გამოქვეყნებულია: 17 ივნისი, 2013 - 11:53
ბრიტანელმა ღვინით მოვაჭრეებმა განგაში ატეხეს - მათი განცხადებით, სულ ცოტა ხანში ღვინო ისე გაძვირდება, რომ რიგითი ბრიტანელები მას ვეღარ შეიძენენ და ეს ჩინებული სასმელი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მდიდრებისათვის. ღვინით მოვაჭრეთა აღელვების მიზეზი კი ის გახდა, რომ ხელისუფლებამ სუპერმარკეტების მფლობელებს მოუწოდა, კლიენტებისთვის ბონუსშეთავაზებებზე უარი თქვან - მაგალითად, როცა ალკოჰოლის სამბოთლიანი შეფუთვა ორის ფასად იყიდებოდა და სხვ. გარდა ამისა, ღვინოზე მოგების გადასახადი სახელმწიფომ 10 პენით გააძვირა. დიდი ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის MajesticWine-ის გენერალური დირექტორის, სტივ ლუისის თქმით, ასეთი დაუგეგმავი სიახლეების შედეგად გაერთიანებულ სამეფოში ღვინის კულტურას გადაშენება უწერია. თუკი სუპერმარკეტებში ბონუსშეთავაზებები აღარ იარსებებს, ეს არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ მთვრალი ბრიტანელები გონივრულად მოიქცევიან. ჩვენი კომპანიის კლიენეტები ალკოჰოლურ სასმელს ბოროტად არ მოიხმარენ. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანა სოუბრაიმ კი განაცხადა: “ეჭვი მეპარება, ხელისუფლება თანახმა იყოს ალკოჰოლურ სასმელებზე ფასის შემცირებაზე. ხელისუფლება არ დათანხმდება, რომ ალკოჰოლის ყველაზე იაფფასიანი ულუფა 45 პენი ღირდეს”. ბრიტანეთის მთავრობის ამ ახალ ინიციატივას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, ასე რომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი