Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაიცანით 14 ოჯახური მარანი „ღვინის სოფლიდან“

ლევან სეფისკვერაძე

როგორც იცით, ცოტა ხნის წინ დაიწყო პროეტი „ღვინის სოფელი“, რომელსაც „ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში უკვე შედგა პირველი და ალბათ უმთავრესი ტური სამიზნე სამ რეგიონში (იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში 20-ზე მეტი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.

პროექტი უპირველეს ყოვლისა ღვინის მცირე მარნებისთვის ტურისტული კუთხით განვითარებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს და ექსპერტთა ჯგუფის უმთავრესი მიზანი იმ მარნების შერჩევა იყო, რომლებიც 2021 წლის გაზაფხულამდე შეძლებენ საკუთარი მარნებისა და ვენახების ტურიზმზე სათანადოდ მორგებას. რაც მთავარია, ამ საქმეში მათ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ დახმარებას სწორედ აღნიშნული პროექტი გაუწევს. ყურადღების მიღმა არ რჩება ის მარნებიც, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ სამიზნე ჯგუფში. მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ლექცია-სემინარებს ყველა დაესწრება და მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტები სათანადო რჩევებს ყველა მსურველს მისცემენ. 

საჩხერული სტარტი

პროექტის ჯუფი პირველად საჩხერეს ეწვია და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურში შეირჩა მარანი, რომელსაც ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე უჩა მაჭარაშვილი უძღვება. უჩას ვენახები ამავე სოფელში აქვს და იმერულ ცოლიკოურს, ძელშავს და გორულ მწვანეს (ქვიშხურა) ძირითადად ქვევრებში აყენებს. უჩა ტურიზმის კუთხით ახალბედაა და როგორც ეზოს, ასევე ჭურ-მარნის ტურისტული კუთხით განვითარება მისი მთავარი მიზანია.

მარანი ტყის პირას

ცნობილი უფლებადამცველი გიორგი შვენიერაძე ძმასთან და ნათესავებთან ერთად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროში მარანს აშენებს. როდესაც „ღვინის სოფლის“ წარმომადგენლები მას ეწვივნენ, როგორც იტყვიან, ეზოში გაგანია მშენებლობა დახვდათ. თუმცა, ძველ მარანში მშვენიერაძეები აქამდეც ახერხებდნენ როგორც იმერული, ასევე კახური წესით ღვინის (ციცქა, ცოლიკოური, ძელშავი)  ქვევრებში დაყენებას და სამომავლოდ ვენახების რაოდენობის გაზარდასაც გეგმავენ. ეს მარანი და ვენახი ფაქტობრივად აჯამეთის ტყის გვერდით მდებარეობს და მშვენიერაძეებს იმედი აქვთ, რომ აღნიშნული გარემოება მათ მარანს ტურისტული კუთხით დამატებით ხიბლს შესძენს.

40 იმერული ვაზის ჯიში

სოფელ მეორე სვირში, ირაკლი მინაძის მარანში სტუმრობისას, როგორც ვენახების მდებარეობა, ასევე მარნის და ღვინის მოვლის ხარისხი ნამდვილად იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ეს მცირე მარანი მოხვედრილიყო პროექტის სამიზნე ჯგუფში. მით უმეტეს, რომ მინაძეები ამ საქმეში გულმოდგინე შრომით განვითარებას მომავალშიც გეგმავენ და ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ოცხანური საფერესა და ძელშავის გარდა იმერული იშვიათი ვაზის 40-მდე ჯიშის ფართოდ გაშენებასაც აპირებენ.

იმერელი ექიმის ამბავი

პროფესიით ექიმი სევერიანე ღამბაშიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, ნაგუთნების ზვარში მოწეული ცოლიკოურისგან, ალადასტურისგან, ოჯალეშისგან და კრახუნასგან ოჯახის წევრების დახმარებით მშვენიერ ღვინოს აყენებს და სრულად ანგრევს იმ სტერეოტიპს, რომ ღვინის დაყენება თითქოს მხოლოდ პროფესიონალი მეღვინეების საქმეა. სევერიანე მარანს და სადეგუსტაციო სივრცესაც საკუთარი ხელით ანახლებს და იმედი აქვს, რომ სულ მალე როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ტურისტებს ნამდვილი იმერული სტუმრათმოყვარეობით დახვდება.

გურულების ჭურ-ღვინო

არც ახალთერჯოლელი ლაშა გურულია პროფესიით მეღვინე, მაგრამ მამასთან, ვიტალი გურულთან  ერთად მანაც სანაქებო ციცქა, ცოლიკოური, თეთრი კაბისტონი და ძელშავი გაასინჯა სტუმრებს. ლაშა სრულად სარგებლობს იმ სიკეთეებით, რაც ტრადიციულ იმერულ ჭურს აქვს და ღვინოს ძირითადად სწორედ ჭურში აყენებს. გურულებს ტურისტებისთვის  სადეგუსტაციო სივრცის დიდი ნაწილი უკვე კარგად აქვთ მოწყობილი, მშენებარე მარნის დასრულებას კი წელს აპირებენ.

ხარაგაულური ღვინის მომავალი

სამიზნე მარნებს შორის შერჩეული ხარაგაულის სოფელ კიცხში მცხოვრები შმაგი ავალიშვილის მარანიც  სტერეოტიპებს ამსხვრევს. ეს სტერეოტიპები კი იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს აზრი, თითქოს ხარაგაული მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესო მხარეა. შმაგი ქვევრში წურავს და უკვე ბოთლშიც ასხამს იმერული ვაზის ჯიშებისგან დაყანებულ სპეციალისტების შეფასებით საკმაოდ კარგ ღვინოს. ამას გარდა, ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე ფაქტობრივად საკუთარი ხელით აწყობს და აშენებს ძველი მარნის თავზე მდებარე საჩვენებელ მცირე მარანს და სადეგუსგაციო სივრცეს. ავალიშვილები მათი ღვინის დამფასებელ ტურისტებს მომავალი წლის გაზაფხულიდან ელიან.

თანამშრომლობის კარგი მაგალითი

„ღვინის სოფლის“ წარმომადგენლებმა იმერეთის შემდეგ რაჭაში გადაინაცვლეს, სადაც  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში -ძირაგეულსა და სადმელში აპოლონ კერესელიძის და ილია მენაბდის თანამშრომლობის მშვენიერი მაგალითი ნახეს. ეს ორი მეღვინე მართალია ბოთლის ღვინოს (ალექსანდროული, წულუკიძის თეთრა, კაბისტონი და სხვა...) ცალ-ცალკე ასხამენ, მაგრამ ღვინოს ერთ სივრცეში აყენებენ და არც საღვინე ჭურჭლის და მეღვინეობისათვის საჭირო სხვა ინვენტარის გაზიარება ეშლებათ. საერთო მარანი (რომლის რეკონსტრუქცია და ტურიზმის სათანადოდ მომზადებაც მიმდინარეობს) ცენტრალური გზის პირას მდებარეობს და მათთან სტუმრობა ტურისტებისთვის იმედია დამატებითი მოტივაცია იქნება.

„ქვე შენი ჭირიმე“

ორიგინალური სახელი - „ქვე შენი ჭირიმე“ ქვია ახალგაზრდა მეღვინის - აკაკი სირაძის მარანს, რომელიც სოფელ ბუგეულში მდებარეობს. აკაკის (რომელიც პროექტში ჩართულ მეღვინეთაგან ყველაზე ახალგაზრდაა) სიამაყის მიზეზი მამასთან ერთად 2 ჰეტრამდე გაშენებული მშვენიერი ვენახია, სადაც ალექსანდროული და მუჯურეთული 80%-ია, ხოლო დანარჩენი რაჭული თეთრა, ცოლიკოური, ახალშენი ხიხვა და რაჭული მწვანეა. მეღვინეს იმედი აქვს, რომ მშენებარე მარანს მალე დაასრულებს და ძველი (პატარა) მარნის შემდეგ სტუმრებს ღვინოს ახალ, ლამაზ და კარგად აღჭურვილ მარანში დააგემოვნებინებს.

ღვინის მარანი-მაღაზია ჭრებალოში

პროექტის წევრი ასევე გახდა კიდევ ერთი საინტერესო რაჭველი მეღვინე მირიან ჭიღვარია, რომელსაც მარანი და ღვინის მცირე მაღაზია სოფელ ჭრებალოში, ვენახები კი სოფელ ჟოშხაში აქვს.  მირიანი ღვინოს ქვევრში ახლადაშენებულ (ჯერ ისევ მშენებარე მარანში) აყენებს და მომავალში ღვინის რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს. გარდა ამისა, მეღვინე პარტნორებთან ერთად  ლეგენდარულ „ხვანჭკარას“ ნახევრად ტკბილი ღვინისთვის საჭირო სათანადო პირობებში იმავე მარანში ამზადებს. მირიან ჭიღვარიას მარანი და სადეგუსტაციო სივრცე უკევ ჩართულია ღვინის ტურიზმში.

და ლეჩხუმიც...

სამუშაო ჯგუფის ბოლო გაჩერება, ცაგერის მუნიციპალიტეტი - ისტორიული ლეჩხუმი იყო, სადაც ოყურეში-ზუბის ტერიტორიას და მიმდებარე სოფლებს თუ არ ჩავთვლით, უხარისხო გზა და ხშირ შემთხვევაში უგზოობა ადგილობრივი ღვინის ტურიზმის მთავარი შემაფერხებელია. მიუხედავად ამისა, ლეჩხუმში სამიზნედ ხუთი მარანი შეირჩა, რაც ყველაფერთან ერთად იმედია ერთგვარ წამახალისებელ როლსაც ითამაშებს საქართველოს ამ ულამაზესი, მევენახეობით სახელგანთქმული რეგიონისთვის.

ცნობილი ორბელური ოჯალეში

ლეჩხუმიდან „ღვინის სოფელს“ პირველი შემოუერთდა მეღვინე ამირან მეგრელი, რომელიც სოფელ ორბელში უცნობილეს ორბელურ ოჯალეშს აყენებს და წლებია ბოთლირებული სახით თბილისის სხვადასხვა ღვინის მაღაზიაში ყიდის.

ულამაზესი უცხერი

პროექტის ბენეფიციარი გახდა მეღვინე ისიდორე უჩაძეც, რომელიც ულამაზეს ადგილზე მდებარე სოფელ უცხერში შესანიშნავ ცოლიკოურს და წულიკიძის თეთრას აყენებს. სამუშაო ჯგუფის აზრით, რომ არა უგზოობა, ეს სოფელი და აქაური ღვინო ადრეც უნდა ყოფილიყო საყოველთაოდ ცნობილი და ეს უსამართლობაა გამოსასწორებელია.

ვენახი ხვამლის მთის ძირას

ასევე უგზოობაა სოფელ ქორენიშში მცხოვრები მევენახე-მეღვინე ნუგზარ გოდოლაძის მთავარი პრობლემა. ამის მიუხედავად, ნუგზარი საკუთარი ძალებით მაინც ახერხებს ხვამლის მთის ძირას მდებარე ვენახების მოვლას და ღვინოს საკუთარ ეზოში დასავლურქართული ღია წესით დარგულ მამა-პაპისეულ ქვევრებში აყენებს. აღსანიშნავია, რომ ეს ქვევრები მართლაც უძველესია და მათი ზუსტი ასაკის განსაზღვრა მეღვინესაც კი უჭირს.

ზუბის უსახელოური!

ლეჩხუმი უსახელოურის გარეშე წარმოუდგენელია! მევენახე-მეღვინე დავით ჩაკვეტაძე  ყველაზე ძვირფასი ქართული ვაზის ჯიშის - უსახელოურის ვენახებს სოფელ ზუბში ფლობს. ულამაზეს ვენახებში ჩადგმულ ფანჩატურში მას ტურისტებისთვის აქამდეც არაერთხელ უმასპინძლია, მაგრამ მომავალი წლიდან მარნის და დახურული სივრცის ტურისტულად გარდაქმნასაც ეცდება.

მირანდა ჩხეტიანს პრობლემები არ აშინებს

ცალკე უნდა აღინიშნოს პროექტში ჩართული ერთადერი ქალი მეღვინე, სოფელ ტვიშის მკვიდრი მირანდა ჩხეტიანი. ყველა ტვიშელის მსგავსად, უგზოობა მირანდასთვისაც დიდი გამოწვევაა, მაგრამ მიუხედავად ამისა ამ და სხვა პრობლემებს პრობლემას მისთვის ხელი არ შეუშლია სახელგანთქმულ სოფელ ტვიშში საკუთარი ძალებით გაეშენებინა 700 ძირი ცოლიკოური, მოეწყო მცირე მარანი, ბოთლში ეწარმოებინა ნატურალური ღვინო და ახლა უკვე აპირებს ეზოს კეთილმოწყობასაც.

დასასრულ გთავაზობთ პროექტ „ღვინის სოფელის“ დასკვნით ეტაპზე გასული მცირე მარნების ჩამონათვალს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის სიკეთეებით ჩამოთვლილი მარნების გარდა, მათი სურვილის შემთხვევაში  სხვა მარნები და მეღვინეებიც ისარგებლებენ.

იმერეთი

1. „მშვენიერაძეების მარანი“ (სოფელი ცხენთარო, ზესტაფონი);

2. „ირაკლი მინაძის მარანი“ (სოფელი მეორე სვირი, ზესტაფონი);

3. „ლაშა გურულის მარანი „ენკენი“ (სოფელი ახალთერჯოლა, თერჯოლა);

4. „სევერიანე ღამბაშიძის მარანი“ (სოფელი დიმი, ბაღდათი);

5. „უჩა მაჭარაშვილის მარანი“ (სოფელი მახათაური, საჩხერე);

6. „შმაგი ავალიშვილის მარანი“ (სოფელი კიცხი, ხარაგაული).

რაჭა

1. „აკაკი სირაძე - მარანი „ქვე შენი ჭირიმე“ (სოფელი ბუგეული, ამბროლაური);

2. „ილია მენაბდის და აპოლონ კერესელიძის მარანი“ (სოფელი სადმელი, ამბროლაური);

3. „მირიან ჭიღვარიას მარანი (სოფელი ჭრებალო, ამბროლაური).

 

ლეჩხუმი

1. „ამირან მეგრელის მარანი“ (სოფელი ორბელი, ცაგერი);

2. „დათო ჩაკვეტაძის მარანი“ (სოფელი ზუბი, ცაგერი);

3. „მირანდა ჩხეტიანის მარანი“ (სოფელი ტვიში, ცაგერი);

4. „ნუგზარ გოდოლაძის მარანი“ (სოფელი ქორენიში, ცაგერი);

5. „ისიდორე უჩაძის მარანი“ (სოფელი უცხერი, ცაგერი).

 

„ღვინის სოფელის“ პირველი ეტაპი 2021 წლის მაისამდე გაგრძელდება და იგი მიზნად ისახავს მომავალში საქართველოს ყველა ღვინის რეგიონი მოიცვას.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენოტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული