Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“სიხარულია, სტუმარს რომ ღვინო მოეწონება და ისეთ რამეს აღმოაჩენს, რის შესახებაც წარმოდგენაც არ გქონია”-ინტერვიუ მიხეილ წიკლაურთან

ცქრიალა ღვინის ფესტივალი ახლოვდება. დღეიდან კი ჩვენი ზამთრის ფესტივალის მონაწილე მარნებისა და მეღვინეების ისტორიებს უფრო ახლოს გაგაცნობთ. მეღვინეობა “სატრფო” ჩვენს ფესტივალზე უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას. ინტერვიუში მიხეილ წიკლაური თავის გამოცდილებას გვიზიარებს, ფესტივალის მოლოდინის შესახებ გვიამბობს საუკეთესო მოგონებების შესახებ გვესაუბრება.

-რა არის ცქრიალა ღვინო თქვენთვის, არის თუ არა კონკრეტული მომენტი, რომელმაც თქვენში ღვინის ამ კატეგორიის მიმართ ინტერესი გააღვივა? (რომელი ღვინოები უნდა წარადგინოთ ფესტივალზე და თქვენი რჩეული რომელია ამის შესახებაც მოგვიყევით)

- თავდაპირველად ცქრიალა ღვინო ჩვენთან იშვიათობა იყო. სწორედ ამან მიბიძგა ხელი მომეკიდა და მეცადა დაყენება. შემდეგ აღმოვაჩინე რომ ცქრიალა ღვინის დაყენებისას შემეძლო უფრო თავისუფალი, უფრო ხალასი, უფრო შემოქმედებითი ვყოფილიყავი და კიდევ უფრო გამიღრმავდა ინტერესი. მისი ვინიფიკაცია მოგეხსენებათ ძალიან სპონტანური და სახელდახელოა და უამრავი მოულონელობებით არის სავსე. ყოველ ჯერზე განსხვავებულ ღვინოს იღებ და მუდმივი სიახლის განცდა გეუფლება რაც ძალიან საინტერესო და სახალისოა ჩემთვის.
-წელს 3, ერთმანეთისგან განსხვავებულ სახეობას წამოვადგენთ :

   - ქისი  2024  პეტ-ნატი (ქარვისფერი შეფერილობით და საინტერესო ტანინებით)
   - კახური მწვანე - რქაწითელი 2024 პეტ-ნატი ( ჭაჭაზე დაყოვნებული )
   - როზე 2024 პეტ-ნატ (ჩინურის, შარდონეს, კაბერნე სოვინიონისა და ნებილოს ბლენდი)
ვფიქრობ სამივე განსხვავებული ხასიათისაა, გამიჭირდება გამორჩევა, თუმცაღა ჩემთვის, ქვევრის ღვინოშიც და ასევე ცქრიალაშიც კახური მწვანე შეუდარებელია. ცოცხალი არომატები ,მინერალური ტონები, სასიამოვნო მჟავიანობა , ხანგრძლივი “aftertaste”. ეს ყველაფერი ნამდვილად განუმეორებელია.

-რა არის თქვენთვის ყველაზე მხიარული/დასამახსოვრებელი გამოცდილება, რომელიც ვენახში მუშაობისას ან ღვინის დაწურვის პროცესში გამოგიცდიათ? 

- მახსენდება ერთი მომენტი რომელიც მაშინ მხიარული ნამდვილად არ იყო. 2022 წლის ცქრიალების პირველად გასინჯვის დროს გაგვაოცა ერთერთმა ღვინომ - რქაწითელის პეტნატმა რომელიც გოგირდწყალბადით იყო დაავადებული. როდესაც დეგორჟაჟს ანუ ლექის მოხსნის პროცესს ვაკეთებდით ეს ღვინო ისეთ საოცრად სუნს აყენებდა რომ ახლომახლო გაჩერებაც კი შეუძლებელი იყო: გაფუჭებული თევზი, დამყაყებული წყალი, ლაყე კვერცხი, მოკლედ სუნების სრული სპექტრი. რაღა გაეწყობოდა ?! ძალიან გული დაგვწყდა და ხელი ჩავიქნიეთ. დაახლოებით ერთ თვეში ხელახლა გავხსენით ეს ღვინო ერთერთი გამოცდილი მეღვინისთვის გასასინჯებლად და მოხდა საოცრება, დაავადება თავისით გაქრა. რამდენიმე ხანში კი საერთოდაც  ერთერთი საუკეთესო ღვინო დადგა და დიდი მოწონებები დაიმსახურა.

-იმ კონკრეტული ბოთლის ან მოსავალის შესახებ გვიამბეთ, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ, მოგწონთ და ისტორიის მატარებელია?

- ნამდვილად გამოვარჩევდი 2022 წლის მოსავლის კახური მწვანე-ჩინურის პეტნატს. მართლაც საუცხოო ბლენდი გამოვიდა. მწვანემ კომპლექსური გემოები მიანიჭა, ტროპიკული ხილის და კრემის ტონებით, ხოლო ჩინურმა კი ციტრუსისა და მწვანე ვაშლის მაღალჟავიანობით იდეალურად დააბალანსა ღვინო. ნამდვილად მაგარი აღმოჩენა იყო ჩვენთვის. კონცეპტუალური კუთხითაც ძალიან საინტერესო იყო კახეთისა და ქართლის რაიონების შერევა.
ასევე ძალიან კარგი ექსპერიმენტი გამოვიდა ქისი-ხიხვის 2023  წლის პეტნატი. მკვეთრად გამოხატული მზესუმზირისა და სვიის ტონები, რომელსაც ხიხვის მუსკატური ტონები ემატებოდა. მოკლედ ნამდვილი „მძიმე ტექნიკა“ იყო ჩვენს არსენალში. 

-როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით განვითარდა ცქრიალა ღვინო უახლოეს წლებში საქართველოსა და მსოფლიოში? არის თუ არა რაიმე ტენდენცია, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა?

- ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მეტი ცქრიალა ღვინო ჩნდება ასპარეზზე, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ჯერ „ახალი ხილია“ და ჯერ კიდევ წინ გვაქვს ახალი და საინტერესო აღმოჩენები ამ სფეროში. ქართულ ჯიშებს ნამდვილად დიდი პოტენციალი გააჩნია ამ კუთხით. მეღვინეებიც გახსნილები და მოწადინებულები არიან. ვფიქრობ მსოფლიო ღვინის სამყაროსთვის ქვევრის ღვინოსთან ერთად ქართული ცქრიალა დიდ ინტერესს შეიძენს.

-გაქვთ თუ არა განსაკუთრებული კერძი ამ ხემსი, რომელიც თქვენს ცქრიალა ღვინოს ძალიან უხდება?

- ჩვენს ასორტიმენტში თითქმის ყველა ტიპის ცქრიალები გვაქვს , სხეულიანი და მაღალალკოჰოლური ხორციან მსუყე კერძებთან ,მაღალმჟავიანი და მსუბუქი პიცასთან და სალათებთან , ასევე ნახევრად მშრალები ხილის ასორტთან და დესერტთან. თუმცაღა ჩემთვის ბოლოდროინდელი აღმოჩნა იყო თუშური ხაჭაპური - კოტორი , რომელიც ცხვრის კალტისაგან მზადდება , ზომიერად მარილიანია , შედარებით მსუბუქია და იდეალურად ეხამება ცქრიალა ღვინოს.

-თქვენთვის, როგორც მეღვინისთვის, რა არის ის,  რაც ყველაზე მეტად განიჭებთ სიამოვნებას ფესტივალზე? წინა ფესტივალის ან სტუმრების უკუკავშირის განსაკუთრებული მომენტები ხომ არ გაქვთ, რომლებსაც გაგვიზიარებდით?

- რა თქმა უნდა უპირველესი სიხარული არის ის რომ სტუმარს მოეწონება, დადებითად დაახასიათებს და შესაძლოა ისეთი რამ აღმოაჩინოს შენს ღვინოში რომელის შესახებ წარმოდგენაც არ გქონია. ხშირად ყოფილა შემთხვევები როდესაც ღვინის მოყვარული ესა თუ ის პიროვნება დაგვკავშირებია და ჩვენი ღვინით შთაგონებულს და მოხიბლულს კომპლიმენტები არ დაუშურებია. განსაკუთრებულად მახსენდება გერმანელი სტუმრები რომელბმაც ფესტივალზე გასინჯეს ჩვენი ღვინო, ძალიან მოეწონათ, შემდეგ ერთერთ ბარში დააგემოვნეს და პატარა ფოტოკოლაჟიც მოგივძღვნეს. ასეთი მომენტები ძალიან სასიხარულოა, თავდაჯერებულობას და სტიმულს გმატებს, რაც ძალიან საჭიროა ჩვენს საქმიანობაში.

