Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვკითხულობთ ეტიკეტს – ბურგუნდია/ბორდო

ღვინის ეტიკეტი ბევრ რამეზე მეტყველებს. მისი წაკითხვა მთელი ხელოვნებაა და საქმეში გაუცნობიერებელი ადამიანისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. არადა, ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია, ფაქტობრივად, გასაღებია კონკრეტული ღვინის არსში გასარკვევად. ამ რუბრიკაში შევეცდებით სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ღვინოთა ეტიკეტის წაკითხვის დეტალებში გაგარკვიოთ, გარდა ეტიკეტის წაკითხვისა, მომხმარებელი, მეღვინეები და კანონმდებლები კლასიფიკაციის იმ ნორმებსაც გაეცნობიან, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებსა თუ რეგიონებშია გავრცელებული.

ბურგუნდია
 
Grand vin de Bourgogne
ამ წარწერას არა აქვს ოფიციალური მნიშვნელობა. სიტყვასიტყვით ნიშნავს "ბურგუნდიის დიდებულ ღვინოს."
 
წარმოშობა
ამ სტრიქონში მითითებული უნდა იყოს წარმოშობის მიხედვით ღვინის სახელწოდების კონტროლის ფორმა (AOC (ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ღვინოები), VDQS (უმაღლესი ხარისხის დელიმიტირებული ღვინოები), vin de Pays (მხარის ღვინოები)).
 
Vinifie, eleve, mis en bouteilles par...
ითარგმნება, როგორც "წარმოებული, დამზადებული და ჩამოსხმულია...” რასაც შემდეგ სტრიქონში სანეგოციანტო სახლის სახელწოდება მოსდევს. ეს წარწერა ნიშნავს, რომ ნეგოციანტს თავისი ყურძენი არ გამოუყენებია. იმ შემთხვევაში, თუ ღვინომ წარმოების ყველა სტადია გაიარა ადგილზე, ჩამოსხმის ჩათვლით, ეტიკეტზე ჩნდება წარწერა - Mis en boutelles au domaine.
 
მწარმოებელი
თუ ღვინო ნეგოციანტის მიერ არის "წარმოებული, დამზადებული და ჩამოსხმული," ამ სტრიქონში მისი სახელია მითითებული. სასმელთა ეტიკეტებზე, რომლებიც წარმოებული და ჩამოსხმულია მეღვინეობის საწარმოში, სიტყვების - Proprietaire ან  Domaine-ს ქვემოთ საწარმოს სახელწოდება ფიგურირებს.
 
სახელწოდება
ხშირად ბურგუნდიულ ღვინოთა სახელწოდებასთან ერთად ვენახის სახელსაც მიუთითებენ. კლასიფიცირებულია თუ არა ვენახი, შეგიძლიათ იმსჯელოთ ფორმულირებით - Premier Cru/1er Cru აპელასიონის დასახელებაში. არაკლასიფიცირებული Premier Cru/1er Cru ვენახები ნაკლები მოწონებით სარგებლობს: მათი ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე ამას Premier Cru  ითვალისწინებს.
 
ბორდო
 
ხარისხის ნიშანი
ბორდოს ღვინოთა ეტიკტებზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ შემდეგი საკლასიფიკაციო ტერმინები, რომლებიც ღვინის ხარისხისობრივ მაჩვენებელს  უკავშირდება:
Cru Artisan - ამ კატეგორიაში ერთიანდებიან 5 ჰა-მდე ვენახების მფლობელები, რომლებიც ვერ მოხვდნენ კრუ ბურჟუას კატეგორიაში, მას ტრადიციულად იყენებს მედოკის 250 მამული, თუმცა ევროკავშირის დღევანდელი კანონმდებლობა მას არ ცნობს.
Cru Bourgeois - მაღალხარისხიან, მაგრამ არაკლასიფიცირებულ ღვინოთა კატეგორია, რომლებიც მედოკის პროდუქციის საერთო მოცულობის 1/3-ს წარმოადგენს. შუალედური დონე petit chateaux-სა და Crus Classes-ს შორის. ამ კატეგორიის ღვინოებს 300 მამული აწარმოებს და ბუნებრივია, ხარისხით არსებითად განსხვავდება. მათ შორის მართლაც შესანიშნავ ნიმუშებს წააწყდებით.
Cru Classe - ეს წარწერა ნებისმიერ შემთხვევაში გამოარჩევს ოფიციალურად კლასიფიცირებულ მამულთა ღვინოებს.
PremierCru -კლასიფიკაციის უმაღლესი დონე.
Grand Cru - ეს კლასიფიკაცია ყოველწლიურად ენიჭება სენტ-ემილიონის ზოგიერთ ღვინოს (ვინტაჟებისთვის - 1985 წლიდან).
Grand Cru Classe - სენტ-ემილიონის სტანდარტული კლასიფიკაცია გაცილებით მაღალი კატეგორიის ღვინოთათვის, ვიდრე Grand Cru ღვინოებია (Classe-ს გარეშე). სენტ-ემილიონის Grand Cru Classe სინონიმია Cru Classe-სი -  მედოკსა და გრავში.
Premier Grand Cru -ამ კატეგორიის ღვინოები (სენტ-ემილიონში) უფრო მაღლა კოტირებენ, ვიდრე Grand Cru Classe ღვინო.
Grand Vin - ტერმინს იურიდიული სტატუსი აქვს, თუმცა ეს წარწერა, როგორც წესი, ფიგურირებს პირველი (ძირითადი) ღვინოების ეტიკეტებზე, რომელთა წარმოშობა ცნობილ შატოებს უკავშირდება. შესაბამისად, ვერაფრით აღმოჩნდება შატოს ე.წ. მეორე ღვინოებზე.
 
მფლობელი
შატოს მფლობელის სახელი და მისამართი.
 
სად/როდისაა ჩამოსხმული?
წარწერა  «Mis en bouteilles au chateau», ანუ "ჩამოსხმულია შატოში, საიდანაც ღვინოა წარმოშობილი," ბორდოს საუკეთესო ღვინოებს გამოარჩევს. ეს პრაქტიკა არცთუ დიდი ხნისაა: წინათ საუკეთესო ღვინოებსაც კი სანეგოციანტო სახლები ასხამდნენ. კარგი რეპუტაციის შემთხვევაში ჩამომსხმელის სახელი სასმელის სასარგებლოდ მოქმედებდა. მაგალითად, პეტერ დომინიკის (Peter Dominic) კომპანიის მიერ ჩამოსხმული Chateau Bataille საკმაოდ ხარისხიანი და ძვირადღირებული გახლდათ. სხვათა შორის, ძალზე სარისკოა ძველი ვინტაჟის ღვინოთა შეძენა, რომლებიც საფრანგეთის ფარგლებს გარეთ – ინგლისში, შოტლანდიასა და ბელგიაში ჩამოასხეს, განსაკუთრებით, თუ ისინი ძვირადღირებულია. იგივე შეიძლება ითქვას ღვინოებზე, რომელთა ეტიკეტებზე მითითებულია Bordeaux-bottled: მათი ჩამოსხმა ბორდოში ნებისმიერ მოხალისეს შეეძლო.  
 
"წარმოებულია საფრანგეთში"
ექსპორტირებულ ღვინოზე აუცილებლად ნახავთ წარწერას: produce of france. ბორდოს ღვინოებისთვის არსებობს ნიუანსი, რომელიც სანეგოციანტო სახლების პრაქტიკას უკავშირდება: ისინი ხშირად გადადის ხელიდან ხელში, ზოგჯერ წლობით დევს "შუალედური" მფლობელის სარდაფში, სანამ საბოლოო მყიდველამდე მიაღწევს. ასე რომ, ბოთლები, რომლებიც საზღვარგარეთ გასატანად არ იყო განსაზღვრული, საბოლოო ჯამში, შეიძლება ქვეყნის გარეთ აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში ვერ იპოვით ეტიკეტზე წარწერას, სადაც მწარმოებელ ქვეყნად საფრანგეთია მითითებული.  
 
სახელწოდება
შატო-მწარმოებლის სახელი AOC ღვინოებისთვის ღვინის სახელწოდების ფუნქციას ასრულებს. შატოს სახელს, ტრადიციულად, მხოლოდ AOC ღვინოთა მწარმოებლებს უწოდებენ. სპეციალური "გამოგონილი" სავაჭრო მარკა გამოიყენება იმ ღვინოთა სახელწოდებად, რომლებიც ე.წ. საგვარეულო მამულებიდან მომდინარეობს. ამ ღვინოებს, შესაბამისად, სამარკოს უწოდებენ და ხარისხის მიხედვით AOC ღვინოების შემდგომ საფეხურს წარმოადგენს.
 
აპელასიონი
შედარებით მსხვილ აპელასიონთა გარდა, რომელთა სახელიც საყოველთაოდაა ცნობილი, ბორდოში ყველაზე პატარა ვენახებიც კი ეტიკეტზე წარწერას  Appellation Controlee იყენებენ, სადაც საკუთარი პატარა აპელასიონის სახელსაც მიუთითებენ. ასეთი ღვინო (მაგალითად, Bourg, Blaye, Entre-Deux-Mers) შესაძლოა აღმოჩნდეს კარგი, მაგრამ არა საუკეთესო.
 
ტევადობა
750 ml - სტანდარტული მოცულობის ბოთლი.
 
ვინტაჟი
ბორდოს თითოეულ აპელასიონში კონკრეტული ვინტაჟის ხარისხის განსაზღვრა  მთელ რიგ თავისებურებებს უკავშირდება. მაგალითად, სენტ-ემილიონში 1970 წელი არც ისე წარმატებულად მიიჩნევა, როგორც პოიაკში, თუმცა იგივე სენტ-ემილიონი 1971 წელს გაცილებით უკეთ წარმოჩინდა, ვიდრე მთლიანობაში, მედოკი. მსგავსი სირთულეების არ უნდა გეშინოდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე ცნობილი ღვინის ექსპერტები დაუსრულებლად პაექრობენ ბორდოს ვინტაჟთა ხარისხზე. მაგალითისთვის, დიდ კამათს იწვევს 1945 და 1961 წლების ვინტაჟები. "ღვინის ოსტატის" ტიტულის მფლობელი, მაიკლ ბროდბენტი  აღიარებს, რომ 40 წელი დასჭირდა, რათა 1945 წლისკენ გადახრილიყო, თუმცა არც 1961 წლის ვინტაჟზე ამბობს უარს.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“ 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.