველს და საერთოდ, ღვინოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მეტად საინტერესოდ აფასებს.
ლევან კიტია, რეჟისორი, „ღვინის კლუბის“ წევრი: „რთველში რომ მოვდიოდით, ვამბობდით: „წავედით მალხაზ ჯაყელთან და დავეხმაროთ ყურძნის დაკრეფაშიო“. მაგრამ, ჩამოვედით და მივხვდით, რომ აქ ჩამოსვლით უპირველესად დავეხმარეთ საკუთარ თავს. ტვინი გავიწმინდეთ, სული გვიწმინდეთ, კარმა გავიწმინდეთ... და თბილისში ასეთი განწმენდილები დავბრუნდებით. მოგეხსენებათ, რომ ღვინო სუპერმარკეტის უკანა ეზოში ბუჩქებზე არ იზრდება – ბოთლებში. აქ რომ ვარ, ვსუნთქავ ჰაერს, ადამიანებს, და ვხვდები, რომ მეც არ ვარ ცუდი კაცი”.
ჯაყელების რთველში, ყურძნის კრეფის დასრულების შემდეგ, ქართული რთველის მარადიული თანმდევი – წინა წლის ღვინით დამშვენებული სუფრა გაიშალა. ამ დროს უცხოელი სტუმრები უკვე წასულები იყვნენ და ჯაყელებმა, უახლოეს მეგობრებთან ერთად, ახალი მოსავალი დალოცეს. დალოცეს იმ იმედით, რომ მათ მარანში წელს განსაკუთრებულად კარგი ღვინო დადუღდება. სწორედ ეს იმედია ის მთავარი მოტივაცია და მიზეზი, რამაც შეიძლება ადამიანს მეღვინეობა გადააწყვეტინოს.  
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.