- გამოწვევა, დაბრკოლება ხომ არ შეგხვედრიათ, რომელიც ცქრიალა ღვინის წარმოების პროცესში შეგხვედრიათ? როგორ აისახა ეს გამოცდილება საბოლოო პროდუქტზე?

- რაც შეეხება დაბრკოლებებს, გამოწვევებს, პრობლემებს, ესენი ყოველთვის არის და იქნება მანამ სანამ მეღვინე თავის პროდუქტის დახვეწასა და განვითარებას არ შეწყვეტს. ჩემი აზრით, ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ეშხი ამ საქმიანობაში, მოულოდნელობები, სიახლეები და პრობლემის მოგვარების შემოქმედებითი გზა რომელიც მუდმივად თან ახლავს ამ პროცესს. განსაკუთებულად ბუნებრივი ცქრიალა ღვინო (პეტ-ნატი) გამოირჩევა „მოურჯულებელი“ , ხასიათით. ე.წ. დეგორჟაჟის (ლექის მოცილების) პროცესისას ნამდვილი ხელჩართული „ომია“ ღვინოსა და მეღვინეს შორის, მაგრამ როგორც წესი ყველაფერი კეთილად მთავრდება. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ერთმანეთს ემატება რაც პროდუქტის ხარისხზეც აისახება.

-გაქვთ თუ არა ცქრიალა ღვინის წარმოებაში რაიმე თქვენეული პრაქტიკა დანერგილი? ან რა ნაბიჯებს მიჰყვებით, როგორ აწარმოებთ მას? 

- ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენეული დაკვირვებები გავაკეთოთ და შედეგად დავხვეწოთ წლიდან წლამდე წარმოების პროცესი. უპირველესი პრიორიტეტი სახელდახელოდ შერჩეული ბიო ყურძენია, სწორ კონდიციაში დაკრეფა, მინიმალური ინტერვენცია დუღილის პროცესში, მხოლოდ ველურ საფუვრებზე, ორგანული მეთოდით. ჩვენი მეღვინეობის არსიც ამაზეა დაფუძნებული რომ მინიმალურად ჩავერიოთ ბუნებრივ პროცესებში და ღვინოც მაქსიმალურად ნატურალური იყოს. შემდგომ ნაბიჯებს და ტექნიკურ დეტალებს უკვე თავად ღვინის სპეციფიკა გვკარნახობს. 

- რა არის თქვენი მარნის, მეღვინეობის მთავარი მიზანი, ხედვა?

- მთავარ მიზანს წარმოადგენს ხარისხიანი ღვინის წარმოება, რაც ვფიქრობთ რომ უმნიშვნელოვანესია როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის ასევე საერთაშორისო სარბიელზე სახელის დამკვიდრებისათვის. ცქრიალა ღვინის კულტურა ნელნელა იკიდებს ფეხს საქართველოში და ჩვენც ჩვენის მხრივ გვინდა მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში, დავიჭიროთ ის თამასა რაც გემოვნებიან მომხმარებელს და ზოგადად საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს შეეფერება.

-როცა ფესტივალზე თქვენს ცრიალა ღვინოს სტუმარი გასინჯავს, რა გსურთ, რომ პირველი გაიფიქროს, განიცადოს ღვინის დაჭაშნიკებისას? რა არის თქვენთვის, როგორც მეღვინისთვის, ყველაზე საინტერესო ასპექტი განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ღვინოს სტუმრებს აცნობთ ღვინის ფესტივალზე?

ორ ასპექტს გამოვყოფდი : უპირველესად ვცდილობთ მომხმარებელს დავანახოთ ორგანული მიმართულების უპირატესობა და ავუხსნათ თუ რა არის ბუნებრივი, ცოცხალი, ღვინო და რითი ჯობს ის სხვა დანარჩენს. მეორე ასპექტი არის ჩვენი ღვინოების განსხვავებულობა. ჩვენ ვცდილობთ არაორდინალური ტიპის ცქრიალა ღვინო ვაწარმოოთ რომლებიც მაქსიმალურად გამოხატავენ ქართული ჯიშების უნიკალურ გემოვნურ თვისებებს და მახასიათებლებს.ვიმედოვნებთ ფესტივალის სტუმრები გაიზიარებენ ჩვენს ხედვას და ჩვენი ღვინეობი მათთვის სიახლისა და დადებითი ენერგიების მიმცემი იქნება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com


წარმატებები

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული