ადრეც ვწერდით, რომ 2016 წლის პირველმა 6–მა თვემ საგრძნობი წინსვლა გვაჩვენა ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით. და რომ მსოფლიოს 40 ქვეყანაში, ივნისის ბოლოსთვის ექსპორტირებული იყო 19,8 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ამ დროის მონაცემებს. მთლიანობაში ეს 46,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინოს შეადგენს და იგი 18%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ზრდის პარალელურად, გამოჩნდა სხვა ტენდენციაც, ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება. მაგ. 1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2016 წელს, 2014 წლის საშუალო ფასთან შედარებით, 0,78 დოლარით ანუ 25%-ით ნაკლებია.
„ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მოჰყავს უკანასკნელი 4 წლის შედარებითი მონაცემები, სადაც ჩანს, რომ „2012 წელს 1 ბოთლი (0,75 ლ) ღვინის საშუალო სარეალიზაციო ფასი იყო 3.07 აშშ დოლარი, 2013 წელს - 3.03, 2014 წელს - 3.13, 2015 წელს - 2,72 და მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით - 2.35 აშშ დოლარი“. ასეთივე კლება შეინიშნება საბრენდე სპირტებზეც.
ფასის შემცირების მიუხედავად, საერთო შემოსავალი, გასულ წელთან შედარებით, მაინც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, თუმცა წელიწადნახევრიან მონაკვეთში 0,78 დოლარით ანუ 25%-ით ფასის კლება საკმაოდ დიდი სხვაობაა და აუცილებლად იმსახურებს ყურადღებიან ანალიზს, რათა 10 წლის წინანდელ (ემბარგოს პერიოდის) ნიშნულს არ დაუბრუნდეს ქართული ღვინო. მაშინ ერთი ბოთლის ფასი 1.46$ იყო.
შეგახსენებთ, ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულს 2016 წლის პირველი 6 თვის მანძილზე ისევ რუსეთი ლიდერობს (10 198 085 ბოთლი); უკრაინა – 2 286 977 ბოთლი; ჩინეთმა ყაზახეთს გადაასწრო და მესამე ადგილზე გადმოინაცვლა 1 884 665 ბოთლით; ყაზახეთი - 1 764 286 ბოთლი; პოლონეთი -1 070 454 ბოთლი.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი