Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კვირას ქვევრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

2025 წლის 27 აპრილს ქვევრის ღვინის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ორგანიზება საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ გაუწია. ღონისძიება დილის 10 საათზე საზეიმო მიღებით დაიწყო, მთელი დღის განმავლობაში კი ღვინის ექსპერტები, მეღვინეები და ღვინის სფეროს წარმომადგენლები ქართული ქვევრის ტრადიციასა და მისი საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. დისკუსიებით, მოხსენებებითა და ვიდეო ჩვენებებით კიდევ ერთხელ შეახსენეს საქართველოსა და მსოფლიოს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვევრის ტექნოლოგია მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში.

კონფერენციას გახსნითი სიტყვით მიმართა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა, "ყველა ადგილს თავისი შესაბამისი გემოს პოტენციალი აქვს. ჯიშის შერჩევა, ვენახის მოვლა, ფორმირება, შემდეგ გასხვლა -  ეს არის ჩამონათვალი იმ ოპერაციებისა, რომლის შედეგადაც მივიღებთ იმ უნიკალურ გემოს, რაც ყველაზე მიმზიდველს გახდის საბოლოოდ ჩვენს პროდუქტს. ღონისძიებას პირველ რიგში ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთ გავაცნოთ ქართველებსა და უცხოელებს, რა არის ქვევრი, რა არის ქვევრის ღვინო და მისი კულტურა. რადგან ღვინო არ არის მხოლოდ გასტრონომიული პროდუქტი, ეს ის კულტურაცაა, რაც მის უკან დგას. თქვენ ღვინით შეგიძლიათ დარბაზიდან გაუსვლელად სხვადასხვა ტრადიციაში, ისტორიასა და კულტურაში იმოგზაუროთ და უამრავი რამ აღმოაჩინოთ. ქვევრი ჩვენი იდენტობის ნაწილია და მნიშვნელოვანია თითოეულმა ქართველმა კიდევ უფრო ახლოს გაიცნოს ქვევრი, ქვევრის ღვინო და მისი კულტურა."

პირველ სესიაზე გაიმართა ქვევრების გახსნის საზეიმო ცერემონიალი — Qvevri Grand Opening. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვევრის ღვინის აღწერას საერთაშორისო სტანდარტით SAT WSET Level 3 Award in Wines მიხედვით. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, "ქვევრის ღვინო საერთაშორისო ენაზე მოსაუბრე პროფესიონალებისთვის კიდევ უფრო გასაგები გახდა." ლანჩის შემდეგ კონფერენციის მეორე ნაწილი საზეიმო ინაუგურაციით გაგრძელდა: დავით ტურაშვილსა და ირაკლი კვირიკაძეს საქართველოს საპატიო სომელიეს წოდება მიენიჭათ. ასევე, შალვა ხეცურიანის სომელიეს სკოლის პირველი გამოშვების დიპლომების გადაცემის ცერემონიალიც გაიმართა.

აერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა უილიამ ვოუტერსმა ხაზი გაუსვა ქვევრის ღვინის უნიკალურობას და აღნიშნა: "მსოფლიო ღვინის კულტურაში საქართველო უძველესი, თუმცა კვლავ თანამედროვე სიტყვით შემოდის. ქვევრი არის არა მხოლოდ მეღვინეობის მეთოდი, არამედ ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობა"

დღის განმავლობაში სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა სფეროს ლიდერები — მეცნიერები, მეღვინეები, სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები. მათ შორის იყვნენ: ხოსე ანტონიო ვიდალი (გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტი), ირაკლი ბაიდაშვილი (ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი), კახა შენგელია (კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი), ლევან მეხუზლა (ღვინის ეროვნული სააგენტო), გიორგი ბარისაშვილი (მევენახეობისა და მეღვინეობის მკვლევარი), და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი. კონფერენციაზე ისაუბრა ალექსანდრე ზორინმაც, ავსტრიული ჭიქების მწარმოებელი კომპანიის Riedel-ის ვიცე-პრეზიდენმა. ზორინმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში უძველესი ტექნოლოგიის, ქვევრის ღვინის გზის შენარჩუნება, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. ღონისძიება მუსიკალური და ვიზუალური წარმოდგენებით იყო გაფორმებბული.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ჯიშურ მრავალფეროვნებასა და მეცნიერების როლზე ისაუბრა ქვევრის ტრადიციის შემდგომ განვითარებაში: "სწორედ ჯიშური მრავალფეროვნება და ამ ჯიშურ მრავალფეროვნებაზე დაფუძნებული ქართული ღვინის დაყანების ტრადიცია განაპირობებს იმ უნიკალურობას, რითაც ჩვენ დღემდე ოვედით და ახლა უკვე აღინიშნება ქვევრის ღვინის საერთაშორისო დღე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, ვინაიდან ქართული წესით ღვინის დაყენების ტექნოლოგია შეტანილია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ნომინაციაში, გაჩნდა ახალი ფერი ღვინოსთან მიმართებაში - ქარვისფერი. ეს ყველაფერი, ცხადია, ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას. როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. და მოხმარების კულტურაის განვიტარებას ქვევრის ღვინოსთან მიმართებაში ჯიშურ მრავალფეროვნებასთან ერთად".

ჯაბა ძიმისტარიშვილი, რომელმაც 2018 წელს საუკეთესო სომელიეს სტატუსი მოიპოვა, აღნიშნავს, რომ ქვევრის ღვინო მეტ პატივისცემას იმსახურებს: "მსოფლიოსაც შევახსენებთ ამ დღეს, რომ არსებობს განსხვავებული და განსაკუთრებული უძირძველესი ღვინის დამზადების ტექნოლოგია"

ხოლო ღვინის ექსპერტმა ლიზა გრანიკმა (MW) აღნიშნა, რომ "ქვევრის ღვინო დღეს უფრო მზადაა, ვიდრე ოდესმე, დაიპყროს მსოფლიოს ბაზარი თავისი ბუნებრივობითა და კომპლექსურობით." 

სწორედ ამ დღეს კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რომ ქვევრის ღვინის ძალა არა მხოლოდ გემურ მახასიათებლებში, არამედ იმ ურყევ ღირებულებებშია, რომელზეც ჩვენი, ქართული კულტურა დგას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული