Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვარდისფერი ღვინოები

საფრანგეთი კინაღამ ისევ "თამაშგარე" მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ლუარისა და პროვანსის მწარმოებლებმა მაინც მოასწრეს ვარდისფერი ღვინოებით დატვირთული, სამომხმარებლო ინტერესების პიკისკენ მიმავალი ლოკომოტივის საფეხურზე შეხტომა. პროცესიას წინ მიუძღვის კალიფორნია თეთრი ზინფანდელის, სირასა და გრენაშისგან დამზადებული "როზეს" გაცილებით უფრო სერიოზული ვარიანტებით. აქვეა ავსტრალიური ვიქტორია ვარდისფერი კუპაჟების ფართო სპექტრით, ესპანეთი განახლებული "როსადოთი" და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მაჯენტური პინოტაჟით.

Wine-ის რედაქტორი ჯონ დაუნსი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად უმრავლესობის აზრისა, რომელიც ვარდისფერ ღვინოებს ნაკლებ მოდურად მიიჩნევს, ისინი მრავალფეროვანი და რთულია, ზოგჯერ კი, წლიდან წლამდე, გაკეთილშობილების უნარსაც ამჟღავნებს; თან იმასაც გვიხსნის, თუ რატომ უნდა ვისწავლოთ აზროვნება ვარდისფერ ფერებში.

 

ინტიმური დღიური

 

ერთია, როდესაც გულახდილად აღიარებ, რომ ვარდისფერი ღვინოების მოყვარული ხარ. ამას არცთუ ისე ბევრი სერიოზული connoisseurs-ი უშვებს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მას ჩუმ-ჩუმად სვამს (ამისთვის საკმარისია დავითვალოთ ლუარიდან და პროვანსიდან გატანილი კალათების რაოდენობა); კიდევ სხვა საქმეა მაღაზიაში ერთი ბოთლი ღვინის ყიდვა საკუჭნაოში შესანახად: წარმოსახვაში იხატება სურათი, სადაც "როზეს" საიდუმლო თაყვანისმცემლები ბნელ კუნჭულებში იმალებიან, რათა მშვიდად მინებდნენ თავიანთ ვარდისფერ აღტაცებას. საწყალ მოხუც "როზეს" ძალზე დიდხანს მოიხსენიებდნენ აუგად, მაგრამ მესამე ათასწლეულის დასაწყისში "ღვინის მსოფლიო მარკეტინგმა" ვარდისფერი ღვინოებისთვისაც მოიცალა, და ისინი მტკიცედ შემოვიდა მოდაში.

ავსტრალიაში საპროგრამო განცხადებით გამოვიდნენ "ვარდისფერი ღვინოების განმათავისუფლებელი ალიანსის" (Rose Liberation Alliance) წევრები. ეს ალიანსი ვიქტორიის მწარმოებლებისა (როგორებიცაა De Bortoli,Yering Station, Portree Vineyards და სხვ.) და რეგიონის ფეშენებელური რესტორნების შეფ-მზარეულების მიერ შეიქმნა 2001 წელს. ისინი ყოველ ორ თვეში ერთხელ მართავენ სხდომებს და იმდენად არიან შეპყრობილი ვარდისფერი სტილის პროპაგანდის იდეით, რომ უნიფორმაც კი შექმნეს: წითელი სამკლავური და ვარდისფერმინებიანი სათვალე. ალიანსი მიზნად ისახავს მომხმარებლის გათვითცნობიერებას ვარდისფერი ღვინოების არჩევაში და რესტორატორების დარწმუნებას, გააფართოოს ღვინის ბარათებში "როზეს" ასორტიმენტი.

გასულ წელს პორტუგალიაში ჩატარდა ვარდისფერი ღვინოების, კერძოდ, Fonseca-სა და Sogrape-ს მწარმოებლების მიერ ინიციირებული კორპორაციული სარეკლამო კამპანია. სამარკო ვარდისფერ Lancers-სა და Mateus-ს ისინი ტრადიციულად პორტუგალიის 4-5 რეგიონის ადგილობრივი ჯიშების შერევის გზით ამზადებენ; ამგვარი ხერხით ვინტაჟისგან დამოუკიდებლად მიიღწევა ცნობადი მსუბუქი "შაქრის" გემო და შარბათის, კარამელისა და დიუშესის დამახასიათებელი ნოტების მქონე ბუკეტი. 2002 წლის პლაჟის სეზონის განმავლობაში მთელ ლისაბონში ნახავდით დაფებს ერთადერთი წარწერით - "Drink Pink" მადის აღმძვრელი ვარდისფერი ბოთლის გამოსახულებით.

ღვინის ცნობილი პოპულარიზატორი მწერალი ქალი, "ღვინის ბიბლიის" ავტორი კარენ მაქნილი (MacNeil) ყოველწლიურად გამოსცემს დაიჯესტს, რომელშიც ოსკარის მფლობელ მსახიობებს სხვადასხვა ღვინოებს ადარებს. ასე მაგალითად, 2002 წელს მან ვარდისფერ ღვინოს შეადარა თვით ქეით უინსლეტი (Winslet), რომელიც დიდ ბრიტანეთში იმდენად პოპულარულია, რომ გასული წლის სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად, კითხვაზე, "ვისთან ერთად ისურვებდით ერთი ბოთლი კარგი ღვინის დალევას?", ინგლისელთა 35%-მა "პატარა ქეითი" დაასახელა.

აშშ-ში მსხვილმა ღვინით მოვაჭრე კომპანია Rosenthal Wine Merchant Ltd-მა, საკუთარი კლუბ The Mad Rose Group-ის ფარგლებში პრესაში წამოიწყო ვარდისფერი ღვინოების მხარდასაჭერი პროგრამა. კომპანიამ დაიწყო პროვანსის, ლანგედოკისა და ლუარის "როზეს" ფრანგული ვარიანტების წამოწევა, რომლის დროსაც ძირითადი აქცენტი ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე კეთდებოდა.

უკანასკნელი წვეთი International Wine Challenge - 2002-ზე ვარდისფერი ღვინოების ტრიუმფი იყო. რა თქმა უნდა, "ტრიუმფი" გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი კონკურსის მთელი 18 წლიანი ისტორიის მანძილზე ვარდისფერ ღვინოებს ჯერ არასოდეს რგებია ოქროს მედალი. ამ კატეგორიისთვის გასული წლის ასე უჩვეულო შედეგი - 1 "ოქრო", 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი - მიუთითებს არა მარტო ვარდისფერი ღვინოების მიმართ მომხმარებელთა გაზრდილ ინტერესზე, არამედ მათი ხარისხის არსებით გაუმჯობესებაზე.

 

ლაჟვარდოვანი სანაპიროს როლი

 

რატომ არ იყო ამდენ ხანს ვარდისფერი ღვინოები მოდაში? ჯერ ერთი, როგორც ჩანს, "როზეს" მწარმოებლებმა ყველაზე გვიან გააცნობიერეს, რომ ბოთლზე 20 გრამი შაქარი კომილფო არ არის; მეორე მიზეზად შეიძლება დასახელდეს მათ მიმართ არსებული დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება მთელ მსოფლიოს გადაედო ფრანგებისგან, რომლებიც სიცხეში ცისტერნებით სვამდნენ ვარდისფერ ღვინოებს და მათ "ზაფხულის გამაგრილებელ სასმელად" მიიჩნევდნენ. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბოლო დრომდე ვარდისფერი ღვინოების მოხმარების ეპიცენტრად რჩებოდა ნიცა და სენ-ტროპე, რომლებიც შთანთქავდა ახლომდებარე პროვანსის პროდუქციას. სამართლიანობა მოითხოვს იმის თქმას, რომ მრავალ ევროპელს შეეყარა ლაჟვარდოვანი სანაპიროს ბექობზე მზით გაჯერებული ვარდისფერის ნაზი სიყვარული, როდესაც პლაჟის ბისტროებში მას ბუიაბესს აყოლებდნენ: შემდგომში კი, როდესაც თავიანთ ჩრდილოურ სახლებში შეუძლებლად მიიჩნიეს "გამაგრილებელი" პროვანსული ღვინოების დალევა, გაცილებით სერიოზული ვარიანტების ძიების სტადიაზე გადავიდნენ. მაგრამ საკუთრივ პროვანსს რაც შეეხება, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ღვინის პრესაში გავრცელებული ერთი ანეკდოტი, რომელშიც 1880-იან წლებში "პროვანსის ვარდისფერი სოფლებით" შექმნილი ნახატების სერიის ავტორის, ვან გოგის დეპრესია აიხსნებოდა ადგილობრივი ვარდისფერი ღვინოების სევდიანობით, რომლებითაც იგი ნაღველს იქარვებდა.

მრავალი წლის განმავლობაში ვარდისფერი ღვინოების ერთადერთ ღირსებად ფერი ითვლებოდა: მშვენიერი შესახედავია იასამნისფერი შეფერილობის გროლოზე დაყენებული ლუარის კუპაჟები, ორაგულის ან ხახვის ფურცლის თვალწარმტაცი შეფერილობის ღვინოები კაბერნე სოვინიონთან ერთად, მაგრამ ისინი სწორედაც რომ გვაიძულებს დაველოდოთ მარწყვისა და ჟოლოს გემოს აფეთქებას მხოლოდ იმისთვის, რომ პირზე ნერწყვად მომდგარი წინასწარი ტკბობა სატანჯველად გადავუგდოთ სუსტი სუნისა და სწორხაზოვანი უმარილო დასასრულისგან შემდგარ რეალობას. როგორც წესი, სწორედ ეს იმედგაცრუება, თვალსა და ენას შორის არსებული დისონანსი ედება საფუძვლად ვარდისფერი ღვინოების დაბალ შეფასებას.

No Sugar

 

ლუარის ხეობის ვარდისფერი პორტფოლიო მოიცავს "როზეს" ოთხ განსხვავებულ ტიპს: კანონი მკაცრად აკონტროლებს ნარჩენი შაქრის დონეს და თითოეული მათგანის ჯიშურ შემადგენლობას. სწორედ ის ვარდისფრები, რომლებსაც ზემოდასახელებული ინგლისელები სვამენ ბნელ საკუჭნაოებში, შაქრის უდიდესი შემცველობით ხასიათდება: Rosé d’Anjou-ში იგი დაახლოებით 17 გ/ლ-ია, ხოლო Cabernet d’Anjou-ში - უკვე მთელი 25 გ/ლ, რაც მას Liebfraumilch-ის სიტკბოსთან მიაახლოებს. ლუარის ამ ნიმუშების შესახებ სამყარომ დიდი ხანია ბევრი რამ იცის, მაგრამ უკანასკნელ წლებში, როგორც ამას ანჟუსა და სომიურის ღვინოების პროფესიონალთაშორისი კომიტეტიდან (Commité Interprofessionel des Vines d’Anjou et Saumur) კრისტიან ვიტალი ამტკიცებს, "მაღალი კლასის მქონე ვარდისფერ ღვინოებში წარმოიშვა შაქრის შემცველობის შემცირებისკენ მიმართული მყარი ტენდენცია". ამგვარად, მწარმოებლებმა მიმართეს AOC-ის წესებით დადგენილ ორ სხვა ნაირსახეობას: Cabernet de Saumur-ს ლიტრზე 10 გრამიანი შეზღუდვით და ყველაზე მშრალ Rosé de Loire-ს, რომელიც მაქსიმუმ 3 გ/ლ-ს შეიცავს; იგი შეიძლება დამზადებული იყოს სომიურსა და ტურენში, მაგრამ წარმოშობით ძირითადად ანჯუს ფიქლის ფერდობებიდანაა. ამასთანავე, სტრუქტურის შესანარჩუნებლად, ამ ღვინის მინიმუმ 30%-ს კაბერნე სოვინიონი ან კაბერნე ფრანი უნდა შეადგენდეს, მაშინ როცა გროლოსა და გამეს როლი მდგომარეობს ხილის გემოს დამატებითი აფეთქებით უზრუნველყოფაში. "ლუარის სერიოზული მშრალი "როზე" ანგარიშის გაწევას იმსახურებს, - ამბობს კრისტოფ დავიო (Daviau) Domaine Balbut-იდან, რომელიც ანჟუში მდებარეობს. - ის არა მარტო შესახედავადაა ლამაზი, არამედ ნამდვილ ბუკეტსაც ფლობს".

სამხრეთ რონის Tavel Rosé, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში "როზესა" და სერიოზული ღვინოების ერთადერთი მაკავშირებელი იყო, საკმაოდ ტკბილი ღვინოა, მაგრამ მისი სიტკბო, როგორც წესი, კარგადაა გაწონასწორებული სიმჟავით. ეს ყურძენი (Tavel-ი მზადდება 60% გრენაშისგან, 10% სენსოსგან და 5% სირასგან, კლერეტის, პიკპულისა და მურვედრის მცირე დანამატთან ერთად) რონის ხეობის მცხუნვარე მზის ქვეშ, მთის ქანების, ქვიშისა და კირქვის კომბინაციისგან შემდგარ ნიადაგზე იზრდება. "Tavel-ი გამოირჩევა სხვა ვარდისფერი ღვინოებისგან, - ამბობს პასკალ ლაფონი (Lafond) Domaine Lafond Roc Epine-დან. იგი ხასიათდება მჟავური სტრუქტურითა და წვნიანობით. მისი შენახვა შესაძლებელია ოთხ წლამდე, რომლის შემდეგაც იძენს სურნელებას, სანელებლის არომატს, სისრულესა და სახასიათო ნარინჯისფერ იერს. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ არომატი, ჩვენ არ ვავარგებთ ჩვენს ვარდისფერ ღვინოებს კასრებში, მაგრამ ბოთლებში ისინი უბრალოდ შესანიშნავად ძველდება". ისევე როგორც ლუარის ხეობაში, ვარდისფერი მეღვინეების მხედველობის არეში არც აქ ექცევა კასრი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ახალია.

ხარისხიან ვარდისფერ პროვანსშიც შეიძლება საკუთარი ლიდერის დასახელება. თუმცა, Château Sainte-Roselin-ს, რომელიც სენ-ტროპედან 40 კილომეტრის სავალზე გორაკებშია ჩამალული, დღეს გაცილებით ხშირად მოიხსენიებენ წითელ ღვინოებთან კავშირში: საქმე ისაა, რომ პროვანსელები სწორედ თავიანთი ხელის შემშლელი "ვარდისფერი იმიჯის" მოშორებით არიან დაკავებული და ამიტომ გადავიდნენ წითელ ღვინოებზე. აქედან გამომდინარე, Sainte-Roselin-ს ყოველთვის ასახელებენ ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მეურნეობად. მაგრამ ამავე დროს ეს შატო ერთადერთი "ვარდისფერი" cru classé-ა, და რეგიონში არსებული საერთო განწყობის მიუხედავად, აქ არც "როზეს" შესახებ დავიწყებიათ. "ჩვენ ხელით ვკრეფთ ყურძენს, გასანოყიერებლად არც ჰერბიციდებს ვიყენებთ და არც ქიმიკატებს, შემდეგ მტევნებს ვმარცვლავთ და ცალკე ვახდენთ ჩვენი ვარდისფერი ღვინოების ვინიფიცირებას. ჩვენ მათ ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ..." - ეშმაკურად იღიმება შატოს მფლობელი ბერნარ ტეიო (Teillaud).

ტრადიციულად ევროპული ვარდისფერი ღვინოებიდან ყველაზე მშრალი იყო გარნაჩაზე დაფუძნებული "როსადო", რომელსაც ჭენჭოსთან წვენის ხანმოკლე კონტაქტის შემდეგ როფიდან თავისუფლად მომდინარე წვენის გაწურვის გზით ამზადებენ. ისინი ფრანგულ ვარდისფრებთან შედარებით საკმაოდ მაგარია და შეიცავს არანაკლებ 12% ალკოჰოლს, რაც წარმატებით ჯდება ხილისა და სანელებლების ღრმა გემოს სურათში. მაგრამ თუ თქვენ ეძებთ რაიმე ნაკლებად ტკბილს, მაგრამ გაცილებით რთულს, გირჩევთ Castillo de Monjardin-ში ნავარის ჩრდილოეთით მდებარე ფერდობზე ასვლას, სადაც სახასიათო "როსადოს" ამზადებენ. "ვფიქრობთ, ჩვენი "როსადო" იმიტომაა ასეთი არაჩვეულებრივი, რომ მის ფერმენტაციას კასრებში ვახდენთ. იგი ერთადერთი უნდა იყოს მსოფლიოში", - ამბობს ვაჭრობის დირექტორი სონია ოლანო (Olano).

საკუთარ გზაზე მიმავალი კეპა კორტესი (Cortes) Bodegas Orvalaiz-იდან ეწინააღმდეგება გარნაჩას ზემოქმედებას და ღვინის დამზადებას რიოხული ტემპრანიიოს დომინანტით ამჯობინებს. თუმცა, თავად რიოხაშიც მოიხიბლნენ ვარდისფერი ღვინოებით, რომლებიც აქ მინერალური ელფერითა და ხენდროს ტონებით ივსება. Bodegas Muga-ში ხაზს უსვამენ იმას, რომ რობერტ პარკერმა 2001 წელს Muga Rioja Rosé-ს (გარნაჩას, ვიურისა და ტემპრანიიოს კუპაჟი) 88 ქულა მიანიჭა, რაც 10 დოლარიანი ვარდისფერი ღვინისთვის ურიგო არ უნდა იყოს!

აშშ-ში ვარდისფერი სპექტრი ორადაა გაყოფილი. ერთი მხრივ, ეგრეთ წოდებული თეთრი ზინფანდელი კალიფორნიელთა შედარებით ახალი გამოგონებაა. ამ ღვინოებს ამერიკელები Blush-ს, ე.ი. "მოვარდისფროს" უწოდებენ; ისინი იმისთვის შეიმუშავეს, რათა რაციონალურად გადაემუშავებინათ ზედმეტი ზინფანდელი: ყურძენი იწურება, კანი მომენტალურად შორდება წვენს, ეს უკანასკნელი განიცდის ფერმენტაციას და იძლევა თითქმის თეთრ ღვინოს, რომელიც ბოლომდე მაინც არ არის თეთრი და ჩვეულებრივ საკმაოდ ტკბილია. 1980-იანი წლების ბოლოს თეთრი ზინფანდელის ვარიანტები ბესტსელერებად - სუპერმარკეტებში გაყიდვათა უპირობო ლიდერებად იქცა. ეს "მოვარდისფრო" სიგიჟე იქამდე გრძელდებოდა, სანამ 1994 წელს აშშ-ში შარდონე არ შემოგრიალდა მოდაში. მიუხედავად ამისა, აშში-ში გასაყიდი ღვინოების საერთო მოცულობის 2%-ს დღესაც თეთრი ცინფანდელი შეადგენს. სხვათაშორის, მართალია მის აღწერაში ყოველთვის შეხვდებით სიტყვებს "უბრალოა და ნებისმიერ ყოველდღიურ საჭმელთან კარგად მიდის", მაგრამ სხვა ვარდისფერ ღვინოებთან შედარებით, დეგუსტაციებზე იგი ზოგჯერ მაინც ახერხებს საკმაოდ კარგი შეფასებების მიღებას. მაგალითად, Blossom Hill Winery White Zinfandel 2000 და Ernest&Julio Gallo White Zinfandel 2001 International Wine Challenge 2002-ზე "მოწონების ბეჭდით" აღინიშნა. კალიფორნიული vin gris-ები ასევე ძალიან ნათელი და მსუბუქია. მათ შორის ლამის ყველაზე ცნობილი 7 დოლარიანი Bonny Doon Vin Gris de Cigare გრენაშის, სირას, მურვედრისა და სენსოს კუპაჟს წარმოადგენს, და შეუძლებელია არ აღინიშნოს მარსანი - უკანასკნელი წლების ინოვაცია, რომელიც კუპაჟს ნაღების ტონს ანიჭებს.

მაგრამ კალიფორნიული სპექტრის მეორე მხარეს, როგორც წესი, არსებობს "როზეს" საკმაოდ მუქი ვარიანტები "რონის სტილში" დამზადებულ სირას ან გრენაშის საფუძველზე. "ოქროს" მფლობელი Wine Challenge Valley Oaks Syrah Rose 2001 Fetzer Vineyards-იდან ერთი შეხედვით წითელ ღვინოს ჰგავს, მაგრამ მისი გასინჯვისას მიხვდებით, რომ ამდენი ხენდრო მხოლოდ ვარდისფერ ღვინოში შეიძლება იყოს, ამასთან, ნარჩენი შაქრის დონე სულ რაღაც 6 გ/ლ-ია. გაცილებით ძვირი Josepf Phelps Grenache Rose ფერით მაჯენტით შეზავებულ ნარინჯისფერ ნესვს მოგაგონებთ, ხოლო ხენდროს გემოს ემატება ჟოლო, მინერალური ტონები და გამხმარი ბალახების ელფერი. დაბოლოს, კიდევ უფრო მეტ მინერალურ და მიწისფერ შეფერილობას შეიცავს სირისა და გრენაშის კუპაჟები პინო ნუართან ერთად, ისეთები, როგორიცაა Beringer Rose de Saignee 1988.

ავსტრალიელები და სამხრეთ აფრიკელები დღეს მნიშვნელოვნად უგულებელყოფენ ვარდისფერი ღვინოების შექმნის ტრადიციულ ტექნოლოგიებს. პაარლის ღვინის ქარხანა Fairview ახალ მუხის კასრებში ავარგებს პინოს, გრენაშის, გამესა და შირაზის კუპაჟის ნაწილს, რომლიდან მიღებული ღვინოც ალკოჰოლის მაღალი - 13,5%-იანი შემცველობით გამოირჩევა. Casella Wines-ი ახალ სამხრეთ უელსში აკეთებს ორიგინალურ ნარევს მერლოსა და შარდონესგან, რომელიც ფერმენტირებულია ამერიკულ მუხაში, სამი თვის განმავლობაში დავარგებულია კასრებში და ექვემდებარება ვაშლისა და რძის ფერმენტაციას. "თუ შამპანში უბრალოდ ურევენ თეთრ და წითელ ღვინოებს, რატომ არ უნდა გვესინჯა ჩვენც", - ამბობს ნადიჯ სიუნი იარას ხეობის ღვინის ქარხნიდან Yering Station-ი (Sune), სადაც ასევე ურევენ უკვე ფერმენტირებულ შარდონესა და პინო ნუარს, და უფრო და უფრო ამცირებენ ნარჩენი შაქრის დონეს. მეორე მხრივ, ვარდისფერი ღვინოებისთვის კაბერნე სოვინიონიდან, ნარჩენი შაქარი აუცილებელია: "მცირეოდენი შაქარი უნდა დარჩეს, ვინაიდან მის გარეშე მიიღება "არავარდისფრულად" მაგარი, მაგრამ ამავე დროს ცარიელი კაბერნე, - ამბობს სტეფან უებერი (Webber) De Bortoli-დან. - ვფიქრობ, დღეს ვარდისფერ ღვინოებში ნარჩენი შაქრის ირგვლივ ატეხილი ხმაური ოდნავ გადაჭარბებულია. ყოველ შემთხვევაში - შაქართან ერთად თუ მის გარეშე - ის ღვინოები, რომლებთანაც დღეს საქმე გვაქვს, საერთოდ არ ჰგავს იმ "ტკბილ ვარდისფრებს", რომლებმაც შელახეს "როზეს", როგორც ასეთის, რეპუტაცია.

მომავალი ვარდისფერში

 

ვარდისფერი ღვინოების ხანმოკლე სიცოცხლე ერთ-ერთი იმ პუნქტთაგანია, რომლის უარყოფაც მოუწევთ იმათ, ვინც საკუთარ თავზე იღებს მათი სერიოზულობის მტკიცებას. რა თქმა უნდა, "როზეს" უმრავლესობა უნდა დაილიოს ახალგაზრდობისა და სინორჩის ასაკში, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მათი დავარგება. ახალ სამყაროში ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს "ახალი" ვარდისფერი ღვინოების დავარგების პოტენციალში გარკვევა, მაგრამ მახსენდება, თუ როგორ ვიჯექი დაახლოებით სამი წლის წინ კრისტოფ დავიოს მყუდრო სასტუმრო ოთახში, როცა მან 1961 წლის მოსავლის Cabernet d’Anjou შემოიტანა. მას მოოქროსფრო ბრენდის შესახედაობა ჰქონდა, და შეეძლო ეამაყა ლიმონის კანის მარმელადის არომატით და ძირტკბილასა და ფორთოხლის საოცარი გემოთი. საკუჭნაოში კი მას ჯერ კიდევ რჩებოდა 1927 წლის მოსავლის ნიმუშები!

ფართოდ განსახილველი მეორე ასპექტია ვარდისფერი ღვინოების შეთავსება საჭმელთან. "მოძველებული" ტკბილი ვარდისფერი ღვინოები, მიუხედავად თავიანთი ჩვეული პრიმიტიულობისა, შეთავსების თვალსაზრისით მაინცდამაინც კარგად არ იქცეოდა: 100%-იანი ჰარმონიულობის მიღწევა მათგან მხოლოდ ცხარე და ცხიმიანი ხორაგის კომპანიაში შეიძლებოდა, როგორიცაა ტაილანდური სამზარეულოს კერძები, მაგრამ ეს უკანასკნელნი არანაიარად არ მოიაზრება მზის მცხუნვარებასთან ერთად. ამიტომ, რეკომენდაციებში ანჟუსა და პროვანსის ვარდისფრებთან დაკავშირებით, როგორც წესი, მითითებული იყო: "დაილიოს აპერიტივის სახით". რასაც ვერ ვიტყვით მართლაცდა მშრალი "როზეს" შესახებ: ის უპრეტენზიოა და უხდება უბრალო სამზარეულოს, გრილზე შემწვარ ხორცს, ბარბექიუს, თინუსის მსგავს მჭლე თევზს და სატაცურსაც კი.

საინტერესო, მაგრამ იაფი ღვინით ყოველდღიური სუფრის უზრუნველყოფის ტენდენციის გათვალისწინებით შეიძლება დავეთანხმოთ ავსტრალიური Rose Liberation Alliance-ს წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე შესცქერიან “როზეს" ვარდისფერი სათვალით, და მას მომავლის ღვინოს ეძახიან: "იგი გასაშტერებლად ლამაზია, კარგად ეთავსება საჭმელს და გამოირჩევა სიმსუბუქით. მისი საუკეთესო ვარიანტები 15-20 დოლარზე მეტი არ ღირს. ამასთან, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მისგან განსაცვიფრებელი ხილიანობის მიღწევაა შესაძლებელი, რომელიც შეიძლება უსასრულოდ გავართულოთ მინერალების, სანელებლების, ბალახების, წიწაკისა და ნუშის ნოტებით". ერთი სიტყვით, შეუერთდით უმცირესობას.

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.