Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჰიუ ჯონსონი - ღვინის ისტორია (3)

ლეგიონები ითხოვენ ღვინოს

მეცნიერთა ერთი ნაწილი არქეოლოგიური მონაპოვრით განმტკიცებული რომაული მანუსკრიპტებისკენ მიგვითითებს, მეორე ნაწილი უფრო შორს - საუკუნეების სიღრმეში იჭვრიტება და იმ აღმოჩენამდე მიდის, რომ მევენახეობა საფრანგეთში კელტების მივიწყებულმა წინაპრებმა შემოიტანეს. ზოგიერთები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში მეღვინეობას ჯერ კიდევ ქვის ხანაში მისდევდნენ. ჟენევის ტბაზე უძველესი დასახლების ადგილას აღმოჩენილი წიპწების რაოდენობა საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ 12 ათასი წლის წინათ ან უფრო ადრე, იქ ველური ყურძნის (უთუოდ საფრანგეთიდან ჩამოტანილის) გადამუშავება ხდებოდა.

გალიის კელტები აქტიური და აგრესიული ერი იყო. ისინი ალპების ჩრდილოეთით თითქმის მთელს ევროპაზე სწორედ იმ ხანებში ბატონობდნენ, როდესაც ათენი საბერძნეთის მთავარი ქალაქი იყო. კელტები შეიჭრნენ იტალიაში, დაიკავეს ლომბარდია (და იქ მილანი დააარსეს), ჩააღწიეს რომამდე, შემდეგ გარკვეული ხნით მცირე აზიაში შეჩერდნენ და ალექსანდრე დიდის მაკედონიაშიც კი შეიჭრნენ. ხოლო დელფომდე მისულებმა დუნაის ნაპირებთან დასახლება ბელგრადი დააარსეს.

მათ უყვარდათ ღვინო, და ეს უდავო ფაქტია. ძვ.წ. 600 წლით დათარიღებული "დიდი თასი" ვიქსიდან ბევრ რამეზე მეტყველებს. ძველი გალია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს ხმელთაშუაზღვისპირეთის ღვინის სამყაროსთან. იგი გასაღების ფართო ბაზარს წარმოადგენდა ბერძნული და ეტრუსკული ღვინოებისთვის. გალებს რომ საკუთარი ვენახები ჰქონოდათ, თავადაც დაწურავდნენ ღვინოს. თუმცა, რომაული მანუსკრიპტები ამას არ ადასტურებს. ძველი ისტორიკოსები წერენ, რომ მცირე აზიელმა ბერძნებმა, ფოკეელებმა, ძვ.წ. 600 წელს დააარსეს კოლონია მასალია (ახლანდელი მარსელი), გააშენეს ვენახები და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან დაიწყეს ვაჭრობა. ისინი კი ღვინოს აღმერთებდნენ, და ამიტომ მასალიას თავბრუდამხვევი კომერციული წარმატება ჰქონდა. თუმცა, ზოგიერთი პატივსაცემი ისტორიკოსი ეჭვობს, რომ ქალაქს საკუთარი ვენახები ჰქონოდა. ვიღაცები იმ მოსაზრებას უჭერენ მხარს, თითქოს ბერძნებმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს უბრალოდ ღვინის დაწურვა ასწავლეს, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ღვინო "მასალიური" საბერძნეთიდან ან სიცილიისა და სამხრეთ იტალიის ბერძნული კოლონიებიდან შემოდიოდა.

თუკი კელტების გალიაში მართლაც იყო საკუთარი ვენახები, ისინი, სავარაუდოდ, გაშენებული უნდა ყოფილიყო არა ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე, სადაც გალები დაახლოებით ძვ.წ. V საუკუნეში გამოჩნდნენ, არამედ ქვეყნის სიღრმეში, და ამ ვენახებში ადგილობრივი ყურძენი უნდა მოწეულიყო (კლიმატი აქ არ იძლეოდა ხმელთაშუა ზღვიდან ჩამოტანილი ვაზის გახარების საშუალებას). თუმცა, დრუიდები მეღვინეობას არ სწყალობდნენ - მათი დამოკიდებულება ღვინისადმი ისეთივე მტრული იყო, როგორც ქრისტიანობის მიმართ. ძნელია არ დაეთანხმო ავტორებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გალიას საკუთარი ღვინო არ ჰქონდა - სხვაგვარად შეუძლებელია იმის გაგება, თუ რატომ იხდიდნენ მასში გალი წინამძღოლები ასეთ უზარმაზარ თანხებს. გაცილებით გვიან, ქრისტეს ხანაში მცხოვრები დიოდორე სიცილიელი იმით გახდა ცნობილი, რომ თქვა: "საკუთარ სიხარბეს აყოლილი იტალიელი ვაჭრები ღვინისადმი გალების სიყვარულს პირად ბედნიერებად მიიჩნევენ. მათ ღვინო ან გემებით გადააქვთ მდინარეებზე ან ეტლებით ჩააქვთ ხმელეთიდან და იქ ზღვარგადასულ ფასად ყიდიან: ამფორა ღვინოში ერთ მონას ითხოვენ".

ღვინის სიყვარულით მოდებული ხანძარი

მასალია ახალგაზრდა რომის იმპერიის შემადგენლობაში დაახლოებით ძვ.წ. 125 წელს შევიდა, მაგრამ იგი კვლავ თავისი ხელოვნებითა და არქიტექტურით განთქმულ ბერძნულ ქალაქად რჩებოდა. ახალგაზრდა რომაელები, იმ შემთხვევაში, თუ ათენამდე გზა საკმაოდ გრძელი მოეჩვენებოდათ, აქ სასწავლებლადაც კი ჩამოდიოდნენ.

თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე პირველი ნამდვილი რომაული კოლონია რამდენიმე წლით გვიან, ნარბონიდან ჩრდილოეთ სანაპიროზე, მდინარე ოდის შესართავთან დაარსდა. ისევე, როგორც რომის ყველა მსხვილი კოლონიური ქალაქი, ნარბონიც ძირითადად ჯარისკაცებით, არმიის ვეტერანებით იყო დასახლებული (აუცილებელი არ იყო წარმოშობით რომაელობა - არმიაში სამსახური რომაულ მოქალაქეობას ანიჭებდა როგორც წმინდა სისხლის რომაელებს, ისე ბარბაროსებს). კართაგენის დანგრევის შემდეგ მეღვინეობა ხანძარივით მოედო იტალიას. ბევრი ჯარისკაცი მევენახის შვილი იყო და ყველაფერი იცოდა ვენახის შესახებ. მათ ვაზი ნარბონთან ახლოს მდებარე ფერდობებზე გააშენეს - ამჟამად ამ ადგილებს კორბიერს, მინერვუას და კოტო დე ლანგედოკს უწოდებენ. ეს იყო პირველი ზვრები გალიაში. ნარბონენსისის პროვინციის ღვინით მარაგდებოდა ქვეყნის ყველა რაიონი - დაწყებული ესპანეთის საზღვრიდან, დამთავრებული ჟენევით. კართაგენელებთან სასიკვდილო ომმა რომს საგრძნობი სარგებელი მოუტანა. ძვ.წ. 200 წელს ჰანიბალის დამარცხებით ესპანეთის სანაპირო ტერიტორიები იმპერიის ორ ყველაზე მსხვილ საზღვაო პროვინციად იქცა. ღვინო მათთვის სიახლეს არ წარმოადგენდა. კართაგენელებმა მევენახეობის ჩვევები ფინიკიელებისგან მიიღეს მემკვიდრეობით - კატონმა ნაწილობრივ ამ ფაქტის გამო შურით აღვსილმაც შესძახა: "კართაგენი უნდა დაინგრეს!"

ესპანეთის სანაპირო რეგიონების ღვინომ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა რომში. ქალაქი პომპეი ვაჭრობდა ტარაკონთან - იგი ყიდულობდა და ყიდდა ღვინოს, რაც ესპანური სასმელის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. მარკუს პორციუსს, ვაჭარ-მილიონერს პომპეიდან, იქ საკუთარი ვენახები ჰქონდა. ამ ღვინოების დიდი უმეტესობა რომში ხვდებოდა (გადაზიდვას მხოლოდ ერთი კვირა სჭირდებოდა). თანამედროვეთა თქმით, რაიმე განსაკუთრებული ღირებულება თითქმის არც ერთ მათგანს არ ჰქონდა, მაგრამ აქედან ერთი, რომელსაც ხოტბა შეასხა პოეტმა მარციალისმა (ღარიბმა, მაგრამ დახვეწილი გემოვნების ადამიანმა), ძალიან ძვირად ფასობდა. თუ ეს ღვინო ცერეში მზადდებოდა, რაც სავსებით სარწმუნოა, მაშინ მარციალუსი იყო მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც ხერესის შესახებ დაწერა. ჩვენს დროში ძველ ცერეს ხომ ხერეს-დე-ლა-ფრონტერას უწოდებენ*.

რომაული ლეგიონები საკმაოდ შორს წავიდნენ. მათ მოახდინეს იმ ტერიტორიების კოლონიზება, რომლებიც დღეს რიოხა ალტას მეღვინეობის რაიონად იწოდება. ქალაქები კალახორა, ცენისერო და ლოგრონიო ყოფილი ლეგიონერების კოლონიები იყო. ფიუნეს ველზე, ებროს გვერდით, შემორჩენილია რომაული ბოდეგების მთელი კომპლექსი: შესახედად დიდი არაფერია - მხოლოდ რამდენიმე მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო ნაგებობა დგას. ასეთი მეურნეობა რეგიონში მრავლად იყო - ისინი არმიას ღვინით ამარაგებდნენ. ყურძნის დასაწური ოთხი ტევადი კასრის უკან განთავსებული დიდი რეზერვუარის ზომის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რამდენი ღვინო მზადდებოდა და ინახებოდა აქ: სადღაც 75 000 ლიტრი, ანუ 3000 ამფორა.

ღვინო-მონობა

იმ ხანებში არმიებს ლაშქრობების დროს ყოველთვის უკან დაჰყვებოდა მოვაჭრეთა მთელი გუნდი. ვაჭრები ჯარისკაცებზე იარაღს ჰყიდდნენ, მათგან კი ბრძოლაში მოპოვებულ აღჭურვილობას ყიდულობდნენ. გარდა ამისა, ვაჭრები ადგილზევე ყიდულობდნენ ტყვეებს და მონებად გასაყიდად მიჰყავდათ ისინი.

ცეზარის გალური ომი შვიდი წელი გრძელდებოდა. ერთმა ისტორიკოსმა ამ ომს მონების ასაყვანად განხორციელებული გიგანტური რეიდი უწოდა. მეორე მხრივ, ძალიან ბევრ გალს იზიდავდა ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციის სიმდიდრე - განსაკუთრებით ღვინო. ცეზარი გაოცდა, როდესაც ორმა ჩრდილოურმა ტომმა უარი თქვა საჩუქრად მირთმეულ ღვინოზე. "ღვინო, - თქვეს მათ, - რომაელების მახეა. იგი აჩლუნგებს სამხედრო ჩვევებს". თუმცა, სიფხიზლის ამ უძველეს დამცველებს უნდა შეენიშნათ, რომ რომაელებზე ღვინო დამღუპველად არ მოქმედებდა. ღვინო მახეც რომ ყოფილიყო, მან თავისი საქმე მშვენივრად გააკეთა. გალების უმეტესობა რომაელთა არმიაში მოხალისედ წავიდა, გალი არისტოკრატები თავიანთ შვილებს რომში აგზავნიდნენ სასწავლებლად. საპასუხოდ, რომაელებმა დაპყრობილ ტომებს გულუხვად (მაგრამ ანგარიშიანად) შესთავაზეს მოქალაქეობა და მასთან დაკავშირებული პრივილეგიები. რომის კოლონია ყოფილ ჯარისკაცთა დასახლება იყო, მაგრამ "ლათინური პრივილეგიების" ქალაქებს არანაკლები პატივისცემით ეპყრობოდნენ - რომმა ადგილობრივი არისტოკრატები მაგისტრატებად აქცია, მიანიჭა რა მათ რომის მოქალაქეების ყველა უფლება მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობით.

ვაჭრობის ერა

იმ პერიოდიდან, ესე იგი ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან, არ შემორჩა მტკიცებულებები იმის შესახებ, ნამდვილად იყო თუ არა გალიაში ვენახები. სამაგიეროდ, ზუსტადაა ცნობილი, რომ ღვინით ვაჭრობა წარმოუდგენელი მასშტაბებით მიმდინარეობდა: ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში, აგრეთვე იქ, სადაც ახლა გერმანია მდებარეობს, ხომალდები რონის წყლით მოდიოდნენ, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით, სადაც სამდინარო გზები არ იყო, ბარით, თანამედროვე ტულუზის ავლით მიემართებოდა დატვირთული ქარავნები. იყო მეორე გზაც – მდინარეების, ტარნისა და გარონის ჩაყოლებაზე, ბურდიგალიის (ახლანდელი ბორდო) დასავლეთ სანაპირომდე.

გეოგრაფიულად თითქმის იდეალურად განლაგებული ბორდო ერთობ მოხერხებული ადგილი იყო ირლანდიასთან, ბრიტანეთთან (ბრიტანელი ვაჭრები გალიის ნაპირებზე ჯერ კიდევ ძვ.წ. I საუკუნეში გამოჩნდნენ), ჰოლანდიასთან (ხომალდები გარს უვლიდნენ ახლანდელი საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროს) და ბალტიის ქვეყნებთან სავაჭროდაც კი.

ჩრდილოეთისკენ, სადაც გასაღების ამოუწურავ ბაზარს რომაული ლეგიონების გარნიზონები წარმოადგენდა, ორი კონკურენტი გზა მიდიოდა: ერთი მათგანი ქვემოთ, მდინარე მოზელზე ეშვებოდა, ხოლო მეორე - რონაზე. ყველაფერი კეთდებოდა სახმელეთო გზებით ღვინის ჩატანის ხარჯების თავიდან ასაცილებლად. ამისათვის რომაელები საონისა და მოზელის დამაკავშირებელი არხის გათხრასაც კი გეგმავდნენ.

ბორდოს დაბადება

ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსმა როჟე დიონმა შემოგვთავაზა ვერსია იმის შესახებ, თუ როგორ გადაინაცვლა მეღვინეობამ ხმელთაშუა ზღვის აკვნიდან ჩრდილოეთით - ცენტრალურ და დასავლეთ გალიაში. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დაკვირვებულმა რომაელებმა (ან კიდევ უფრო ადრე - ბერძნებმა) ახლანდელი საფრანგეთის გორაკებზე და ტყეებში დაიწყეს ნაცნობი მცენარეების ძებნა. მათ იცოდნენ, რომ ყურძენი ზეთისხილთან ერთად იზრდებოდა. ხმელთაშუაზღვისპირეთში მარადმწვანე მუხა იზრდება, ხოლო ნიადაგს ფარავს ღვიის, ბზის, მურტის, ურცის და სხვა მცენარეების ეკლიანი ხალიჩა. პროვანსშიც ფლორაც ასეთივე იყო - ყურძენი თავს ისე გრძნობდა, როგორც შინ, იტალიაში. მარადმწვანე მუხა მას არომატს უნაწილებდა. რომაელებმა (ან ბერძნებმა) უფრო შორს, ჩრდილოეთით გადაინაცვლეს და ნახეს, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან თვით ცევენამდე ბუნება არ იცვლება.

შემდეგ ისინი მთებზე გადავიდნენ და უფრო მწვანე, ტენიან ქვეყანაში მოხვდნენ, სადაც მუხებს ფოთლები სცვიოდა, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ მცენარეს ბალახი სჭარბობდა. რაღა თქმა უნდა, იქ ყურძნის ადგილი არ იყო. მათ მიაღწიეს ნაცნობი ტერიტორიის ჩრდილოეთ საზღვრამდე. მდინარე რონის აყოლებაზე აღმოაჩინეს ციცაბო კალთები, რომლებსაც ჩვენ ახლა ერმიტაჟს ვეძახით, და კოტ-როტის ჩამოშლილი კლდეები. ეს კლდეები პირით სამხრეთისკენ იყო მიქცეული, ადგილობრივი მცენარეულობა კი ხმელთაშუაზღვისპირეთისას ჩამოჰგავდა.

მას შემდეგ, რაც ცევენის შემოვლით ბორდოში მოხვდნენ, რომაელებმა მიაღწიეს გაიაკამდე, რუტენის ტომის ქვეყნამდე. თავისი ვერცხლის მაღაროების წყალობით ეს იყო მდიდარი და ვაჭრობაში გაწაფული ტომი. რომაელებმა გადაწყვიტეს არჩევანი სწორედ ამ ადგილზე შეეჩერებინათ. რა საჭიროა ღვინის სანაპიროდან სამხრეთიდან ამოტანა, როცა მისი დამზადება პირდაპირ აქვე შეიძლება? არც საზიდავებით თრევაა აუცილებელი, ბორდოში მისი ჩატანა საწყლოსნო გზითაც მოხერხდება გარონის გავლით. თუკი დიონი მართალი იყო, გაიაკი ბორდოს ჯერ კიდევ მანამდე ამარაგებდა ღვინით, სანამ იქ ადგილობრივი ვენახები გაჩნდებოდა.

სავსებით შესაძლებელია, რომ პირველი საკუთარი ვენახები ბორდოში მას შემდეგ გააშენეს, რაც იმ ადგილებს რომაელების მიერ (იმპერატორ კლავდიუსის (ახ.წ. 43 წელს) მეთაურობით) ბრიტანეთის დაპყრობის წლებში სტრაბონი ეწვია. 71 წელს პლინიუსმა თავის ჩანაწერებში არა მარტო აღნიშნა ბორდოში ვენახების არსებობის ფაქტი, არამედ მათში ადგილობრივი ღვინის შესახებ თავისი მწირი ცოდნაც გადმოსცა. მას გაუკვირდა, რომ ერთ-ერთ ტომს, ბიტურჟეს ცენტრალურ საფრანგეთში ორი დასახლება ჰქონდა - ბორდოსა და ბურჟეში (სადაც, რა თქმა უნდა, ყურძენი არ იზრდებოდა). მას შემდეგ ძალზე აირ-დაირია ყველაფერი: ბიტურჟებმა თავისი სახელწოდება მისცეს ყურძნის ჯიშს, რომელიც მათ დარგეს (ბიტურიკა), მიუხედავად იმისა, რომ ეს ყურძენი უკვე ფართოდ იყო ცნობილი ბალისკას სახელით.

ეს მშვენიერი, ყინვაგამძლე მცენარე გალიაში ჩამოიტანეს ადრიატიკის ქალაქ დირახიუმიდან, რომელსაც შემდგომ დირაცოს, ხოლო უფრო მოგვიანებით დიურეს უწოდებდნენ. ამჟამად ეს პატარა, განმარტოებული ქვეყანა ალბანეთია, მაშინ კი იგი თავისი ღვინის წყალობით ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ჩრდილოეთ საბერძნეთის პროვინციის, ეპიროსის ნაწილს წარმოადგენდა. უცნობია ამ ჯიშის წარმოშობის ისტორია, მაგრამ, შესაძლოა მას საერთო ფესვები ჰქონდეს უძველეს კაბერნესთან, რომლისგანაც წამოვიდა ბორდოს ყველა თანამედროვე წითელი ჯიში - კაბერნე სოვინიონი და ფრანი, მერლო და პტი ვერდო. ბორდოში გავრცელებულია ძველი ლეგენდა, რომ სახელწოდება ვიდურა, როგორც აქ ზოგჯერ კაბერნე სავინიონს ეძახიან, მომდინარეობს სახელიდან ბიტურიკა. ბალისკა რომის ბევრ ესპანურ პროვინციაში იზრდებოდა (იქ მას კოკოლუბისს ეძახდნენ. ჯერ კიდევ მაშინ, სინონიმთა ეს გამაღიზიანებელი სიმრავლე ყველას ძალიან ურთულებდა ცხოვრებას). როჟე დიონის საინტერესო თეორიის მიხედვით, რომის ესპანური ვენახები, რომლებიც ბორდოს ღვინით ამარაგებდა, სწორედ რიოხაში მდებარეობდა. დიონის აზრით, რომაელები იქ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებიდან ჩავიდნენ და ესპანეთის ჩრდილოეთ სანაპიროებზე გააშენეს ვენახები. იქიდან კი, ზღვით თუ წახვალ, ბორდო ორიოდ ნაბიჯზეა. XIX საუკუნეში ჩვენ ვნახავთ, როგორ დაუბრუნა ბორდომ რიოხას ეს ძველთაძველი ვალი.

არანაირ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ბორდოში რომაელებისა და ბიტურჟეს ტომის ჩამოსვლამდე ველური ყურძენი არ იზრდებოდა. სინამდვილეში, ეს რეგიონი ყოვლად გამოუსადეგარია მიწათმოქმედებისთვის. აქ, ერთადერთი, მესაქონლეები გრძნობენ თავს კარგად. ქალაქი-პორტი ამ ადგილას მხოლოდ იმიტომ დაარსდა, რომ მდინარეზე მოხერხებული ქვიანი ნაპირი გადის, მაშინ როცა მას ყოველი მხრიდან გარს აკრავს ჭაობი ან დაბლობი, რომელიც ხშირად იძირება. ქალაქი მდებარეობს მდინარეების, გარონისა და დორდონის შესართავიდან ოდნავ ზემოთ. გარონა აქ ჯერ ისეთი ფართო არ არის - მაგრამ ასე მხოლოდ სიმშვიდისა და უსაფრთხო ნავსაყუდელის მაძიებელი ვაჭარი ფიქრობს, და არა ფერმერი.

ალბათ გაგიჭირდებოდათ მეორე ისეთი დასახლების პოვნა, რომელიც ასე უვარგისი იქნებოდა მისი მაცხოვრებლებისთვის საზრდოს მოსაყვანად. ბორდოს ქვიანი ნიადაგი სრულიად უმაქნისია მიწათმოქმედებისთვის. აქ პირველი ვაზის გაშენება მხოლოდ მიწის საგულდაგულო დამუშავებითა და დანაკელიანებით თუ იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ ყველაფერს კომერციული მოსაზრებები წყვეტდა. ბაზარი ღვინის გასასაღებლად მზად იყო, და გემები ჩრდილოეთიდან უკვე მიცურავდნენ საქონლისთვის. ბორდოს რომ საკუთარი ღვინის დამზადება შესძლებოდა და გაიაკიდან და სხვა ადგილებიდან მის ჩამოტანაში ხარჯი არ წასვლოდა, მთელი შემოსავალი რეგიონში დარჩებოდა. ხალხი ამას მიხვდა და გადაწყვიტა ბორდოს ბედი ღვინოს მოწყურებული ბრიტანეთის კუნძულებისთვის დაეკავშირებინა.

*აქ ჰიუ ჯონსონი აშკარად ცდება, ან განგებ აბნევს მკითხველს, რადგან მარციალისთან საუბარია ეტრუსკულ ქალაქ ცერე-ზე (caere, დღევანდელი Cerveteri, სოფელი რომის ჩრდილო-დასავლეთით) და არა ანდალუზიურზე, დღევანდელი ხერესის წინაპარზე, რომელსაც რომაელები Seritium-ს ან Xeritium-ს უწოდებდნენ. მარციალისი თავისი ეპიგრამების მე-13 წიგნში ახსენებს ცერეულ ღვინოს: Caeretana Nepos ponat, Setina putabis. / Non ponit turbae, cum tribus illa bibit, რაც თავისუფალ თარგმანში დაახლოებით ასე ჟღერს: „ნეპოტი ცერეულს დაგვიდგამს ღვინოს, სეტინური გეგონება / ბრბოსთან არ დალევს, მხოლოდ სამიოდ კაცთან ერთად“ („მარანის“ რედ. შენიშვნა).გაგრძელება იქნება© „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული