იტალიური ასოციაცია Assoenologi იუწყება, რომ გასულ წელთან შედარებით 2013 წელს 15%-ით მეტი ყურძენი დაკრიფეს. თანაც გამორჩეულად უხვი და ხარისხიანი მოსავალი აიღეს.
“წელს 6,4-6,7 მილიონი ტონა ყურძენი დავრკიფეთ, რომლიდანაც დაახლოებით 47-48 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო დაიწურება,” – განაცხადა ასოციაცია Assoenologi-ს დირექტორმა ჯუზეპე მარტელიმ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ასოციაციის მონაცემები და OIV-ის (ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაცია) გათვლები ერთმანეთს არ ემთხვევა. რომელი მათგანი გვაწვდის მცდარ ინფორმაციას, ამას მხოლოდ მოგვიანებით შევიტყობთ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, Assoenologi-ში იმედი აქვთ, რომ წელს იტალია ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს და მთავარ კონკურენტ ქვეყანაზე - საფრანგეთზე - მეტ ღვინოს აწარმოებს. მეღვინეები და ექსპერტები წლევანდელი მოსავლის რაოდენობითაც და ხარისხითაც კმაყოფილნი არიან. ეს ფაქტი მათთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ცუდი ამინდების გამო იტალიაში ღვინის წარმოების მაჩვენებელმა საშუალოზე დაბლა დაიწია.
რაც შეეხება ექსპორტს – იტალიის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, შარშან ღვინის გაყიდვებიდან შემოსულმა თანხამ 4,7 მილიარდი ევრო შეადგინა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს მოგება 5 მილიარდამდე გაიზრდება, რაც წინასწარი მონაცემებითვე, უკვე რეკორდული თანხაა.
ბატონი მარტელის თქმით, “ექსპორტი ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი არ შეჩერებულა. მართალია, ზოგჯერ რაოდენობა იკლებდა, მაგრამ შემოსავალი არ მცირდებოდა. ეს იმით აიხსნება, რომ ჩვენ ვყიდით ნაკლები რაოდენობის, მაგრამ ძალიან ხარისხიან, შესაბამისად, ძვირიან ღვინოს.”
პროდუქციის ქვეყნის გარეთ გაყიდვები მწარმოებელთათვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის შიგნით ღვინის გაყიდვებმა საგრძნობლად იკლო. თანაც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტენდენცია უკვე რამდენიმე ათეული წელია შეინიშნება. თუკი 1970-იან წლებში სულადობრივად წლიურად 110 ლიტრი ღვინო იანგარიშებოდა, 2013 წლისათვის ამ მაჩვენებელმა სულზე 40 ლიტრამდე იკლო.
მართალია, ბუნებამ იტალიელებს წელსაც არ გაუმართლა იმედი – გადაუღებლად წვიმდა და ძალიან ციოდა, მაგრამ საფრანგეთთან შედარებით, მათ მაინც წარმატებული და ნაყოფიერი შემოდგომა დაუდგათ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი