მალხაზ ხარბედია
კახეთი
კახეთში ბოლო წლებში, როგორც წესი, გვალვიანი ზამთარია ხოლმე. ასე იყო წელსაც. თოვლი თიქმის არ მოსულა, ტემპერატურამ კი ზოგან 18–20°–საც მიაღწია ზამთარში. ყინვები იყო დედოფლისწყაროს რაიონში, თუმცა უთოვლო, უნალექო ყინვები. გაზაფხული ნალექიანი გამოდგა, მარტში რამდენიმე ადგილას სეტყვაც მოვიდა (მაგ. 30 მარტს ნუკრიანში). ვაზის კვირტი საკმაოდ ადრე გამოვიდა და ამინდიც ხელსაყრელი დაემთხვა. დაავადებები აქა–იქ გაჩნდა (ძირითადად კვირტის ჭია იგულისხმება). აპრილის ბოლოს ყინვებიც იყო კახეთში, მაგ. გავაზში 50%–მდე ვენახებისა მოყინა. ყვავილობის ფაზაში ბევრგან ჭრაქი განვითარდა, შეინიშნებოდა შავი სიდამპლეც (ივლის–აგვისტოში).ზოგიერთ სოფელში სეტყვა მოვიდა მაისშიც. ივნისის დასაწყისში, ყვავილიდან გამოსვლის დროს რამდენიმე დღე ძალზე აქტიური მზე იყო, რამაც მტევნები დააზიანა. ზოგადად, ზაფხული ცხელი იყო, თუმცა ნალექიც არაერთხელ მოვიდა, მაგ. ივლისის დასაწყისში და აგვისტოშიც. ახმეტაში სეტყვა აგვისტოში მოვიდა. სექტემბერიც შედარებიც ნალექიანი იყო, თუმცა რთვლის მიმდინარეობისთვის ამას პრობლემები არ შეუქმნია. რთველი სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. მართალია დიდი მოსავალი არ აუღიათ კახეთში, თუმცა ხარისხით მევენახეები კმაყოფილები არიან. საკმაოდ მაღალშაქრიანი ყურძენი მოვიდა. დუღილის პროცესებიც კარგად წარიმართა. დუღილი გაუხანგრძლივდათ ძალზე მაღალალკოჰოლიან ღვინოებს.
ქართლი
ქართლში ზამთარი ასეთი თბილი და უნალექო არასდროს ყოფილა (ბოლო წლებში სულ აღნიშნავენ ამას მევენახეები). ყინვა თითქმის არ ყოფილა, რაც საკმაოდ იშვიათია ქართლში, თუმცა მარტში რამდენიმე დღე ძლიერი ქარები ქროდა. კვირტობის პერიოდიც გვალვიანი იყო და ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხულმა უნალექოდ ჩაიარა. ქვემო ქართლშიც (ასურეთი), შიდა ქართლშიც (ატენი) და მუხრანის ველზეც მშრალი აპრილი იყო, თუმცა შიდა ქართლში მოყინა და ძლიერი ქარებიც დაერთო. მაისი წვიმიანი და ქარიანი გამოდგა, თუმცა კვირტობა–ყვავილობაში მაინც ვერ დააზიანა მომავალი. ივნისი წვიმიანი იყო, თვის ბოლოს კი ზოგიერთ რეგიონში (მაგ. ქვემო ქართლში) სეტყვაც მოვიდა. ივნისში დამწვრობაც შეინიშნებოდა აქტიური მზის გამო. ივლისში გამოჩნდა შავი სიდამპლე, რასაც გვალვა დაერთო და აგვისტოს უნალექობა. ივლისის ბოლო–აგვისტოს დასაწყისი საკმაოდ ნალექიანი იყო შიდა ქართლში, განსხვავებით ქვემო ქართლისგან. ქართლში ზოგადად მშრალი შემოდგომა იყო, გრილი ღამეებითა და თბილი დღეებით. ზოგ რეგიონში ყურძენმა საკმაოდ მაღარ შაქრიანობას მიაღწია (მაგ. მუხრანის ველზე – 24), სხვაგან მწიფობისას დაზიანდა კიდეც ყურძენი, დაჩამიჩდა (ოკამში, მუხრანის ველზე), თუმცა ამის მიუხედავად, მაინც მოსავლიანი წელი ეთქმოდა. ზოგიერთ მარანში 14–15%–მდე ავიდა ღვინის ალკოჰოლი. წითელ ღვინოებს (შავკაპიტოს, თავკვერს) კარგი შეფერვა ჰქონდათ და კარგადაც დადუღდნენ.
იმერეთი
თბილი ზამთარი იყო იმერეთშიც, ზოგგან დასავლეთ საქართველოში 19–23°–საც კი მიაღწია ტემპერატურამ (იანვარ–თებერვალში). წვიმიანი წელი გამოდგა, ძალზე ნალექიანი იყო მარტი, ქროდა ძლიერი ქარები. აპრილში ყინვებიც იყო ზემო იმერეთში (საჩხერეში). დაავადებები და მავნებლები ადრე გააქტიურდნენ (ტკიპები და კვირტის ჭიები), წამლობის პერიოდს ნალექიანი დღეებიც დაემთხვა და ამან კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა. მაისის დასაწყისში საკმაოდ მაღალი ტემპერატურა იყო იმერეთში, განსაკუთრებით ზესტაფონის რაიონში. გარდა ამისა, ყვავილობის პერიოდში ნალექიც მოვიდა, განვითარდა ჭრაქი. ზაფხული უნალექო იყო, რამაც ბევრგან ადრეული რთველი გამოიწვია და აგვისტოში მტევნებიც დაზიანდა მზისგან. სექტემბრის დასაწყისში ზოგიერთ ვენახში შაქრიანობა 24–ს აღწევდა, შესაბამისად, რთველიც ძალიან ადრე დაიწყო. მცირე ნალექებს ხელი არ შეუშლია რთველის მიმდინარეობისთვის. დუღილმა კარგად, აქტიურად ჩაიარა, იმდენად, რომ ზოგმა მეღვინემ ქვევრები საკმაოდ ადრე, ოქტომბრის ბოლოსკენ დაგოზა.
რაჭა
რაჭული ზამთარი მცირეთოვლიანი იყო, თუმცა კი მარტი გამოდგა ძალზე ნალექიანი და ცივი. მაისის დასაწყისში მოყინა კიდეც. ვეგეტაცია ადრიანად დაიწყო. ყვავილობისას თავიდან კარგი მზიანი ამინდები იყო, თუმცა შემდეგ, მაისის ბოლოდან ხანგრძლივი წვიმები დაიწყო, რამაც დიდი გავლენა იქონია მრცვლის განვითარებაზე. გაჩნდა ჭრაქი და ნაცარი. გაჩნდნენ მავნებლებიც. ამ პერიოდში 2–3–ჯერ სეტყვაც მოვიდა რაჭაში: კვაცხუთში, წესში, ბუგეულში, ჯვარისაში. ზაფხული უფრო გვალვიანი იყო, ვიდრე ტენიანი. რთვლის პერიოდმა, რომელიც 3–4 დღით ადრე დაიწყო, კარგ ამინდებში ჩაიარა, 5 ოქტომბერს უკვე აქტიური რთველი მინდინარეობდა. მოსავალი საშუალოზე უკეთესი მოვიდა, ყურძნის შაქრიანობით კმაყოფილები იყვნენ (განსაკუთრებით ალექსანდროული–მუჯურეთული). კარგად წარიმართა დუღილის პროცესიც.
ლეჩხუმი
ლეჩხუმში ზომიერი ზამთარი იყო 2017–2018 წლებში, თოვლიც მოვიდა და ყინვებიც იყო. ზოგან 2 კვირაც კი იდო თოვლი. ადრე დათბა, თუმცა რეგიონის სპციფიკიდან გამომდინარე, უარყოფითად არ უმოქმედია ამას. კვირტობამ კარგად ჩაიარა, ნალექები ნაკლებად იყო. იგივე შეიძლება ითქვას ყვავილობის პერიოდზეც. ივნისის ბოლოს მცირედი სეტყვა მოვიდა ტვიშში და ორხვში, ზოგადად ზაფხული კი ზომიერი იყო, რბილი ამინდებით. შემოდგომაზეც კარგი ამინდები დაემთხვა, რთვლის პერიოდი უნალექო იყო. რიონის ხეობაში ოქტომბრის ბოლოს იყო რთველი. ცოლიკოურის შაქრიანობამ აქ 21-24–ს მიაღწია. ცხენისწყლის ხეობაში კი (ოყურეში) ცოტა ადრე ჩატარდა უსახელოურის რთველი – 20 ოქტომბერს დაიწყო და მალევე დასრულდა. ზოგან, მაგ. სამანდარიოში, 27–საც კი მიაღწია შაქრიანობამ, ცოლიკოურმა – 25–ს. მოსავალი შედარებით ნაკლები იყო, მაგრამ ხარისხიანი. დუღილის ბოლო პერიოდში ყინვებიც დაერთო, ბევრგან ნარჩენი შაქრით დადგა ღვინოები (როგორც ტრადიციულად, ლეჩხუმში ხდება ხოლმე), ზოგმა კი ბოლომდე მოახერხა ღვინის დადუღება.
სამეგრელო
შედარებით უნალექო, რბილი ზამთარი იყო სამეგრელოშიც. გაზაფხულზე, მარტის ბოლოსკენ, მოყინა, რამაც ნაწილობრივ დააზიანა კვირტები. ყვავილობის პერიოდი ნალექიანი იყო, თუმცა ამას განსაკუთრებული უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია მოსავალზე. მაისის ბოლოს სამაგრელოში საგრძნობლად დაცხა, თუმცა მთლიანობაში ზაფხულმა კარგად ჩაიარა, მიუხედავად ივნისის ნალექებისა. ზაფხულში ივლისის ბოლოს–აგვისტოში ცოლიკოური დააზიანა მზემ, ოჯალეში ნაკლებად დაზარალდა. რთველი ოქტომბრის ბოლოს დაიწყეს, როცა ოჯალეშიც შაქრიანობა 25–მდე ავიდა, თუმცა ზოგიერთებმა ნოემბრის ბოლოსაც დაკრიფეს ყურძენი. დუღილი დიდხანს გაგრძელდა.
გურია
გურიაში ყინვა საერთოდ არ ყოფილა. გვალვიანი ზამთარი იყო, მხოლოდ ადრე, დეკემბერში მოვიდა მცირე თოვლი. მარტი–აპრილის ბოლომდე წვიმა არ მოსულა, თუმცა მაისი გამოდგა ნალექიანი. კვირტობა ძალიან ადრე დაიწყო, მარტის შუა რიცხვებიდან. აპრილის ბოლოს იყო მოყინვის საშიშროება (ბოლო წლებში ძალზე გახშირდა გაზაფხულის ყინვები), თუმცა მხოლოდ რამდენიმე მდინარისპირა ვენახი დააზიანა ერკეთსა და ოზურგეთის რაიონის ერთი–ორ სოფელში. ჩხავრის რქას კარგი ზრდა ჰქონდა, მაისი-ივნისი შედარებით წვიმიანი იყო. ზაფხულმაც კარგად ჩაიარა, იდეალური იყო აგვისტო-სექტემბერი. რთველი 15-20 დღით ადრე დაიწყო, თავიდან ცოლიკოური დაიკრიფა (ოქტომბრის დასაწყისში), შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს, სხილათუბანი და ჯანი. ჩხავრის დრო ნოემბრის შუა რიცხვებში დადგა, ზოგმა გაცილებით ადრეც დაკრიფა ჩხავერი. მაღალი, განსაკუთრებული შაქრიანობა იყო 2018 წელს. ხარისხითაც და და რაოდენობითაც გამორჩეული წელი გამოდგა. ცოლიკოურს სექტემბრის ბოლოს 23–24 ჰქონდა უკვე ზოგიერთ სოფელში, ალადასტური და ცოლიკოური ოქტომბრის დასაწყისში დაიკრიფა. დუღილიც კარგად წარიმართა.
აჭარა
პირველი თოვლი 29 ნოემბერს მოვიდა (2017–ში), რასაც მშრალი დეკემბერი და რბილი ზამთარი მოჰყვა. ქედას რაიონში მცირე თოვლი მოვიდა ზამთარში, ხოლო გაზაფხული გრილი და წვიმიანი დადგა. კვირტობის და ყვავილობის პერიოდს კარგი ამინდები დაემთხვა და მტევანიც ძლიერი ჩამოყალიბდა. მაისის ბოლოს ზღვისპირა ზოლში დაცხა, ზაფხულიც ცხელი იყო, თუმცა ამას უარყოფითად არ უმოქმედია მოსავალზე. ყურძენი ადრე დამწიფდა, ბევრმა ცოლიკოურთან ერთად დაკრიფა ჩხავერი, თუმცა საუკეთესო მოსავალი მათ აიღეს, ვინც ნოემბრამდე დატოვა ჩხავერი. შაქრიანობამ 23–24–საც მიაღწია (მაღლარზე შედარებით ნაკლები). დუღილმაც კარგად, თანაბრად ჩაიარა.
მესხეთი
მესხეთში თოვლი იანვრის ბოლოს–თებერვლის დასაწყისში მოვიდა. მეცხეთ–ჯავახეთის პირობაზე, ყინვაც ნაკლები იყო. გაზაფხულმა ზომიერი ნალექებით ჩაიარა, მცირე ჭრაქი განვითარდა კვირტობის მეორე ეტაპზე. კარგი იყო ყვავილობის პერიოდი. აპრილის ბოლოს კი მესხეთში ყინვა იყო, თუმცა ვინც ცეცხლი დაანთო ვენახებში (ნაკელი, ნამჯა და ა.შ.) ან ვისაც შეფუთული ჰქონდა ვაზი, არ დაზიანებულა. ვეგეტაციის პერიოდმა კარგად ჩაიარა, დაავადებები ნაკლებად იყო (ზოგიერთმა მევენახებ მხოლოდ 1–2–ჯერ შეწამლეს ვენახები). სექტემბრის შუა რიცხვებში ძლიერი სეტყვა მოვიდა ნიჯგორში, ხიზაბავრასა და საროში. დაისეტყვა ტოლოშიც. თბილი და მშრალი ზაფხული იყო, თუმცა ზოგიერთ ადგილას ძლიერი სიცხეები იყო და ვაზიც დააზიანა. რთველი ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყო. რთველის პერიოდში მშრალი ამინდები გამოვიდა, შაქრიანობა, ჯიშების მიხ. 22–28 იყო. დუღილი კარგად წარიმართა და საკმაოდ მაღალალკოჰოლიანი ღვინო დააყენეს მესხებმა.
© ქართული ღვინის გზამკვლევი / მალხაზ ხარბედია
თქვენი კომენტარი