გამოქვეყნებულია: 1 სექტემბერი, 2010 - 21:24
კახეთში, ალაზნისპირა სოფლებში რთველი უკვე დაიწყო. ამ დროისთვის ყურძენს წნორის, კოტეხის, დედოფლისწყაროს და შილდის ღვინის ქარხნები იღებენ. საწარმო 1 კილოგრამ საფერავის ჯიშის ყურძენში 40 თეთრს იხდის, რქაწითელში - 30 თეთრს. ამასთან, მთავრობის მიერ გამოყოფილი სუბსიდიიდან საფერავზე დამატებით 25 თეთრი გაიცემა, რქაწითელზე - 15.
გასულ წელს კახეთში 160 000 ტონა ყურძენი მოვიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წელს რეგიონში 85 584 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან. ყურძენი წელს სეტყვამ და გვალვამ გაანახევრა. გლეხები ამბობენ, რომ ყურძნის ფასი მოსავლის მოსაყვანად დახარჯულ თანხას ვერ ანაზღაურებს.
„ნახევარი ჰექტარი ვენახი მაქვს. შარშან 800 კილო ყურძენი დავკრიფე, მაგრამ წელს ისე დაისეტყვა, 100 კილოსაც ვერ დავკრეფავ. ყურძენი სეტყვისგან ისეა დაზიანებული, რომ არცერთი ღვინის ქარხანა არ ჩაიბარებს. რომ იბარებდნენ კიდეც, მაინც არ ჩავაბარებ, 45 თეთრად ყურძენი ვის ვაჩუქო?“- გვითხრა მევენახე გივი მღებრიშვილმა.
ნახევარი ჰექტარი ვენახი აქვს გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მცხოვრებ ლევან გოდელაშვილსაც. „ვაზს წელიწადში ათჯერ მაინც ვწამლი, რაც დაახლოებით 350 ლარი ჯდება. გარდა ამისა, ორჯერ ვხნავ და ორჯერ კულტივირებას ვაკეთებ. ესეც 150 ლარი ჯდება. ფიზიკურად მუშაობას არ ვთვლით. შარშან 350 ლარის ყურძენი ჩავაბარე და ცოტაოდენი სახლში დავწურე. გლეხი ვარ და სხვა რა ვაკეთო, თორემ ვენახს საერთოდ თავს დავანებებდი“, - ამბობს ლევან გოდელაშვილი.
დავით ზირაქაშვილი, მცენარეთა დაცვის საშუალებების მაღაზიის გამყიდველი: „წლის განმავლობაში ვენახი ათჯერ მაინც უნდა შეიწამლოს სისტემური წამლებით. აუცილებელია ნაცრის, ჭიის და ჭრაქის საწინააღმდეგო საშუალებებით შეწამვლა, რასაც ერთ ჰექტარზე სულ მცირე 600 ლარი სჭირდება“.
აგრარულ ბაზარში 1 კილოგრამი საფერავი 70 თეთრი ღირს, რქაწითელი 80 თეთრი.
© კახეთის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი