Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის სამშობლო სად არის?

კეროლინ გილბი

დაზუსტებით არავინ იცის, სად დაწურეს პირველად ყურძენი და დააყენეს ღვინო, ანდა, რომელ ქვეყანაში გაჩნდა პირველი მარანი? ამ კითხვებზე პასუხს თავის დროზე ჟურნალ Decanter-ის ავტორი, Caroline Gilby MW შეეცადა, თუმცა არსებული არქეოლოგიური აღმოჩენებისა და სამეცნიერო კვლევების ანალიზის შემდეგ დაასკვნა, რომ ცალსახად რაიმეს თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია. “მარანი” მცირედი ცვლილებებით გთავაზობთ ტექსტის თარგმანს, რომელიც ვფიქრობთ საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვის და შესაძლოა არაერთგვაროვვანი რეაქცია გამოიწვიოს სპეციალისტებსა და მოყვარულებში.

მას შემდეგ, რაც ადამიანებმა საზოგადოების ფორმირება დაიწყეს, პარალელურად მისგან თავდასაღწევ გზათა ძიებასაც შეუდგნენ. ყველაზე იოლი საშუალება ალკოჰოლი აღმოჩნდა. წიგნში - Uncorking The Past ღვინის ცნობილი ისტორიკოსი პატრიკ მაკგოვერნი წერს: "ალკოჰოლური სასმელები უნიკალურია ყველა ნარკოტიკს შორის, რომელთაც ჩვენი წინაპრები 4 მილიონზე მეტი წლის წინათ მოიხმარდნენ. მათმა უნივერსალობამ და გამორჩეულმა მიმზიდველობამ განაპირობა მათი მნიშვნელოვანი გავლენა ადამიანის მოდგმისა და მისი კულტურის განვითარებაზე."

ძალიან მარტივია იმის წარმოდგენა, როგორ მიიღეს პირველი ღვინო: ველური ყურძნის მტევნები დიდ ჭურჭელში მოათავსეს, სადაც ორიოდე დღეში დუღილის პროცესი დაიწყო. ყველაფერი დანარჩენი – ისტორიაა, მაგრამ ვისი? ვის შეიძლება ჰქონდეს პირველობის პრეტენზია? ვინ მოაწყო პირველი მარანი, სადაც ღვინის დაყენების პროცესი თავიდან ბოლომდე სწორად იყო ორგანიზებული? არსებობს რამდენიმე პრეტენდენტი:

საქართველო

ღვინის სამშობლოს სტატუსის მოსაპოვებლად რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა საჭირო: ერთ ადგილზე ხანგრძლივად მცხოვრებ ადამიანთა პოპულაცია, განვითარებული მეთუნეობა (დოქებისა და ქოთნების დასამზადებლად) და დიდი რაოდენობით ველური ვაზის არსებობა. ჯერჯერობით ამის შედარებით ადრინდელი დადასტურება შულავერის გორის გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი, რომელიც თბილისის სამხრეთით მდებარეობს და სამხრეთ კავკასიაში ადამიანებით დასახლებულ ერთ-ერთ უძველეს ტერიტორიად მიიჩნევა. ნასახლარებს ნეოლითის ეპოქას მიაკუთვნებენ და 8 ათასი წლის ისტორიას მიაწერენ. არქეოლოგიური სამუშაოების მსვლელობისას აქ თიხის ნაკეთობათა ნამტვრევები აღმოჩნდა, რომელთაც წითელი ფერის ნალექი ჰქონდა, სავარაუდოდ, ღვინის კვალი. იპოვეს ვაზის ორგანული ნარჩენებიც, რომლებიც კავკასიის ამ ნაწილში უხვად იზრდება. აქვე მიაგნეს უძველესი ვაზის წიპწებსაც (6 ცალი), რომლებიც მოშინაურებული ვაზისას ჰგავს. ისინი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კოლექციაში ინახება.

თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ამავე დასახლების თიხის ნაკეთობათა დეტალები. კომპიუტერულმა რეკონსტრუქციამ აჩვენა, რომ ეს იყო ბრტყელი ფსკერისა და ვიწრო ყელის მქონე ჭურჭელი, რომელიც 5 ლიტრამდე სითხეს იტევს.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სამხრეთ კავკასიას, რომელიც დღევანდელ საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს მოიცავს და ახლო აღმოსავლეთისკენ - თურქეთისა და ირანის ნაწილის ჩათვლით ვრცელდება, თამამად შეუძლია პრეტენზია ღვინის კულტურის აკვნობაზე. ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოშენება ახლო აღმოსავლეთში 10 ათასი წლის წინათ დაიწყო, მაგრამ ჯერ ისევ გრძელდება დებატები, რეგიონის რომელ ქვეყანაში დაწურეს პირველად ღვინო. რაც უფრო მნიშვნელოვანია, სად გასცდა ღვინის წარმოება გარემოებათა ხელსაყრელი დამთხვევის ფარგლებს და გააზრებულ პროცესში გადაიზარდა, რომელიც კონკრეტულ შედეგზე იყო გათვლილი.

ველურ ყურძენს წვრილი და მჟავე მარცვლები აქვს და მისგან არაპროგნოზირებადი მოსავალი მიიღება, რადგან ნაყოფის განვითარებისთვის ჯვარედინი დამტვერვაა საჭირო, რაც ამ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს. უძველეს მეღვინეთათვის მთავარი სირთულე თვითდამტვერვადი ვაზის პოვნა და მისი გაშენება იყო. ასეთი ძირი სტაბილურ მოსავალს იძლეოდა და მარცვალიც უფრო ტკბილი ჰქონდა.

ველურ ვაზს, ბევრი მცენარის მსგავსად, მამრობითი და მდედრობითი "პერსონები" გააჩნია. მხოლოდ მცირე რაოდენობა აერთიანებს ორივე სქესს. მდედრობითი ძირები მოსავალს იძლევა, თუ გვერდით მყოფი მამრობითი ძირები მათ დამტვერვას უზრუნველყოფს. მამრობითი ძირები უნაყოფოა. ჰერმაფროდიტთა მცირე რაოდენობა ისხამს ნაყოფს, თუმცა მდედრობითზე ორჯერ ნაკლებს. უძველესი ადამიანები, რომლებიც ვაზის მოშენებას მისდევდნენ, მდედრობით ნერგებს ირჩევდნენ და მამრობითს ანადგურებდნენ, თუმცა უმათოდ ვაზი მოსავალს არ იძლეოდა. დახმარების გარეშე მხოლოდ ჰერმაფროდიტი ძირი ისხამდა ყურძენს. როგორც ცნობილია, ყველა კულტურული ვაზი ჰერმაფროდიტია, ანუ ერთ ძირზე ორივე სქესის ყვავილი არსებობს, ჯვარედინი დამტვერვა კი ქარის დახმარებით ხდება. მიზანმიმართულ კულტივაციას მინიმუმამდე დაჰყავდა შემთხვევის როლი და შესაძლებელს ხდიდა საუკეთესო ძირების შერჩევა-გამოზრდას. არაერთი ცდისა და შეცდომის შემდეგ კულტივაციისთვის მხოლოდ ორსქესიან ძირებს ირჩევდნენ. მათი წიპწები მემკვიდრეობით ერთდროულად ორივე სქესის გენს იღებს. მოშინაურებული ყურძენი, ველურისგან განსხვავებით, ყოველთვის ორსქესიანია. კულტურულ მცენარეთა უმეტესობის მსგავსად, ადამიანის მიერ მოყვანილი ყურძენი მის ველურ ნათესავზე გაცილებით გემრიელი, მსხვილი და პროდუქტიულია, მაგრამ ვირუსების, სოკოსა და ბაქტერიების მიმართ ნაკლები გამძლეობა ახასიათებს.

ირანი

1968 წელს ირანში, Hajji Firuz Tepe-დ წოდებულ ადგილზე, რომელიც ზაგროსის მთიანეთის ჩრდილო ნაწილში მდებარეობს, რამდენიმე 9-ლიტრიანი თიხის დოქი იპოვეს. 7000 წლის წინანდელი დოქების ფსკერზე ყურძნისა და ღვინისთვის დამახასიათებელი მჟავა აღმოჩნდა.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, დაფიქსირდა ადგილობრივ ხეთა ფისის კვალიც, რომელსაც, შესაძლოა, ერთგვარი კონსერვანტის ფუნქცია ჰქონდა. თუ ეს ასეა, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ღვინის წარმოების კონტროლისკენ და დუღილის შესაჩერებლად.

სომხეთი

არცთუ შორეულმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა მეღვინეობის დაბადების ზოგად სურათს ახალი "შტრიხები" შემატა. სომხეთ-ირანის სამხრეთ საზღვრის შორიახლოს, გამოქვაბულ Areni-1-ში  დღეს არსებულთაგან ყველაზე ძველი მარანი აღმოაჩინეს. პროექტის დირექტორის, ბორის გასპარიანის აზრით, აღმოჩენა ადასტურებს, რომ უძველეს ეპოქაში აქ ღვინო იმ დროისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობით იწარმოებოდა. გამოქვაბულში არქეოლოგებმა პრიმიტიული ღვინის წნეხი, თიხის დიდი ჭურჭელი, ასევე, ყურძნის წიპწებისა და ვაზის ლერწების ნარჩენები იპოვეს. ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა პიგმენტი მალვიდინი, პიგმენტთა ნაირსახეობა, რომელიც მხოლოდ წითელ ღვინოსა და ბროწეულშია. წიპწების მორფოლოგია Vitis vinifera-ს სახეობის შინაურ და არა გარეული ყურძნის - Vitis sylvestris-ის გამოყენებაზე მეტყველებს.  ლერწთა ნარჩენების ნახშირბადოვანმა კვლევამ მათი ასაკი 6000 წლით განსაზღვრა, რაც 1000 წლით მაინც უსწრებს ეგვპიტის მეფის, სკორპიონის სამარხში ნაპოვნ წიპწებს. აქვე აღმოაჩინეს ყურძნის კანი, გამხმარი პულპა და დოქები ყვითელი ფერის ნალექით, რომელიც ქიმიურად ღვინოდ განისაზღვრა.

ზემოხსენებული ღვინის ისტორიკოსის, პატრიკ მაკგოვერნის აზრით, არენის აღმოჩენათა ზუსტი თარიღის დადგენა ჯერჯერობით რთულია. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბორის გასპარიანი: "მას არასოდეს უნახავს ჩვენი გათხრები, რომლებიც ისტორიკოსთა ნებისმიერ ფანტაზიას აღემატება. არენის აღმოჩენათა დათარიღება ძალიან ზუსტია, რადგან შესრულებულია ნახშირბადის მეთოდის გამოყენებით, რითაც თიხის დოქების ასაკი დგინდება."

ამ გამოქვაბულში ნაპოვნი თიხის ჭურჭელი ძალზე მოგვაგონებს ქვევრს, რომელსაც დღემდე იყენებენ აქაც და მეზობელ საქართველოშიც. ის საკმაოდ დიდია და სოლიდური რაოდენობის ყურძენს საჭიროებს. შორიახლოს განლაგებულია საფლავთა წყება, რაც საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ იმდროინდელი დაკრძალვის რიტუალში ღვინო გარკვეულ როლს თამაშობდა.

რამდენიმე წლის წინ ამ ადგილებში ახალი პროექტი დაიწყო სომხური წარმოშობის იტალიელმა ზორიკ ღარიბიანმა - ცნობილ კონსულტანტ ალბერტო ანტინორისთან ერთად გათხრებიდან 4 კილომეტრში ადგილობრივი წითელი ვაზის ჯიში გააშენა. იმ პერიოდში ესოდენ მნიშვნელოვანი არტეფაქტები აღმოჩენილი არ იყო. საინტერესოა, რომ პირველი მოსავლისთვის (2010 წელი) ღარიბიანმა თიხის ჭურჭლის თანამედროვე ვერსია გამოიყენა, რამაც კარგი შედეგი აჩვენა. ღვინოს მან "6000" დაარქვა.

"ბოლოდროინდელი აღმოჩენები ადასტურებს, რომ ჩემი ვენახისთვის ტერუარის თვალსაზრისით სწორი ადგილი ავირჩიე. ვამაყობ ამ მიწის უძველესი ისტორიით" - ამბობს ღარიბიანი.

თურქეთი

ღვინის სამშობლოობაზე პრეტენზიას თურქეთიც აცხადებს. აქ პოპულარულია ლოზუნგი - "ეძიე შენი ძირები." შესაქმის წიგნის თანახმად, წარღვნის დროს ნოეს კიდობანი არარატის მთის მიდამოებში შეჩერდა (ერთი ვერსიით, ეს მთა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა, თუმცა დღესდღეობით ასეთი დასახელების მთა მხოლოდ სომხეთშია), სადაც ნოემ ვაზის პირველი ძირი დარგო, მოგვიანებით კი ღვინო დააყენა. თუმცა, სამეცნიერო თვალსაზრისით, ამ ცნობის ურყევ ჭეშმარიტებად მიჩნევა რთულია.

ამ ადგილებში, ასევე მდინარეების - ტიგროსისა და ევფრატის ველებზე ველური ჯიშები დღემდე გვხვდება. საინტერესოა, რომ ველური ვაზი აქ გენეტიკურად ძალზე მრავალფეროვანია. ამასთან, არსებობს ბევრი გაკულტურებული ჯიში: 600-ზე მეტი თურქეთში, 500-ზე მეტი საქართველოში და 200-მდე სომხეთში, რაც ვაზის მოშინაურების უძველეს პერიოდზე მეტყველებს.

ისტორია გრძელდება

პოლიტიკური რეალიები ამ რეგიონში რთულია, თუმცა ისტორიული ლანდშაფტის კვლევისას არქეოლოგთათვის თანამედროვე საზღვრები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ისტორია გრძელდება და ყველა განაცხადი, რომელიც ამ სფეროში პირველობას ამტკიცებს, სათუოა მანამ, ვიდრე მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში კვლევებს აგრძელებენ.

"შესაძლოა, საქართველო მაინცდამაინც გახარებული არ არის არენიში ჩვენი აღმოჩენით, მაგრამ ამ საკითხში "ჩემპიონი" არ არსებობს, - ამბობს გასპარიანი, - კარგად გააზრებული მეღვინეობა კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაში შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ჩამოყალიბებულიყო, როგორიცაა თანამედროვე საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და ირანის ტერიტორიები. სხვა საკითხია, რომ ზოგიერთი "მოღვაწე" საკუთარი ქვეყნის პირველობას პოლიტიკური მიზნით იყენებს."

ეს ქვეყნები და მათი დღევანდელი მოსახლეობა ნაკლებად ჰგავს ნეოლითის პერიოდის წინაპრებს. თანამედროვე ღვინის მოყვარული, იმის მიუხედავად, ვინ იყო პირველი მეღვინე, მადლობელი უნდა იყოს მისი - დაუღალავი შრომის, უსაზღვრო ცნობისმოყვარეობისა და ულევი მოთმინებისთვის.

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი /Weekend

თემა:


Garkvevit ceria,rom goris gatxrebis dros napovni cipca da gvinis naleki (8000celi) udzvelesia.ra aris sadavo?


gvinis samshoblo სადაო რათქმაუნდა არაფერია, უბრალოდ გასპარიანი (ნუ სომხები) და მაკგოვერნი აღარ არიან მეტი, ბოღმით სკდებიან და ამგვარი აქეთ შეედავეს პრინციპით ცდილობენ ტყუილების გატანას. სასაცილოა მეტო რომ არ იყოს. სერიოზულად კი, თავისი ადგილი უნდა მიუჩინონ მაგათ მეცნიერულ წრეებში და რაც არიან, ანუ მატყუარებად მოიხსენონ. :)


რა საყვარელია:))): შესაძლოა, საქართველო მაინცდამაინც გახარებული არ არის არენიში ჩვენი აღმოჩენით - ამბობს გასპარიანი P.S. Mount Ararat (Turkish: Ağrı Dağı; Armenian: Արարատ or Masis Մասիս, see below for its other names and etymology) is a snow-capped, dormant volcanic cone in Turkey.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.