ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელმა Waitrose-მ, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, ქსელში ინდური ღვინის მცირე პარტია შეიტანა. სუპერმარკეტმა მომხმარებლებს ექსპერიმენტის სახით Zampa Syrah 2008 და Ritu Viognier 2010 შესთავაზა. ეს ღვინოები მუმბაის სამხრეთით მდებარე მეღვინეობის რეგიონ მაჰარაშტრაშია (Maharashtra) ჩამოსხმული და საერთაშორისო კონგლომერატ United Breweries-ს ეკუთვნის. ღვინის კრიტიკოსთა სკეპტიკური პროგნოზების მიუხედავად და მენეჯერთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ინდური ღვინო დახლებიდან, შეიძლება ითქვას, დაიტაცეს. თეთრი ღვინო თვეზე ნაკლებ დროში სრულად გაიყიდა. მართალია, დიდ ბრიტანეთში ბევრი წარმოშობით ინდოელი ცხოვრობს და ღვინოც დიდი საშემოდგომო ფასდაკლებების სეზონზე გამოვიდა გაყიდვაში, მაგრამ ამგვარ წარმატებას არავინ ელოდა. ინდური ღვინოები ,,ბიბისის” პოპულარულ ყოველკვირეულ კულინარიულ გადაცემაშიც - Saturday Morning Kitchen - მოხვდა, სადაც მაყურებელს მათი დაგემოვნება ურჩიეს. ინდური ღვინის ღირსებებისა და ნაკლის შესახებ, რა თქმა უნდა, ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - დროთა განმავლობაში სხვადასხვა კონკურსისა თუ დეგუსტაციის პრესტიჟულ ათეულებში ადგილს სულ უფრო მეტი უცნობი დასახელების ღვინო იკავებს. ინდოელი მეღვინეებიც ცდილობენ, ფეხი აუწყონ თანამედროვე მოთხოვნებს და ამას წარმატებით ახერხებენ. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ 2011 წლის ,,დეკანტერის” (Decanter world wine awards 2011) ვერცხლის მედალი ინდურმა ღვინომ - Sula Vineyards Sauvignon blanc 2010 - დაიმსახურა.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი