Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მავნე ქართული ტრადიციები

ლევან სეფისკვერაძე

საქართველო უცხო თვალისთვის ხშირად, პირველ რიგში, გაშლილ სუფრასთან ასოცირდება. ბევრი ქართული სიმღერა სწორედ სუფრაზე და სმა-ჭამაზეა შექმნილი. "ყველი, პური, ხაჭაპური, წიწილა"... "ჭყინტი ყველის ჭამა მიყვარს, კბილის გაკრაჭუნებაო" და კიდევ სხვა კარგად ნაცნობი სიმღერები შეგვიძლია გავიხსენოთ.

რამდენიმე ათეული წლის წინ გადაღებული საბავშვო მულტფილმებიც მადის აღმძვრელი სიმღერებითაა გაჯერებული. კომბლეს ბატონის სიმღერა ალბათ საუკუნის ჰიტია - "მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა, თენდება თუ ღამდება". მაშინდელ ბავშვებსაც აღარ სჭირდებოდათ დაძალება და იმ ბატონის მიბაძვით "ხიზილალა და ჩურჩხელებით" დაწყებულ საქმეს დიდობაში "ღვინით სავსე ჭურებით" ამთავრებდნენ კიდეც.

თუ გსურს, რომ საქართველოში არსებული მავნე ტრადიციები ნათლად დაინახო და გააანალიზო, ამ ყველაფერს რიგითი უცხოელის "მოდარაჯე კაცის თვალით" უნდა შეხედო. სტერილური ობიექტურობის ფორმულა კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ საქართველოში მავნე და მახინჯ ჩვეულებებს არა მხოლოდ ძველ დროში, ჩვენს ეპოქაშიც უხვად წააწყდებით.

მემთვრალეობა

არის შემთხვევები, როდესაც ირკვევა, რომ ბევრ ტრადიციას ადრე უფრო ჯანსაღად უყურებდნენ, ვიდრე თანამედროვე საქართველოში. ცნობილი ამბავია, რომ მე-19-ე საუკუნემდე სუფრაზე ღვინის უზომოდ სმა და მემთვრალეობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა და კაცი, რომელიც სასმელში მხოლოდ გამოთრობის საშუალებას ხედავდა, საზოგადოებისათვის მისაღები არ იყო. ღვინოს საქართველოს მუსლიმანი მეფეებიც კი სვამდნენ (მაგალითად: როსტომ ხანი, დავით ულუ და სხვები), მაგრამ მეფის მემთვრალეობასაც კი ვერ გუობდა ქართული საზოგადოება. დღეს, ქართულ სუფრებზე ნამდვილი შეჯიბრია გამოცხადებული იმაზე, თუ ვინ უფრო მეტ ღვინოს დალევს და ბევრს ჰგონია, რომ სწორედ ესაა ნამდვილი და ღირებული ქართული ტრადიცია.

მთვრალი მძღოლები

ცნობილი ამბავია, რომ ქართველ კაცებს ავტომობილისადმი განსაკუთრებული საყვარული აქვთ და საკმარისია ქართველმა ცოტა ფული მოიგდოს ხელთ, რომ ეგრევე მანქანის ყიდვას ესწრაფვის.

     ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ბუნებრივი და გასაგები იქნებოდა, ჩვენს მძღოლებს საჭესთან მთვრალებს დაჯდომაც რომ არ უყვარდეთ. ამ მავნე ტრადიციის გამო ჩვენს ქვეყანაში ავტოავარიებით უამრავი ადამიანი იღუპება და ამის მიუხედვად მთვრალი მძღოლების რიცხვი მაინც იზრდება. ყველა ქართველი მძღოლი ფიქრობს, რომ იგი პროფესიონალია და მთვრალსაც კი არ მოუვა ავარია. უფრო მეტსაც გეტყვით, საქართველოში არიან მძღოლები, რომლებსაც კიდეც ეამაყებათ კანონის გვერდის ავლა და მთვრალებს საჭესთან ჯდომა ერთგვარ ვაჟკაცობად მიაჩნიათ.

ლელა ივანიშვილი, ფსიქოლოგი: "ერთი ჩემი ნაცნობი სტაჟიანი მძღოლი ფიქრობს, რომ მთვრალს უფრო კარგად დაჰყავს თავისი "ნივა" ვიდრე ფხიზელს და იმდენადაა დარწმუნებული თავის "მაგარ მძღოლობაში", რომ მთვრალს სრულიად არასაჭირო დროს აუხირებია ქალაქში მანქანით გასვლა. ერთხელ ნაბახუსევი თავის უბანში ბირჟაზე მდგომი, უბნელ ბიჭებს ეტრაბახებოდა, წინა ღამეს გალეწილმა მთვრალმა როგორ იარა თიანეთის გაფუჭებულ გზაზე ავარიის გარეშე. ასეთი ადამიანები სამწუხაროდ ძალიან ბევრია საქართველოში და მათი დიდი ნაწილი როგორც წესი სიცოცხლეს საჭესთან მჯდომი ასრულებს".

     მეტად უცნაური დამთხვევის გამო მოხდა ისე, რომ ავჭალის სასაფლაოს ერთ ბორცვზე მხოლოდ ავტოავარიის შედეგად დაღუპული ადამიანები არიან დამარხული. პირდაპირ გული მოგიკვდებათ, როდესაც ავარიებში გარდაცვლილთა საფლავის ქვებსა და მათზე გამოსახული ახალგაზრდებს დაინახავთ. გარდაცვლილების ასაკი 20-40 წელია და ეს ადამიანები დღეს ცოცხალი და საღსალამათნი იქნებოდნენ მათ ან მათ მეგობარ მძღოლს საჭესთან დაჯდომის წინ, დალევაზე უარი რომ ეთქვათ. ამ სასაფლაოზე ერთ-ერთ საფლავთან რამდენიმე დღის წინ მეტად საგულისხმო ფაქტს შევესწარი. ავტოავარიაში 22 წლის ბიჭის საფლავთან შესანდობარის სათქმელად გარდაცვლილის მეგობრები იყვენ ასულები. საჭმელებთან ერთად, რა თქმა უნდა ღვინოც აეტანათ და სასაფლაოს გვერდით დაყენებული მანქანის "კაპოტზე" ჭიქას ჭიქაზე ცლიდნენ. იხსენებდნენ მეგობარს და იმ ავბედით საღამოს, როდესაც მათი ძმაკაცი მცხეთაში რესტორანში ქეიფის შემდეგ საჭესთან მთვრალი დაჯდა და ხიდიდან გადავარდა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ როდესაც ბიჭებმა სასაფლაოზე ღვინის სმა დაასრულეს და წასასვლელად მანქანისაკენ გაემართნენ, საჭესთან მათ შორის ყველაზე მთვრალი, ფეხზე ძლივს რომ იდგა, ის დაჯდა. არცერთს არ გამოუთქვამს პრეტენზია და შიში. უბრალოდ დასხდნენ მანქანაში და საშინელი სისწრაფით დაეშვნენ დაღმართზე. როგორც ჩანს, გარდაცვილი მეგობრის ბედმა ამ ადამიანებს ვერაფერი ასწავლა და ცნობილი ქართული ანადაზა: "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო" სწორედ მათზეა ზედგამოჭრილი.

ლელა ივანიშვილი: "ბევრი ფიქრობს, რომ მთვრალი მძღოლების რიცხვის შემცირება მხოლოდ კანონის გამკაცრებითაა შესაძლებელი. ამ შეხედულებას პირადად მე ვერ გავიზიარებ, რადგან ყველა თქვენთაგანთან ერთად კარგად ვიცი ქართველი მძღოლების მემთვრალეობის მიზეზი და სათავე. ყველაფერ ამის მიზეზი ქართულ მენტალიტეტში უნდა ვეძიოთ და სწორედ მენტალიტეტის შეცვლაა ერთადერთი გამოსავალი. ქართველ მძღოლს სირცხვილად მიაჩნია სუფრაზე ყოფნისას ღვინის არდალევა. ყველას გვინახავს სუფრაზე მსხდომი მთვრალი კაცები როგორ დასცინიან არამსმელ და ლიმონათის ჭიქამომარჯვებულ თანამესუფრე მამაკაცებს და მათ დამამცირებელი ტერმინით, "ლიმონათათი" მოიხსენიებენ. "შენ რა, პატრულის გეშინია ბიჭო?" "რაღა ახლა მოგივა ავარია, სულ მთვრალი არ დადიხარ..." "წმინდა სალოცავებისას კაცი რომ არ დალევს, მე იმის..." ასეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ, შეიძლება საერთოდ ალკოჰოლზე მწყრალად მყოფმა კაცმაც კი დალიოს".

     გარდა ამისა ქართველებს კომუნისტურ ეპოქაში ათწლეულების მანძილზე ჩამოგვიყალიბდა იმის განცდა, რომ კანონი გვერდის ავლა ერთგვარი ვაჟკაცობაა და "მაგარი ბიჭები" სწორედ ისინი არიან, რომლებსაც პატრულის არ ეშინიათ. ყველაფერ ამას კი ავჭალის სასაფლაოზე მივყავართ, სადაც აღმართული ახალგაზრდა ბიჭების საფლავის ქვები ქართული უკუღმართობის დასტურია.

სუფრაზე ჩხუბები

ქართული სუფრისათვის ლამაზი სადღეგრძელოების გარდა კარგა გვარიანი ჩხუბებიცაა დამახასიათებელი. გამოთქმაცაა ასეთი - "ოცკაციან სუფრაზე ასკაციანი ჩხუბი გარდუვალიაო". ან კიდევ: "ცუდი ქორწილი იყო, ჩხუბი არ ყოფილაო". ჩხუბი და აყალმაყალი - ისეთი ფენომენია, რომ ზოგიერთის თვალში თავის ლაზათს ანიჭებს ქართულ სუფრას. არადა, ვითომ მართლაც არის ამ ფენომენში რაიმე ისეთი, ლამაზი და განსაკუთრებული?

ქართველები მუდამ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენში წარსულებს ყოველთვის პატივს სცემენ და საქართველოში ადამიანები არ კვდებიან, ისინი მხოლოდ გარდაიცვლებიან, ანუ სახეს იცვლიან.

ჩვენს ქვეყანაში ქელეხისა და ქორწილის სუფრებიც განსაკუთრებული ვიცით, დაწყებული სადღეგრძელოებითა და დამთავრებული მილოცვა-შესანდობრების მახვილსიტყვაობით. მაგრამ ქართველი რისი ქართველი იქნება, სუფრაზე ჩხუბის ამტეხი ან გამართული მუშტისკვეთების მსხვერპლი რომ არ გახდეს?! თუკი ქართულ სუფრასთან სადაც 10 კაცზე მეტი ზის, ჩხუბი ყოველ წუთშია მოსალოდნელი და ბევრი ისე შეეჩვია ამ ქართულ მარაზმს, რომ აღარც კი მოსწონთ ისეთი სუფრები, სადაც ყველაფერი მშვიდად, ე.ი. მოსაწყენად მთავრდება.

ერთი ძველი ლეგენდა ძალიან ზუსტად და სანიმუშოდ  მოგვითხრობს სუფრაზე ჩხუბის ქართული ფენომენის შესახებ. ლომისის ხატობის დღეობაზე მოხუცმა მამამ თავისი ორი ვაჟიშვილი გააგზავნა და თან დაარიგა: "წადით და ისე არ დაბრუნდეთ, რომ არ იჩხუბოთ, ლომისობას ჩხუბის გარეშე ფასი არა აქვს"-ო. შვილები, როგორც ჩანს, ძაან მშვიდობისმოყვარე ადამიანები იყვნენ და ხატობაზე გაწევ-გამოწევას ქეიფი და სიმღერა არჩიეს. როდესაც ძმები სახლში დაბრუნდნენ, მამამ პირველად რაც ჰკითხა ის იყო, დღეობაზე თუ იჩხუბეთო? და როდესაც შვილებისაგან უარყოფითი პასუხი მიიღო, ძალიან გაბრაზდა და ასეთი რაღაც მოიფიქრა. ჭერიდან ჩამოხსნა ხის სადღვებელა, რაშიც ქალები კარაქს აყენებენ, ჩამოიკიდა ზურგზე და სოფელში გავიდა. მთაში ძალიან დიდ სირცხვილად ითვლება თუკი კაცი ქალის ხელსაქმეს აკეთებს. როდესაც თანასოფლელებმა სადღვებელაჩამოკიდებული კაცი დაინახეს, დაცინვა და ქვების სროლა დაუწყეს, რაც, რასაკვირველია ვერ მოითმინეს ამ კაცის შვილებმა და მამის შეურაცმყოფლებს დიდი ჩხუბი გაუმართეს. მამასაც სწორედ ეს უნდოდა და საბოლოოდ მაინც აისრულა საწადელი, მისმა შვილებმა დღეობაზე მაინც იჩხუბეს!

ამ ერთი ლეგენდასავით ამბიდანაც ჩანს სუფრა და ჩხუბი თუ როგორი განუყოფელი ცნებებია ქართველებისათვის. ხოლო როდესაც ადამიანს ჩხუბი უნდა, მიზეზს რა გამოულევს? "ჭიქა ბოლომდე რატომ არ დალიე?!" "ჩემს ცოლს ცუდად ნუ უყურებ..." "კუთხე-კუნჭულებიის სადღეგრძელო იმერეთით რატომ დაიწყე?!" "არაყი არ დალიო, ღვინო დალიე ბიჭო!" ასეთი და ამის მსგავსი სულელური მიზეზებით დაწყებული შეკამათებები ხშირად ძალინ ცუდი შედეგებით დასრულებულა და რა მოსთვლის "ტკბილ" ქართულ სუფრაზე დაჭრილ-მოკლულების რიცხვს..

მალხაზ კეკელიძე, მძღოლი: "მახსოვს რამდენიმე წლის წინ ჩემი ნაცნობი ერთი ახალგაზრდა ბიჭი სამაყით ყვებოდა სადღაც, რესტორანში ქეიფისას, როგორ "აუხიპიშდნენ" რესტორანში მყოფ იაპონელ ტურისტებს და როგორ "მიუჩექმეს სიფათები". მისმა ან ნაამბობმა. რაღა დაგიმელოთ და. ძალიან მომიშალა ნერვები და იაპონელების ცემით მოამაყეს პირში მივახალე. "კაცს საქართველო შეგირცხვენია და რა გიხარია" მეთქი. იმანაც იხტიბარი არ გაიტეხა და ჯიბრიანად მითხრა:"არა ბიჭო. და იმ წვრილთვალებებს ვაბლატავებდი ჩემს ქალაქში"-ო. ვფიქრობ, რომ ამის მერე კომენტარიც კი ზედმეტია."

ქართულ სუფრებზე მომხდარი ჩხუბის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში მანდილოსნები ხდებიან მათგან დამოუკიდებლად. როდესაც "ნაღდი ქართველი ვაჟკაცი" დათვრება და "მეორე სუნთქვა ეხსნება", უმალ იწყებს შორსმჭვრეტი მზერის გარშემო გადავლებას. ამის მერე კი უკვე ყველას მოგეხსენებათ რაც იწყება "ამ გოგოს არ ეცეკვო, ჩემი ბიძაშვილის ნათლულის დაა", "ჩემს ქალს შეეშვი" და ასეთი რაღაცეები. მერე კი კარგი გემრიელი ჩხუბიც გამოცხვება ხოლმე.

     სუფრაზე ჩხუბების ასევე ერთ-ერთი მიზეზია საქართველოს კუთხეებს ტრადიციული, მათ შორის სუფრის ტრადიციებს შორის განსხვავებები. გურულს იმერელი თანამესუფრის სადღეგრძელო არ მოსწონს, ქართლელს მეგრელის, რაჭველს კახელის და იწყება კამათი ნაღდი ქართული სადღეგრძელო-შესანდობრები, არა ჩემს კუთხეში იციან და არა ჩემსაშიო... მერე კი ყველაფერი ჩხუბით, ჩხუბით და ისევ ჩხუბით მთავრდება.

მითხარი - სად ქეიფობ, მაგრამ ვერ გეტყვი, ვინა ხარ

ბოლო პერიოდის ახალგაზრდობაში ქეიფის მიმართ სხვადასხვანაირი დამოკიდებულებაა. ერთნი, ნაკლებფულიანები, სახინკლეებით კმაყოფილდებიან, მეორენი კი ამბობენ, რომ სახინკლეებში "სიტუაცია არ ვარგა" და ამიტომ ძვირადღირებულ ბარ-რესტორნებს სტუმრობენ. თუმცა სუფრასთან ჩხუბი და ცემა-ტყეპა არც ერთისთვისაა უცხო და არც მეორისთვის.

ზურა ქავთარაძე, 19 წლის (სტუდენტი): "რომ გითხრათ, ძვირიან რესტორანში ქეიფზე უარს ვიტყვი-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ იქაური სიტუაცია რატომ არ მიყვარს, იცით. ყველაფერი იმდენად ყალბია, რომ ცუდად გახდები. არც ისე ადვილია უყურო დაყენებულ სახეებს, ფილმებიდან მოპარულ მანერებს და რაც ყველაზე საშინელია, უსმინო გაწელილ და დაყენებულ საუბარს. აი, სახინკლეში ყველაფერი სხვაგვარადაა. იქ ყველაფერი ნამდვილია. შეყვარებულის წაყვანაც მინდა, მაგრამ არ მომყვება".

ზურას აღარ უთქვამს, რატომ არ მიჰყვება შეყვარებული სახინკლეში. ცხადია, მიზეზი ჩვენში დამკვიდრებული შეხედულებაა - სახინკლეში და ლუდის ბარში ქალებს არაფერი ესაქმებათ.

მეორე მხარეს მდგომი ნიკა როგავა სხვაგვარად ფიქრობს: "რას გეტყვი, იცი. არ ვიცი, ვის როგორ, მაგრამ იმ სასადილოში როგორ უნდა დაჯდე, სადაც ელემენტარულად სუნი დგას. რომელ ბარშიც მე დავდივარ, იქ მარტო კარგი მუსიკის მოსასმენად შეიძლება იაროს კაცმა. კი, შეიძლება ყველაფერი ძვირია, მაგრამ აყროლებულ სასადილოში ჯდომას ძვირის გადახდა ჯობია".

ამბავი ძველისა და ახლისა..

ბოლო დროს, ძალიან მოდაში შემოვიდა რესტორანში იარაღის ტრიალი. ვინ იცის, რამდენს გაუხარდა კიდეც, მოვიდა ჩემისთანებისათვის ესოდენ სანატრელი დროო. მართლაც და, სულ რამდენიმე წლის წინ ხომ მხოლოდ სამშობლოს ფსევდოდამცველები ქეიფობდნენ რესტორნებში იარაღგადაკიდებულნი. როგორც ერთმა ძველმა ოფიციანტმა გვითხრა, მაშინ რესტორანში შესული ყველა ფორმიანი თითქოს მეორე დღეს ბრძოლის ველზე მიდიოდა და იმას აცილებდნენ ქეიფით. ზოგჯერ ერთი კაცის გაცილება მთელი კვირა გრძელდებოდა და საბოლოოდ გასაცილებლის თბილისში დარჩენით მთავრდებოდა ხოლმე. ახლანდელ ახალგაზრდობას კი გასაცილებელი აღარავინ ჰყავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ომი აღარ არის. ამიტომ სხვა გასართობი ვეღარ მოძებნეს და ერთი ანეკდოტის გმირი "მოწყენილი სვანისა" არ იყოს, ერთმანეთთან ჩხუბით ცდილობენ ამოავსონ ერთფეროვნება.

აი, რას ამბობს კიდევ ერთი ახალგაზრდა, 19 წლის გიო შეშელიძე, რომელიც სწორედ მოჩხუბარ კლიენტად ითვლება: "ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ პურზე დადებული სალათის ფოთლების ხრაშა-ხრუშს იაფ სახინკლეში მირთმეული გემრიელი ხინკალი მირჩევნია. ჩვენი რომ უკვირთ - რატომაა ასეთი ცუდი თაობაო და ეგენი დაანგრევენ ქვეყანასაო, აშენებულს ვინ გვახვედრებს, რომ ახლა დავანგრიოთ! უფროსმა თაობამ საკუთარ თავს მიხედოს. ის დრო გაიხსენოს, რესტორნებში რომ ჩუმად დადიოდნენ, აქაოდა, არ დაგვინახონ, თორემ სირცხვილია, რას იტყვის მშობლიური პარტიაო".

დაახლოებით ასეთი სურათია დღევანდელ ახალგაზრდულ სუფრებთან. ნამდვილად არ ვიცით, ამ ახალგაზრდების პაპის პაპის პაპის პაპები მსგავს სიტუაციებში როგორ იქცეოდნენ, მაგრამ ცხადია, ასეთი ჭირვეულები არ იქნებოდნენ.

და მაინც, რა კატეგორიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ქართველი კაცი, მისთვის სუფრა არანაკლებ მშობლიურია, ვიდრე "ცვრიან ბალახზე" გავლა ან ხმალ-კაპარჭის მომარჯვება. ჩხუბიც ასევე ნებისმიერი ქართველისათვის, შეიძლება ითქვას, სავიზიტო ბარათია. და კიდევ: როგორც ერთმა ოფიციანტმა თქვა - "თავი ასწიე, თეფში უნდა გამოვცვალო"...

ავწიოთ, ჩვენც ავწიოთ თავი!

© „მარანი“

თემა:


dzalian kargi statiaaaaaaaaaaaaa


ძალიან კარგი სტატიაა. ქართული სუფრა უკვე მაღიზიანებს.


ძალიან სასირცხვილოა, როცა ქართველი კაცები გეებს საცემად იმეტებენ და სიმთვრალეში თვითონ ერთმანეთს მათზე ვნებიანად ზასავენ :|


gabarZgaleba(imedia ar vcdebi) "რა უყავი ნამუსი? ..... შენ ქალებმა დაგღუპა" ძალიან კარგი სტატია, მაგრამ მავნენ ჩვევების წინაღმდეგ სერიოზული ზომებია მისაღები(მშრალ კანონებს არ ვგულიხმობ ოღონდ, არამედ განაათლება და გამოტყვრომის "მოდიდან" გაძევება) ხოლო ჩხუბს პოლიციამ უნდა მიხედოს, მიუხედავად იმისა რომ საჩივარები არ შედის ხოლმე მასეთ შემთხვევაბში.


msgavsi debilizmi karga xania ar camikitxavs. ara imitom, rom ar vetanxmebi avtors imashi rom memtvraleoba cudia an mtvrali davdivar mankanit, aramed patosi ar momecoana. stili romlitac es statiaa dacerili 70-ani clebis gazeti "soflis cxovrebidan" gakvt agebuli? ise memtvraleoba ro 19 saukunidan ar shemosula sakartveloshi, istoriuli faktia, xom evr shemaxsenebdit ra vitarrebashi dakarga lasha- giorgim tvali?


"Zurriuss's Blog" mag komentaris gamo shegidzlia tavi chamoixrcho.. statias rac sheexeba ro vkitxulobdi gamaxsenda gadacema sadac "VIGAC" idzaxda ro -ver gavige es qartvelebi am xinkals chamen tu ezasavebiano.. tfuu ra azrovnebaa.. kidevac unda dalio, imgero, icekvo, ichxubo(tu sachiro gaxda) da yvelaperi unda gaaketo.. meore dges ro gaigvidzeb gaicineb mainc shen saqcielze.. visac es ar mowons magattvis alafursheti, viski sawrupavit da 09s taxi arsebobs.. ;);)


ამ წერილში შეიძლება მართლაც არის გარკვეულწილად პრობლემები დანახული, მაგ: მეც არ მომწონს მთვრალი მანქანასთან რომ ჯდება. მაგრამ ზოგიერთ საყვედურს არ გავიზიარებ: ადრე თურმე ცოტას სვავდნენ, დღეს შიგ იხრჩობიანო - ხევსურეთსი ასეთი წესი იყო, სტუმარს თვითონ მიჰქონდა სასმელი და სულ უნდა დაელია რასაც მიიტანდა, თუ არა და ზედ ასხავდნენ, დღეს ამას აღარ აკეთებენ. იარაღის ტრიალი დღეს არ მოუგონიათ ბატონო. სულ მთლად სოფო და ნათიები ნუ გახდებით. თუ კაცი ხარ უნდა იჩხუბო კიდევაც, გემრიელადაც უნდა მოილხინო და ხანდახან სუნიც და ხმაურიც აიტანოთ. მთაში იარეთ ხშირად ბატონებო, მთაში! შვილები წაიყვანეთ, სუფთა ჰაერი ჩააყლაპეთ, მუხლი გაუმარდებათ. ეს ქვეყანა აქამდე ჩხუბითა და ვაჟკაცობით არის მოყვანილი და არა ქალის კალთას ამოფარებული ქეთუშებით. ხინკალზე არაკორექტული გამონათქვამებისგან თავი შეიკავეთ. ჰამბურგერებს და ჩისბურგერებს მიხედეთ ვისაც ხინკალი არ გიყვართ,


კი მაგრამ, აუცილებელია ადამიანმა მუცელი ამოიყოროს სასმელით და მერე კიდევ ვინმე ცემით მოკლას??

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.