ბულგარეთში სპირტიანი სასმელების მწარმოებელთა დიდი ნაწილი ჩრდილოვანი ეკონომიკის სექტორში მოღვაწეობს – განაცხადა ბულგარეთის მევენახეთა და მეღვინეთა ეროვნული პალატის წარმომადგენელმა პლამენ მოლოვმა, რომელიც პლოვდივში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენა “ვინარიას” ესწრებოდა. ბატონმა მოლოვმა განმარტა, რომ ალკოჰოლური სასმელების დიდი ნაწილი, რომელიც ბულგარეთში იყიდება, არაკანონიერად იწარმოება. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 350 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს იღებენ, მაგრამ აქედან 150 ათასი ტონა უკვალოდ ქრება - მისგან წურავენ შინაურ ღვინოს და ხდიან რაკის, ან უკანონოდ აწარმოებენ ალკოჰოლურ სასმელებს და გააქვთ ბაზარზე. მაგრამ ვერავინ იტყვის, რა ხდება სინამდვილეში, რადგან ამ პროცესის გაკონტროლება ვერ ხერხდება. წელს გამოფენა “ვინარიას” მონაწილეებმა, ძირითადი აქცენტი უცხო არომატის ღვინოებზე გააკეთეს. პლამენ მოლოვის თქმით, “წელს შეინიშნებოდა აშკარა ტენდენცია უნიკალურობისადმი – წარმოდგენილია ღვინოები, რომლებიც დაწურულია ეგზოტიკური ჯიშის ყურძნისაგან ან საუცხოო კუპაჟირების შედეგად არის მიღებული”. “ვინარია 2013-ის” ღვინოები მართლაც სანელებლების, ბალახის, ქოქოსის, ეგზოტიკური ხილისა თუ ყვავილების მძაფრი არომატით გამოირჩეოდა.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი