ცოტა ხნის წინ დასრულდა „ღვინის კლუბის“ უფასო ტრენინგების ციკლი, „როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს“, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაიწყო და 2013 წლის ივლისამდე გაგრძელდა.
ტრენინგები აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ EPI–ს (ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა) ფინანსური დახმარებით განხორციელდა და იგი საქართველოს მეღვინეობა–მევენახეობის თითქმის ყველა რეგიონში ჩატარდა – თბილისის გარდა, 3 ტრენინგი გაიმართა კახეთში, ასევე ქართლში, იმერეთში და აჭარაში.
კურსი გათვლილი იყო როგორც სასტუმროების, რესტორნების, კაფეების, ღვინის მაღაზიების, ღვინის მწარმოებლებისა და ტურისტული კომპანიების „წინა ხაზის“ მომსახურე პერსონალზე, ასევე ჩამოთვლილი სფეროების ზედა რგოლის მენეჯერებზე.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ქართული ღვინის მარკეტინგული და თვისობრივი უპირატესობები, გაეცნენ სხვადასხვა ტიპის ღვინოების დაყენების ტექნოლოგიებს და ძირითად განსხვავებებს ამ მეთოდებს შორის. თითოეულ ტრენინგზე ისინჯებოდა 15–მდე დასახელების ღვინო, გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ღვინისა და კერძის შეხამების სავარჯიშოებს, ასევე ქართული და უცხოური ღვინოების შედარებით დახასიათებას.
ყველაზე დატვირთული და საინტერესო იყო სტუმართან ღვინის წარდგენის, ღვინის გახსნის, დასხმისა და მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებისადმი მიძღვნილი ნაწილი.
თითოეულ მონაწილეს დაურიგდა სახელმძღვანელოები, სერტიფიკატები და წამახალისებელი თემატური ატრიბუტიკა.
პროგრამა შემუშავებულია ამერიკელი ღვინის ექსპერტის, My Wine School-ის დამაარსებლის, ჯესიკა ბელის მიერ სპეციალურად საქართველოსთვის EPI-ს დაკვეთით. კურსის შედგენასა და სახელმძღვანელოს მომზადებაში მონაწილეობას იღებდა 20–დე ქართველი ღვინის ექსპერტი და ორგანიზაცია. პროგრამა საბოლოოდ გადამუშავდა „ღვინის კლუბის“ მიერ.
ტრენინგს უძღვებოდნენ WSET-ის (Wine and Spirit Education Trust) სერტიფიკატის მფლობელი ლექტორები ღვინის კლუბიდან მალხაზ ხარბედია, გიორგი ბერიკელაშვილი, ალექს ბადუაშვილი, მაკა თარაშვილი, ასევე ქეთი ჯურხაძე და ნატალია უტიაშვილი.
პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: "ექსპო ჯორჯია", კომპანია „ხარება“, „შატო მუხრანი“, წინანდლის ღვინის სკოლა, პროფესიული კოლეჯი "ახალი ტალღა" (ქობულეთი), რესტორანი „სტალაქტიდა“ (წყალტუბო), ღვინის ბარი „აზარფეშა“ (თბილისი).
ამ ერთი წლის მანძილზე გაისინჯა შემდეგი კომპანიების ღვინოები: თბილღვინო, ხარება, თელიანი ველი, კორპორაცია ქინძმარაული, ქინძმარაულის მარანი, ბადაგონი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, თელავის ღვინის მარანი, ვაზი+, ღვინის კერა, ჩვენი ღვინო, ნიკას მარანი, კახა ბერიშვილის მარანი, შატო მუხრანი, შუმი, ჩელთი, ხოხბის ცრემლები, ვაინმენი, ენისელის ღვინოები, შუხმანის ღვინოები.
ტრენინგს დაესწრო 300–მდე მონაწილე დაახლ. 80 სხვადასხვა კომპანიიდან.
სულ ტრენინგებზე გაისინჯა: 40 ბოთლი კლასიკურად (ევროპულად) დაყენებული რქაწითელი, 40 ბოთლი ტრადიციული ქვევრის კახური ღვინო, 40 ბოთლი ქვევრის ტრადიციულად დაყენებული საფერავი, 40 ბოთლი საფერავი, 20 ბოთლი მწვანე კახური, 20 ბოთლი მუხაში დავარგებული წინანდალი, 20 ბოთლი ცოლიკოური, 20 ბოთლი მუკუზანი, 20 ბოთლი ხვანჭკარა, 20 ბოთლი ქინძმარაული.
„ღვინის კლუბი“ კვლავ გააგრძელებს ტრენინგების ციკლს „როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს“.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი