Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კრახუნა – იმერული ჰარმონია

გურამ წიბახაშვილის ფოტო

ლევან სეფისკვერაძე

კრახუნა ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ვაზის თეთრი საღვინე ჯიშია, რომელიც ძირითადად იმერეთშია გავრცელებული. კრახუნა მცირე რაოდენობიოთ ასევე გვხვდება რაჭაში, ლეჩხუმში, გურიაში და სამეგრელოში. თუმცა, როგორც ცნობილია, ჯიში განსაკუთრებით იმერეთში (ძირითადად ზესტაფონის რაიონში) ავლენს საუკეთესო თვისებებს.

დასავლეთ საქართველოს ვაზის საწარმოო ჯიშებისაგან კრახუნა განსხვავდება უფრო ნაადრევი სიმწიფითა და მარცვლის ოვალური ფორმით. ცნობილი რუსი ამპელოგრაფი, ვ. სტაროსელსკი, კრახუნას კახეთიდან შემოტანილ ჯიშად მიიჩნევდა. თუმცა, სტაროსელსკის ამ მოსაზრების დასამტკიცებლად განსაკუთრებული არგუმენტები არ მოუყვანია.

1960 წელს გამოცემული “საქართველოს ამპელოგრაფიის” ავტორების აზრით, კრახუნა თავისი მორფოლოგიური ნიშან-თვისებებით გაცილებით უფრო ახლოს დგას დასავლეთის, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ჯიშებთან. ამას გარდა, სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით, კრახუნა საუკუნეების მანძილზე მხოლოდ დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული.

კრახუნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დიდ ქართველ მკვლევარსა და ისტორიკოსს, ივანე ჯავახიშვილსაც აქვს გამოთქმული. ივანე კავახიშვილის აზრით, “კრახუნა” მარცვლის თვისებების გამომხატველი იმერული წარმოშობის სიტყვაა. დასავლეთ საქართველოში ამბობენ: “მარცვალი პირში სკდება – კრახუნობს. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კნატა-კნუტს ნიშნავს” – წერდა ჯავახიშვილი.

გიორგი სამანიშვილი, მეღვინე, ენოლოგი: “კრახუნა ეს არის იმერული თეთრყურძნიანი ჯიში, რომელიც ამ ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა. ეს ჯიში რამდენიმე ათწლეულის წინ გადაშენების პირას იყო. იმიტომ რომ დაავადებების მიმართ ნაკლებად გამძლეა და ბევრმა მევენახემ. ამის გამო, კრახუნაზე უარი თქვა. მაგრამ ამავე დროს, კრახუნა არის ხარისხიანი იმერული საღვინე ჯიში, რომელიც გამორჩეულად საინტერესო ღვინოს იძლევა. კრახუნა ძირითადად შუა იმერეთშია გავრცელებული. სვირის მიკროზონას კრახუნას სამშობლოსაც კი უწოდებენ. კრახუნა ყველაზე კარგ თვისებებს ალბათ მაინც ძირითადად ზესტაფონის რაიონის სოფლებში ავლენს.

კრახუნასგან გამორჩეულად მაღალგრადუსიანი ღვინო ყენდება. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც იმერეთის სამ ძირითად ჯიშს – ციცქას, ცოლიკოურსა და კრახუნას ერთად წურავენ და ამ გზით გამოდის ღვინო, სადაც სამივე მთავარ იმერული ვაზის ჯიშს თავისი კეთილშობილება შეაქვს. იმერეთში ვენახებში როგორც წესი მრავალნაირი ვაზია გაშენებული. შესაბამისად, ბევრი გლეხი ყურძნის ჯიშების გადარჩევას არ აკეთებს და ყველა ჯიშს ერთად წურავს.

კრახუნა იმერეთში რაოდენობის მხრივ, ცოლიკოურისა და ციცქას შემდეგ, მესამე ადგილზე შეგვიძლია დავაყენოთ. თუმცა, რაოდენობრივად მთელს იმერეთში ცოლიკოური იმდენად ბევრია, რომ ცოლიკოურის ფართობებთან ციცქა და კრახუნა ერთადაც აღებულიც კი ვერ მოვლენ. იმერეთში თითქმის ყველა ოჯახს აქვს კრახუნა. ეს ყურძენი სამწუხაროდ ცოტა ადვილად ლპება და ნაადრევად კრეფავენ ხოლმე, რაც ღვინის ხარისხზე უარყოფითად აისახება. არც ისე დიდი დროა, რაც საქართველოში კრახუნას ბოთლში ჩამოსხმა დაიწეს. კრახუნას ძირითადად კომპანია “ხარება” აწარმოებს და საკმაოდ საინტერესო ღვინოსაც აყენებს. თუმცა, ამ ჯიშს აშკარად უფრო მეტი შეუძლია და მე მჯერა, რომ მომავალში კრახუნათი კიდევ უფრო მეტი ქართველი თუ უცხოელი ღვინის მოყვარული დაინტერესდება”.

გასულ საუკუნეში ქართველი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კრახუნა განსაკუთრებულ თვისებებს იმერეთის ორ სოფელში - სვირსა და ობჩაში ავლენს. 200 წლის წინ, ეს ჯიში ბევრად მეტ ფართობებზე ყოფილა გაშენებული, ვიდრე ახლა, ან ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს. კრახუნას ვენახების ფართობების შემცირების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, მე-19 საუკუნეში სოკოვანი დაავადებების შემოჭრას ასახელებენ. ეს ჯიში დაავადებების მიმართ განსაკუთრებული გამძლეობით ნამდვილად არ გამოირჩევა და როგორც ჩანს, ფილოქსერამ, ჭრაქმა, ნაცარმა და სხვა დაავადებებმა, 2 საუკუნის წინ ამ ჯიშს განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა.

საბჭოთა კავშირის დროს, პირველად საბჭოთა იმპერიის ტერიტორიაზე არსებული ვენახები 1940 წელს აღიწერა. “საქართველოს ამპელოგრაფიაში” ვკითხულობთ, რომ ამ აღწერის დროს მრავალი სიანტერესო დეტალი გამოირკვა. მაგალითად დადგინდა, რომ გასული საუკუნის 40-იანი წლებისათვის კრახუნას ვენახები მთელი საქართველოს მასშტაბით, 102 ჰექტარს მოიცავდა. ვენახები ძირითადად ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და წყალტუბოს რაიონებში იყო გაშენებული. 1947 წლისათვის კრახუნას ვენახები 132 ჰექტრამდე გაზრდილა. აღსანიშნავია, რომ ამ 132 ჰექტრიდან, 6.51 ჰექტარი რაჭა-ლეჩხუმზე, 2.66 ჰექტარი კი სამეგრელოზე მოდიოდა. ყველაზე უცნაური ალბათ მაინც ის არის, რომ საბჭოთა კავშირის დროს, ვენახების მასობრივად გაშენების ფონზე, 1953 წლის აღწერით, კრახუნას ვენახები გაზრდის ნაცვლად, მკვეთრად შემცირებულა. 1953 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში კრახუნა სულ რაღაც 80 ჰექტარზე იყო გავრცელებული. მევენახეობის სპეციალისტების აზრით, გასული საუკუნის 50-იან წლებში კრახუნას ვენახების შემცირება გამოწვეული იყო ჯიშის დაავადებისადმი ნაკლები გამძლეობით. საბჭოთა კავშირის დროს კი ძირითადად დიდმოსავლიან და რენტაბელურ ჯიშებზე კეთდებოდა აქცენტი.    

მთლიანობაში კრახუნა საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება. ცალკეულ წლებში კი, თუკი ჯიშს სათანადო მოვლა ექნება, შესაძლებელია კრახუნასგან უხვი მოსავალიც კი მივიღოთ. ათწლეულების წინ, იმერეთში, საქარას საცდელ სადგურზე წარმოებული აღრიცხვებით გაირკვა, რომ კრახუნას საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 80-100 ცენტნერამდე მერყეობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯიში მოსავლიანობის მხრივ ნამდვილად არ დაიწუნება.

ქართული ღვინის ბაზარზე ბოთლში წარმოებული კრახუნას ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია კომპანია “ხარება”, რომელიც ვენახებს კრახუნასათვის საუკეთესო ადგილზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში ფლობს. კომპანიის მეღვინის, ლადო კუბლაშვილის თქმით, კომპანია ამ ღვინოს 2004 წლიდან აწარმოებს.

ლადო კუბლაშვილი, კომპანია “ხარებას” მთავარი მეღვინე: “კრახუნას ჯიშის ყურძენი გაშენებული გვაქვს სოფელ სვირში, რომელიც მიიჩნევა მისი გავრცელების საუკეთესო მიკროზონად. ეს ჯიში ამჟამად გაშენებული გვაქვს 6 ჰექტარზე და წელს დამატებით ვაშენებთ 5 ჰექტარზე. ჩვენი ვენახების გარდა ამ ჯიშის ყურძენს ვიბარებთ მოსახლეობისგანაც. ღვინო “კრახუნას” ვაწარმოებთ 2004 წლიდან. კრახუნას წარმოება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, რომელიც თავის მხრივ მოდის რთველის სპეციფიკურობიდან, რაც ცვალებადია წლიდან-წლამდე. 2012 წელს გადავამუშავეთ 76 ტონა კრახუნა. ამჟამად მის ექსპორტს ვეწევით ჰოლანდიაში და ჩინეთში, ხოლო საფასო სეგმენტი განსაზღვრულია 5-8 ევროთი.

კრახუნას ახასიათებს განსაკუთრებული თვისება. ერთნაირად კარგად შეუძლია თავი წარმოაჩინოს როგორც ახალგაზრდა ტიპის ღვინის ამპლუაში (თავის ცინცხალი ყვავილოვანი არომატებითა და მადის ამღძვრელი მჟავიანობით), ასევე განუმეორებელია დაძველებული (თავისი დაბლანსებული, გამყოლი გემოთი და ერთმანეთთან ინტეგრირებული ტანინებითა და მჟავიანობით).

ღვინო კრახუნა ფერში არის ღია ჩალისფერი, ახასიათებს სასიამოვნო არომატი, რომელშიც ჭარბობს ყვითელი ხილის სურნელი და აქვს მკვეთრად გამყოლი გემო, რომელიც არის დაბალანსებული და სასიმოვნო მჟავიანობის ნიუანსით. მისი მირთმევა შეიძლება ზღვის პროდუქტებთან, ახალ ყველთან ან თუნდაც ნიგვზით კარგად შეკაზმულ ცივ სალათებთან. მუხის კასრში დაძველებული კრახუნა იდეალურია მოხარშულ ქათამთან.“

კრახუნას ყურძენი როგორც წესი, იმერული და კლასიკური ევროპული ტიპის სუფრის ღვინის დასაყენებლად გამოიყენება. ქართველ მეღვინეებს ამ ჯიშისაგან თავის დროზე მადეირა და პორტვეინიც კი აქვს დაყენებული. კრახუნასგან განსაკუთრებით მაღალხარისხიანი ღვინო შუა იმერეთში დგება. დასახელებულ მიკროზონაში კრახუნა სხეულიან და მაღალალკოჰოლიან ღვინოს იძლევა. ზემო იმერეთში კი კრახუნასაგან უფრო ნაზი, მსუბუქი, ევროპული ტიპის ღვინოები დგება.  

ქართველი ღვინის სპეციალისტების აზრით, კრახუნასაგან სამეგრელოსა და აფხაზეთში ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოები შეიძლება დამზადდეს. ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუკი რთველი შედარებით გვიან, შემოდგომის მიწურულს ჩატარდება. შესაბამისად, კრახუნას რთველი იმის მიხედვით იგეგმება, მევენახე-მეღვინეს როგორი ტიპის ღვინის დაყენებაც სურს.

თუკი კაცს კრახუნასაგან ევროპული (კლასიკური) ტიპის ღვინის მიღება სურს, მაშინ რთველი სექტემბრის თვეში უნდა დაგეგმოს. თუკი იმერულ ჭურის ღვინოს ანიჭებს უპირატესობას, მაშინ კრახუნას რთველისათვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის შუა პერიოდია. ოქტომბრის მიწურულსა და ნოემბრის დასაწყისში კი რთველს ის მევენახეები-მეღვინეები გეგმავენ, რომელთაც ტკბილი ღვინის დაყენება უნდათ. კრახუნა მევენახეს სურვილისა და ფანტაზიის ფართოდ გაშლის საშუალებას აძლევს და ეს ჯიში ამ მხრივ, ქართული ვაზის საღვინე ჯიშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და გამორჩეულია.

ღვინის მოყვარულები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ სხვა იმერულ თეთრ ღვინებთან შედარებით, კრახუნასაგან დაყენებული ღვინო, სხეულიანობით, ოქროსფერი შეფერილობითა და განსაკუთრებული ენერგიულობით გამოირჩევა. ხანგრძლივი შენახვისას, ღვინო ივითარებს ძლიერ ბუკეტს, ნაზ გემოს და უფრო ჰარმონიული ხდება. თუკი კრახუნასაგან დაყენებული ერთი წლის ღვინო შედარებით სიუხეშით გამოირჩევა, სათანადოდ მოვლის შემთხვევაში, 3-3,5 წლის კრახუნა მეტად სასიამოვნოა და ჰარმონიული.

© ღვინის კლუბი/Weekend



მე მაქვს სოფელ მეორე სვირში გაშენებული კრახუნა,მართლაც რომ საუცხოო ჯიშია,მაგრამ ფაქიზი და დაავადებების წინააღმდეგ ნაკლებად გამძლე,თუმცა დღეს ისეთი შხამქიმიკატები არსებობს,რომ ისე იოლად აგარ ფუჭდება როგორც ადრე.თუ კი კიდე მეტ ინფორმაციას დადებთ ამ უნიკალური ჯიშის შესახებ კარგი იქნება.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული