Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გერმანია – ღვინის დღიურები წერილი მეორე

მალხაზ ხარბედია

დასაწყისი იხ.  აქ

ნოემბრის მეორე ნახევარში „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროგრამის, "კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში" ინიციატივით გაიმართა სასწავლო ტური, რომელშიც ათზე მეტი ადამიანი ვმონაწილეობდით და რომელიც გერმანიის ღვინის რეგიონებში ვიზიტსა და სამუშაო და ენოგასტრონომიული ხასიათის შეხვედრებს გულისხმობდა. სასწავლო ტური ძირითადად ორ თემაზე იყო მიმართული - ღვინო და ტურიზმი და ამ ვიზიტის ფარგლებში არაერთი გერმანული ინსტიტუციის ხელმძღვანელსა და წარმომადგენელს შევხვდით, სახელმწიფო, არასამთავრობო და  კერძო ორგანიზაციებ, სადაც ძალზე ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა, თუმცა გარდა ამისა, მოვინახულეთ 10–მდე ღვინის მარანი და გავსინჯეთ ათეულობით ღვინო, სხვადასხვა მიმართულებისა და განსხვავებული ფილოსოფიით დაყენებული, ყოველ საღამოს კი ჩვენი მთავარი მასპინძლის, ღვინის ექსპერტისა და ენთუზიასტის, მარტინ დარტინგის თაოსნობით ღვინისა და კერძის შეხამების დაუვიწყარი დღესასწაულები ეწყობოდა, ვახშმები, სადაც ადგილობრივი ღვინო და გასტრონომია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ წყვილებად წარმოგვიდგებოდა ხოლმე.

ჩემი ეს ჩანაწერები სწორედ ამ დღეებს ეძღვნება, მოვლენებს, განხილულ პრობლემებს, ღვინოებს, კერძებს, ერთი სიტყვით, ყველაფერს, რამაც ერთმანეთს დააკავშირა შემეცნება და ჰედონიზმი, ცოდნა და სიამოვნება.

ხანგრძლივი ფრენის, და პირველი დღის დატვირთული პროგრამის შემდეგ, ცხადია მეორე დღესაც (25 ნოემბერს) დაღლილები შევეგებეთ. ჩვენი ჯგუფიდან არავინ მეგულებოდა ისეთი, ვინც დასვენებული და გამოძინებული იყო, თუმცა ამას ვინღა ჩიოდა, როცა წინ მოზელში მოგზაურობა გველოდა. დაიდესჰაიმიდან 10 საათისთვის გამოვედით, გეგმასთან შედარებით დაახლოებით 1-1.5 საათის დაგვიანებით, და კობლენცის გზას დავადექით. საათნახევრის მანძილზე მრავალნაირი პეიზაჟი შეგვხვდა, მინდვრები, გორაკები, ხეობები და რაც მთავარია, ყველგან ძალიან ბევრი ვენახი იყო გაშენებული. პფალცის რეგიონის ვენახების დასრულების შემდეგ მარჯვნივ რაინჰესენის რეგიონის ვენახებმა გამოანათეს, მარცხნივ ჩამოვიტოვეთ ჯერ ნაეს ღვინის რეგიონი, შემდეგ კი, ისევ მარჯვნივ, რაინგაუს ღვინის რეგიონი. პატარა უღელტეხილის გადავლის შემდეგ, სადაც ყველაფერი ნისლში იყო ჩაძირული, მდინარეების, მოზელისა და რაინის შესართავსაც მივადექით, სადაც ქალაქი კობლენცი მდებარეობს. ამ ქალაქში დაფუძნებულ გერმანიის ერთ-ერთ უმთავრეს გასტრონომიულ საგანმანათლებლო ცენტრში, უკვე დიდი ხანია გველოდნენ დაგვიანებულ სტუმრებს.

ჩვენი მასპინძლები გახლდნენ, ქალბატონი საბინა დიასი (სამრეწველო და სავაჭრო პალატის მმართველი), ბატონები იოჰანეს შტაინმეცი (ღვინის სკოლის დირექტორი) და ბერნარდ მაიზერი (საგამოცდო კომისია). ეს ორგანიზაცია IHK-ს, გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით მოღვაწეობს, რომლის წევრობაც (პალატის წევრობა) კანონით არის სავალდებულო ყველა საწარმოსთვის და კომპანიისთვის. წევრობისგან გათავისუფლებულია სახელოსნო საწარმოები, ფერმერები და თვითდასაქმებული პროფესიონალები. ხოლო IHK წარმოადგენს თავისი წევრების ინტერესებს როგორც ადმინისტრაციისა და პოლიტიკის, ასევე საზოგადოების წინაშე.

IHK საქმიანობის ერთ–ერთი უმთავრესი სფერო გახლავთ მისი წევრებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების შეთავაზებები, გამოცდების ჩაბარება და საგანმანათლებლო კონცეფციების განვითარება.

გასტრონომულ საგანმანათლებლო ცენტრში (GBZ), რომლის სტუმრებიც ჩვენ ვიყავით, ხუთი კომპეტენციის ცენტრია, სადაც მსურველებს სთავაზობენ კვალიფიკაციის ასამაღლებელ თუ სრულფასოვან სასწავლო პროგრამებს.

ბატონმა იოჰან შტაინმეცმა, რომელიც, რომელიც, როგორც ზემოთ გითხარით, ამ ცენტრში გერმანული ღვინის და სომელიეთა სკოლის ხელმძღვანელია (Deutsche Wein - und Sommelierschule), საინტერესო თემებზე ისაუბრა და ღვინისა და სომელიეს განათლების გარდა სხვა პრობლემებსაც შეეხო. ბატონმა მაიზერმა კი, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგების მიმართულებას ხელმძღვანელობს, ისაუბრა დუალური განათლების მნიშვნელობაზე, სწავლების პრინციპებზე და სხვ. მნიშვნელოვან საკითხებზე.

ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი მწყემსისა და დელეგაციის დე-ფაქტო ხელმძღვანელის, დარიკო გოგოლის განსაკუთრებული თავდადება, რომლის ნიშნებიც ჯერ კიდევ წინა დღეს, ნოიშტადტში დავინახეთ დაღლილობით გაბრუებულმა მონაწილეებმა. მისი შესანიშნავი, ხალისიანი თარგმანი, რომელშიც შეძლებისდაგვარად ყველას გვრთავდა ხოლმე აქტიურად, ვისაც ამათუიმ ცნების დაზუსტება შეეძლო გადმოქართულებისას, განსაკუთრებულ ეფექტს ახდენდა და ძალიან გვართობდა.

სადილის შემდეგ, სადაც შესანიშნავი ცვრიანი სტეიკი და სალათა მივირთვით, დადგა ნანატრი დრო და მოზელის ვენახებისკენაც დავიძარით. ჩემი ორდღიანი წუხილი იმის გამო, რომ მხოლოდ ავტობუსის ფანჯრიდან ვუყურებდი ვენახებს, მალე უნდა დასრულებულიყო. კობლენციდან რამდენიმე წუთი ვიარეთ, შემდეგ კი მოზელის ხეობაში შევუხვიეთ და დაიწყო! ციცაბო ფერდობები და ამ ფერდობებზე ტერასებად გაშენებული ვენახები დაიწყო. დაქანებული სამოთხე დაიწყო. ჩვენი დანიშნულების ადგილი მოზელის ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის სოფელი, ვინინგენი იყო, სადაც ვენახები უნდა დაგვეთვალიერებინა, შემოგვევლო მარნები და ადგილობრივი ღვინოები გაგვესინჯა.

ჩრდილოეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, დინების საწინაააღმდეგოდ თუ აუყვებით მდინარე მოზელს, პირველი ვინინგენი შეგხვდებათ, სოფელი, რომელიც, ისევე, როგორც მთელი მოზელი, განთქმულია ციცაბო ტერასებით და გამორჩეული, განსაკუთრებული თეთრი ღვინოებით. სოფლის ცენტრში, ერთ-ერთ შენობას ორიგინალური კედლის მხატვრობა ამშვენებს და შესანიშნავი ლათინური გამოთქმა: Vinum Moselanum omni tempore sanum (მუშურ-გლეხურად რომ მოვთარგმნოთ: “მოზელური ღვინო – ყოველთვის ჯანსაღი”).

სოფლის (თუ დაბის) ცენტრში მისაბმელიანი ტრაქტორი გველოდა, მისაბმელში კი 1 ყუთი ღვინო, გრძელი მაგიდა და სკამები. მაგიდაში ნახვრეტები იყო გაკეთებული, პატარები - ჭიქების ჩასადგმელად, დიდი ნახვრეტები – ბოთლებისთვის. დავიძარით თუ არა, ბოთლებიც გაიხსნა, ღვინოც ჩამოისხა ჭიქებში და პირველი სადღეგრძელოც ითქვა. ტერასების ბოლო, ყველაზე მაღალ წერტილამდე, - სადაც მცირე ხანს შევჩერდით არაჩვეულებრივი ხედებით დასატკბობად და საოცარი დაქანების მქონე ვენახების დასათვალიერებლად, - უკვე კარგად შეჭიკჭიკებულებმა მივაღწიეთ. მივირთმევდით მეღვინეობა Fries-ის მშრალ (trocken) და feinherb (ნახევრადმშრალზე ცოტათი ტკბილი) რისლინგებს, უბრალო და გემრიელ ღვინოებს, რომლებიც ამ შესანიშნავი მოგზაურობისას კიდევ უფრო გემრიელი გვეჩვენებოდა. რამდენიმე მოსახვევის შემდეგ თავში მოვექეცით ტერასებს, საიდანაც მდინარის და ვენახების შესანიშნავი ხედები გადაიშალა - ნაპირს ლიანდაგები მიუყვებოდა, მდინარეში პატარა გემები დაცურავდნენ, მოპირდაპირე მხარეს კი, დასალეთისკენ დახრილ ჩრდილიან ფერდობებზე მხოლოდ ტყეები მოჩანდა, რადგან იქ არავის მოუვიდოდა აზრად ვენახების გაშენება, მზის უკმარისობის გამო. ვინინგენის ფერდობებზე კი მართლაც გამორჩეული მოსავალი მოდის, უდიდესი ნაწილი, რისლინგია გაშენებული. მოსავლის რაოდენობა მცირეა, შესაბამისად კი ხარისხი მაღალია. ყველა სამუშაო, რა თქმა უნდა, ხელით სრულდება.

ვენახების თავზე ზეგანი იწყებოდა, სადაც, რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, პატარა აეროდრომი იყო განთავსებული, პატარა თვითმფრინავებისთვის. ძალიან მხიარულად ვიმგზავრეთ, წრე დავარტყით და დაახლოებით 1 საათში პირველ ღვინის მარანსაც მივადექით.

Freiherr von Heddesdorff ვინინგენის უძველესი ღვინის მარანია და მას 1424 წლიდან მოყოლებული ერთი ოჯახი ფლობს. სულ 10 ჰექტრამდე ვენახი აქვთ, აქედან 4 ჰექტარი სახელოვანი ტერუარებია, Uhlen და Röttgen. ამ ფერდობებზე მოყვანილი რისლინგი შედარებით ძვირად ფასობს, თუმცა, ადგილზე, შეიძლება ითქვას, ღვინო არც ისე ძვირია, 6-დან 15 €-მდე მერყეობს. მხოლოდ ულენის Trockenbeerenauslese ღირს 65 € (ღვინის კატეგორია, რომელიც გულისხმობს კეთილშობილი ობით დაავადებული დაჩამიჩებული რჩეული მარცვლებიდან დაყენებულ ტკბილ ღვინოს, მას ტრადიციულად 350 გრამიან ბოთლებში ასხამენ გერმანიაში).

ეს მარანი ღვინის ტურიზმითაცაა დაკავებული, მშვენიერ პატარა სასახლეში რამდენიმე ნომერია, რომელსაც არასდროს აკლია სტუმარი. სხვათა შორის, ღვინის ტურიზმი 90-იანი წლების მეორე ნახევარში, სახელმწიფოს დახმარებით განვითარდა აქ. რადგან მხოლოდ მევენახეობაზე და მეღვინეობაზე დამოკიდებულება, ურთულესი პირობების გამო, ამ მხარეში ცოტა სარისკო საქმე იყო, სახელმწიფომ გადაწყვიტა ძალზე ხელსაყრელ პირობებში გაეცა სესხები და ამის გამო სულ მალე მთელი სოფელი ძალზე აქტიურად ჩაერთო ენო-გასტრონომიულ ტურიზმში, რომელიც ზამთარშიც კი კარგად მუშაობს.

მარანში სწორედ ულენის ფიქალიან ტერუარზე მოყვანილი რისლინგიდან დაყენებული 2013 წლის მოსავლის მშრალი ღვინო გავსინჯეთ, 8 €-იანი, საკმაოდ ძლიერი, 13%-იანი ღვინო, მწვანე ხილისა და ციტრუსების არომატით.

 შემდეგ სოფლის ყველაზე ცნობილ ვინოთეკას ვეწვიეთ, Vinothek im Winninger Spital, სადაც 20-მდე ადგილობრივი მეღვინის პროდუქცია იყო წარმოდგენილი (მათ შორის, ჩვენთვის უკვე ნაცნობი Fries და Freiherr von Heddesdorff). ამ სამსართულიან ვინოთეკას ცოლ-ქმარი ფლობს, ლოთარ და მარტინა კრობერები. შენობა რამდენიმე ასეულ წელს ითვლის, პირველზე მაღაზიაა, იქვეა სარდაფიც, მეორეზე სადეგუსტაციო დარბაზია, მესამეზე კი მყუდრო ოთახი, საიდანაც უძველესი კიბის ღერძი ეშვება პირველ სართულამდე. ეს ღერძი, რომელშიც ადრე კიბის საფეხურები იყო შედგმული, შეიძლება ითქვას, სახლის ადგილის დედაა, მისი ფუძე.

თავის დროზე ეს შენობა ადგილობრივმა კომუნამ შეისყიდან და ადგილობრივი მევენახე-მეღვინეების რჩევით აქ ენოთეკა გაკეთდა, სადაც ყველა ადგილობრივი ღვინო გამოდის გასასინჯად და გასაყიდად. წარმოიდგინეთ, სადმე ართანაში რომ 10-12 მცირე მარანი არსებობდეს და ყველა ამ მარნის ღვინო ერთ მშვენიერ, სოფლის ცენტრში განთავსებულ ვინოთეკაში იყოს თავმოყრილი – სადაც ყველაფერი გამჭვირვალეა, ყველამ იცის ფასები და სტუმრების გარდა, თავად მეღვინეებს აქვთ საშუალება ახლოს გაეცნონ თავიანთი კოლეგების ნამუშევრებს.

ვინინგენის ვინოთეკისთვის ღვინოებს რეგულარულად სადეგუსტაციო კომისია არჩევს, მათ შორის არიან მოწვეული სპეციალისტებიც და მხარის ადგილობრივი ღვინის ექსპერტებიც, ხოლო თითოეული მარანი წელიწადში 150 €-ს იხდის ყოველ ღვინოზე (შეიძლება წარმოდგენილი ჰქონდეთ 1 ან მეტი ღვინო) ენოთეკისთვის. სხვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალი იყო ამ ენოთეკის მუშაობაში. მათ არ ჰქონდათ სამზარეულო, ანუ რესტორნის დატვირთვა, რაც მათი პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რადგან გვერდით იყო რესტორანი და არ სურდათ თავიანთი მეზობლებისთვის გაეწიათ კონკურენცია.

შემდეგ ჩვენთვის უკვე ნაცნობ Fries-ის მარანს ვეწვიეთ, 400 წლიანი ტრადიციის მქონე მარანს, სადაც ამ მწარმოებლის კიდევ არაერთი გამორჩეული ღვინო გავსინჯეთ. ამ მარანს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდა სოფელში (სხვადასხვა კატეგორიის თეთრი, ვარდისფერი, წითელი ღვინოები). წარმოდგენილი იყო 40-მდე დასახელების ღვინო, რომელთა შორის ჩემი ყურადღება მიიქცია ე.წ. Apollo-Terrassen-ზე მოყვანილმა 2013 წლის რისლინგმა, 10,40 € (რომელსაც სახელი აქაური პეპლის პატივსაცემად დაერქვა - Parnassius apollo vinningensis) და 2012 წლის ძალზე დახვეწილმა შპეტბურგუნდერმა, რომელიც 20 თვის განმავლობაში მუხის კასრებში ვარგდებოდა (15,50 €). ეს უძველესი მარანი, ძველი მოსავლის ღვინოებით სავსე დამტვერილი ბოთლებით, ჩვენმა მასპინძელმა, რაინერ ფრისმა მცირე ლაბირინთად აქცია, სადაც მინოტავროსის კერპიც კი დგას, იმ განსხვავებით, რომ მფლობელი მას სიყვარულით ვინოტავრუსს უწოდებს.

ვესტუმრეთ რუდიგერ გრუბერის მარანსაც, რომელიც მეუღლესთან ერთად, 1989 წელს ჩამოაყალიბა, თუმცა მისი ოჯახი 500 წელია ვინინგენში ცხოვრობს და ამ დროის მანძილზე მეღვინეობითაც ყოფილან მისი წინაპრები გატაცებული და სოფლის მეურნეობის სხვა კულტურებითაც. მაგ. ბატონი გრუბერის მამა, მიწაზე მუშაობის გარდა, მუხის კასრების დამზადებითაც იყო დაკავებული 60-იანი წლების ბოლომდე. საერთოდ, თითქმის ყველა ჩვენი მასპინძელი აღნიშავდა, რომ ვენახისა და ღვინის გარდა ისინი კარტოფილის ან სხვა სასოფლო-სამეურნეული კულტურების მოყვანითაც ირჩენენ თავს, ამას დაუმატეთ ღვინის ტურიზმი, მცირე სასტუმროები, რესტორანი, რომელიც მარანთან შეიძლება იყოს მიბმული და აღმოაჩენთ, რომ აქაური მევენახე მაქსიმალურად იზღვევს თავს.

გრუბერების ვენახები სულ 7 ჰექტარზეა გაშენებული. აქდან 95% ვაზისა რისლინგია. დაწურვისთანავე ღვინოს 6-12 საათი დურდოზე ტოვებენ., რის გამოც ძალზე ინტენსიური არომატების, სავსე ღვინო დგება. სხვათა შორის, საუკეთესო ღვინოები გრუბერებსაც ულენის ფერდობებიდან აქვთ, თუმცა პირველად სწორედ ბატონი რუდიგერისგან გავიგეთ, რომ ულენშივე სამ სხვადასხვა ტიპის ფიქალებს გამოყოფენ და ის მწარმოებლები, რომლებიც ცდილობენ ექსკლუზიური პროდუქტი შესთავაზონ მომხმარებელს, მკაცრად უსვამენ ხაზს ეტიკეტზე, თუ რომელი ტიპის ფიქალოვან ნიადაგებზეა მოყვანილი რისლინგი.

იქ გასინჯული ღვინოებიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა Kröbers Riesling vom Schiefer, 2013 (6,80 €), ფიქალებზე მოყვანილი რისლინგიდან დაყენებული კლასიკური ღვინო და 2011 წლის Uhlen Laubach (17,50 €), შესანიშნავი ღვინო, რომელიც 18 თვის მანძილზე ლექზე ვარგდებოდა, რის გამოც ეს მომწვანო-ოქროსფერი ღვინო საოცარი არომატებით ხასიათდებოდა, სადაც მსხალი, ბზა და სხვა მცენარეული ნოტები ერწყმოდა ერთმანეთს.

დიდი შთაბეჭდილება დატოვა 2005  წლის Trockenbeerenauslese-მ, თაფლის, ჩირის და ჩამიჩის არომატებიანმა 9 წლის ღვინომ (60 €), რომელიც კიდევ არაერთი წლის მანძილზე განვითარდება, შეიცვლება და დაიხვეწება, რისლინგი (განსაკუთრებით ეს რისლინგიდან დაყენებულ ელიტურ ტკბილ ღვინოებს ეხება), ხომ მსოფლიოში საუკეთესო ჯიშია, შენახვის პოტენციალის თვალსაზრისით. სხვათა შორის, უნდა შეგახსენოთ, რომ ისეთი კატეგორიის ღვინოები, როგორიცაა Trockenbeerenauslese ან აისვაინი, მხოლოდ განსაკუთრებულ წლებში მზადდება ხოლმე გერმანიაში. მაგალითისთვის, ჩვენმა მასპინძელმა ბოლო Trockenbeerenauslese 7 წლის წინ დააყენა, 2006-ში და 2009-ში ჰქონდა Beerenauslese, 2008 წელს კი აისვაინი.

კარგი, ყუათიანი მოზელური ვახშმის შემდეგ - ადგილობრივი კერძებითა და ადგილობრივი ღვინოებით – მშობლიური პფალცის გზას დავადექით, თან ვჩქარობდით, იმიტომ, რომ ჩვენს მძღოლს საჭესთან ჯდომის ნებადართული დრო ეწურებოდა და ეშინოდა არ დაეჯარიმებინათ. მას ცალკე პოლიცია შეუქმნიდა პრობლემას და ცალკე პროფკავშირები გაატარებდნენ პრესში.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული