Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კულინარიულ რელსებზე კელი მაკდონალდთან ერთად

ნინა ახლოური

კალიფორნიის ჩრდილოეთში, ნაპას ველის გარშემო მოგზაურობაზე კარგი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს - მასზე ღვინის მატარებლით მოგზაურობა. Napa Valley Wine Train უბრალო მატარებელი არ გეგონოთ - ეს რამდენიმე ვაგონიანი რესტორანია, რომელიც სამი საათის განმავლობაში, ძველი რელსებით ქალაქ ნაპადან სანტა-ელენამდე ხუთ ქალაქს მოგატარებთ, მათთან ერთად კი ნაპას ველის ულამაზეს ვენახებსაც. აქ შეგიძლიათ მიირთვათ სადილი, მოუსმინოთ ენოლოგის სახალისო ლექციებს, შემდეგ კი პროფესიონალი სომელიე დაგეხმარებათ კერძისა და ღვინის საუკეთესო წყვილის შერჩევაში. აქ ყველაფერი საუკეთესოა და ამიტომ, გასაკვირიც არაა, რომ ამ მატარებელს ასევე გამორჩეულად კარგი მზარეული ჰყავს – კელი მაკდონალდი.

მაკდონალდი გასულ კვირას საქართველოს ეწვია, იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც სამზარეულოსა და ღვინის კულტურის და ტურიზმის განვითარების შესწავლას გულისხმობს. ის ჩვენთან ამერიკის საელჩომ მოიწვია. ერთი კვირის განმავლობაში მაკდონალდი ქართულ სამზარეულოსა და მის ტრადიციებს ეცნობოდა. რეგიონებში რამდენიმე დღიანი მოგზაურობის შემდეგ კი ნაპას მატარებლის მთავარმა მზარეულმა ქართველი მზარეულებისთვის საჩვენებელი მასტერ-კლასი ჩაატარა.

კერძის დამზადებას ისე უყურებს, როგორც ხელოვნების ნაწარმოების შექმნის პროცესს. წინასწარ ყველა დეტალი გათვლილი და სკრუპულოზურად მოფიქრებული აქვს. წესებიც შეიმუშავა, რომელსაც კულინარიაში არასოდეს არღვევს. მაგალითად, მისი მომზადებული კერძის ფენები ყოველთვის ისეა დალაგებული, რომ ვინც მას მიირთმევს, ზუსტად იცოდეს რისი დაგემოვნება უწევს. ეს და სხვა ბევრი მსგავსი კულინარიული პრინციპიც გააჩნია, თან იმასაც ამბობს, რომ მთავარი ამ საქმეში ინდივიდუალურობის გამოჩენაა - უნდა გააკეთო ის, რაც შენ მიგაჩნია, რომ გემრიელი იქნება და ნაკლებად იფიქრო ვიღაცების გემოვნებაზე.

რაღაც მომენტში ჩერდება და მის მასტერ-კლასზე მყოფ სხვა მზარეულებს ოდნავ შეცბუნებული ეუბნება, რომ ყველაფერი, რაზეც ილაპარაკა, კერძის დამზადების მხოლოდ მისი ფილოსოფიაა. იქვე ამატებს, დანარჩენებს შეგიძლიათ აიღოთ ეს იდეები და განავითაროთ, ნუ შეგეშინდებათ კრეატიულობის გამოჩენისო.

კელი მაკდონალდის მომზადებულ კერძებში შემოქმედებითი მიდგომა ნამდვილად იგრძნობა. მათი არამხოლოდ გემო, არამედ გარეგნობაც დახვეწილობით გამოირჩევა. ცხადი ხდება, რომ ეს ადამიანი მათ მომზადებაში მთელ სულსა და გულს დებს. მიუხედავად ამისა, როდესაც მოგვიანებით ვეკითხებით, თუ რა მოსწონს ყველაზე მეტად თავის პროფესიასთან დაკავშირებით, ამბობს: "ის მე მოგზაურობის საშუალებას მაძლევს. ახალ ხალხს ვხვდები, ახალ მეგობრებს ვიძენ. ადამიანთა უმრავლესობა კი ისე კვდება, რომ ასეთი შესაძლებლობა არ ეძლევა".

ახალ ადამიანებთან შეხვედრა კელი მაკდონალდს უხარია, რადგან მათი სამყაროს გაცნობის შანსი ეძლევა. როდესაც ამერიკის საელჩომ აქ ჩამოსვლა და აქაური მზარეულებისთვის მასტერ კლასის ჩატარება შესთავაზა, მაშინ მაკდონალდისთვის ეს დიდი პატივი იყო - წარედგინა თავისი ქვეყნის გარეთ როგორც კალიფორნიული სამზარეულო, ასევე ნაპა და ღვინის მატარებელი. იცოდა, რომ აქ ღვინისა და ყველის მრავალფეროვნება, ორგანული საკვები და ცოცხალი პროდუქტი დახვდებოდა (კელი მაკდონალდი ცნობილია, როგორც ორგანული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვარული). ამის გამო მაკდონალდი დადებითად იყო განწყობილი, ამასთან ჰქონდა მოლოდინი, რომ როგორც მზარეული, მასპინძლებისგანაც ბევრ რამეს ისწავლიდა.

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მთავარი, რაც აქ ისწავლა, ისაა, რომ კერძის მზადებას დიდი დრო უნდა დაუთმო – მხოლოდ ასე გამოვა ის განსაკუთრებულად კარგი. "თქვენ კერძს მთელი დღის განმავლობაში ამზადებთ", - ამბობს მაკდონალდი და იხსენებს, როგორ შეესწრო რამდენიმე დღის წინ ქართულ სამზარეულოში სიტუაციას, სადაც მთელი ოჯახი იღებდა მონაწილეობას ამ კულინარიულ პროცესში. მასზე განსაკუთრებით იმან მოახდინა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები კერძის მზადების დროს ახალ ტექნიკას არ იყენებდნენ და სჯეროდათ, რომ გემრიელი შედეგის მისაღებად ის არცაა საჭირო.

ქართულ სამზარეულოზე ამბობს, უნიკალურიაო. რომ ჩავეძიეთ, თუ რას შეცვლიდა მასში თავისი გემოვნებით, ცოტა ხნით დაფიქრდა და გვითხრა: "არაფერს. ისტორიას ვერ შეცვლი". ჩვენი კერძებიდან ყველაზე მეტად ნიგვზიანი ბადრიჯანი და ხინკლიდან წვენის სმა მოსწონს. ხაჭაპური და ღომიც გაიხსენა, თუმცა საოცრად უჭირს სახელების წარმოთქმა და ამიტომ მათი აღწერით შემოიფარგლა, თან იქვე აღნიშნა, რომ უკვე აქვს დიდი წიგნი ქართულ კერძებზე და მის წაკითხვას აპირებს. აქაურ სამზარეულოს ერთი სიტყვით ახასიათებს – ფენომენალურით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ კერძების გემოა განუმეორებელი. კელის მიაჩნია, რომ ტრადიციების შენახვა და მათი ჩვენება სამზარეულოში ძალიან საინტერესოა.

"მე მოვიხიბლე საკვებით ალკოჰოლის ქვეყანაში და ვფიქრობ, ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი", - ამბობს მაკდონალდი. მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს ქართულმა ღვინოებმაც, ყველაზე დიდი კი ტრადიციულმა, კახურმა და ზოგადად, აღმოსავლეთის ღვინომ. ნაპას მატარებლის მზარეული არ ფიქრობს, რომ მათი ხარისხი ან გემო გაუმჯობესებას საჭიროებს. "ის უბრალოდ განსხვავებულია. ვფიქრობ, ამერიკაში თქვენ ღვინოებს წარმატების მოპოვების კარგი შანსი აქვთ. მთავარი აქ ისაა, რომ აუხსნათ ამერიკელებს და დანარჩენ მსოფლიოს, რატომ არის თქვენი ღვინო განსხვავებული. აქამდე სრულიად არაფერი მსმენოდა აქაურ ქვევრის ღვინოებზე, ტრადიციულ ტექნოლოგიებზე, რომლითაც საქართველოში ღვინო ოდითგანვე მზადდება. ის უგემრიელესია. თქვენ ღვინოზე წერთ და აუცილებლად უნდა უთხრათ მედიას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია -  გააგებინოთ მსოფლიოს ქვევრის ტრადიციებისა და ქართული ღვინის გამორჩეულობის შესახებ," - მითხრა მაკდონალდმა. თავისი მასტერ-კლასის შემდგომი დეგუსტაციისთვის მან კომპანია "ვინივერიას" ღვინოები აირჩია - საფერავი და ქისი.

ისე კი, მაინც არის რაღაც, რასაც ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით შეცვლიდა. ეს მისდამი ქართველების დამოკიდებულებაა. თვლის, რომ ღვინო არ არის სასმელი, რომელიც კერძის დანამატად, მასზე დასაყოლებლად უნდა აქციო. სადილობამდე ღვინის გასინჯვა, მისი არომატის შეცნობა, უფრო ყურადღებით მოქცევა ამ სასმელთან, კელი მაკდონალდის მთავარი რჩევაა ქართველების მიმართ. მზარეულებს კი სხვა რჩევა მისცა. მაკდონალდის აზრით, ქართული თონის პურით ძალიან საინტერესო რაღაცების გაკეთება შეიძლება, დაახლოებით ისეთის, როგორიც ბრუსკეტაა. უახლოეს მომავალში ალბათ  ვნახავთ, დაუჯდათ თუ არა ქართული ბრუსკეტას გაკეთების იდეა ჭკუაში ქართველ მზარეულებს.

საუბრის ბოლოს ვკითხეთ, რომ შეიძლებოდეს მსოფლიოში საუკეთესო მზარეულმა სადილი მოუმზადოს, ვის აირჩევდა. მაკდონალდი სერიოზულად დაფიქრდა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ არ ესაუბრა ფავორიტების თემაზე. მისი თქმით, საქართველოში ვიზიტამდე ამაზე იოლად მოძებნიდა პასუხს, მაგრამ აქაურებმა მას აზრი შეუცვალეს: "ვფიქრობ, ძალიან ბევრი უცნობი და შესანიშნავი კერძია, რომელიც უნდა გასინჯო და მზარეულის სახელს მნიშვნელობა არ აქვს. როცა კერძს ამზადებ, ამით შენს რაღაც ნაწილს გასცემ და შესაბამისად, იღებ, როდესაც გიმზადებენ." მაკდონალდის აზრით, კულინარიასა თუ ცხოვრებაში ასეთი უბრალო ურთიერთობები უფრო საინტერესოა. ცოლს რამდენიმე დღის წინ ისიც უთხრა, რომ კალიფორნიაში სხვა ადამიანი დაბრუნდებოდა. "აქ ჩემი გულისთვის ნაცნობი გახდა ის, რაც მთავარია ცხოვრებაში - გულწრფელობა, ნამდვილობა. საკვები მზარეულისგან განცალკევებულად არ არსებობს, ქართველები კი მასში სულს და გულს დებენ. მართალია, თქვენი ქვეყანა კალიფორნიაზე ხუთჯერ პატარაა, მაგრამ გული გაქვთ სამყაროს ხელა"...

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული