Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბურგუნდია - დანაწევრებული საგანძური

ბურგუნდია - საფრანგეთის ყველაზე სახელგანთქმული და, ამასთან, საოცარი მეღვინეობის რეგიონია. აქ კულტივირდება ყურძნის ჯიშთაგან ერთ-ერთი ყველაზე ჭირვეული - პინო ნუარი და შედარებით სტაბილური შარდონე, რომლებიც, წარმატების შემთხვევაში, განუმეორებელ ღვინოს იძლევა. ლინდა ჯონსონ-ბელი და როზმარი ჯორჯი არკვევდნენ, რა განაპირობებს რეგიონის ასეთ გამორჩეულობას. 

კოტ დ'ორი (Côte d'Or) - ბურგუნდიის გული, მდინარის გაყოლებით 50 კილომეტრზე გადაჭიმული მთაგრეხილია. ადგილი, რომლის კლიმატისა და ნიადაგის სტრუქტურის შეხამება ორ ძირითად ადგილობრივ ჯიშს, პინო ნუარსა და შარდონეს საოცარ სრულყოფილებას ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რას სწავლობდით ფრანგული ენის გაკვეთილებზე, უნდა მოგახსენოთ, რომ კოტ დ'ორი სრულებითაც არ ნიშნავს "ოქროს ფერდობს." მისი მნიშვნელობა Orient (აღმოსავლური)-იდან მომდინარეობს, რომელიც დროთა განმავლობაში შემოკლდა. იგი კოტ დე ბონს (Côte de Beaune - 20 სოფლით ბურგუნდიის შუაგულში) და კოტ დე ნიუის (Côte de Nuits - 8 სოფელი ჩრდილოეთ ნაწილში) აერთიანებს. აქ ძირითადად წითელ ღვინოებს აწარმოებენ, სქელსა და კონცენტრირებულს, ამავე დროს, საოცრად არომატულს და ხავერდოვანს.
კოტ დ'ორის სამხრეთით კოტ შალონეზე (Côte Chalonnaise) მდებარეობს, რომელიც 5 სოფელს მოიცავს. ღვინის ხარისხით მეზობლებს ვერ შეედრება, მაგრამ აქაც არის საინტერესო cru-ები. რეგიონის სიამაყეა ცქრიალა ღვინო Cremant de Bourgogne, რომელსაც უშვებენ: Delore - რიუიში,   R.Chevillard - ლა როშპოსა და   Parigor-Richard - სავინი-ლე-ბონში. კოტ დ'ორის ჩრდილოეთით, ცალკე ანკლავს ქმნის შაბლი - შარდონედან დამზადებულ ღვინოთა სამშობლო. აქაური სასმელი უნიკალური კონცენტრაციის გემოთი გამოირჩევა, რომელიც ნაკლებად ჰგავს Montrashet-ს, კიდევ ერთ თეთრ ბურგუნდიულ ღვინოს.
 
                 
მოგზაურობა პინოს ქვეყანაში
 
                  დიდი ხანია ცნობილია, რომ მთელს მსოფლიოში როგორც საუკეთესო, ასევე ყველაზე ცუდი პინო ნუარი ბურგუნდიული წარმომავლობისა. გაიხსენეთ, რამდენად ხშირად აღმოგიჩენიათ გახსნილ ბოთლში თხელი, ლითონის გემოს მქონე სასმელი? და მაინც, მეორე მხარეზე დახვეწილი, ელეგანტური ღვინოებია, რომელიც ნამდვილი პინოს ღირსებებს სრულად შეგაგრძნობინებთ. სწორად დაყენებული სასმელი ინარჩუნებს მსუბუქ ბალანსს სურნელოვან მუშკსა და ხილის ღრმა გემოს, ელეგანტურ სიგლუვესა და შესამჩნევ დაუდევრობას შორის. რატომ მიიჩნევენ ბურგუნდიას ერთად-ერთ ტერიტორიად, სადაც მსგავსი ჰარმონია მიიღწევა?
                  პინო - საკმაოდ ჭირვეული და აზიზი ჯიშია საუკეთესო პირობებშიც კი. ის გაცილებით ნაზი, თხელკანიანი, ნაკლებად არომატული და ტანინიანია, ვიდრე მის მოძმეთა უმეტესობა, კასრებში კი ამჟავებისკენაა მიდრეკილი. მაშ, რა აზრი აქვს მის გაშენებას იქ, სადაც გრილი და ცვალებადი ამინდი ნორმაა? როგორც ირკვევა, აზრი ჰქონია. თუნდაც ის, რომ გადამწიფებულ ყურძენს ბოლომდე დაუმწიფებელი სჯობს, რადგან გადამწიფებული მარცვალი უხეში და არასტაბილურია. გარდა ამისა, პინო ნუარმა ასწლეულების განმავლობაში დაადასტურა თავისი იდეალური შეთავსებადობა ბურგუნდიის ნიადაგის სტრუქტურათა უმეტესობასთან. ამის შესამოწმებლად საკმარისია ჩაატაროთ სადეგუსტაციო ტური მარსანედან სანტენამდე.
                  არქეოლოგიური მონაცემებით, ბურგუნდიაში მეღვინეობა არა უგვიანეს ჩვ.წ.აღ. II საუკუნიდან არსებობდა, როდესაც აქ რომაელები მოვიდნენ.
თუმცა, ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ პერიოდისთვის კელტებმა უკვე თავად იცოდნენ ღვინის დაყენება. პირველი აღიარება ბურგუნდიულმა ღვინოებმა კარლ დიდის მეფობისას მოიპოვა, როდესაც მონასტრებმა ვენახების მოშენება დაიწყეს. ცნობები პინო ნუარის შესახებ 1370-იან წლებში ჩნდება (მაშინ მას Norein ერქვა). თუმცა, სავარაუდოდ, ის აქ გაცილებით ადრეც არსებობდა. ბურგუნდიაში მის დამკვიდრებას ხელი ფილიპე მამაცმა შეუწყო, რომელმაც აკრძალა გამე - როგორც ძალზე უხვმოსავლიანი და ვულგარული. მისივე ბრძანებით შეწყვიტეს სასუქის გამოყენებაც, რადგან ის მოსავლიანობას ზრდიდა. ამის გამო ფილიპე მსოფლიოში პირველ აპელასიონთა ინსპექტორადაც შეიძლება ჩაითვალოს.
                  XVII საუკუნემდე ბურგუნდია ყვაოდა, ვენახებს კი არისტოკრატია და ეკლესიები ფლობდა. ბურგუნდიულ ვენახთა დღევანდელ მდგომარეობას, რომლის ფართობიც ზოგჯერ სანტიარებში იზომება (არის ერთი მეასედი), ნაპოლეონის კოდექსს უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც მაიორატები (მემკვიდრეობა უფროს შვილზე) აკრძალა და მამულები ყველა შვილზე თანაბრად გადაანაწილა. შედეგად, მსხვილი ვენახები დაიყო, დაქუცმაცდა და ერთჰექტარიან მამულს ზოგჯერ ხუთი მფლობელიც ჰყავდა. თუმცა, ასე ჩახლართულ დაყოფასაც არ შეუშლია ხელი ბურგუნდიელი მეღვინეებისთვის, გარკვეული პერიოდი თავი კარგად ეგრძნოთ. მათი კეთილდღეობა 1850 წელს ფხვიერმა ობმა, 1870-იანებში კი ფილოქსერამ დაანგრია. ამას დაემატა ორი გამანადგურებელი მსოფლიო ომი. პირველმა მსოფლიო ომმა და მისმა თანამდევმა ეკონომიკურმა დეპრესიამ ღვინის ბევრი მწარმოებელი გააჩანაგა. ნეგოციანტები იძულებულნი იყვნენ, კოოპერატივებისთვის მიემართათ და ღვინო საზოგადოებრივ საწარმოში დაემზადებინათ, ან საკუთარი ვენახებიდან წარმოებული ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა დაეწყოთ. მეორე გზა გაცილებით პერსპექტიული აღმოჩნდა. დღესდღეობით ბურგუნდიაში საკუთარ ვენახში ჩამოსხმული ღვინო უფრო ნორმაა, ვიდრე გამონაკლისი.
 
              
    კლასთა კურიოზი
 
                  ბურგუნდიის თავისებურებებში, ბევრი სხვა რამის გარდა, აპელასიონთა კლასიფიკაციაც შედის. ბორდოსგან განსხვავებით, სადაც ცალკეულ აპელასიონთა ხარისხის ადგილობრივი კლასიფიკაცია ხშირად შეუსაბამოა, ბურგუნდიაში ცენტრალიზებული სისტემაა, რომელიც თითოეული ვენახის ზუსტ რანგირებას ითვალისწინებს. ბურგუნდიაში 30 grand cru-ა და თითოეულს თავისი აპელასიონი აქვს მინიჭებული (შაბლიში მათ კომუნები ჰქვია). სახელწოდება მოკლე და ლაკონურია, მაგალითად, Le Corton, Le Musigny, Le Montrachet.
                  XIX საუკუნეში სოფლებმა, რომლებიც მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ, აპელასიონის დასახელებას საკუთარიც მიაბეს. ასე წარმოიქმნა Aloxe-Corton, Chambolle-Musigny, მონტრაშე კი პულინიმ და შასანმა გაიყვეს. შესაბამისად, გაჩნდა Puligny-Montrachet და Chassagne-Montrachet (მიუხედავად იმისა, რომ მონრაშეს სახელწოდებას ფლობს, ეს უკანასკნელი წითელ ღვინოებზე სპეციალიზდება. აი, არაორდინარული ბურგუნდიული ტოპონიმიკის კიდევ ერთი მაგალითი). მსგავსი სიტყვათწარმოქმნის შედეგია სპეციფიური ადგილობრივი ფენომენი - აქაურ ღვინოებსაც მოკლე სახელწოდებები აქვს და რაც უფრო პატარაა იგი, მით უკეთესი.
                  ბორდოსგან განსხვავებით, ბურგუნდიული კლასიფიკაცია გაცილებით მცირეიერარქიულია. იგი Grand cru-ს, Premier cru-ს, Vin de village-ს და Appellations regionales ღვინოებს აერთიანებს.
                   Grand cru-ს ტიტულით ბევრი ნაკვეთი დიდი ხნის წინათ დააჯილდოვეს. კრიტიკოსთა აზრით, ეს გადაწყვეტილება ხშირად არცთუ სამართლიანი იყო. Premiers crus კლასიფიკაცია მოგვიანებით (ის მხოლოდ 1984 წელს დასრულდა) და გაცილებით საფუძვლიანად ჩატარდა. შედეგად, ზოგიერთი premiers crus - grand cru-ს გაუთანაბრდა და ცალკეულ შემთხვევებში, გადააჭარბა კიდეც. საუკეთესო premiers crus -მა (განსაკუთრებით კოტ დე ბონში, სადაც მხოლოდ ერთი წითელი Grand cru – Le Corton-ია) უკვე მოიპოვა საკუთარი რეპუტაცია და სრულიად დამსახურებულად აწერს ბოთლის ეტიკეტს ვენახის სახელწოდებას, მაგალითად, Volnay Caillerets ან Pommard Rugiens. შედარებით მცირე premiers crus ეტიკეტზე მხოლოდ სოფლის სახელწოდებას აღნიშნავენ, მაგალითად, Volnay Premier cru, ვენახს კი არ მიუთითებენ.
                  არის კიდევ ერთი თავისებურება, ამჯერად გეოგრაფიული: კოტ დორში grand crus და premiers crus თითქმის უწყვეტ ზოლადაა გადაჭიმული მთაგრეხილის აღმოსავლეთ ფერდობის გასწვრივ. ამასთან, grands crus უფრო მაღლაა განლაგებული, სადაც მეტი მზეა, premiers crus - დაბლა. მათ ქვემოთ უბრალოდ, კარგი ვენახებია, რომელთა ღვინოც მარკირდება სოფლისა და თავად ვენახის სახელწოდებით და "სოფლის" ღვინოებად - Vin de village - იწოდება. ყველაზე "უიღბლო" ნაკვეთებს, რომლებიც ამათუიმ სოფელს მიეკუთვნება, უფლება არა აქვთ ამ სოფლის სახელი ეტიკეტზე მიუთითონ. მათ მხოლოდ ზოგადად აპელასიონების დასახელება შეუძლიათ, მაგალითად, Bourgogne, Bourgogne Passe-tout-grain, Bourgogne Aligoté ან Bourgogne Grand Ordinaire.
 
                  Bourgogne: წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოები. თეთრი ღვინოები პინო ბლანის ან შარდონესგან მზადდება, წითელი - პინო ნუარის, პინო ლიბოს (Liebault) ან პინო ბიეროსგან (Beurot). გამონაკლისია მდინარე იონას რაიონი, სადაც დაშვებულია ადგილობრივი ტრადიციული ჯიშები - სეზარი (Cesar) და ტრესო (Tressot), ასევე, ბოჟოლე, სადაც გამეს შეუძლია იყოს მარკირებული, როგორც Bourgogne. მინიმალური სიმაგრე: 10 გრადუსი - წითელი და ვარდისფერი, 10,5 გრადუსი - თეთრი ღვინოებისთვის.
                  Bourgogne Passe-tout-grain: წითელი და თეთრი ღვინოები, დამზადებული ორი მესამედი გამეს და სულ ცოტა, ერთი მესამედი პინო ნუარისგან. ეს ყველაფერი ერთად უნდა ფერმენტირდეს. მინიმალური სიმაგრე - 9,5 გრადუსი.
                  Bourgogne Aligoté: თეთრი ღვინო ალიგოტეს ჯიშის ყურძნისგან, რომელსაც შეიძლება შარდონე დაემატოს. მინიმალური სიმაგრე - 9,5 გრადუსი. კოტ შალონეზში ერთი კომუნაა - Bouzeron, რომელმაც მიიღო თავისი აპელასიონი ალიგოტე.
                  Bourgogne Grand Ordinaire: წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოები ბურგუნდიაში დაშვებული ნებისმიერი ჯიშისგან. მინიმალური სიმაგრე - 9,5 გრადუსი - თეთრი, 9 გრადუსი - წითელი და ვარდისფერი ღვინოებისთვის.
                 
                  ბურგუნდიის ყველა აპელასიონს მკაცრად აქვს განსაზღვრული ღვინის "დაშაქვრის" ნორმებიც. ადგილობრივ მეღვინეებს, ბევრის მსგავსად, უყვართ შაქრის დამატება ჯერ კიდევ არაფერმენტირებულ ყურძნის წვენში, რაც შემდგომ ფერმენტაციას და, აქედან გამომდინარე, საბოლოო პროდუქტსაც აუმჯობესებს, თუმცა, მცირედ ღვინის სიმაგრესაც ზრდის. 1979 წლიდან ბურგუნდიის არცერთ აპელასიონს არა აქვს უფლება ღვინის საწყისი სიმაგრე 2 გრადუსზე მეტად გაზარდოს. მაგალითად, vin de village-სთვის თავდაპირველი მაჩვენებელი 10,5 გრადუსია (ეს მონაცემები წითელი ღვინოებისთვისაა განკუთვნილი, თეთრისთვის ისინი ნახევარი გრადუსით მეტია) და მისი აწევა მხოლოდ 13,5 გრადუსამდე შეიძლება. წითელ Grand cru-ს  კი თავიდანვე არა აქვს უფლება 11,5 გრადუსზე რბილი იყოს, სიმაგრის ზედა ზღვარმა კი 14,5 გრადუსს არ უნდა გადააჭარბოს.
                  ბურგუნდიაში არის ღვინო, რომლის კლასიფიკაცია დანარჩენებისგან განსხვავდება. ეს არის Chablis, რომელიც იყოფა Grands crus, Premiers crus, Petit Chablis და Chablis AC-ად (სხვაგვარად მას ეწოდება village ან simple).
 
               
   თაობა next
 
                  ამ ეტაპზე ბურგუნდიაში ცვლილებათა პერიოდია. თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით - უკეთესობისკენ. ექსპერტები, პუბლიცისტები, ანალიტიკოსები ახალ მეთოდებზე, თაობაზე, კანონებსა და მომხმარებელთან ურთიერთობის გზებზე საუბრობენ.
                  1950-1980 წლებში მევენახეები ტექნოლოგიათა არასწორ გამოყენებაში დაადანაშაულეს. ისინი ნერგავდნენ კლონალურ სელექციას, შემოჰქონდათ ახალი ჯიშები, იყენებდნენ სასუქებს და ა.შ. მაგრამ ეს ნაბიჯები მიმართული იყო მოსავლიანობის ზრდის და საშუალო ხარისხის ღვინის უფრო ძვირად გაყიდვისკენ და არა საუკეთესო ბურგუნდიულთა საწარმოებლად. შედეგად იღებდნენ სუსტ ან ბოთლებში ხანგრძლივი შენახვისათვის უვარგის სასმელს, მაგრამ ისინი მაინც იყიდებოდა.
                  La Revue du Vin de France-ს ("ღვინის ფრანგული ჟურნალი") მთავარი რედაქტორის, ტიერ დესოვის განმარტებით, "იმ პერიოდში ახალი თაობა მოგებას ნაკლებხარისხიანი ღვინითაც ნახულობდა. ეს ადამიანები უნივერსიტეტებში სწავლობდნენ, საზღვარგარეთ სხვის ვენახებში მუშაობდნენ, შინ დაბრუნებულებმა კი აღმოაჩინეს, რომ ბურგუნდიულ პინოს რთული პერიოდი ედგა და რისკი, რომ მას ახალი სამყაროს ღვინოები "ჩაყლაპავდნენ," საკმაოდ დიდი იყო. აქედან გამომდინარე, ბოლო ათი წლის განმავლობაში ღვინოზე შეხედულება სრულიად შეიცვალეს." ბევრი მიიჩნევს, რომ ახალმა თაობამ იცის, რას აკეთებს, მაგრამ საფრანგეთში ყოველთვის მოიძებნებიან სკეპტიკურად განწყობილი კრიტიკოსები, როგორც მაგალითად, ალენ პარანტო, სასტუმროთა ჯგუფ Grandes Etapes Francaise- ს წარმომადგენელი, რომელიც ბურგუნდიელ ახალგაზრდებს "უხეშ ექსტრემისტებს" უწოდებს.
                  ტრადიციულად, ბურგუნდიულ ოჯახებში ყველაზე ჭკვიანი ბავშვები პროფესიას ეუფლებოდნენ: ექიმები, იურისტები ხდებოდნენ, სულელები კი შინ რჩებოდნენ და ოჯახის ვენახებს უვლიდნენ. დღეს ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ვინერონი რომ გახდე, ერთდროულად დიპლომირებული ენოლოგიც უნდა იყო, კარგად ერკვეოდე მარკეტინგსა და PR-ში და ბალანსის შედგენაც შეგეძლოს. ნებისმიერ შემთხვევაში, "ახალი თაობის" დიდი ნაწილი ამბიციებითაა დაავადებული და თავსმოხვეულ შეზღუდვებსაც სიხარულით არ იღებს. თუმცა, როდესაც ადამიანისგან, რომელიც 75 აკრს მართავდა სამხრეთ აფრიკაში, შინ 7 ჰეტარიან ვენახს ახვედრებენ და ამას ზედ მშობლების კონტროლიც ემატება, ასეთი გრძნობები გასაგებია.
 
                  რთულია ზუსტად იმის თქმა, კონკრეტულად რა შეცვალა ახალმა თაობამ - ტექნოლოგია და რეცეპტები ხომ იმდენივეა, რამდენიც თავად მეღვინე. ძირითად სადაო საკითხად დღემდე რჩება უკვე ბევრჯერ ნახსენები კლონალური სელექცია, მოსავლიანობა, ყურძნის წნეხვის მეთოდები, ფერმენტაციის ტემპერატურა და ხანგრძლივობა, დაძველების ვადები და ჭურჭელი, რომელშიც ღვინო უნდა შეინახონ.
                  27 წლის ალენ შოპენი Domaine A Chopaine et Fils-დან ამბობს: "1990 წლამდე ვცდილობდით, საკმარისი ღვინო გამოგვეშვა, რათა ბაზრის მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა. კარგი იქნებოდა თუ ცუდი, მნიშვნელობა არ ჰქონდა - მაინც იყიდებოდა. ახლა ხარისხს დიდ ყურადღებას ვუთმობთ." ყველაფრიდან გამომდინარე, შოპენი იმ მეღვინეთა შეხედულებას გამოხატავს, რომელთაც ძველი თაობა ჩაანაცვლეს. სტილი, რისკენაც "ახალგაზრდა" ბურგუნდია ილტვის, ასე ხასიათდება: მეტად - დელიკატური ხილის გემო და ნაკლებად - მშრალი ტანინები, უხეში ფაქტურა და კონცენტრაცია. მაგალითად, ფაბიენ კოში Alain Coche-Bizouard-იდან მიზნად ისახავს დაამზადოს ელეგანტური ღვინოები, რომელთა მირთმევა ახალგაზრდა ასაკშიც შეიძლება, ამავდროულად კი დაძველების დიდ პოტენციალს ფლობს. მისი აზრით, "ამისთვის აუცილებელია ტერუარის პატივისცემა. სწორედ ამაშია პინო ნუარის არსი. და როდესაც ვამბობ, რომ ღვინო შეიძლება მაშინვე დაილიოს, ვგულისხმობ, რომ ის იქნება ძალზე ახალგაზრდა, მაგრამ სასიამოვნო დასალევი." მსგავსი სტილის შესანარჩუნებლად აუცილებელია შეარჩიოთ პინო ნუარის არცთუ უხვმოსავლიანი კლონები, შეზღუდოთ მოსავლიანობა, მოახდინოთ ნელი ფერმენტაცია შედარებით დაბალ ტემპერატურაზე და ღვინო კასრებში არც ისე დიდხანს შეინახოთ. მაგალითად, 11 თვე - 22-ის ნაცვლად.
                  საერთოდ, პინო ნუარი - არაპროგნოზირებადი და არასტაბილური ჯიშია და იოლად განიცდის მუტაციას, რის გამოც გაცილებით მეტი კლონი აქვს, ვიდრე სხვა წითელ ჯიშებს. ამიტომ მის კლონალურ სელექციას გულდასმით უნდა მოეკიდოთ. დღესდღეობით შესაძლებელია საუკეთესო ჯიშთა კლონების მიღება და მოშენება. პრობლემა იმაშია, რომ ამ საკითხით დაინტერესებულ ორ მხარეს განსხვავებული მიზნები აქვს: ჩინოვნიკები, რომლებიც საკუთარი ვაზის ხარისხს აკონტროლებენ, უვირუსო კლონებს ანიჭებენ უპირატესობას, მევენახეები (განსაკუთრებით 1970-80-იან წლებში) კი მაღალმოსავლიანებს ამჯობინებენ.  
    
                 
შორს ჩრდილოეთით, შაბლიში...
 
                  "ბურგუნდიის ანკლავმა" - შაბლის აპელასიონმა თავი მთლიანად თეთრ ღვინოს მიუძღვნა. თანამედროვე შაბლის ტერიტორია ოდესღაც საფრანგეთის უმსხვილესი მეღვინეობის რეგიონის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა, თითქმის 100 000 აკრზე გადაჭიმული ვენახებით. ოდესღაც, ძველ დროში, წითელ ბურგუნდიულ ღვინოს უბრალოდ "ბონ" ერქვა, თეთრს - "შაბლი". სწორედ ეს სახელწოდება იქცა მშრალი თეთრი ღვინის სინონიმად.
                  კეთილდღეობას წერტილი რკინიგზამ დაუსვა, რომლის საშუალებითაც საფრანგეთის სამხრეთიდან ღვინოები ადვილად აღწევდა პარიზში და კონკურენტებს დევნიდა. იმ პერიოდში ბევრმა თქვა უარი მევენახეობა-მეღვინეობაზე, მხოლოდ შაბლი აგრძელებდა ჯიუტად თავის გზას. ამაში მას ეხმარებოდნენ მოვაჭრეები ბონიდან, სადაც ბურგუნდიულ ღვინოთა ბაზარი დაარსდა.
                  1930-იან წლებში, როდესაც შაბლი პირველად აღწერეს, როგორც აპელასიონი, მისი ვენახები მხოლოდ 1000 აკრს იკავებდა. მაგრამ ამ ტერიტორიაზე ერთად იყო განლაგებული შვიდი grands crus! რამდენიმე ათწლეული ის უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძოდა, 1960 წლებში კი შაბლიმ აღორძინება დაიწყო. გადაიჭრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - შესაძლებელი გახდა ვაზის დაცვა მოყინვისგან; სარწყავი მანქანების შემოტანით, ჰერბიციდებისა და ფუნგიციტების დანერგვით კი შაბლის განვითარებაში ახალი ეტაპი დაიწყო. დღეისათვის იქ ვენახების ფართობი 9 000 აკრამდე გაიზარდა და კარგი მოსავლის შემთხვევაში წელიწადში 220-240 ჰექტოლიტრს იძლევა.
                  იმედია, შაბლის შემდგომ განვითარებას ღირსეულად განაგრძობენ ახალგაზრდა მეღვინეები. პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. სამუელ ბილომ Billaud-Simon-იდან, რომელიც ბონში სწავლობს, გადაწყვიტა საფუძვლიანად გაეუმჯობესებინა საკუთარი ოჯახის მიერ წარმოებული ღვინო და ამ საქმეში წარმატებასაც მიაღწია. დენი პომიემ, რომელმაც მევენახეობა დეიდისგან გადაიბარა, ვენახი გააფართოვა, პირველი მოსავალი 1993 წელს აიღო და ყველაფრიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტ შედეგს მიაღწევს. გარდა ამისა, პერსპექტიულ დარგში ახალი ადამიანები მოდიან. მაგალითად, კლოდ შევალიემ, რომლის ოჯახი ტრადიციულად მეცხოველეობას მისდევდა, 15 წლის წინათ ვენახის გასაშენებლად კარგი მიწის ნაკვეთი იყიდა, პირველი მოსავალი Domaine Chevalier-ში 1989 წელს მიიღო და უფროსი კოლეგების ქებაც დაიმსახურა. და ბოლოს, ძველი სანეგოციანტო და მეღვინეობის სახლები დღეს რესტრუქტურიზაციისა და შერწყმის პერიოდს გადის. გაიყიდა ორი მსხვილი კომპანია: Maison Moreau კომპანია Boiset-ს გადაეცა, ლუი ფევრმა კი, რომლის ქალიშვილებმაც საოჯახო ბიზნესის გაგრძელება არ მოინდომეს, თავისი მამულები ჯგუფ Henriot-ს მიჰყიდა.
                  თანამედროვე "სოფლის" Chablis კონკურენციას უწევს Macon-Villages-ს. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, Chablis უფრო ნაზია და სასიამოვნო ხილის ბუკეტით ხასიათდება. ღვინოთა მცირე ნაწილი ყველაზე ცუდი ნაკვეთებიდან Petit Chablis-ად იწოდება.
                  შაბლის premiers და grands crus უკვე სრულიად სხვა ღვინოებია. მათ გაცილებით გამოკვეთილი ინდივიდუალობა და უფრო სავსე ბუკეტი აქვთ, მკვეთრად გამოხატული მომჟავო ნოტით.
                  გარდა ამისა, დღეს, თითქოს ჩაცხრა შეხლა-შემოხლა, რომელმაც 1970-1980 წლებში შაბლეზიანელ მეღვინეთა გაერთიანება დაანაწევრა და დააპირისპირა. ეს დავა რამდენიმე საკითხის გამო წარმოიშვა, მათ შორის იყო სახელწოდება Petit Chablis-ის სამართლებრივი სისწორე, ახალ cru- თა არსებობის საჭიროება და სხვ.
                  ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჯერჯერობით თანხმობა არ მიღწეულა, ღვინის კასრებია. დისკუსია Chablis მუხის კასრში დაძველებასთან დაკავშირებით არ წყდება. ბევრი მეღვინე, ლუი მიშელის მსგავსად, თავის სარდაფში მუხის ნაფოტსაც არ აჭაჭანებს; ბერნარ ლეგლანი Domaine des Maronniers-იდან კი უფრო კატეგორიულია. მისი აზრით, "მუხა Chablis მინერალურ ბუკეტს ნიღბავს, რის გამოც ზოგიერთი კრუს ორიგინალური ხასიათი იკარგება." ამ თვალსაზრისის მომხრენი არგუმენტად იმასაც იშველიებენ, რომ მსოფლიოში მათ გარეშეც საკმარისადაა მუხაში დაძველებული შარდონე.
                  მუხის მომხრეები, როგორიცაა ჯან-პოლ დრუენი - ღვინოებს კასრში აძველებენ, როგორც ძველში, ისე ახალში. არსებობენ ექსპერიმენტატორებიც, მიშელ ლაროშის მსგავსად, რომელიც ერთმანეთში ურევს კასრებში, ლითონისა და ნეიტრალურ ჭურჭელში დაძველებულ სასმელს და შედეგად იღებს გამაოგნებლად ღრმა და არაჩვეულებრივად რთული ბუკეტის მქონე ასამბლაჟებს.
 
                  გვხვდება შემთხვევები, როდესაც მუხისადმი დამოკიდებულება იცვლება. ნიმუშად კოოპერატივ La Chablisiene-ს მაგალითს მოგიყვანთ. მისი ძველი დირექტორი, მიშელ ტიუკი, მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა მუხის გამოყენებას, შემდეგ კი გამოტყდა: როგორ შეიძლება განვსაჯო ის, რაც არცკი გამისინჯავსო და გასინჯა. ეს კოოპერატივი თავისი ღვინოების დიდ ნაწილს დღემდე მუხის კასრებში აძველებს. მაგრამ უმეტესობა ამ მეთოდს ჯერ კიდევ გაურბის, მით უმეტეს, რომ შარდონე შაბლიდან ერთადერთია, რომელსაც ისედაც მუხის კასრში დაძველებულის გემო აქვს.
                  საკითხი, რაზეც თითქმის არავინ კამათობს, არის ის, რომ დამახასიათებელი კაჟისებური გემოს შესაძენად Chablis რამდენიმე წელწადს უნდა ძველდებოდეს. Premiers crus-თვის ეს ვადა 5-6 წელია, grands crus შემთხვევაში - 10 მაინც. სამაგიეროდ, ასეთი დაძველების შემდეგ Chablis მდიდრულ, მაგარ ღვინოდ იქცევა ვაშლისა და თივის არომატით, რომელსაც აქვს კარამელის გემო ნუშის ნაზი ნოტით.
                  მცდარია მოსაზრება, თითქოს Chablis-თვის არ არის რეკომენდებული ბოთლში დაძველება, თუმცა, ყველაზე სასიამოვნო დასალევი დაყენებიდან ერთი წლის განმავლობაშია. ამის შემდეგ გარდამავალ სტადიაში შედის და მკვეთრ, არაჰარმონიულ ბუკეტს იძენს. როგორც კი "ასაკობრივ" სირთულეებს გადალახავს, იგი "ზრდასრული" და არომატული ხდება. ასე რომ, Chablis ნამდვილი მოყვარულები დღეს უკვე აღარ ეჭვობენ, რომ 15-17 წელი ძალზე ღირსეული ასაკია ამ ნატიფი ღვინისთვის.
                  შაბლის ბოლო დროს მოსავლიანობაშიც უმართლებს. თუ გადაწყვეტთ შეიძინოთ აქაური Premiers cru ან  Grand cru, 1998 წლის მოსავლის ღვინოები მშვენიერი არჩევანია. 1996 წლის სასმელთან შედარებით, მათში მჟავიანობა ნაკლებია, მაგრამ გაცილებით სტრუქტურირებული და დამჯდარია, ვიდრე 1997 წლის ნიმუშები. საერთოდ, 1998 წლის მოსავალი თითქმის 1995-ის ანალოგიურია. და მაინც, ნამდვილად კლასიკური Chablis, მომწიფებული ბუკეტითა და მდგრადი მჟავიანობით 1996 წელს მიიღეს. მშვენიერი კონცენტრაციის ღვინოები ბოთლში დაძველებას საჭიროებდა, მაგრამ დღესდღეობით მათი მირთმევა თამამად შეიძლება.
 
                  ბურგუნდიული. პლუსები და მინუსები
 
                  ძლიერი მხარე: ბუნებრივი უნიკალობა. ბურგუნდიული ყოველთვის გამოირჩევა ბრმა დეგუსტაციის დროს. ის ერთგვარი სტანდარტია, რომლისკენაც დანარჩენები ისწრაფიან.
                  სუსტი მხარე: მუდმივად მისი ნაკლებობაა, ამიტომ მეღვინეები ხშირად განიცდიან ცდუნებას, ხელოვნურად გაზარდონ მოსავლიანობა, რის შედეგადაც საშუალო ხარისხის სასმელს იღებენ.
                  საუკეთესო რეგიონები: Volnay, Morey-Saint-Denis, Vosne-Romanée. ფასისა და ხარისხის მშვენიერი შეფარდებაა Fixin, Chorey-les-Beaune (Beaune-ს რბილი, მსუბუქი ვერსიები), Ladoix (შორს არ დგას  Corton-ისგან), Santeney (ზოგჯერ რბილი და ხილის, ზოგჯერ - თბილი და უბრალო), Maranges და Rully (მსუბუქი, მინერალური, ხილის). ზოგიერთ აპელასიონთან საქმე უფრო რთულადაა. მაგალითად, Nuits-Saint-Georges-ში ყველაზე მეტი premiers crus-ია, ვიდრე სხვაგან, მაგრამ არ არის არცერთი Crand cru, რაც ორიენტაციას ართულებს.
                  ყველაზე ცუდი რეგიონები: სოფლის ღვინოები, რომელთაც ნეგოციანტები აწარმოებენ.
                  1990-იანების საუკეთესო მოსავალი: 1990, 1993 და 1996 წლები - გამონაკლისია. 1995, 1997 და 1999 - ძალიან კარგი.
                  1990-იანების ყველაზე ცუდი მოსავალი: 1991, 1992.
 
 
                  Cote de Nuits
 
                  აქ იწარმოება საუკეთესო წითელი ბურგუნდიული დაძველების ყველაზე დიდი პოტენციალით. სოფლებს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ითვლიან.
 
                  Fixin
 
                  შესანიშნავად განლაგებული premiers crus. "სოფლის" ღვინოებიც კი ხარისხიანია და დაძველების დიდ პოტენციალს ფლობს. ღვინოები სხეულიანია და ტანინებით მდიდარი, ამიტომ ახალგაზრდა ასაკში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. სამაგიეროდ, შესაბამისი დაძველების შემდეგ საკმაოდ ძლიერი ხდება. ფიქსინსა და ჟევრე-შამბერტენს შორის განლაგებულია სოფელი ბროშონი, რომლის საუკეთესო ვენახები ჟევრე-შამბერტენს მიეკუთვნება, დანარჩენები კი მარკირებულია, როგორც Cote de Nuits-Villages.
                  ძირითადი მწარმოებლები: Bethaut, Bruno Clair, Philippe Joliet.
 
 
                  Gevrey-Chambertin
 
                  Côte d'Or-ის ყველაზე მსხვილი გაერთიანება. ღვინის ხარისხი ძლიერად ვარირდება, მაგრამ საუკეთესო grands crus - კონკურენციის გარეშეა. თბილი, სანელებლიანი, ტანინებით მდიდარი ღვინოებია, რომელთაგან ყველაზე ცნობილი Clôs de Beze და Chambertin-ია. მხოლოდ Clôs de Beze-ს აქვს უფლება, სახელწოდება Chambertin საკუთარზე წინ განათავსოს; დანარჩენმა შვიდმა grands crus-მ იგი თავისი სახელის შემდეგ უნდა მიუთითოს. ძლიერი ხავედრისებრი არომატული ღვინო, რომელსაც ფრანგი ღვინის კრიტიკოსები დახვეწილად მიიჩნევენ, ინგლისელები კი - ძლიერად. საუკეთესო თვისებებს ხანგრძლივი დაძველების შემდეგ ავლენს. ჟევრე-შამბერტენის ორი premiers crus - Les Veroilles   და Clôs St-Jaques - ადგილობრივ grands crus უთანაბრდება.
                  ძირითადი მწარმოებლები: Alain Burguet, Heresztyn, Georges Mugneret, Georges Roumier, Armand Rousseau, Maume.
 
                  Morey St-Denis
 
                  გაცილებით ნაკლებადაა ცნობილი სოფელი Côte de Nuits. ეს უცნაურია, რამდენადაც მის მიწაზე ოთხი grands crus და მეხუთეს ნაწილია განლაგებული.                             Clôs de la Roche - ისეთივე შემართებული ღვინოა, როგორც Chambertin, Clôs de Tart კი გაცილებით მსუბუქია, მაგრამ სრულებით არ ჩამოუვარდება მას.
 
                  Chambolle-Musigny
 
                  ადგილობრივი ღვინოების შესახებ გასტონ რუპნელი ამბობდა, რომ მათ "ცვრიანი ბაღის, ვარდებისა და იების არომატი აქვთ". Grands crus - Le Musigny და Les Bones Mares, premiers crus - Les Amoureues და Les Charmes - ყველაზე გრაციოზულად და დელიკატურად ითვლება. მომწიფებული Musigny შოკოლადს, ლეღვსა და ახლადაბულულებულ თივას მოგაგონებთ.
                  ძირითადი მწარმოებლები: Comte Georges de Vogue, Philippe Charlopin, Bruno Clair, Amiot-Servelle, Antonin Guyot.
 
                  Vougeot
 
                  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვენახი ბურგუნდიაში, რომლის 125 აკრი ახლა დანაწევრებულია, როგორც მთელს კოტ დ"ორში. არსებობს XIV საუკუნიდან, როდესაც ცისტერციანელმა ბერებმა მიწები გააერთიანეს და კედლით შემოღობეს. ვუჟოს მთავარი წარმომადგენელი მისი Grand cru Clôs-Vougeot-ია. ცოტა არამდგრადი ღვინოა, თუმცა, სწორად დაყენებული ძალიან კარგია - ნაზი ხილის გემო აქვს.
ძირითადი მწარმოებლები: Bertagna, Engel,Gros, Leroy, Meo-Camuzet, Mongeard-Mugneret, Georges Mugneret, Georges Roumier.
 
Vosne-Romanée
 
მდიდრული, გლუვი და ხავერდოვანი grands crus: Romanée-Conti, La Tâche, Richebourg, Romanée-St-Vivant, Echézeaux და Grands Echézeaux.ძვირადღირებული ღვინოებია, მაგრამ მათი გაწონასწორებული ხასიათი და მსუყე გემო ღირს იმად, რომ ერთხელ მაინც დაიხარჯო. ბრწყინვალე grands crus ხანდახან ჩრდილავს premiers crus-ს, მაგრამ ეს უკანასკნელიც საკმაოდ კარგია.
ძირითადი მწარმოებლები: Leroy, Meo-Camuzet, Engel, Mugneret-Gibourg, Dujac, Bouchard Pere & Fils, Grivot, Cros.
 
Cote de Beaune
 
გაცილებით სტრუქტურირებული ღვინოებია, ვიდრე ჩრდილოეთში; ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეხამება.
 
Corton
 
მკაცრი, კარგად სტრუქტურირებული, ინტენსიური და ტანინით მდიდარი ღვინოები. იმის გამო, რომ ნიადაგი მცირე დისტანციებზეც კი მკვეთრად იცვლება, ყველა კრუ განსხვავებულია. ყველაზე ქვემოთ განლაგებული Grand cru Bressandes   აწარმოებს ღვინოს, რომელიც ზეთოვანია, როგორც ამ კრუს ნიადაგი; წვერისკენ მდებარე მიწა უფრო ბაცია და კირითაა გაჯერებულია, რაც შედეგად გვაძლევს grands crus Corton და Corton-Charlemagne-ს (თეთრი Grand cru იმავე ვენახებიდან, სადაც წითელი Corton მზადდება). თავად სახელწოდება "კორტონი" გვერდიგვერდ განლაგებულ რამდენიმე ვენახზე ვრცელდება, რომელთაგან საუკეთესოს Le Corton ეწოდება. დანარჩენებს ჰქვიათ Corton Clos de Roi, Corton-Bressandes და ა.შ. წითელ Corton-ს  ფრანგი კრიტიკოსები ზოგჯერ  Mersault-ს ადარებენ, მხედველობაში იღებენ რა ღვინის რთულ ხასიათს. წითელი Corton-იც და თეთრი Corton-Chalemagne სრულად იხსნება მხოლოდ ხანგრძლივი, 7-8-წლიანი დაძველების შედეგად.
ძირითადი მწარმოებლები: Faiveley, Drouhin, Guyon, Arnoux, Jadot, Leroy.
 
Aloxe-Corton
 
ღვინოები არ არის ისეთი პიკანტური, როგორც Corton. შუალედურია  Beaune-სა და Nuits-St-Georges შორის. აწარმოებს როგორც  premiers crus, ასევე "სოფლის" ღვინოებს.
ძირითადი მწარმოებლები: Guyon, Comte Senard, Louis Latour, Doudet-Naudin, Arnoux.
 
Sauvigny-lès-Beaune
 
კომუნა, რომლის შესაძლებლობები სათანადოდ არ არის შეფასებული. აწარმოებს კლასიკური ტიპის მსუბუქ ღვინოებს, რომლებიც დაძველების დიდ პოტენციალს ფლობს. მისი ფერდობების ერთი ნაწილი სამხრეთით არის განთავსებული, ნაწილი - ჩრდილო-აღმოსავლეთით. La dominode და   Marconnets ჩრდილო-აღმოსავლეთის საუკეთესო ნაკვეთებია,  Lavières და Les Vergelesses - სამხრეთის.
ძირითადი მწარმოებლები: Bruno Clair, Simon Bize, Chandon de Briailles, Tollot-Beaut, Girardin.
 
 
Beaune
 
ფრანგები ღვინოს ისე აღწერენ, რომ მათი თარგმნა სხვა ენებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. "ბონ" ღვინოები ჩვეულებრივ სიტყვათშეთანხმება franc de gout-ით გადმოიცემა, რაც იშიფრება, როგორც "პატიოსანი, გახსნილი, უბრალო, დახვეწილი გემო." აქაური ახალგაზრდა ღვინოები სრულიად შეესაბამება ამ განსაზღვრებას, წლების განმავლობაში ისინი ამდიდრებენ თავის ბუკეტს და უფრო რბილნი ხდებიან. premiers crus შორის გამოირჩევა Les Grèves, Fèves, Gras, Clos de Mouches (ზოგჯერ თეთრიც არის) და Champimonts.
ძირითადი მწარმოებლები: Bouchard Pere et Fils, Chandond, Hospices de Beaune.
 
Pommard
 
აქაური ღვინოები უშუალობითა და გახსნილობით გამოირჩევა და მიხაკის, შოკოლადის, მუქი კენკრის არომატი დაჰკრავს. სქელი, ძლიერი ღვინოები, რომლებიც დაძველების პროცესში მცირედ რბილდება. პომარისა და ბონის საზღვარზე, Les Epenots-ში გაცილებით მსუბუქ სასმელს აწარმოებენ.
ძირითადი მწარმოებლები: Leflaive, Rossignol, Billard, Comte Armand, Château de Pommard, Roger Belland, Birardin, Prieur Brunet, Launey, Rodet.
 
Volnay
 
მგრძნობიარე, ქალური ღვინოები, ხილის მსუბუქი არომატით. ვოლნე საკმაო სიმაღლეზე მდებარეობს, თავად ვენახები კი სოფლიდან ქვემოთ ეშვება. ფერდობზე, რომელიც მერსოსკენაა მიმართული, განლაგებულია Les Caillerets, téte de cuvee (ძველი ტერმინი, აღნიშნავს საშუალოს Premier cru-სა და Grand cru-ს შორის). ასევე იწოდება ვოლნეს კიდევ ერთი ვენახი - Champans. ვოლნეს არა აქვს მკვეთრი საზღვარი მეზობელ მერსოსთან, ამ უკანასკნელს კი უფლება აქვს გამოიყენოს სახელწოდება Volnay მის მიერ პინო ნუარისგან წარმოებულ წითელ ღვინოზე (ნებართვა ვრცელდება Gaillerets, Santenots, Pitures და Gras ვენახებზე).
ძირითადი მწარმოებლები: Boillot, Comtes Lafon, Comte Armand, Guyon, Prieur, Belland, Prunier.
 
Mersault
 
"სოფლის" ღვინოები საკმაოდ რბილია, განსაკუთრებით კარგია vin de village -     Les Tillets და Les Narvaux გორაკების წვერებიდან, რომლებიც ხანგრძლივი დაძველების შემდეგ საგრძნობლად უმჯობესდება. ღვინის სტატუსის ზრდის კვალდაკვალ სულ უფრო შესამჩნევი ხდება მისი მყარი ხასიათი. კარგად დაძველებული ღვინო ზომიერად ძლიერი და სურნელოვანია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერსოს საუკეთესო ღვინოები შეიძლება Volnay-Santenots სახელწოდებით გაიყიდოს. ვენახები, სადაც თეთრი ღვინო მოჰყავთ, თითქმის პულინი-მონრაშეს საზღვარზეა განლაგებული - Les Perrières, Les Charmes და Les Genevrières. მის ზემოთ განლაგებულია სოფელი ბლანი, სადაც ამზადებენ შესანიშნავ Mersault Premiers crus: Sous le Dos d'Ane და La Piéce sous le Bois.
 
Puligny-Montrachet
 
პულინი შასანთან ყველაზე სახელგანთქმულ Grand cru-ს - Le Montrache-ს იყოფს. Montrache სამართლიანად ითვლება ბურგუნდიის საუკეთესო თეთრ ღვინოდ და პულინიშიც მისი ცოცხალი ხილის გემო და მსუბუქი ყვავილების არომატი კიდევ ერთხელ ახდენს ამ მშვენიერი სასმელის ყველა ღირსების დემონსტრირებას. თეთრი ბურგუნდიული ღვინოების ორი საუკეთესო Grands crus - Chevalier-Montrachet და  Bienvenues-Bâtard-Montrachet - სწორედ აქ არის განლაგებული. Chevalier  ისეთივე ნაზი ბუკეტით ხასიათდება, როგორც Montrachet, მაგრამ ცოტათი ნაკლებად კონცენტრირებულია.    
 
Chassagne-Montrachet
 
სახელგანთქმული ვენახები იწყება Clos St-Jean-თან ახლოს: Caillerets, Ruchottes, Morgeots, La Boudriotte. ძვირფასი თეთრი ღვინის ბოთლებზე ამოიკითხავთ სახელწოდებას: Caillerets, Ruchottes და Morgeot. Clos St-jean, La Boudriotte… ყველა დანარჩენი ვენახი წითელი ღვინის წარმოებითაა დაკავებული, რომელიც სიმაგრით ოდნავ წააგავს Corton-ს.
 
Le Montrachet
 
თეთრი ბურგუნდიული ღვინოების იდეალი. ყველაზე გამორჩეული თვისება - საოცრად კონცენტრირებული გემო. შესანიშნავ ღვინოებს ამზადებენ Comte Lafon და Domaine Leflaive.
ძირითადი მწარმოებლები: Bouchard Père et Fils, Marquis de Laguiche, Baron Thénard, Fleurot-Larose, Roland Thévenin, Domaine de la Romanйe--Conti.
 
Côte Chalonnaise
 
ძველ დროში შალონი რომის იმპერიის ერთ-ერთი უდიდესი ღვინის პორტი იყო. სონას კალაპოტის დასუფთავებისას ამ ადგილზე 25 000 ამფორა იპოვეს.
ბოლო დროს რეგიონის ძველ სახელწოდებას სულ უფრო ხშირად ენაცვლება Region de Mercurey - ყველაზე მსხვილი ვენახის სახელის მიხედვით. თუმცა თავად აპელასიონი Bourgogne Côte Chalonnaise მხოლოდ 1990 წელს გაჩნდა.
კოტ შალონეზის ვენახების დიდი ნაწილი პინო ნუარს უჭირავს, მხოლოდ მცირე ნაწილზეა გაშენებული შარდონე. აქ ძალიან კარგ Bourgogne Rouge -ს აწარმოებენ, რომელიც, როგორც ყველა წითელი ბურგუნდიული, ბოთლში მინიმუმ ორწლიან დაძველებას მოითხოვს.
მერკიურე და ჟივრი ხარისხიან წითელ ღვინოს აწარმოებენ, რომელიც თავისი მკაცრი ხასიათის სრულად გასახსნელად საკმაო დაძველებას მოითხოვს.
რიუი იყოფა ორ ნაწილად, წითელსა და თეთრ ღვინოებს შორის, მაგრამ თეთრი გაცილებით წარმატებულია: სასიამოვნო, ცოცხალი ღვინო მკვეთრად გამოირჩევა აქაური უსიცოცხლო წითელი ღვინოებისგან. რიულის თეთრი ღვინოები მაღალი მჟავიანობით ხასიათდება, რაც მშვენივრად გამოიყენება ცქრიალა თეთრი ღვინოების დასამზადებლად. ამის მაგალითია სახელგანთქმული შალონეზური cremant.
მონტანი თითქმის მთლიანად თეთრ ყურძენს უჭირავს. აქაურ ღვინოთა დეგუსტაციისას არ ღირს ორიენტირება წარწერაზე Premier cru. 11,5 გრადუსზე ძლიერი თითქმის ყველა ღვინო გაურკვეველი მიზეზით ამ კატეგორიას მიიკუთვნება. თუმცა, მონტანის თეთრი ღვინოები, თავისთავად, სულაც არ არის ცუდი და გაცილებით მდიდარი გემო აქვს, ვიდრე რუიის ღვინოებს.
კოტ შალონეზეს მეხუთე აპელასიონი სოფელი ბუზერონია, რომელშიც ბურგუნდიაში ერთადერთ ალიგოტეს აწარმოებენ. 1979 წელს ბუზერონმა მიიღო სპეციალური აპელასიონი Bourgogne Aligote de Bouzeron.
            რაიონის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა - Cremant de Bourgogne, ცქრიალა ღვინო, რომელიც სასიამოვნოდ გააოცებს ყველას, ვისი ფანტაზიაც შამპანურს ვერ ცდება.
 
Macon
 
მაკონი - უბრალო, მაგრამ საიმედო თეთრი ღვინის, შარდონეს სამეფოა (მოცემულ ეტაპზე მას ყველა ვენახის 2/3 უჭირავს), რომელსაც უმეტესად კოოპერატივები აწარმოებენ, მკაცრად იცავენ რა წარმოებული ღვინის ხარისხს. აქ კულტივირდება შარდონეს ნაირსახეობა - musqué (მუსკატის)  - სურნელოვანი ნესვისა და მუსკატის არომატით.
მთელი რეგიონი ძალზე დანაწევრებულია, სახელწოდება კი მიიღო უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ცენტრის მიხედვით სომზე. ადრე მაკონე უპირატესობას ანიჭებდა გამესგან დამზადებულ წითელ ღვინოებს, მაგრამ ბოჟოლესგან განსხვავებით, მძიმე ცარცისებრი ნიადაგის გამო აქ გამე ვერ ასწრებდა საჭირო დონემდე დამწიფებას და არცთუ გამორჩეულ vin ordinaire-ს იძლეოდა. ყველაზე დიდ მიღწევად ამ რეგიონის წითელი ღვინოებისთვის შეიძლება გახდეს აპელასიონი Bourgogne Rouge ან Passe-tout-grain (გამეს ნაზავით). მაკონს ყველაზე გამოჩენილ აპელასიონად კი მიიჩნევენ პუიი-ფიუისეს (Pouilly-Fuissé), რომლის ოთხ სოფელს თეთრი ღვინო მოჰყავს თიხოვან-ცარცისებრ ნიადაგზე. შედეგად, მიიღება ღვინო, რომელიც აბსოლუტურად იმსახურებს "ბურგუნდიულის" ტიტულს. პიერ ბრეჟუ მას აღწერს, როგორც "ვაჟკაცურსა და გრძელვადიანს." პუიი-ფიუსეს უმსხვილესი მეურნეობაა კოოპერატივი Chaintré.
ამჟამად მაკონში კიდევ ორი აპელასიონი ვითარდება - პატარა Pouilly-Vinzelles-ს ჯერ არ მოუპოვებია განსაკუთრებული აღიარება. გაცილებით მსხვილი St-veran, რომელიც 8 სოფელს მოიცავს, კარგ ღვინოებს აწარმოებს, რომელთაც ჯერჯერობით საკმაოდ ზომიერი ფასი აქვს.
 
ბურგუნდიული crus კლასიფიკაცია
 
გაითვალისწინეთ, რომ ბურგუნდიული Grands crus სახელწოდებები ბოთლების ეტიკეტებზე არასოდესაა მითითებული, რადგანაც ნებისმიერმა, ვინც ღვინოს გააზრებულად ყიდულობს, ზეპირად უნდა იცოდეს ყველა დიდი ბურგუნდიული კრუ. Premier cru-ს შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივია: ეტიკეტებზე ღვინის დასახელების შემდეგ ნახავთ წარწერას "Appelation XXX 1-er Cru Controle".
 
Chablis
 
Grands crus: Blanchot; Bougros; Les Clos; Grenouilles; Preuses; Valmur;
Vaudésir; La Moutonne
Premiers crus: Les Beauregards (Côte de Cuissy); Beauroy (Troesmes, Côte de
Savant); Berdiot; Chaume de Talvat; Fourchaume (Vaupulent, Côte de Fontenay,
L’Homme Mort, Vaulorent); Les Forneaux (Morein, Côte des Prés-Girots); Côte
de Jouan; Les Landes et Verjuts; Côte de Léchet; Mont de Milieu; Montée de
Tonnerre (Chapelot, Piet d’Aloup, Côte de Bréchain); Montmains (Forêts, Butteaux); Vaillons (Chatains, Sécher, Beugnons, Les Lys, Mélinots, Roncières, les Epinottes); Côtes de Vaubarousse; Vaucoupin; Vau de Vey (Vaux Ragons); Vau Ligneau; Vosgros (Vaugiraut)
 
Fixin
 
Premiers crus: Arvelets; Clos du Chapitre; Cheusots; Hervelets; Meix-Bas;
Perrière
 
Gevrey-Chambertin
 
Grands crus: Chambertin; Chambertin Clos de Bèze; Chapelle-Chambertin;
Charmes-(или Mazoyères)-Chambertin; Griotte-Chambertin; Latricières-
Chambertin; Mazis-Chambertin; Ruchottes-Chambertin
Premiers crus: Bel Air; La Boissière; Gazetiers; Champeaux; Champitonnois
(სხვა დასახელება, Petite Chapelle); Champonnets; Clos du Chapitre;
Cherbaudes; Closeau; Combe-aux-Moines; Combottes; Corbeaux; Craipillot;
Ergot; Etournelles; Fonteny; Gémeaux; Goulots; Issarts; Lavaux; Perrière; Poissenot; Clos Prieur-Haut; La Romeneé; Clos St-Jacques; Les Verroilles
 
Morey St-Denis
 
Grands crus: Bonnes Mares; Clos des Lambrays; Clos de la Roche; Clos St-
Denis; Clos de Tart
Premiers crus: Bouchots; Maison Brûlée; Calouères; Clos de la Bussière;
Chabiots; Chaffots; Charmes; Charrières; Chénevery; Façonnières; Fremières;
Froichots; Genevrières; Gruenchers; Meix-Rentiers; Les Millandes; Monts-
Luisants; Riotte; Ruchots; Clos Sorbés; Les Sorbés
 
Chambolle-Musigny
 
Grands crus: Bonnes Mares; Musigny
Premiers crus: Amoureuses; Aux Beaux Bruns; Borniques; Carrières; Chabiots;
Charmes; Châtelots; Combes d'Orveaux; Combottes; Aux Combottes; Cras;
Derrière la Grange; Echanges; Fousselottes; Fuèes; Grands Murs; Grosseilles;
Gruenchers; Niorts; Plantes;Sentiers
 
Vougeot
 
Grand cru: Clos de Vougeot
Premier cru: Cras, Petit, Vougeot, Vigne Blanche или Clos Blanc de Vougeot
 
Vosné-Romanée
 
Grands crus: Echézeaux; Grande Rue; Grands Echézeaux; Richebourg; La
Romanée; Romanée-Conti; Romanée-St-Vivant; La Tâche; Chaumes; Croix
Rameau
Premiers crus: Beaux Monts; Cros Parentoux; Orveaux; Gaudichots; Malconsorts;
Petits Monts; Clos de Réas; Orveaus Raignots; Rouges du Dessus Suchots
 
Nuits-St-Georges
 
Premiers crus: De l'Arlot; Aux Argillats; Les Argillères, Prémeaux; Clos Arlots,
Prémeaux; Boudots; Bousselots; Cailles; Chaboeufs; Chaignots; Chaines-
Carteaux; Champs Perdix; Corvées, Prémeaux; Cras; Crots; Damodes; Didiers,
Prémeaux; Les Forêts, Prémeaux; Les Grandes Vignes, Prémeaux; Clos de la
Maréchale, Prémeaux; Murgers; Aux Perdrix, Prémeaux; Perrières; Perrière-
Noblot; Poirets; Poulettes; Procès; Pruliers; Richemone; Roncière; Rue de Chaux;
Les St-Georges; Thorey; Vallerots; Vaucrains; Vignes Rondes
 
Aloxe-Corton
 
Grands crus: Corton მხოლოდ წითელი ღვინოებისთვის: Le Charlemagne; Le Corton; Les Languettes; Les Pougets; Les Renardes; Corton-Charlemagne მხოლოდ თეთრი ღვინოებისთვის: Le Charlemagne; Le Corton; Les Languettes; Les Pougets; Corton წითელი და თეთრი ღვინოებისთვის: Les Bressandes; Les Maréchaudes; Les Perriéres; Les Renardes; Le Clos du Roi
Premiers crus: Les Chaillots; Les Fournières; Les Guérets; Les Valozières; Les
Vercots; Maréchaudes, Les Meix, Basses Moutottes, Les Paulands, La Toppe au
Vert, Les Grandes Lolières, Les Petites Lolières
 
Savigny-Les-Baune
 
Premiers crus: Basses Vergelesses; Bataillere; Charnières; Clous; Fourneaux;
Gravains; Guettes; Jarrons; Hauts Marconnets; Lavières; Bas Marconnets; Narbantons; Petits Godeaux; Peuillets; Redrescut; Serpentières; Talmattes
Beaune
Premiers crus: Aigrots; Avaux; Bas Teurons; Belissand; Blanches Fleurs;
Boucherottes; Bressandes; Cent Vignes; Champs Pimont; Chouacheux;
Coucherias; Cras; A l'Ecu; Epenottes; Féves; En Genèt; Grèves; Sur les Grèves;
Marconnets; Mignotte; Montée Rouge; Montrevenots; Clos des Mouches; Clos
de la Mousse; En l'Orme; Perrières; Pertuisots; Reversées; Clos du Roi; Seurey;
Sizies; Teurons; Tiélandry; Toussaints; Tuvilains; Vignes Franches
 
Pommard
 
Premiers crus: Argillières; Arvelets; Bertins; Clos Blanc; Boucherottes;
Chanière; Chanlins Bas; Chaponnières; Les Charmots; Combes Dessus; Chanlins Bas; Clos de la Commaraine; Croix Noires; Les Charmots; Derrière St-Jean; Fremiers; Grand Epenots; Les Jarolières; Clos Micot; Petits Epenots; Pézerolles; Platière; Poutures; Retène; Rugiens-Bas; Rugiens-Hauts; Saussiles; Clos de
Verger
 
Volnay
 
Premiers cru: Angles; Bousse d'Or; Brouillards; En Caillerets; Cailleret Dessus;
Carelle sous la Chapelle; Carelle Dessous; Champans; Chanlins; Clos des
Chênes; Chevret; Clos des Ducs; Frémiets; Lurets; Mitans; En l'Ormeau; Pitures
Dessus; Pointes d'Angles; Robardele; Ronceret; Santenots; Taille Pied; En
Verseuil; Le Village
 
Meursault
 
Premiers crus: Bouchères; Caillerets; Charmes Dessous; Charmes Dessus; Clos
des Perrières; Chaumes de Narvaux; Cras; Genevrières Dessous и Genevrières
Dessus; Gouttes d'Or; Jeunelotte; Perrières Dessous и Perrières Dessus; La Pièce
sous la Bois; Pitures; Porusots; Porusot Dessus; Santenots Blank; Santenots du
Milieu; Sous le Dos d'Ane; მხოლოდ წითელი ღვინოები: Les Plures; Les Santenots
Blancs; Les Santenots Dessous; Les Santenots du Milieu
 
Puligny-Montrachet
 
Grands crus: Bâtard-Montrachet; Bienvenues-Bâtard-Montrachet; Chevalier-
Montrachet; Montrachet
Premiers crus: Cailleret; Chalumeaux; Champs Canet; Clavoillon; Combettes;
Folatières; Garenne; Hameau de Blagny; Pucelles; Referts; Sous le Puits
 
Chassagne-Montrachet
 
Grands crus: Bâtard-Montrachet; Criots-Bâtard-Montrachet; Montrachet
Premiers crus: Abbaye de Morgeot; Boudriotte; Brussonnes; Cailleret; En
Cailleret Champs Gain; Chenevottes; Grandes Ruchottes; Macherelles; Maltroie;
Morgeot; Romanée Clos St-Jean; Vergers
 
ბურგუნდია
 
წარმოების დასაწყისი
 
1370-იანი წლები: პირველი ცნობები პინო ნუარის შესახებ (Norein)
1790 წლის მარტი: მაიორატი გაუქმდა. 1791 წლის 8-15 აპრილის კანონებმა უზრუნველყო შვილებს შორის მემკვიდრეობის თანაბრად გაყოფა, რასაც შედეგად ვენახების დანაწევრება მოჰყვა.
1789-1914 წლები: მევენახეობისა და ღვინით ვაჭრობის მნიშვნელოვანი განვითარება.
1870-იანი წლები: ფილოქსერას ეპიდემია.
 
დაყოფა
დიდი ბურგუნდია აერთიანებს ბურგუნდიას, შაბლის და ბოჟოლეს. ბურგუნდიის სუბრეგიონები: კოტ დ'ორი (კოტ დე ბონი და კოტ დე ნიუი, კოტ შალონეზი და მაკონი).
 
ნიადაგი
შაბლი: კირიანი ქვიშა, კაჟმბადი ქანები. ბოჟოლე: ჩრდილოეთით - გრანიტ-ფიქალიანი ნიადაგი. სამხრეთით - თიხა და კირი. კოტ დე ნიუი: კირქვა და კირიანი ქვიშა. კოტ დე ბონი: რბილი გეოლოგიური ქანები. კოტ მაკონი: კირქვა და თიხნარი. კოტ შალონეზი: ყავისფერი თიხა და იურული პერიოდის კირქვა.
 
ვაზის ჯიშები
შაბლი - შარდონე. ბოჟოლე - გამე. კოტ დ'ორი და კოტ შალონეზი - პინო ნუარი, შარდონე. მაკონე - გამე, პინო ნუარი, შარდონე.
 
AOC-ისწესები
დიდი ბურგუნდია: 28 რეგიონული და სუბრეგიონული აპელასიონი (რეგიონი/ან სუბრეგიონი სახელწოდებაშია მითითებული). 55 კომუნალური. 562 1-rs და  33 Grands crus.
ბურგუნდია: 22 სუბრეგიონული და 42 კომუნალური აპელასიონი.
შაბლი: 4 აპელასიონი: Petit Chablis: მოსავალი პლატოზე განლაგებული ვენახებიდან, 50 ჰლ/ჰა; Chablis: ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ფერდობებიდან და პლატოდან, 50ჰლ/ჰა; Chablis 1-er cru: სამხრეთ და დასავლეთ ფერდობებიდან, 50ჰლ/ჰა; Chablis Grand cru: 7 climat. 45ჰლ/ჰა
ბოჟოლე: Beaojolais AOC - 64 ჰლ/ჰა; Beaojolais villages - 60ჰლ/ჰა, ყველა  10 crus-თვის - 58 ჰლ/ჰა.
 
მეღვინეობა
 
ბურგუნდია. წითელი ღვინოები: მაცერაცია და ფერმენტაცია ხის ან უჟანგავი ფოლადის თავღია კასრებში (შესაძლებელია საფუარის დამატება) 25-32°C –ზე, 2-3 კვირის განმავლობაში. რძემჟავა ფერმენტაცია მუხის კასრებში. 
სტაბილიზაციის შემდეგ კასრში დაძველება 18-24 თვის განმავლობაში, სანამ ღვინო თავად არ დაიწმინდება. ბოთლებში ჩამოსხმამდე ზოგჯერ მსუბუქი ფილტრაცია. თეთრი ღვინოები: მარცვლის დაწნეხვა, გაჩერება უჟანგავი ფოლადის კონტეინერში (12 საათიდან რამდენიმე დღემდე). ფერმენტაციის დაწყების შემდეგ წვენის მუხის კასრებში გადაღება, სადაც სრულდება ალკოჰოლური და ნაწილობრივ მიმდინარეობს რძემჟავა ფერმენტაცია (15-60 დღე). კასრებში დაძველება 10-20 თვის განმავლობაში, ვიდრე ღვინო თავისით არ დაიწმინდება. ზოგჯერ დამატებითი წმენდა ბოთლებში ჩამოსხმამდე.
ბოჟოლე: ტრადიციული დუღილი (ბოჟოლე ნუვო - ნახშირმჟავა ფერმენტაცია).
შაბლი: ხანგრძლივი დაძველება. 1-er cru - 5-6 წელი. Grand cru - არანაკლებ 10 წლისა.
 
ვაჭრობა
 
AOC ღვინოთა საშუალო წლიური წარმოება დაახლოებით 1 350 000 ჰლ (180 მლნ ბოთლი). ბურგუნდიაში იწარმოება საფრანგეთის ყველა ღვინოთა 3% და AOC-ის ფრანგულ ღვინოთა 6%.
 
© "მარანი"


Gamarjobat! udides siamovndbas manichebs am masalebis qartulad kitxva. Me tviton ghvinis didi enthusisti var. didi xania ukve amerikashi vcxovrob da WSET-Advanced davamtavre, magram qartulad am yvelapris gadakitxvas mainc sul sxva eshxi aqvs :) imedia, saqartveloshi bevrs aqvs survili da sashualeba rom tqvens masalebs gaecnos. mxolod erti paratra minishneba minda gavaketo. ბურგუნდიული crus კლასიფიკაცია-shi rusili frazaa "gaparuli" Aloxe-Corton Grands crus: Corton только для красных вин: Le Charlemagne; Es aris da es... didi madloba, Rezo, Cleveland, OH

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული