ღვინის ეროვნული სააგენტო სტრატეგიულ ბაზრებზე მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს. მიზანი ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ექსპორტის ზრდაა. 2022 წლის გეგმა ათწლიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის შედეგად ნავარაუდებია, რომ 2030 წლისთვის ღვინისა და სხვა ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვით მიღებულ შემოსავალი 1 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბებს.
ამ ყველაფრის განსახორციელებლად, კონკრეტული სამოქმედო გეგმაა შემუშავებული. გეგმა მოიცავს დაწვრილებით ინფორმაციას დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რათა კომპანიებმა იცოდნენ, თუ რას გეგმავს ღვინის ეროვნული სააგენტო თითოეულ ბაზარზე.
2022 წლის გეგმა გათვლილია როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის სტრატეგიული ბაზრებისთვის. კონკრეტული პარტნიორობა და აქტივობები დაგეგმილია აზიის ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა.
ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებზე და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, პერსპექტიულ და პრიორიტეტულ ბაზრად რჩება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 2021 წელს ექსპორტზე 5 934 937 ბოთლი ღვინო გავიდა, რითაც ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთის, უკრაინისა და პოლონეთის შემდეგ.
ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით, კომპანია Meiburg Wine Media-თან ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილია ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ სოციალურ მედიაში ინფორმაციის განთავსება ქართული ღვინის Facebook გვერდზე, ჰონგ-კონგის მნიშვნელოვან ღვინის ჟურნალებში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ღვინოზე ორიენტირებული ონლაინ მედია საშუალებებში. ასევე, ქართული ღვინის WeChat გვერდზე ინფორმაციის განახლება და მიზნობრივ ჯგუფებში გაზიარებაც მნიშვნელოვანი აქტივობაა.
დაგეგმილია დეგუსტაციები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იმპორტიორებისა და სომელიეებისთვის, ჰონგ-კონგის ძირითადი იმპორტიორებისა და რესტორნის ქსელების წარმომადგენლებისთვის, ასევე ადგილობრივი მედიისთვის. 2022 წელს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ჰონგ-კონგში მოღვაწე ქართული ღვინის ლექტორები, მედიის წარმომადგენლები, იმპორტიორები და სომელიეები ჩამოვლენ. სტუმრები ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეწვევიან და ქართულ კულტურასა და ისტორიას გაეცნობიან. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სპეციალურად იმ სტუმრებისთვის, რომლებიც ეწვევიან საქართველოს, გზამკვლევი მომზადდება.
ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, კონტრაქტი კომპანია China National Research Institute of Food and Fermentation Industries-თანაც გაფორმდა. ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ სარეკლამო კამპანიაა დაგეგმილი, რომელიც მთელი წელი გაგრძელდება. ასევე, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართება. დეგუსტაციები მოეწყობა ჩინელი კალიგრაფიის და ხელოვნების სფეროს ცნობილი წარმომადგენლებისთვის.
იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ექსპორტის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, მწარმოებელი კომპანიები ისეთ ფართომასშტაბიან გამოფენებში მონაწილეობდნენ, როგორიცაა: Foodex Japan და Wine and Gourmet. ასევე, ქართული ღვინო სხვადასხვა დეგუსტაციებზე და კონკურსებზე იყო წარმოდგენილი, ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ სპეციალიზებულ ჟურნალებში არაერთი სტატია დაიბეჭდა. რაც შეეხება ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკას, მიუხედავად მსოფლიო პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, 2021 წლის მონაცემებით, იაპონიაში ექსპორტირებულია 197 638 ბოთლი ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12%-ით აღემატება.
მიმდინარე წელს, იაპონიაში ფართომასშტაბიანი ღონისძიების ჩატარება იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო ზრდას. ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია/სემინარი ჩატარდება სახელწოდებით “აღმოაჩინე ქართული ღვინო“. კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს ქართული ღვინის ვებ-გვერდის ფუნქციონირებას - www.georgianwine.jp.
დაგეგმილია იაპონიაში ქართული ღვინის ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ კვლევის ჩატარება, ი კონტრაქტორი კომპანია იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტიორების გამოკითხვას უზრუნველყოფს და მათ მონაცემებზე დაყრდნობით შემაჯამებელ ანგარიშს მოამზადებს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სამხრეთ კორეაში, ალკოჰოლური სასმელებისა, განსაკუთრებით ღვინის, მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა. მოხმარების ზრდის შესაბამისად იზრდება იმპორტის მაჩვენებელიც, რადგან სამხრეთ კორეის ღვინის ბაზრის უმეტესობას, სწორედ, იმპორტირებული ღვინო წარმოადგენს.
ქართული ღვინის სამხრეთ კორეის ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით, გაფორმდა კონტრაქტი კორეულ კომპანიასთან Wine21.com. შეთანხმება მოიცავს ონლაინ მედიაში ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციების განთავსებას. www.wine21.com სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინის ონლაინ პორტალია.
Wine21.Com ღვინის მასტერკლასისა და დეგუსტაციის ჩატარებას ოქტომბერში გეგმავს. ღონისძიების სამიზნე აუდიტორია კორეის ღვინის სექტორის წარმომადგენლები: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელიეები, მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ღვინის სფეროს სხვა პროფესიონალები იქნებიან.
ყველა ეს აქტივობა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი